არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოთავსებული ენტერალური ნერვული სისტემა

მართლა „მეორე ტვინია“ ენტერალური ნერვული სისტემა?

მართლა „მეორე ტვინია“ ენტერალური ნერვული სისტემა?

თუ ფიქრობთ, რომ ადამიანს ერთი ტვინი აქვს, ნამდვილად არ ცდებით. თუმცა ჩვენს ორგანიზმში არსებობს სხვა ნერვული სისტემაც, რომელშიც იმდენი ნერვული უჯრედია თავმოყრილი და იმდენად დიდ ნეირონულ ქსელს ქმნის, რომ ზოგი მეცნიერი მას „მეორე ტვინს“ უწოდებს. ეს არის ენტერალური ნერვული სისტემა, რომელიც თავში კი არა, მუცლის ღრუშია მოქცეული.

ჩვენს ორგანიზმში არაერთი რთული და, ამავდროულად, თანმიმდევრული პროცესები მიმდინარეობს, რათა მოხდეს საკვების სასარგებლო ნივთიერებებად გარდაქმნა და მათი ათვისება. საინტერესოა, რომ საჭმლის მონელების პროცესს, უმთავრესად, ენტერალური ნერვული სისტემა აკონტროლებს და არა ტვინი.

ენტერალურ ნერვულ სისტემასთან შედარებით ტვინში გაცილებით რთული პროცესები მიმდინარეობს, თუმცა თავად ეს სისტემაც არანაკლებ კომპლექსურია. ადამიანის ენტერალური ნერვული სისტემა, სავარაუდოდ, 200-დან 600 მილიონამდე ნეირონისგან შედგება. სწორედ ასეთი რთული აგებულების ნეირონული ქსელი ქმნის საჭმლის მომნელებელ სისტემას. მეცნიერების აზრით, თუ ენტერალური ნერვული სისტემის როლს ტვინი შეითავსებდა, მაშინ ნერვული უჯრედები გაცილებით დიდი ზომის იქნებოდა. წიგნში „მეორე ტვინი“ აღნიშნულია: „ბევრად უსაფრთხოა და, ამავდროულად, კანონზომიერი, რომ [საჭმლის მომნელებელი სისტემა], ძირითადად, ტვინისგან დამოუკიდებლად აკონტროლებს მონელების პროცესებს“.

„ქიმიური ქარხანა“

საჭმლის მოსანელებლად აუცილებელია, რომ ქიმიური ნაერთები საჭირო დროს დიდი სიზუსტით წარმოიქმნას, შემდეგ კი შესაბამის ადგილას მოხდეს მათი „ტრანსპორტირება“. პროფესორმა გარი მომ საჭმლის მომნელებელ სისტემას მართებულად უწოდა „ქიმიური ქარხანა“. მართლაც შთამბეჭდავია, თუ რა საოცარი სიზუსტით მიმდინარეობს მასში რთული ქიმიური პროცესები! მაგალითად, ნაწლავის კედლებზე განლაგებულია სპეციალიზებული უჯრედები, რომლებსაც შეუძლიათ დეტექტორის მსგავსად უმალვე ამოიცნონ საკვებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ენტერალურმა ნერვულმა სისტემამ გამოყოს საჭირო ფერმენტები, რათა მოხდეს მიღებული საკვების დანაწევრება, შემდეგ კი სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა-შეთვისება. გარდა ამისა, უმთავრესად ენტერალური ნერვული სისტემა განსაზღვრავს დაქუცმაცებული საკვების მჟავიანობას, მის ქიმიურ შემადგენლობას და აგრეთვე იმას, თუ რა რაოდენობის ფერმენტებია საჭირო მის შესათვისებლად.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი წარმოადგენს ერთგვარ კონვეიერს, რომელიც ისევ და ისევ ენტერალური ნერვული სისტემით იმართება. „მეორე ტვინი“ პასუხისმგებელია, რომ საკვების გადასაადგილებლად საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ნაწლავის კედლის კუნთოვანი გარსი საჭირო სიხშირითა და სიმძლავრით შეიკუმშოს. სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს სისტემა კონვეიერის პრინციპით მუშაობს.

