რწმენის გამო დაპატიმრებულები — რუსეთი
იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ისტორია რუსეთში სავსეა მათი დევნისა და შევიწროების ფაქტებით. თითქმის მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები ავიწროებდნენ და უსამართლოდ ეპყრობოდნენ მოწმეებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მშვიდობიანი და კანონმორჩილი მოქალაქეების სახელით იყვნენ ცნობილნი. საბჭოთა ხელისუფლება მიზნად ისახავდა, მოწმეები საბჭოური იდეოლოგიის გავლენაში მოექცია. ამის მისაღწევად ისინი დიდ ზეწოლას ახდენდნენ მათზე. მათ ეკრძალებოდათ ბიბლიისა და რელიგიური ლიტერატურის ქონა. მოწმეები მუდმივი კონტროლისა და დაკვირვების ქვეშ იყვნენ, რის გამოც ფარულად უწევდათ კრების შეხვედრების ჩატარება და თუ შეხვედრების მსვლელობის დროს მიუსწრებდნენ, ცემა და ხანგრძლივი პატიმრობა გარდაუვალი იყო. ხელისუფლებამ ათასობით იეჰოვას მოწმე გადაასახლა ციმბირში.
მდგომარეობა უკეთესობისკენ 1991 წლიდან შეიცვალა, როცა რუსეთის ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა რეგისტრაციაში გაატარა და ნება დართო მათ, თავისუფლად შეესრულებინათ თავიანთი თაყვანისცემა. თუმცა ეს მშვიდობიანი პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა.
2009 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვემო ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იეჰოვას მოწმეები „ექსტრემისტებად“ უნდა შეერაცხათ. ამ პერიოდიდან დაიწყო იეჰოვას მოწმეთა შევიწროება. 2017 წელს, რამდენიმეწლიანი იურიდიული ბრძოლის შემდეგ, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მაინც გამოიტანა განაჩენი იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირების ლიკვიდაციის თაობაზე იმ მიზეზით, რომ ისინი ორგანიზებას უწევდნენ, ვითომდა, ექსტრემისტულ საქმიანობას. უფლებამოსილმა პირებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მოწმეთა ქონების კონფისკაცია, მათი თაყვანისცემის ადგილების დახურვა და რელიგიური ლიტერატურის „ექსტრემისტულ მასალად“ გამოცხადება.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხოლოდ მოწმეთა იურიდიულ პირებზე შეტევა არ იკმარეს. მათ ცალკეული იეჰოვას მოწმეებიც ამოიღეს მიზანში და მათი ღვთისადმი მსახურება აკრძალული ორგანიზაციის მხარდამჭერ საქმიანობასთან გააიგივეს. ამის გამო პოლიცია ჩხრეკებს აწყობს იეჰოვას მოწმეთა სახლებში, უხეშად ეპყრობა და მკაცრ დაკითხვებს უწყობს მათ; პოლიციის თანამშრომლები ყველა ასაკის ქალსა თუ მამაკაცს აკავებენ, აპატიმრებენ ან შინაპატიმრობას უსჯიან.
2017 წლის აკრძალვის შემდეგ, ექსტრემიზმის ბრალდებით, ასობით იეჰოვას მოწმე ჩასვეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან ციხეში. 2024 წლის 18 ივლისი მონაცემებით, 137 იეჰოვას მოწმეა დაპატიმრებული.
საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ იეჰოვას მოწმეთა სასტიკი მოპყრობის გამო
რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს იეჰოვას მოწმეთა ექსტრემისტულ საქმიანობაში დადანაშაულებას მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება განუწყვეტლივ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მოწმეების უმოწყალო დევნა. საერთაშორისო დამკვირვებლები და სასამართლოები გმობენ რუსეთის ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეების უმოწყალო დევნას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო: 2022 წლის 7 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ და დაგმო იეჰოვა მოწმეების დევნა (ტაგანროგის ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაცია და სხვები რუსეთის წინააღმდეგ №32401/10 და სხვა 19 საქმე). სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მიერ 2017 წელს იეჰოვას მოწმეთა რელიგიის აკრძალვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო. რუსეთი ვალდებულია, „გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი და მოუხსნას ყველა ბრალდება იეჰოვას მოწმეებს და გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი მოწმეები“. გარდა ამისა, რუსეთი ვალდებულია, კომპენსაციის სახით 3 მილიონი დოლარი გადაიხადოს არამატერიალური ზიანისთვის და დაუბრუნოს იეჰოვას მოწმეებს ჩამორთმეული ქონება ან 60 მილიონი დოლარი გადაიხადოს მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წერილი: 2022 წლის 9 დეკემბერს ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს წერილი მისწერა, სადაც აღნიშნული იყო: «შემდეგი საქმეების „მოსკოველი იეჰოვას მოწმეები და სხვები“ და „კრუპკო და სხვები“ განხილვის შემდეგ, აგრეთვე მხედველობაში იმის მიღებით, თუ რა გავლენას ახდეს ეს აკრძალვა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობაზე, მათ მშვიდობიან რელიგიურ შეხვედრებზე და მათ თავისუფლებაზე, ევროსაბჭო დაჟინებით მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ მოხსნას აკრძალვა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობაზე და შეაჩეროს მათ წინააღმდეგ აღძრული ყველა სისხლის სამართლის საქმე»
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება: 2023 წლის სექტემბერში გამართულ შეხვედრაზე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა განაცხადა: „დიდ შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სრულად და განზრახ უგულებელყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ცალსახა მინიშნებები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლზე და საქმეზე „ტაგანროგის ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაცია და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაზე. რუსეთის დაუმორჩილებლობის გამო მინისტრთა კომიტეტმა „გადაწყვიტა აღნიშნული სასამართლო საქმეები წარედგინა „გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვის“, თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფისთვის და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რათა გადაეჭრათ რუსეთის ფედერაციაში იეჰოვას მოწმეთა დაპატიმრებების პრობლემა და ეზრუნათ იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლებას ემოქმედა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად“.
