ეზრა 8:1—36
8 აი იმ საგვარეულოთა თავკაცების საგვარეულო ნუსხა, რომლებიც მეფე არტაქსერქსეს+ მეფობის დროს ჩემთან ერთად წამოვიდნენ ბაბილონიდან:
2 ფინხასის+ შთამომავალთაგან იყო გერშომი, ითამარის+ შთამომავალთაგან — დანიელი, დავითის შთამომავალთაგან — ხატუში,
3 შექანიასა და ფაროშის შთამომავალთაგან — ზაქარია, და მასთან ერთად ნუსხაში შესული 150 მამაკაცი,
4 ფახათ-მოაბის+ შთამომავალთაგან — ელიეჰო-ენაი, ზერახიას ვაჟი, და მასთან ერთად 200 მამაკაცი,
5 ზათუს+ შთამომავალთაგან — შექანია, იახაზიელის ვაჟი, და მასთან ერთად 300 მამაკაცი,
6 ადინის+ შთამომავალთაგან — ებედი, იონათანის ვაჟი, და მასთან ერთად 50 მამაკაცი,
7 ელამის+ შთამომავალთაგან — იეშაია, ათალიას ვაჟი, და მასთან ერთად 70 მამაკაცი,
8 შეფატიას+ შთამომავალთაგან — ზებადია, მიქაელის ვაჟი, და მასთან ერთად 80 მამაკაცი,
9 იოაბის შთამომავალთაგან — ობადია, იეხიელის ვაჟი, და მასთან ერთად 218 მამაკაცი,
10 ბანის შთამომავალთაგან — შელომითი, იოსიფიას ვაჟი, და მასთან ერთად 160 მამაკაცი,
11 ბებაის+ შთამომავალთაგან — ზაქარია, ბებაის ვაჟი, და მასთან ერთად 28 მამაკაცი,
12 აზგადის+ შთამომავალთაგან — იოხანანი, ჰაკატანის ვაჟი, და მასთან ერთად 110 მამაკაცი,
13 ადონიკამის+ შთამომავალთაგან ბოლო სამი — ელიფელეტი, იეიელი და შემაია, და მათთან ერთად 60 მამაკაცი,
14 და ბიგვაის+ შთამომავალთაგან — უთაი და ზაბუდი, და მათთან ერთად 70 მამაკაცი.
15 შევკრიბე ისინი მდინარესთან, რომელიც აჰავისკენ+ მიედინება; სამი დღე ვიყავით იქ დაბანაკებული. შევამოწმე მთელ ბანაკში, მაგრამ ხალხსა და მღვდლებს შორის ლევიანი* ვერავინ ვნახე.
16 დავიბარე თავკაცები: ელიეზერი, არიელი, შემაია, ელნათანი, იარიბი, ელნათანი, ნათანი, ზაქარია და მეშულამი, და მოძღვრები: იოიარიბი და ელნათანი.
17 ვუბრძანე მათ, ქასიფიელ თავკაც იდოსთან მისულიყვნენ. მათი პირით შევუთვალე იდოსა და მის მოძმეთ, ქასიფიაში მცხოვრებ ტაძრის მსახურებს*, რომ ჩვენი ღვთის ტაძარში მსახურებისთვის ხალხი გამოეგზავნათ.
18 რაკი ჩვენი ღმერთი გვიმართავდა ხელს, მათაც მოგვიყვანეს შერებია,+ გონიერი კაცი ისრაელის ძის, ლევის, შვილიშვილ მახლის+ შთამომავალთაგან, მის ვაჟებთან და ძმებთან ერთად, სულ 18 კაცი,
19 აგრეთვე ხაშაბია და მასთან ერთად მერარელი+ იეშაია, ძმებთან და მათ ვაჟებთან ერთად, სულ 20 კაცი.
20 მათ შორის იყვნენ ტაძრის მსახურები, სულ 220 კაცი, რომლებიც სახელებით იყვნენ აღრიცხულნი. მათი წინაპრები დავითმა და მთავრებმა მსახურებად დაუნიშნეს ლევიანებს.
21 ამის შემდეგ მდინარე აჰავასთან მარხვა გამოვაცხადე, რათა თავი დაგვემდაბლებინა ჩვენი ღვთის წინაშე და გვეთხოვა, რომ ეხელმძღვანელა გზაზე და დავეცავით ჩვენ, ჩვენი ბავშვებიცა და მთელი ქონებაც.
