არჩეულ მასალაზე გადასვლა

გასულ თვეს მილიონობით ადამიანმა დატოვა უკრაინა, მათ შორის დაახლოებით 16 000-მა იეჰოვას მოწმემ.

2022 წლის 31 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

უკრაინიდან დევნილი და-ძმები თავიანთ ისტორიებს გვიყვებიან

„იეჰოვასთან ურთიერთობაზე ღირებული არაფერია“

უკრაინიდან დევნილი და-ძმები თავიანთ ისტორიებს გვიყვებიან

დილის 5 საათზე ფემი და იანა დუროდოლები, ახალდაქორწინებული წყვილი, ტელეფონის ზარმა გააღვიძა. კრების უხუცესმა მათ უთხრა: „არ ინერვიულოთ, უბრალოდ მოემზადეთ. რუსული ჯარი კიევს უახლოვდება“. იანა იხსენებს: „ამის მოსმენაზე, ადგილზე გავქვავდი“.

ისინი გაემზადნენ, საკუთარ სახლში ბოლოჯერ დალიეს ყავა, გულმხურვალედ ილოცეს და წაიკითხეს ყოველდღიური მუხლი, სადაც ეწერა: „თქვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“ (ესაია 30:15). ამის შემდეგ მათ თავიანთი საევაკუაციო ჩანთები აიღეს და გზას დაადგნენ. მათ თავი ნიდერლანდებს შეაფარეს. ფემი წარმოშობით ნიგერიელია, იანა კი – უკრაინელი.

მას შემდეგ, რაც ამა წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მსგავსი გადაწყვეტილება არაერთმა უკრაინელმა და-ძმამ მიიღო. უკრაინაში დაახლოებით 130 000 იეჰოვას მოწმე ცხოვრობს. ბოლო მონაცემებით, 36 000-ზე მეტმა იეჰოვას მოწმემ დატოვა სახლ-კარი, ხოლო დაახლოებით 16 000-მა მაუწყებელმა ქვეყნიდან გაქცევა გადაწყვიტა. ბევრს სამუშაოსა და საკუთარი კრების დატოვებაც მოუწია. ამ პერიოდში 18-დან 60 წლამდე ასაკის უკრაინელ მამაკაცებს ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება, თუმცა ეს აკრძალვა არ ეხებათ უკრაინაში მცხოვრებ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს.

და-ძმებს თან მხოლოდ აუცილებელი ნივთები მიაქვთ, ადიან ავტობუსებსა და მატარებლებში და უსაფრთხო ტერიტორიებისკენ მიეშურებიან. ზოგჯერ მათ არც კი იციან, საით მიემართებიან და დაბრუნდებიან თუ არა ოდესმე საკუთარ ქალაქებში. თუმცა თითოეულ მათგანს იეჰოვასადმი ძლიერი რწმენა აძლევს ძალას.

იანა აღნიშნავს: „ყველაფერი დავტოვეთ, რაც კი რამ გაგვაჩნდა. თან მხოლოდ რამდენიმე აუცილებელი ნივთი წავიღეთ. ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ იეჰოვასთან ურთიერთობაზე ღირებული არაფერია“.

კიევში მცხოვრები ერთი ჩვენი დის, ლილია ანტონიუკის, სახლთან ახლოსაც ჩამოყარეს ჭურვები. როგორც ის იხსენებს, ქალაქში გამაყრუებელი განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა, გზებზე კი ყველგან დამწვარი მანქანები ეყარა და ქუჩები სავსე იყო ნანგრევებით.

ლილიამ და მისმა 17 წლის ქალიშვილმა, ოლექსანდრამ, გაქცევა გადაწყვიტეს. პოლონეთისკენ მიმავალ გზაზე მათ რამდენიმე დღე იმგზავრეს ხალხით გადაჭედილი მატარებლით და არაერთი საათის მანძილზე მოუწიათ ფეხზე დგომა. ამას ისიც ემატებოდა, რომ მათ თან ძალიან ცოტა საკვები ჰქონდათ. თუმცა როგორც კი პოლონეთში, ქალაქ ფშემისლში, ჩავიდენ, მათ უდიდესი შვება იგრძნეს.

ლილია იხსენებს: „როგორც კი დავინახეთ ძმები jw.org-ის პლაკატებით, მივხვდით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა“. ისინი ჩასვლისთანავე დარბაზში წაიყვანეს, სადაც მათ შეეძლოთ გამთბარიყვნენ, ეჭამათ და დაესვენათ, რის შემდეგაც დააბინავეს.