ბოლო დროს მიღებული მკაცრი სასამართლო გადაწყვეტილებები
2024 წლის 25 იანვარს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს 37 წლის სონა ოლოპოვას. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს შრომა-გასწორების კოლონიაში სამარის ოლქში. სამართალდამცავებმა მისი სახლი 2023 წლის მაისში გაჩხრიკეს. მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ბრალად დასდეს ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობა. სინამდვილეში მისი ერთადერთი „დანაშაული“ ის იყო, რომ თანაქრისტიანებთან ერთად მშვიდობიანად სცემდა თაყვანს ღმერთს. თავად სონამ აღნიშნა: „ბრალდების მხარემ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ შეუძლებელია იეჰოვას მოწმეც იყო და ექსტრემისტიც“.
2024 წლის 6 თებერვალს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა დიმიტრი ბარმაკინის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. ის სასამართლო დარბაზიდან საპატიმროში გადაიყვანეს, რათა მისთვის შეფარდებული რვაწლიანი პატიმრობის დარჩენილი ვადა მოიხადოს. 2018 წლის ივლისში შეიარაღებული სამართალდამცავები შეიჭრნენ ელენა ბარმაკინის ბებიის ბინაში. ელენა და მისი მეუღლე დიმიტრი ამ ბინაში ცხოვრობდნენ, რათა ელენას 90 წლის ბებიისთვის მოევლოთ. დიმიტრი და ელენა თავიანთ მშობლიურ ქალაქში, ვლადივოსტოკში გადაიყვანეს, სადაც დიმიტრი დააპატიმრეს. მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზების“ ბრალდებით. ის ამჟამად სასჯელს იხდის ხაბაროვსკის მხარეში მდებარე ერთ-ერთ საპატიმროში. მისი პატიმრობის ვადა 2029 წლის ნოემბერში ამოიწურება. ელენას წინააღმდეგაც აღძრულია საქმე.
2024 წლის 29 თებერვალს ტოლიატის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ (სამარის ოლქი) დამნაშავედ ცნო 53 წლის ალექსანდრე ჩაგანი. ის დაოჯახებულია და ჰყავს იეჰოვას მოწმე მეუღლე. ალექსანდრეს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს რუსეთში მცხოვრები იეჰოვას მოწმე მამაკაცებისთვის შეფარდებული ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობის ვადაა. განაჩენის გამოცხადებისთანავე, ალექსანდრე სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ საპატიმროში გადაიყვანეს. ის ამჟამად სამარის ოლქის №4 იზოლატორში იმყოფება. მისი პატიმრობის ვადა 2032 წლის იანვარში დასრულდება.
2024 წლის 5 მარტს ირკუტსკის საოლქო სასამართლომ (აღმოსავლეთი ციმბირი) ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო ცხრა იეჰოვას მოწმე მამაკაცი, რომელთა შორის ყველაზე უფროსი 72 წლის იყო. მათ სხვადასხვა ვადით შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა. მაქსიმალური ვადა 7 წელი იყო. მათ წინააღმდეგ საქმე 2021 წლის ოქტომბერში აღიძრა, რასაც თან მოჰყვა მათი სახლების ჩხრეკები სამართალდამცავების მიერ. განაჩენის გამოტანის მომენტისთვის ერთ-ერთ მათგანს, იაროსლავ კალინს, უკვე ორ წელზე მეტი ჰქონდა გატარებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში. როგორც თავად ამბობს, ის „ციხეში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა“.
