არჩეულ მასალაზე გადასვლა

დოქტორი სერგეი იგორის ძე ივანენკო, რელიგიათმცოდნე და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო მრჩეველი

2019 წლის 18 ოქტომბერი
რუსეთი

გამოჩენილი რუსი რელიგიათმცოდნე სარატოვის სასამართლოში იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ აძლევს ჩვენებას

გამოჩენილი რუსი რელიგიათმცოდნე სარატოვის სასამართლოში იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ აძლევს ჩვენებას

2019 წლის 4 სექტემბერს სარატოვში გამართულ სასამართლო პროცესზე, სადაც ექვსი იეჰოვას მოწმის საქმე განიხილებოდა, ჩვენების მისაცემად გამოიძახეს ცნობილი ექსპერტი რელიგიის საკითხებში და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო მრჩეველი, სერგეი იგორის ძე ივანენკო. დოქტორ ივანენკოს გამოცემული აქვს ორი ნაშრომი რუსეთში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების შესახებ. მისმა ნაშრომებმა აღიარება პოვა მეცნიერთა საზოგადოებაში. ქვემოთ მოცემულია ამონარიდი მისი ჩვენებიდან, რომელიც მან ფიცის ქვეშ მისცა სასამართლოს:

იეჰოვას მოწმეების რელიგიური ცხოვრება და საქმიანობა: „იეჰოვას მოწმეებს ერთი რამ გამოარჩევს სხვებისგან: ისინი არ მისდევენ ვინმეს მიერ დადგენილ მკაცრ წესებს და მათ არ ჰყავთ ლიდერი. ნაცვლად ამისა, ისინი ეხმარებიან ადამიანებს, განივითარონ ბიბლიური აზრებით გაწვრთნილი სინდისი, რათა თითოეულს შეეძლოს პირადად, ძალდატანების გარეშე, მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილება.

იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, მიჰყვნენ ბიბლიურ პრინციპებს ისე, როგორც იესო და მისი მოწაფეები აკეთებდნენ ამას ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში.

ისინი ერთობლივად სცემენ ღმერთს თაყვანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ სწავლობენ ბიბლიას, მსჯელობენ ბიბლიურ თემებზე და მღერიან სიმღერებს, რომელთა ტექსტებიც ბიბლიაზეა დაფუძნებული. ეს ყველაფერი ნათელი დასტურია იმისა, რომ მათთვის მთავარი სახელმძღვანელო ბიბლიაა.

იეჰოვას მოწმეები მიიჩნევენ, რომ ქრისტიანის რელიგიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს ერთად შეკრება. ამგვარ კრებებზე ისინი განიხილავენ „ახალ აღთქმას“, მსჯელობენ იმაზე, რასაც იესო და მისი მოწაფეები ამბობდნენ და აკეთებდნენ ქრისტიანული ეკლესიის განვითარების საწყის ეტაპზე ... იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ ღმერთს ერთად, როგორც ჯგუფი, ისე უნდა სცემდნენ თაყვანს.

მათ სწამთ, რომ იესო ქრისტეს მიმდევრები ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით უნდა ამოიცნობოდნენ“.

იეჰოვას მოწმეების სამქადაგებლო საქმიანობა. „იეჰოვას მოწმეები გამოირჩევიან აქტიური სამქადაგებლო საქმიანობით. ვფიქრობ, რომ სხვა აღმსარებლობის ადამიანებთან შედარებით ისინი ყველაზე გულმოდგინე მქადაგებლები არიან. ჩემი აზრით, ყველა მორწმუნე უნდა უთმობდეს ქადაგებას გარკვეულ დროს.

მათგან ხშირად მოისმენთ ასეთ სიტყვებს: „აი, რა წერია ბიბლიაში“. ყველას შეუძლია თავად გადაამოწმოს ბიბლიაში მათი ნათქვამი. თუ ადამიანი ეთანხმება მათ, შეუძლია შეუერთდეს მათ რიგებს, თუ არ ეთანხმება, არავინ აძალებს; ისინი არავის არაფერს აძალებენ“.

