მეფეები — წიგნი პირველი 4:1—34

  • სოლომონის სამეფო კარი (1—19).

  • ოქროს ხანა ისრაელში (20—28).

    • უსაფრთხო ცხოვრება „ვაზისა და ლეღვის ქვეშ“ (25).

  • სოლომონის სიბრძნე და იგავები (29—34).

4  მეფობდა სოლომონი მთელ ისრაელზე.+  მის დროს მთავრები იყვნენ: მღვდელი აზარია — ცადოკის+ ვაჟი,  მწერლები+ ელიხორეფი და ახია — შიშას ვაჟები, მემატიანე იეჰოშაფატი+ — ახილუდის ვაჟი,  მხედართმთავარი ბენაია+ — იეჰოიადას ვაჟი, მღვდლები ცადოკი და აბიათარი,+  ზედამხედველთა უფროსი აზარია — ნათანის+ ვაჟი, მღვდელი და მეფის მეგობარი+ ზაბუდი — ნათანის ვაჟი,  სასახლის ზედამხედველი ახიშარი და სავალდებულო სამუშაოების შემსრულებელთა+ ზედამხედველი ადონირამი+ — აბდას ვაჟი.  სოლომონს ისრაელში 12 ზედამხედველი ჰყავდა დანიშნული, რომ სარჩოთი მოემარაგებინათ მეფე და მისი სახლეულობა; თითოეული წელიწადში თითო თვე ამარაგებდა.+  აი ისინიც: ხურის ვაჟი — ეფრემის მთიან მხარეში;  დეკერის ვაჟი — მაკაცში, შაალბიმში,+ ბეთ-შემეშსა და ელონ-ბეთ-ხანანში; 10  ხესედის ვაჟი — არუბოთში (მას ებარა სოქო და ხეფერის მთელი მიწა); 11  აბინადაბის ვაჟი — დორის მაღლობებზე (მას ცოლად ჰყავდა ტაფათი, სოლომონის ასული); 12  ბაანა, ახილუდის ვაჟი — თაანახში, მეგიდოსა+ და მთელ ბეთ-შეანში,+ ცარეთანთან, იზრეელის ქვემოთ, ბეთ-შეანიდან აბელ-მეჰოლამდე, იოკმეამის+ მხარემდე; 13  გებერის ვაჟი — გალაადის რამოთში+ (მას ებარა მენაშეს შთამომავლის, იაირის,+ კარვების სოფლები გალაადში+ და არგობის+ მხარე ბაშანში+ — 60 დიდი, გალავნიანი და სპილენძის ურდულებიანი ქალაქი); 14  ახინადაბი, იდოს ვაჟი — მახანაიმში;+ 15  ახიმააცი — ნაფთალში (მასაც სოლომონის ასული ბასმათი ჰყავდა ცოლად); 16  ბაანა, ხუშაის ვაჟი — აშერსა და ბეალოთში; 17  იეჰოშაფატი, ფარუას ვაჟი — ისაქარში; 18  შიმეი,+ ელას ვაჟი — ბენიამინში;+ 19  გებერი, ურის ვაჟი — გალაადის+ მიწაზე, ამორეველთა მეფე სიხონისა+ და ბაშანის მეფე ოგის+ მიწაზე. ყველა ზედამხედველს კი ერთი ზედამხედველობდა. 20  იუდა და ისრაელი ზღვის ქვიშასავით ურიცხვი იყო;+ ჭამდა, სვამდა და მხიარულობდა ხალხი.+ 21  განაგებდა სოლომონი ყველა სამეფოს მდინარიდან*+ ფილისტიმელთა მიწამდე და ეგვიპტის საზღვრამდე; ისინი ემსახურებოდნენ სოლომონს მთელი მისი სიცოცხლე და ხარკს უხდიდნენ.+ 22  სოლომონის დღიური სარჩო იყო: 30 ქორი* წმინდად დაფქული ფქვილი და 60 ქორი ჩვეულებრივი ფქვილი, 23  10 ნასუქი და 20 ნაიალაღარი ძროხა, 100 ცხვარი, აგრეთვე ირმები, ქურციკები, შვლები და ნასუქი გუგულები. 24  მდინარის+ გამოღმა, თიფსახიდან ღაზამდე,+ ყველაფერი მისი იყო, ყველა მეფე მას ემორჩილებოდა; გარშემო ყველასთან მშვიდობა ჰქონდა.+ 25  სოლომონის დროს უსაფრთხოდ ცხოვრობდა იუდა და ისრაელი, ყველა თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ, დანიდან ბეერ-შებამდე. 26  სოლომონს ეტლის ცხენებისთვის 4 000* სადგომი ჰქონდა და 12 000 ცხენი ჰყავდა.+ 27  ზედამხედველები სარჩოთი ამარაგებდნენ მეფე სოლომონსა და ყველას, ვინც მისი სუფრიდან იკვებებოდა; თითოეული თავის თვეში ამარაგებდა მეფეს და ზრუნავდა იმაზე, რომ არაფერი მოჰკლებოდა.+ 28  მათ აგრეთვე მიჰქონდათ ქერი და ნამჯა ცხენებისა და ბედაურებისთვის იქ, სადაც საჭირო იქნებოდა; თითოეულს იმდენი, რამდენიც მოეთხოვებოდა. 29  უხვად მისცა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე და გამჭრიახობა და ზღვის ქვიშასავით ულევი წვდომის უნარი.+ 30  სოლომონის სიბრძნე მთელი აღმოსავლეთისა და ეგვიპტის სიბრძნეს აღემატებოდა.+ 31  ის ყველაზე ბრძენი იყო, ეზრახელ ეთანზეც+ და ჰემანზეც,+ ქალქოლსა+ და დარდაზეც — მახოლის ვაჟებზე; მან სახელი გაითქვა მეზობელ ერებში.+ 32  სოლომონმა წარმოთქვა 3 000 იგავი+ და შეთხზა 1 005 სიმღერა.+ 33  ყვებოდა ხეებზე, ლიბანის კედრით დაწყებული უსუპით+ დამთავრებული, კედელზე რომ იზრდება, აგრეთვე ცხოველებზე,+ ფრინველებზე,+ ქვეწარმავლებსა*+ და თევზებზე. 34  მიდიოდა ხალხი სოლომონის სიბრძნის მოსასმენად ყველა ერიდან, მეფეებიც კი მიდიოდნენ, რომელთაც მის სიბრძნეზე სმენოდათ.+

სქოლიოები

იგულისხმება ევფრატი.
ქორი იყო იმდენი, რამდენიც 220-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
ამ ციფრს ვხვდებით პარალელურ მონაკვეთსა და ზოგიერთ ხელნაწერში, ზოგი ხელნაწერი კი 40 000-ს მოიხსენიებს.
ებრ. „რემეს“. შესაძლოა იგულისხმებოდეს მღრღნელებიც და მწერებიც.