არჩეულ მასალაზე გადასვლა

ერიტრეა

რწმენის გამო დაპატიმრებულები — ერიტრეა

რწმენის გამო დაპატიმრებულები — ერიტრეა

არაერთი წელია, ერიტრეის ხელისუფლება იეჰოვას მოწმეებს, მათ შორის ქალებსა და ხანდაზმულებს, რელიგიური საქმიანობის ან სხვადასხვა გაურკვეველი მიზეზის გამო ყოველგვარი ბრალის წაყენებისა და გასამართლების გარეშე აპატიმრებენ. პრეზიდენტ აფვერკის 1994 წლის 25 ოქტომბრის ბრძანებულებით, იეჰოვას მოწმეებს ჩამოართვეს მოქალაქეობა, რადგან მათ 1993 წელს არ მიიღეს მონაწილეობა დამოუკიდებლობის რეფერენდუმში და უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე. სავალდებულო სამხედრო სამსახურის ამოქმედებამდე, ერიტრეაში არსებობდა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური. არაერთი იეჰოვას მოწმე გადიოდა აღნიშნულ სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში. ხელისუფლების წარმომადგენლები სისტემატურად გასცემდნენ „ეროვნული სამსახურის დასრულების სერტიფიკატს“ და ხშირად აქებდნენ კიდეც მონაწილეებს გულმოდგინე შრომისთვის. თუმცა, პრეზიდენტის ზემოაღნიშნული განკარგულების გამოცემის შემდეგ, ძალოვანი უწყებები აპატიმრებენ, აწამებენ და უმოწყალოდ ეპყრობიან იეჰოვას მოწმეებს, რათა უარი ათქმევინონ საკუთარ რწმენაზე.

ამჟამად 39 იეჰოვას მოწმე იმყოფება ციხეში (27 კაცი და 12 ქალი). 28 იეჰოვას მოწმე (26 ძმა და 2 და), რომლებიც რწმენის გამო იყვნენ დაპატიმრებულნი, 2020 წლის 4 დეკემბერს გაათავისუფლეს. მათ ციხეში 5-დან 26 წლამდე გაატარეს. 2021 წლის 29 იანვარს გაათავისუფლეს ერთი ძმა, რომელიც 12 წელზე მეტ ხანს იყო დაპატიმრებული. 2021 წლის 1 თებერვალს კი სამი მოწმე გაათავისუფლეს (ერთი ძმა და ორი და). მათ ციხეში ოთხიდან ცხრა წლამდე გაატარეს.

ციხეში არსებული არაადამიანური პირობების გამო არაერთი იეჰოვას მოწმე დაიღუპა

ერიტრეას ციხეში ოთხი იეჰოვას მოწმე გარდაიცვალა, სამი ხანდაზმული მოწმე კი გათავისუფლებიდან მალევე დაიღუპა იმ მძიმე და აუტანელი პირობების გამო, რაც ციხეში გამოიარეს.

2018 წელს ორი მოწმე გარდაიცვალა მაი სერვას ციხეში გადაყვანის შემდეგ. 2018 წლის 3 იანვარს ჰაბტემიქაელ ტესფამარიამი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, 77 წლის ჰაბტემიქაელ მეკონენი კი — 2018 წლის 6 მარტს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ორივე მათგანი 2008 წელს დააკავეს და ყოველგვარი ბრალის წაყენების გარეშე დააპატიმრეს.

2011 და 2012 წლებში ორი იეჰოვას მოწმე მიტერის ციხეში გარდაიცვალა უმკაცრესი პირობების გამო. 62 წლის მისგინა გებრეტინსაე 2011 წლის ივლისში დაიღუპა ციხეში არსებული საშინელი სიცხის გამო. ის სასჯელს იხდიდა ციხის ეგრეთ წოდებულ მიწისქვეშეთში, სადაც პატიმრებს სჯიან. 68 წლის იოჰანეს ჰაილი კი, რომელიც თითქმის ოთხი წელი იჯდა იმავე გაუსაძლის პირობებში, 2012 წლის 16 აგვისტოს დაიღუპა. სამი ხანდაზმული იეჰოვას მოწმე — კაჰსაი მეკონენი, გოიტომ გებრეკრისოსი და წეჰაიე ტესფარიამი — მიტერის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მალევე გარდაიცვალნენ.

უგულებელყოფილია ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რეკომენდაციები

ერიტრეა გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. ადამიანის უფლებათა დამცველმა წამყვანმა ორგანიზაციებმა დაგმო ერიტრეის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების უგულებელყოფის ფაქტები და ხელისუფლებას მდგომარეობის გამოსწორებისკენ მოუწოდა.