არიან იეჰოვას მოწმეები ექსტრემისტები? „თავდაპირველად, იეჰოვას მოწმეთა რამდენიმე პუბლიკაცია ექსტრემისტულად შერაცხეს, რადგან ექსპერტთა დასკვნით, ამ პუბლიკაციებში ნათქვამი იყო, რომ იეჰოვას მოწმეთა რელიგია ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა, სხვა დანარჩენი კი — მცდარი. რეალურად, სხვა რელიგიებიც იგივეს აცხადებენ, თუმცა მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს წაუყენეს ექსტრემიზმის ბრალდება. განაცხადი, რომ მხოლოდ მათი რელიგიაა ჭეშმარიტი, არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, თითქოს ისინი პროპაგანდას ეწევიან, რომ მათი რელიგია სხვებზე აღმატებულია.

მე, როგორც რელიგიათმცოდნე, მივიჩნევ, რომ [სასამართლომ] აბსოლუტურად უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან, ფაქტობრივად, ნებისმიერი რელიგიის წევრს შეუძლია განაცხადოს, რომ მხოლოდ მისი რელიგიაა ჭეშმარიტი და სხვა ყველა მცდარია.

ნებისმიერ მორწმუნე ადამიანს სჯერა, რომ მისი რელიგიაა აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სხვა რელიგიები მთლიანად ან ნაწილობრივ მცდარია. ეს ასეც უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი თვალთმაქცობს.

თუმცა იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს მიერ დადგენილი კანონები არ ეწინააღმდეგება ღვთის კანონებს, იეჰოვას მოწმეები გულმოდგინედ ემორჩილებიან მათ. ამით აიხსნება ის უამრავი ფაქტი, რომ იეჰოვას მოწმეები აბრუნებენ ნაპოვნ საფულეებს და იხდიან იმ ჯარიმებს და გადასახადებს, რომელთა თავიდან არიდებაც მარტივად შეეძლოთ. ეს გააზრებული გადაწყვეტილებებია და მე ნამდვილად არ შემიძლია, ისინი ოდნავ მაინც დავადანაშაულო ექსტრემიზმში“.

იეჰოვას მოწმეები და ბიბლია. „არის კიდევ რაღაც, რაც გამოარჩევს მათ სხვებისგან: ისინი ბიბლიის სხვადასხვა თარგმანს იყენებენ შესწავლის დროს და მსახურებაში. იეჰოვას მოწმეები დიდად არიან დაინტერესებულნი იმით, რომ ბიბლია რაც შეიძლება ბევრ ენაზე გახადონ ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისინი სხვა რელიგიებთან შედარებით ყველაზე მეტად არიან კონცენტრირებულნი ბიბლიაზე. ბიბლიის მათი თარგმანი ექსტრემისტულად შერაცხეს ... ალბათ ისინი, ვინც ეს გააკეთა, ფიქრობდნენ, რომ მოწმეები მხოლოდ თავიანთ ბიბლიას იყენებენ და თუ აუკრძალავდნენ მის გამოყენებას, შეწყვეტდნენ ქადაგებას და მთლიანობაში — ღვთის თაყვანისცემას. ეს დიდი შეცდომა იყო. იეჰოვას მოწმეები ბიბლიის ყველა თარგმანს სცემენ პატივს და აფასებენ“.

იეჰოვას მოწმეების იურიდიულ პირთა გამოყენება. „უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამოჩნდა, რომ ... იეჰოვას მოწმეთა კრებების უმეტესობა არ წარმოადგენდა იურიდიულ პირს ... ამიტომ არ იქნება სიმართლე, თუ ვიტყვით, რომ თითოეული იეჰოვას მოწმე გარკვეულ ტერიტორიაზე ავტომატურად წარმოადგენს იურიდიული პირის წევრს.

