ლევიანები 20:1—27

  • მოლექის თაყვანისცემა; სპირიტიზმი (1—6).

  • სიწმინდე და მშობლების პატივისცემა (7—9).

  • სიკვდილით დასჯა დაუშვებელი სქესობრივი კავშირის გამო (10—21).

  • სიწმინდის დაცვა აღთქმულ მიწაზე (22—26).

  • სულების გამომძახებლებისა და მკითხავების ჩაქოლვა (27).

20  იეჰოვამ მოსეს უთხრა:  «გადაეცი ისრაელებს: „ნებისმიერი, ებრაელი იქნება თუ თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი, რომელიც თავის შვილს მოლექს მიუძღვნის*, უნდა მოკვდეს.+ ჩაქოლოს ის იმ მიწაზე მცხოვრებმა ხალხმა.  უარვყოფ მას და არ ვაცოცხლებ, რადგან მოლექს შესწირა თავისი შთამომავალი, რითაც წაბილწა ჩემი წმინდა ადგილი+ და შებღალა ჩემი წმინდა სახელი.  თუ იმ მიწაზე მცხოვრები ხალხი თვალს დახუჭავს იმ კაცის საქციელზე, რომელიც მოლექს თავის შვილს მიუძღვნის, და არ მოკლავს,+  მე უარვყოფ მას და მის ოჯახს;+ არ ვაცოცხლებ არც მას და არც მათ, ვინც მას აჰყვება და მოლექის თაყვანისცემას დაიწყებს*.  ვინც მიღალატებს* და სულების გამომძახებლებსა+ და მკითხავებს+ მიმართავს, მასაც უარვყოფ; არ ვაცოცხლებ.+  განიწმინდეთ და წმინდები იყავით;+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.  დაიცავით ჩემი წესები.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი განმწმენდელი.+  ვინც მამამისს ან დედამისს დასწყევლის, უნდა მოკვდეს.+ მისი სისხლი მისივე კისერზე იქნება, ვინაიდან მან თავისი დედ-მამა დასწყევლა. 10  ვინც მოძმის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს. ორივენი უნდა მოკვდნენ, კაციც და ქალიც.+ 11  ვინც მამამისის ცოლთან დაწვება, მამამისს შეურაცხყოფს.+ ორივენი უნდა მოკვდნენ; მათი სისხლი მათივე კისერზე იქნება. 12  თუ მამამთილი თავის რძალთან დაწვება, ორივენი უნდა მოკვდნენ, ვინაიდან ამაზრზენი რამ ჩაიდინეს. მათი სისხლი მათივე კისერზე იქნება.+ 13  თუ კაცი კაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, ეს სისაძაგლე იქნება.+ ორივენი უნდა მოკვდნენ. მათი სისხლი მათივე კისერზე იქნება. 14  თუ კაცი ცოლს მოიყვანს და მის დედასთანაც დაწვება, ეს ამაზრზენი იქნება.+ სამივენი ცეცხლში დაწვით,+ რათა ასეთმა ამაზრზენმა საქციელმა ფეხი არ მოიკიდოს. 15  კაცი, რომელიც ცხოველთან დაწვება, არ აცოცხლოთ; ცხოველიც უნდა მოკლათ.+ 16  თუ ქალი ცხოველთან დაწვება,+ უნდა მოკლათ ქალიც და ცხოველიც. ორივე უნდა მოკლათ. მათზე იქნება მათი სისხლი. 17  თუ კაცი თავის დასთან დაწვება, მამამისის ან დედამისის ასულთან, და ერთმანეთის სიშიშვლეს დაინახავენ, ამით ის თავის დას შეურაცხყოფს.+ ისინი უნდა მოკვდნენ. მან თავისი და შეურაცხყო და პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულზე. 18  თუ კაცი დაწვება ქალთან, რომელსაც ყოველთვიური სისხლდენა აქვს, ამით ისინი სისხლს შეურაცხყოფენ.+ ორივენი უნდა მოკვდნენ. 19  არ დაწვე არც დედაშენის და არც მამაშენის დასთან, რადგან ეს ნათესავის შეურაცხყოფაა.+ მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთ დანაშაულზე. 20  თუ კაცი თავის ბიცოლასთან დაწვება, ბიძამისს შეურაცხყოფს.+ მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთ ცოდვაზე. ისინი უშვილოდ მოკვდებიან. 21  თუ კაცი თავისი ძმის ცოლთან დაწვება, ეს საზიზღრობაა;+ ის თავის ძმას შეურაცხყოფს. ისინი უშვილოდ მოკვდებიან. 22  დაიცავით ჩემი წესები და სამართალი,+ რათა არ ამოიძირკვოთ იმ მიწიდან, რომელსაც დაგამკვიდრებინებთ.+ 23  არ იაროთ იმ ხალხთა წესებით, რომელთაც განვდევნი იმ მიწიდან,+ რადგან ამ ყველაფერს ისინი სჩადიან და ზიზღს იწვევენ ჩემში.+ 24  ამიტომაც გითხარით, დაგამკვიდრებინებთ მათ მიწას, სადაც რძე და თაფლი მოედინება-მეთქი.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც სხვა ხალხებისგან გამოგაცალკევეთ-მეთქი.+ 25  განასხვავეთ წმინდა ცხოველი უწმინდურისგან და წმინდა ფრინველი უწმინდურისგან;+ არ გაიუწმინდუროთ თავი იმ ცხოველით, ფრინველითა თუ მიწაზე მხოხავი არსებით, რომლებზეც გითხარით, რომ უწმინდურები არიან.+ 26  წმინდები იყავით, რადგან მე, იეჰოვა, წმინდა ვარ.+ მე გამოგაცალკევეთ სხვა ხალხებისგან, რომ ჩემი ხალხი ყოფილიყავით.+ 27  სულების გამომძახებელი და მკითხავი, კაცი იქნება თუ ქალი, უნდა მოკვდეს.+ ჩაქოლეთ. მათი სისხლი მათივე კისერზე იქნება“».

სქოლიოები

სავარაუდოდ, მიძღვნაში ბავშვის შეწირვაც იგულისხმებოდა.
სიტყვასიტყვით — „მოლექთან გარყვნილებას ჩაიდენს“.
სიტყვასიტყვით — „გარყვნილებას ჩაიდენს“.