22 შემრცხვა მეფისთვის მეომრებისა და მხედრების თხოვნა, გზად რომ მტრებისგან დავეცავით, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისთვის, ჩვენი ღმერთი ხელს უმართავს მასზე მინდობილთ,+ მის მიმტოვებელთ კი რისხვას ატეხსო.+
23 ამიტომ ვმარხულობდით და მფარველობას შევთხოვდით ღმერთს; მანაც შეისმინა ჩვენი ვედრება.+
24 მღვდელთა წინამძღოლებიდან გამოვყავი 12 კაცი — შერებია, ხაშაბია+ და მათთან ერთად 10 კაცი მათ მოძმეთაგან.
25 ავუწონე მათ მეფის, მისი მრჩევლების, მისი მთავრებისა და იქ მყოფი ყველა ისრაელის მიერ ჩვენი ღვთის ტაძრისთვის შეწირული ოქრო-ვერცხლი და სხვადასხვა ნივთი;+
26 მივეცი მათ 650 ტალანტი* ვერცხლი და 2 ტალანტი ვერცხლის 100 ნივთი, 100 ტალანტი ოქრო,
27 1 000 დარიკის* ღირებულების 20 პატარა ოქროს ჯამი, სუფთა სპილენძის 2 სხვა ნივთი, წითლად მბზინავი და ოქროსავით ძვირფასი.
28 ვუთხარი მათ: „თქვენ წმინდები ხართ იეჰოვასთვის,+ ეს ნივთებიც წმინდაა; ეს ოქრო-ვერცხლი ნებაყოფლობითაა შეწირული იეჰოვასთვის, თქვენი მამა-პაპის ღვთისთვის.
29 გაუფრთხილდით მათ, სანამ არ აწონით მღვდელთა და ლევიანთა წინამძღოლებისა და ისრაელის საგვარეულოთა თავკაცების წინაშე იერუსალიმში,+ იეჰოვას ტაძრის ოთახებში*“.
30 ჩაიბარეს მღვდლებმა და ლევიანებმა აწონილი ოქრო-ვერცხლი და სხვადასხვა ნივთი იერუსალიმში, ჩვენი ღვთის ტაძარში წასაღებად.
31 ბოლოს, პირველი თვის+ მე-12 დღეს, მდინარე აჰავიდან+ იერუსალიმისკენ დავიძარით; ჩვენი ღმერთი გვიმართავდა ხელს, მან დაგვიხსნა მტრისა და ყაჩაღების ხელიდან.
32 ჩავედით იერუსალიმში+ და სამი დღე დავრჩით იქ.
33 მე-4 დღეს ავწონეთ ოქრო-ვერცხლი და სხვადასხვა ნივთი ჩვენი ღვთის ტაძარში+ და ჩავაბარეთ მღვდელ მერემოთს,+ ურიას ვაჟს, რომელთან ერთადაც იყო ელეაზარი, ფინხასის ვაჟი. მათთან ერთად იყვნენ ლევიანებიც, იოზაბადი,+ იეშუას ვაჟი, და ნოადია, ბინუის+ ვაჟი.
34 ყველაფერი დათვალეს და აწონეს, რის შემდეგაც მთლიანი წონა ჩაიწერეს.
35 გადასახლებიდან დაბრუნებულმა ხალხმა ისრაელის ღმერთს დასაწვავი მსხვერპლი შესწირა: 12 მოზვერი+ მთელი ისრაელისთვის, 96 ვერძი,+ 77 მამალი თოხლი, 12 ვაცი+ კი — ცოდვის შესაწირავად; ეს ყველაფერი იეჰოვას მიუტანეს დასაწვავ მსხვერპლად.+
36 მეფის ბრძანებულება+ მის სატრაპებსა* და მდინარისგაღმელ გამგებლებს+ გადავეცით, და ისინიც ხელს უმართავდნენ ხალხს და შესაწირავს იღებდნენ ჭეშმარიტი ღვთის ტაძრისთვის.+
სქოლიოები
^ იგულისხმებიან ლევიანები არასამღვდელო შტოდან.
^ ებრ. „ნეთინიმ“, ნიშნავს „გადაცემულებს“.
^ ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.
^ სპარსული ოქროს მონეტა. იხ. დანართი ბ14.
^ სხვაგვარად — „სასადილო ოთახებში“.
^ ნიშნავს „სამეფოს მცველს“; სატრაპები სპარსეთის იმპერიის სამთავროთა მმართველები იყვნენ.