რაც შეეხება მათ იურიდიულ პირებს ... მე გულდასმით შევისწავლე მათი დოკუმენტაცია და გეტყვით, რომ იქ არ არიან მოხსენიებულნი მათი ზედამხედველები, უხუცესები და პიონერები. ეს ტერმინები იქ არ წერია. წესდებაში, როგორც წესი, მხოლოდ დამფუძნებლების, მცირე, დაახლოებით ათკაციანი ჯგუფის წევრების სახელებია მოცემული. ამ ადამიანებს მხოლოდ იურიდიული უფლებამოსილება აქვთ მინიჭებული, ხოლო, რაც შეეხება წმინდა თაყვანისცემას, ამ მხრივ მათ არანაირი პრივილეგია არ აქვთ და არანაირ ძალაუფლებას არ ფლობენ ... მოწმეთა საქმიანობა ყველგან ერთნაირად ხორციელდება, განურჩევლად იმისა, თუ დედამიწის რომელ კუთხეში ცხოვრობენ ისინი.

იეჰოვას მოწმეები დაემორჩილნენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც აკრძალა მათი იურიდიულ პირთა საქმიანობა. ამავდროულად, მათ განაგრძეს თავიანთი საქმიანობა, როგორც რელიგიური ჯგუფის წევრებმა, ვინაიდან მთავრობას უშუალოდ მათი რელიგია არ აუკრძალავს. მათ გააგრძელეს თავიანთი მოღვაწეობა, როგორც ინდივიდუალურმა პირებმა, რომლებიც ჩართულნი არიან რელიგიურ საქმიანობაში. მათი თვალსაზრისით და რელიგიათმცოდნეთა მოსაზრებითაც, მათი საქმიანობა არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას“.

იეჰოვას მოწმეები და სისხლის გადასხმა. „ბიბლიაში წერია, რომ სიცოცხლე სისხლშია; ამიტომ სისხლი არასოდეს არაფერში არ უნდა იქნეს გამოყენებული. ბიბლიური კონტექსტიდან ჩანს, რომ აქ საუბარი სისხლის საკვებად გამოყენებაზეა, თუმცა იეჰოვას მოწმეები უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებენ ამ სიტყვებს. ისინი თვლიან, რომ სისხლი არანაირი სახით არ უნდა იქნეს მიღებული, იქნება ეს საკვების სახით (ისინი არ ჭამენ სისხლის შემცველ ძეხვეულს) თუ გადასხმის მეშვეობით. თუმცა ისინი უარს არ ამბობენ სისხლის ფრაქციებზე. ამას ყველა მორწმუნე თავად წყვეტს ... სისხლის გადასხმაზე უარის თქმით მოწმეები სიკვდილზე კი არ აწერენ ხელს, პირიქით, მათ უკეთესი, უმაღლესი ხარისხის მკურნალობა სურთ. იეჰოვას მოწმეთა და უამრავ მედიკოსთა თვალსაზრისით, სისხლის გადასხმა არაერთ რისკ-ფაქტორთანაა დაკავშირებული, ეს შეიძლება იყოს შიდსის ვირუსი ან სხვა. უსისხლო ქირურგიული პროცედურები უფრო უსაფრთხოა და როგორც სტატისტიკა აჩვენებს, შეძლებული ადამიანები ხშირად ამბობენ უარს სისხლის გადასხმაზე შემდგომი გართულებების თავიდან არიდების მიზნით და მეტი უსაფრთხოებისთვის“.

იეჰოვას მოწმეები და შესაწირავები. „შესაწირავების გაღება ნებაყოფლობითია. ფაქტობრივად შესაძლებელია, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება ისე ესწრებოდეს შეხვედრებს, რომ არცერთი რუბლი ან დოლარი არ ჰქონდეს შეწირული. ყველას პირადი გადასაწყვეტია, გაიღებს თუ არა შესაწირავს“.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილმა ექსპერტმა, დოქტორმა ივანენკომ სასამართლო ჩვენებაში აღნიშნა, რომ იეჰოვას მოწმეები არიან პატიოსანი და კანონმორჩილი ქრისტიანები, სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი არგუმენტები და ექვსივე ძმას შეუფარდა პატიმრობა სხვადასხვა ვადით.

რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს ჩვენი და-ძმების შევიწროებას, მათთვის ცრუ ბრალდებების წაყენებას და დაპატიმრებას; ჩვენ კვლავ ვლოცულობთ და ვთხოვთ იეჰოვას, აკურთხოს ჩვენი მამაცი და ერთგული თანაქრისტიანები, რომელთა მოთმინებაც მალე დაჯილდოვდება (ფსალმუნი 109:2—4, 28).