2014 წელს ადამიანის უფლებათა საბჭო დადებითად გამოეხმაურა „სპეციალური მომხსენებლის“ მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც ეხებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევებს ერიტრეაში. ანგარიშში მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, პატივისცემით მოჰკიდებოდა მათ უფლებებს, ვინც სინდისის გამო უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე „საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით“ და „უზრუნველეყო ყველა პატიმრის ფიზიკური ხელშეუხებლობა, ხელმისაწვდომი გაეხადა ავადმყოფი პატიმრებისთვის მკურნალობა … და გაეუმჯობესებინა ციხის პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“. 2015 წლის რეზოლუციით, ადამიანის უფლებათა საბჭომ მოუწოდა ერიტრეის ხელისუფლებას, ყურადღება მიექცია იმ პატიმრებისთვის, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე.

2016 წელს გაეროს საგამოძიებო კომისიამ ადამიანის უფლებათა სფეროში დაადგინა, რომ ერიტრეის ხელისუფლებამ ჩაიდინა „დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“, ვინაიდან ის რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დევნის იეჰოვას მოწმეებსა და სხვებს.

2017 წელს ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე აფრიკული კომისიის ექსპერტთა ჯგუფმა გამოთქვა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ იეჰოვას მოწმეთა შვილები ვერ სარგებლობენ ქვეყანაში არსებული კანონებით, რომლებიც ბავშვთა უფლებებს იცავს. აღნიშნულის გამოც ისინი უხეში მოპყრობის მსხვერპლნი ხდებიან. ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე აფრიკული კომისიის ექსპერტთა ჯგუფმა მოუწოდა ერიტრეის ხელისუფლებას, რომ ეღიარებინა და პატივისცემით მოჰკიდებოდა ბავშვთა უფლებებს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების შესახებ და შეეწყვიტა ყოველგვარი დისკრიმინაცია.

2018 წელს ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე აფრიკული კომისიის ექსპერტთა ჯგუფმა მოუწოდა ერიტრეის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიეღო ზომები ყველა იმ პატიმართან მიმართებით, რომელთა ძირითადი უფლებები დარღვეული იყო … მათ რიცხვში შედიოდნენ იეჰოვას მოწმეებიც. გარდა ამისა, ხელისუფლებას უნდა გამოეძიებინა ციხეში დაღუპულ იეჰოვას მოწმეთა გარდაცვალების ფაქტები. კომისიამ ხაზი გაუსვა იმის აუცილებლობას, რომ ხელისუფლებას ყველაფერი უნდა ეღონა საიმისოდ, რომ იეჰოვას მოწმეებს შეძლებოდათ თავიანთი მოქალაქეობრივი უფლებებით სარგებლობა.

2019 წლის მაისში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განკარგულება გასცა ერიტრეის მისამართით, რომ ხელისუფლებას გაეკონტროლებინა, ხდებოდა თუ არა ქვეყნის ფარგლებში ადამიანის რელიგიისა და მრწამსის თავისუფლებების უფლებების ჯეროვნად დაცვა და „გაეთავისუფლებინა ყველა, ვინც რელიგიური თავისუფლების უფლებით სარგებლობის გამო იყო დაკავებული და დაპატიმრებული, მათ შორის, იეჰოვას მოწმეები“. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აგრეთვე მოუწოდა ერიტრეის მთავრობას, „დაეცვა მათი უფლებები, ვინც სინდისის გამო უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე და უზრუნველეყო ისინი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურით“.

2021 წლის 12 მაისით დათარიღებულ ანგარიშში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ერიტრეის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა ყველა, ვინც კვლავაც იმყოფებოდა ციხეში ბრალის წაყენებისა თუ სასამართლო განაჩენის გარეშე, მათ შორის 20 იეჰოვას მოწმე. მან ისიც მოითხოვა, რომ მთავრობას გადაეხედა იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმადაც, იეჰოვას მოწმეებს თავიანთი რელიგიური მრწამსის გამო მოქალაქეობას ართმევენ და გაეთვალისწინებინა ამ საკითხში ადამიანის უფლებათა აფრიკის კომისიის რეკომენდაციები. ანგარიშში ისიც იყო აღნიშნული, რომ აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული პატიმრობაში მყოფი იეჰოვას მოწმეების გარდაცვალების საქმე.