„აშკარად დავინახეთ, თუ როგორ ზრუნავდა იეჰოვა ჩვენზე. ამან მისადმი რწმენა კიდევ უფრო გაგვიძლიერა. მადლობელი ვარ იეჰოვასი და ჩვენი ძვირფასი და-ძმების, რომლებიც მზად არიან, რთულ დროს ყოველთვის მხარში დაგიდგნენ“ — აღნიშნავს ლილია, რომელიც მოგვიანებით გერმანიაში გაემგზავრა.

ანასტასია კოვალიოვა

და ანასტასია კოვალიოვაც გვიყვება, თუ როგორ შეუტიეს საჰაერო შეირაღებულმა ძალებმა ქალაქ ზაპოროჟიას. როგორც ის იხსენებს, მოულოდნელად მის სახლთან ახლოს აფეთქებების ხმა გაისმა, რის შემდეგაც საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ ისროდნენ ნაღმტყორცნებიდან. განუწყვეტელმა დაბომბვამ ანასტასიას და მის ძმისშვილებს, რომლებიც შვიდი და სამი წლისები არიან, დიდი ემოციური ტრავმა მიაყენა. ამის გამო ოჯახმა გაქცევა გადაწყვიტა. ანასტასია აღნიშნავს: „ბევრი ვერაფერი წავიღეთ. საკმარისი რაოდენობის არც ტანსაცმელი გვქონდა და არც სხვა ნივთები. თუმცა ძმებს მზრუნველობის გარეშე არ დავუტოვებივართ. მათი წყალობით საჭიროზე მეტიც კი გვქონდა“. ანასტასია, მისი რძალი ანა და ბავშვები პოლონეთის გავლით გერმანიაში გაემგზავრნენ.

ანასტასია შჩუკინა და ოლჰა ლისენკო

ყოველ ჯერზე, როცა საჰაერო თავდასხმის დროს განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა, ერთი ჩვენი და, ანასტასია შჩუკინა, და დედამისი, ოლჰა ლისენკო, თავიანთ ცივ სარდაფს აფარებდნენ თავს. ისინი პიონერები არიან და მსახურებისთვის ქალაქ ბრაილივში (ვინიცის ოლქი) იყვნენ გადასულები. თავიდან ისინი ყოყმანობდნენ და წასვლა არ უნდოდათ, თუმცა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტეს ქალაქის დატოვება. მათ თან მხოლოდ აუცილებელი ნივთები წაიღეს და ორი დღე მატარებლით იმგზავრეს. ოლჰასთვის, რომელიც 58 წლისაა და შერყეული ჯანმრთელობა აქვს, გაქცევა ადვილი არ ყოფილა. დაღლილები და გამოუძინებლები, ისინი პოლონეთში, ქალაქ ჟეშუვში, ღამის ორ საათზე ჩავიდნენ, სადაც მათ ჩვენი და-ძმები დახვდნენ. ანასტასია ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ გვიანი იყო, ძმები მაინც გველოდებოდნენ. უზომოდ მადლიერი ვართ იეჰოვასი და ჩვენი და-ძმების“.

ელისაბედ და ანჯეი ჩიბები

ქალაქ სუმიში ძმა ანჯეი ჩიბამ, რომელიც პოლონეთის მოქალაქეა, და მისმა მეუღლემ, ელისაბედმა, რომელიც ბრიტანელია, ხუთ თანაქრისტიანთან ერთად ერთი ძმის სახლის სარდაფს შეაფარეს თავი. ზემოდან მათ გამანადგურებელი თვითმფრინავების, სროლისა და დაბომბვის ხმა ესმოდათ. ძმებმა გადაწყვიტეს, ერთად ეყურებინათ ფილმისთვის „იეჰოვა, შენ მოგენდობი!“, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ემზადებოდნენ ასურელები ისრაელზე შეტევისთვის და როგორ იმოქმედა მეფე ხიზკიამ იმ რთულ პერიოდში. ამ ფილმმა ისინი ძალიან გაამხნევა.

ანჯეი, რომელიც ამჟამად თავის მეუღლესთან ერთად პოლონეთშია, ამბობს: „ძმები არაერთ გამამხნევებელ ბიბლიურ აზრებს გვწერდნენ. ერთ შემთხვევაში მათ ისიც გვირჩიეს, რომ 27-ე ფსალმუნი წაგვეკითხა“.

დარწმუნებული ვართ, იეჰოვა კვლავაც მხარში ამოუდგება ჩვენს და-ძმებს, რომელთაც ყველაფერი დაკარგეს, თუმცა მომავალს იმედის თვალით უყურებენ (ფილიპელები 3:8).