არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სული მოწმობს ჩვენს სულთან ერთად

სული მოწმობს ჩვენს სულთან ერთად

„ეს სული თვითონვე მოწმობს ჩვენს სულთან ერთად, რომ ღვთის შვილები ვართ“ (რომ. 8:16).

სიმღერები: 109, 108

1—3. რა მოვლენების გამო იყო განსაკუთრებული ორმოცდამეათე დღის დღესასწაული და როგორ შესრულდა ამით წმინდა წერილებში ჩაწერილი წინასწარმეტყველება? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

გათენდა. კვირა დღეა, დაახლოებით დილის 9 საათი. იერუსალიმში შეკრებილთათვის ეს დღე მართლაც განსაკუთრებულია. ისინი დღესასწაულს აღნიშნავენ, იმავდროულად — შაბათსაც. ტაძარში დილის მსხვერპლშეწირვა დასრულებულია. ხალხს საზეიმო განწყობა ეუფლება, როდესაც მღვდელი ახალმოწეული მარცვლეულისგან გამომცხვარ ორ საფუვრიან პურს შესარხევ შესაწირავად ამზადებს (ლევ. 23:15—20). ამ შესაწირავის აღვლენა ხორბლის მოსავლის აღების დაწყებაზე მიუთითებს. დგას ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაული.

2 ეს ყველაფერი ტაძარში ხდება. თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენა იერუსალიმის ერთ-ერთი სახლის ზედა ოთახში მოხდება, სადაც დაახლოებით 120 მოწაფეა შეკრებილი და გულმხურვალედ ლოცულობს (საქ. 1:13—15). ოთახში შეკრებილნი ცოტა ხანში ისეთ მოვლენას იხილავენ, რის ერთგვარ პირველსახესაც ყოველწლიურად ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ხედავდნენ, როცა მღვდელმთავარი შესაწირავს აღავლენდა ხოლმე. ამ მოვლენით აგრეთვე შესრულდება დაახლოებით 800 წლის წინათ წარმოთქმული იოელის წინასწარმეტყველება (იოელ. 2:28—32; საქ. 2:16—21). და მაინც, რა უნდა მომხდარიყო ასეთი მნიშვნელოვანი?

3 წაიკითხეთ საქმეების 2:2—4. ამ დღეს ზედა ოთახში შეკრებილ ქრისტეს მოწაფეებზე ღვთის წმინდა სული იღვრება (საქ. 1:8). ისინი იწყებენ წინასწარმეტყველებას ანუ დამოწმებას ღვთის იმ გასაოცარი საქმეების შესახებ, რაც ნახეს და მოისმინეს. ამ მოვლენის სახილველად დიდძალი ხალხი იყრის თავს; მათ მოციქული პეტრე ჯერ მომხდარის მნიშვნელობას უხსნის, შემდეგ კი ეუბნება: „მოინანიეთ და მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით, რათა ცოდვები მოგეტევოთ, და მიიღებთ უსასყიდლო ძღვენს — წმინდა სულს“. ამ მოწვევას დაახლოებით 3 000 კაცი ეხმაურება; ისინი ინათლებიან და დაპირებულ წმინდა სულს იღებენ (საქ. 2:37, 38, 41).

4. ა) რატომ უნდა გვაინტერესებდეს ის, რაც ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ხდებოდა? ბ) სავარაუდოდ, რომელი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა საუკუნეების წინ, იმავე დღეს? (იხილეთ შენიშვნა)