განუსაზღვრელი დროით დაპატიმრებულები

იეჰოვას მოწმე მამაკაცების უმეტესობას განუსაზღვრელი ვადით აპატიმრებენ და მათ სიკვდილამდე ან ჯანმრთელობის უკიდურესად გაუარესებამდე არ ათავისუფლებენ. ქვეყანაში არ მიმდინარეობს არანაირი სამართლებრივი გამოძიება იეჰოვას მოწმეთა საქმეებზე და არც უკეთესობისკენ იცვლება სიტუაცია. მათი პატიმრობა ფაქტობრივად სამუდამო პატიმრობაა.

დროის დიაგრამა

  1. 2024 წლის 17 ივლისი

    მთლიანობაში 39 იეჰოვას მოწმეა დაპატიმრებული.

  2. 2021 წლის 1 თებერვალი

    სამ მოწმეს ათავისუფლებენ ციხიდან

  3. 2021 წლის 29 იანვარი

    ერთ მოწმეს ათავისუფლებენ ციხიდან

  4. 2020 წლის 4 დეკემბერი

    28 იეჰოვას მოწმე გათავისუფლდა პატიმრობიდან.

  5. 2018 წლის 6 მარტი

    მაი სერვას ციხეში გადაყვანისას გარდაიცვალა 77 წლის ჰაბტემიქაელ მეკონენი.

  6. 2018 წლის 3 იანვარი

    მაი სერვას ციხეში გადაყვანისას გარდაიცვალა 76 წლის ჰაბტემიქაელ ტესფამარიამი.

  7. 2017 წლის ივლისი

    მიტერის ციხიდან ყველა იეჰოვას მოწმე გადაიყვანეს ქალაქ ასმერას გარეთ მდებარე მაი სერვას ციხეში.

  8. 2014 წლის 25 ივლისი

    14 აპრილს დაპატიმრებულთა უმეტესობა გაათავისუფლეს, მაგრამ 27 აპრილს დაკავებულთაგან 20 კვლავ პატიმრობაში რჩება.

  9. 2014 წლის 27 აპრილი

    31 მოწმე დააპატიმრეს, როდესაც ისინი თაყვანისცემის მიზნით იყვნენ შეკრებილნი.

  10. 2014 წლის 14 აპრილი

    დააპატიმრეს 90-ზე მეტი იეჰოვას მოწმე ყოველწლიური ღონისძიების — იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს — აღნიშვნისას.

  11. 2012 წლის 16 აგვისტო

    საშინელი პირობების გამო 68 წლის ძმა იოჰანეს ჰაილი ციხეში გარდაიცვალა.

  12. 2011 წლის ივლისი

    62 წლის მისგინა გებრეტინსაე ციხეში უკიდურესად მძიმე პირობებში ყოფნის გამო დაიღუპა.

  13. 2009 წლის 28 ივნისი

    სამართალდამცავები შეიჭრნენ ერთი მოწმის სახლში, სადაც რელიგიური შეხვედრა ტარდებოდა და იქ მყოფი ოცდასამივე იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს, მათ შორის ყველაზე პატარა 2 წლის იყო, ხოლო ყველაზე ხანდაზმული — 80 წლის.

  14. 2009 წლის 28 აპრილი

    სამართალდამცავებმა ერთის გარდა ყველა იეჰოვას მოწმე პოლიციის განყოფილებიდან მიტერის ციხეში გადაიყვანეს.

  15. 2008 წლის 8 ივლისი

    სამართალდამცავებმა დაიწყეს მოწმეების სახლებისა და სამუშაო ადგილების ჩხრეკა; 24 მოწმე დააპატიმრეს, რომელთა უმეტესობასაც ოჯახის რჩენა უწევდა.

  16. 2002 წლის მაისი

    მთავრობამ ყველა იმ რელიგიური დაჯგუფების საქმიანობა აკრძალა, რომლებიც არ იმყოფებოდნენ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ოთხი რელიგიური მიმდინარეობის დაქვემდებარებაში.

  17. 1994 წლის 25 ოქტომბერი

    პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, იეჰოვას მოწმეებს ჩამოერთვათ მოქალაქეობა და მოქალაქის ძირითადი უფლებები.

  18. 1994 წლის 17 სექტემბერი

    პაულუს ეიასუ, ისააკ მოგოსი და ნეგედე ტეკლემარიამი ბრალის წაყენებისა და გასამართლების გარეშე დააპატიმრეს.

  19. 1950-იანი წლები

    ერიტრეაში იეჰოვას მოწმეებმა დაიწყეს რელიგიური საქმიანობა.