არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობა კიევში; ზემოთ მარჯვნივ: თავშესაფარში მყოფი ჩვენი და-ძმები JW ბიბლიოთეკის მეშვეობით სულიერ საზრდოს იღებენ; ქვემოთ მარჯვნივ: უკრაინიდან სლოვაკეთში გაქცეული ერთი ოჯახი სადილობს.

2022 წლის 11 მარტი
უკრაინა

განახლებული ინფორმაცია №2 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან

განახლებული ინფორმაცია №2 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან

უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილებში, მაგალითად, მარიუპოლში კვლავაც მძიმე ვითარებაა, ჩამსხვრეულია ფანჯრები, გათიშულია ელექტროენერგია და გათბობა, გაწყვეტილია მობილური და ინტერნეტკავშირი, იწურება საკვებისა და წყლის მარაგიც. ქალაქის დატოვებას 2 500-ზე მეტი და-ძმა ვერ ახერხებს. ზოგიერთ ქალაქს, მაგალითად, ბუჩას, ჩერნიგოვს, გოსტომელს, ირპინს, კიევსა და სუმის „ჰუმანიტარული დერეფანი“ გაუხსნეს და ზოგის ევაკუაცია გახდა შესაძლებელი. ბევრმა ჩვენმა და-ძმამაც მოახერხა, რომ შედარებით უსაფრთხო ადგილისთვის შეეფარებინათ თავი.

მათ შორისაა ერთი ჩვენი 36 წლის ძმა გოსტომელიდან, რომელიც უხუცესად და პიონერად მსახურობს. მან მეუღლესთან და მშობლებთან ერთად დატოვა ქალაქი. ის იხსენებს:

„ჩვენი სახლის თავზე შვეულმფრენები დაფრინავდნენ. ქუჩაში ყველგან ტანკები იდგა. სარდაფში ვიმალებოდით, როცა ჯარისკაცები ჩვენ სახლში შემოიჭრნენ. ერთ-ერთმა სარდაფის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, მაგრამ ჩვენ გადავრჩით, ტყვია დედაჩემის საევაკუაციო ზურგჩანთას მოხვდა. სამი ოთხი საათის მანძილზე სუნთქვაშეკრულები გაუნძრევლად ვისხედით, ჩვენს თავზე სულ ბომბებისა და სროლის ხმა ისმოდა. მეორე დილით ქალაქიდან რომ გამოვდიოდით, სროლა ატყდა, გზაზე ტანკები იდგნენ. სახიფათო მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ იქ დარჩენა უარესი იყო. ამ მოვლენებმა ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. უფრო უკეთ დავინახეთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ბიბლიური პრინციპები. მაგალითად, ვისწავლეთ, რომ არ ვიწუხოთ ხვალინდელზე, დავკმაყოფილდეთ აუცილებლით და ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებშიც იეჰოვას მივენდოთ“.

დარწმუნებული ვართ, იეჰოვამ კარგად იცის, რამხელა სირთულეებს ხვდებიან ჩვენი და-ძმები უკრაინაში და ის ყოველთვის იზრუნებს მათზე (2 პეტრე 2:9).

ერთი ოჯახი სარდაფს აფარებს თავს. საბოლოოდ, მათ მოახერხეს შედარებით უსაფრთხო ადგილას გადასვლა.

ქვემოთ მოყვანილია ამა წლის 10 მარტის მონაცემები.

დაზარალებული და-ძმები

  • დაიღუპა 2 მაუწყებელი.

  • დაშავდა 8 და-ძმა.

  • 25 407 მაუწყებელს მოუწია ქვეყნის შედარებით უსაფრთხო რაიონებში გაქცევა.

  • მთლიანად დაინგრა 25 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 59 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 222 სახლი.

  • დაზიანდა 7 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • უკრაინის მასშტაბით 27 დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ზრუნავს და-ძმებზე.

  • კომიტეტები 10 566 მაუწყებელს დაეხმარნენ უსაფრთხო თავშესაფრის პოვნაში.

  • ქვეყნის დატოვება მოუწია 9 635 მაუწყებელს, რომელთაც ჩვენმა და-ძმებმა აღმოუჩინეს დახმარება.