ენტერალური ნერვული სისტემა ორგანიზმის დაცვასაც ემსახურება. საკვების მიღებისას ორგანიზმში შეიძლება მავნე ბაქტერიები მოხვდეს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჩვენს სხეულში არსებული ლიმფოციტების დაახლოებით 70—80 პროცენტი, რომლებიც იმუნოლოგიურ პროცესებში უმთავრეს როლს თამაშობენ, მუცლის ღრუშია მოთავსებული. ასე რომ, როცა ჩვენს ორგანიზმში საშიში მიკროორგანიზმები ხვდება, ენტერალური ნერვული სისტემა დამცველი მექანიზმის როლს ასრულებს — ნაწლავის კუნთოვანი გარსი ძლიერ იკუმშება და დიარეის ან პირღებინების შედეგად ტოქსინების უმეტესობა გარეთ გამოიდევნება.

„კარგი კომუნიკაცია“

მართალია, ისე ჩანს, რომ ენტერალური ნერვული სისტემა ტვინისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, მაგრამ სინამდვილეში მათ შორის „კარგი კომუნიკაცია“ არსებობს. მაგალითად, ენტერალური ნერვული სისტემა არეგულირებს ჰორმონებს, რომლებიც ტვინს აწვდის შიმშილის სიგნალს და, ამავდროულად, ინფორმაციას, თუ რა რაოდენობის საკვები უნდა მივიღოთ. გარდა ამისა, ენტერალური სისტემის ნერვული უჯრედები ტვინს დანაყრების სიგნალსაც აწვდის, ხოლო, თუ ადამიანი საკვებს ჭარბი რაოდენობით მიიღებს, შეიძლება პირღებინება დაეწყოს.

ალბათ, ამ სტატიის წაკითხვამდეც ფიქრობდით, რომ საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და ტვინს შორის გარკვეული „კომუნიკაცია“ არსებობს. შეგინიშნავთ, რომ მაღალკალორიული საკვების მიღების შემდეგ განწყობა გიმაღლდებათ? მეცნიერების აზრით, ამ დროს ენტერალური ნერვული სისტემა ტვინში გზავნის, ასე ვთქვათ, ბედნიერების სიგნალს, რაც კარგ ხასიათზე გაყენებთ. სწორედ ამით არის განპირობებული ის, თუ რატომ ეძალება ხალხი სტრესის დროს მაღალკალორიულ საკვებს. მეცნიერები ცდილობენ, მიაგნონ ენტერალური ნერვული სისტემის ხელოვნურ მასტიმულირებელს, რაც დეპრესიის დროს მდგომარეობას შეუმსუბუქებს ადამიანს.

ალბათ, გქონიათ ისეთი შეგრძნება, რომ თითქოს თქვენს მუცელში პეპლები დაფარფატებენ; ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და ტვინს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. როცა ადამიანი დაძაბულია ან სტრესს განიცდის, ამ დროს ენტერალური ნერვული სისტემა მუცლის ღრუდან სისხლს სხვა ორგანოებს აწვდის. გარდა ამისა, სტრესის დროს ენტერალური ნერვული სისტემა ტვინიდან სიგნალს იღებს, შედეგად ნაწლავები უფრო მეტად იკუმშება, რამაც შეიძლება პირღებინება გამოიწვიოს.

მართალია, ენტერალურ ნერვულ სისტემას „მეორე ტვინს“ უწოდებენ, მაგრამ ის ვერ დაგვეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში ან თუნდაც მუსიკის შექმნაში, ფინანსების გაკონტროლებასა თუ საოჯახო საქმის შესრულებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ენტერალური ნერვული სისტემა პირდაპირი გაგებით ტვინი არ არის. ეს სისტემა, რომლის შესახებაც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან, იმდენად კომპლექსურია, რომ გაოცებაში მოჰყავს მეცნიერები. ასე რომ, როცა საკვების მირთმევას დააპირებთ, დაფიქრდით ყველა იმ ზემოხსენებულ ურთულეს პროცესზე, რომლებიც თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში მიმდინარეობს.