2024 წლის აპრილში რინატ კირამოვი, რომელსაც შვიდწლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ახლომდებარე ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მტკიცებით, არსებობდა ეჭვი, რომ რინატი ტუბერკულოზით იყო დაავადებული. 36 წლის რინატის წინააღმდეგ საქმე 2021 წლის ნოემბერში აღიძრა ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით. წინასწარი დაკავების იზოლატორში წელიწად-ნახევრის გატარების შემდეგ მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ პატიმრების ჯგუფმა რინატზე ფიზიკურად იძალადა და მის საწამებლად ელექტროშოკური იარაღიც კი გამოიყენა. ოთხი დღის განმავლობაში ისინი რინატს დაძინების და ჭამის საშუალებას არ აძლევდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ სამედიცინო კვლევებით დადგინდა, რომ რინატს ტუბერკულოზი არ ჰქონდა, ამიტომ 2024 წლის 17 მაისს ის სამედიცინო დაწესებულებიდან შრომა-გასწორების კოლონიაში დააბრუნეს. რინატს სასჯელის ვადა 2027 წლის დეკემბერში ეწურება.
2024 წლის 20 ივნისს ხაბაროვსკში მცხოვრებ სამ იეჰოვას მოწმე მამაკაცს ყველაზე ხანგრძლივი ვადით პატიმრობა შეუფარდეს მას შემდეგ, რაც 2017 წელს რუსეთში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აიკრძალა. ნიკოლაი პოლევოდოვს რვა წლითა და ექვსი თვით შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა, ვიტალი ჟუკს – რვა წლითა და ოთხი თვით, სტანისლავ კიმს კი – რვა წლითა და ორი თვით. ამ მამაკაცებს ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება. სინამდვილეში კი ისინი მშვიდობიანად იკრიბებოდნენ ოჯახის წევრებსა და თანაქრისტიანებთან ერთად, რათა წაეკითხათ და შეესწავლათ ბიბლია.
ყველაფერი კეთდება, რომ ბოლო მოეღოს მოწმეების უსამართლო დაპატიმრებებს
მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები შეშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ რუსეთში ასე უმოწყალოდ ექცევიან მათ თანამორწმუნეებს. მილიონობით იეჰოვას მოწმემ მთელი მსოფლიოდან წერილები გაუგზავნა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს დაპატიმრებული თანამორწმუნეების შეწყალების თხოვნით. დაპატიმრებული მოწმეების ადვოკატებმა საჩივრები წარუდგინეს რუსეთში არსებულ ყველა ინსტანციის სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტსა და თვითნებურად დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფს. მათ ოფიციალური ანგარიში წარუდგინეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე ახორციელებენ მონიტორინგს. იეჰოვას მოწმეები კვლავაც ყველაფერს იღონებენ საიმისოდ, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია რუსეთში მათი თანამორწმუნეების მიმართ უმოწყალო მოპყრობის შესახებ, რათა შეწყდეს რელიგიური დევნა.
დროის დიაგრამა
2024 წლის 18 ივლისი
მთლიანობაში დაპატიმრებულია 137 იეჰოვას მოწმე.
2023 წლის 24 ოქტომბერი
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოსცა ორი დასკვნა ელისტასა და აბინსკის ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციების საქმეებთან დაკავშირებით. დასკვნებში ორივე საქმის თაობაზე აღნიშნული იყო, რომ რუსეთმა დაარღვია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 18.1 („აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება“) და 22.1 („შეკრების თავისუფლების უფლება“) მუხლებით გათვალისწინებული იეჰოვას მოწმეთა უფლებები. დასკვნებში დასტურდება, რომ იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურაში არაფერი მოიძებნება ისეთი, რაც სიძულვილის ან ძალადობისკენ აღძრავს ადამიანს.
2022 წლის 12 იანვარი
რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აპლიკაცია „JW ბიბლიოთეკა“ ექსტრემისტული მასალების სიაში იქნა შეტანილი. ეს არის ერთადერთი აპლიკაცია, რომელიც რუსეთმა ექსტრემისტულად გამოაცხადა.
2021 წლის 27 სექტემბერი
სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ექსტრემისტულად გამოცხადდა JW ბიბლიოთეკის აპლიკაცია და აიკრძალა მისი გამოყენება რუსეთის ფედერაციისა და ყირიმის მასშტაბით. სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.
2019 წლის 26 აპრილი
თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფი ასკვნის, რომ დარღვეულია დიმიტრი მიხაილოვის უფლებები და გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეთა დევნას.
2017 წლის 20 აპრილი
რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლო აკმაყოფილებს მოთხოვნას რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრისა და მასთან კავშირში მყოფი 395 იურიდიული პირის ლიკვიდაციის თაობაზე.