14 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
შეერთებული შტატები
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოსთან ახლოს ხანძარი მძვინვარებს
2024 წლის 9 ნოემბერს ძლიერი ხანძარი გაჩნდა იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოდან (უორიკი, ნიუ-იორკი, აშშ) ჩრდილო-დასავლეთით ორ კილომეტრში. ხანძრის შედეგად დაიწვა 2 000 ჰექტარი მიწა. შესაბამისი ადგილობრივი უწყებები ვარაუდობენ, რომ ხანძრის გავრცელების საფრთხე იქამდე იარსებებს, სანამ ხანძრის ზონაში უხვი ნალექი არ მოვა.
ამჟამად აშშ-ს ფილიალს საფრთხე არ ემუქრება, იქნება ეს უორიკში მდებარე შენობა- ნაგებობები, ტაქსიდოს პარკთან ახლოს მდებარე სტუდია თუ რამაპოს სამშენებლო პროექტი. თუმცა ჩვენი ძმები ყურადღებას არ ადუნებენ და სიფრთხილის ზომებს იღებენ ბეთელის ოჯახის წევრებისა და შენობა-ნაგებობების დასაცავად (იგავები 22:3). აშშ-ს ფილიალის კომიტეტის წევრი ლუკ სალადინო ამბობს: „უორიკში ხანძრის გაჩენისთანავე ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში თვალყურს ადევნებდა ხანძრის განვითარებას. გადაუდებელი დახმარების ჯგუფებს დაევალათ ახლომდებარე ტერიტორიის ფოთლებისგან და გამხმარი ბუჩქებისგან გასუფთავება, აგრეთვე შენობების მწვანე სახურავების მორწყვა და სხვა პრევენციული ზომების მიღება. გარდა ამისა, უორიკის ბეთელის ოჯახის წევრებს შევახსენეთ, მზად ჰქონოდათ საევაკუაციო ჩანთები და წინასწარ მომზადებულიყვნენ ტერიტორიის დასატოვებლად. საბედნიეროდ, ევაკუირების საჭიროება ჯერ არ დამდგარა“.
მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციების ჯგუფები დაუღალავად მუშაობენ ხანძრის შესაკავებლად. ბეთელის რამდენიმე განყოფილება ზრუნავს, საკვებით, სასმელი წყლით და სხვა საჭირო ნივთებით მოამარაგოს ისინი, ვინც ჩართულია ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში. ზემოთ მოხსენიებული ლუკ სალადინო აღნიშნავს: „მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ხანძრის ზონაში მცხოვრებთა უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და სახიფათო სიტუაციის მიუხედავად თავს არ ზოგავენ“.
ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ კვლავაც არ მოაკლოს „სიბრძნე და ჭკუა“ მათ, ვინც ძლიერ ხანძარს ებრძვის (იგავები 3:21).