4 რატომ არის ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაული ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი? იმის გამო ნამდვილად არა, რაც იერუსალიმის ტაძარში ხდებოდა; ეს დღე ჩვენს ყურადღებას იმიტომ იპყრობს, რომ იესო ქრისტემ, დიდებულმა მღვდელმთავარმა, ის როლი შეასრულა, რასაც ტაძარში მღვდელმთავარი ასრულებდა. [1] ამ დღესასწაულზე მღვდელმთავარი იეჰოვას მსხვერპლად ორ საფუვრიან პურს სწირავდა, რასაც სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. მსხვერპლად შეწირული პურები განასახიერებდა ცხებულ მოწაფეებს, რომლებიც ღმერთმა ცოდვილი კაცობრიობისგან გამოისყიდა და შვილებად მიიღო. ამგვარად, კაცობრიობისგან გამოსყიდულ „პირველ ნაყოფს“ გზა გაეხსნა ზეცისა და ღვთის სამეფოსკენ, რომლის მეშვეობითაც ღმერთი მორჩილ ადამიანებზე აუწყველ კურთხევებს გადმოღვრის (იაკ. 1:18; 1 პეტ. 2:9). აქედან გამომდინარე, ზეციური იმედი გვაქვს, თუ — მიწიერი, ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოხდა.

როგორ ხდება სულით ცხება

5. საიდან ვიცით, რომ ყველა ცხებულ ქრისტიანს წმინდა სული ერთნაირად არ მიუღია?

5 თქვენ რომ ერთ-ერთი მოწაფე ყოფილიყავით და თქვენს თავზე ცეცხლის ენა დაგენახათ, ალბათ, ეს დღე არასდროს დაგავიწყდებოდათ. ცხადია, ეჭვი არ შეგეპარებოდათ, რომ სულითცხებული ქრისტიანი ხართ; ამაში ისიც დაგარწმუნებდათ, თუ სასწაულებრივად მიიღებდით უცხო ენაზე საუბრის ძღვენს (საქ. 2:6—12). მაგრამ, ისმის კითხვა: ყველა ცხებული ქრისტიანი ისეთივე ხილული სახით იღებს ღვთის წმინდა სულს, როგორც ცხებულთა პირველმა ჯგუფმა, დაახლოებით 120-მა მოწაფემ მიიღო? არა, ვინაიდან იერუსალიმში დღესასწაულის აღსანიშნავად ჩასულმა ხალხმა, რომლებიც პეტრეს მოწოდებას გამოეხმაურნენ, წმინდა სული ნათლობისას მიიღო (საქ. 2:38). მათ თავზე ცეცხლის ენისმაგვარი არაფერი გადმოსულა. თუმცა ზოგ ცხებულ ქრისტიანს არც ნათლობისას მიუღია წმინდა სული. მაგალითად, სამარიელებმა წმინდა სული ნათლობიდან გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ მიიღეს (საქ. 8:14—17). უფრო მეტიც, კორნელიუსისა და მისი სახლეულის შემთხვევაში გამონაკლისი მოხდა — მათზე წმინდა სული ჯერ კიდევ ნათლობამდე გადავიდა (საქ. 10:44—48).

6. რას იღებს თითოეული ცხებული ქრისტიანი და რა მხრივ აისახება ეს მათზე?

6 აქედან გამომდინარე, ყველა ცხებული ქრისტიანის შემთხვევაში სულით ცხება განსხვავებულად მოხდა. ზოგმა თავისი ზეციერი მოწოდება მყისიერად შეიგრძნო, ზოგს კი ამის გასაცნობიერებლად დრო დასჭირდა. მართალია, სულით ცხება ცხებული ქრისტიანების შემთხვევაში სხვადასხვანაირად ხდება, მაგრამ ყველა ცხებულს ერთი რამ აქვს საერთო, რის შესახებაც პავლემ დაწერა: „და როცა ირწმუნეთ, მისივე მეშვეობით ბეჭედდასმული იქენით დაპირებული წმინდა სულით, რაც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია“ (ეფეს. 1:13, 14). ეს იმას ნიშნავს, რომ წმინდა სული ზეციერი ცხოვრების საწინდარი, ერთგვარი ავანსია, რომლის საფუძველზეც თითოეული ცხებული ქრისტიანი თავის ზეციურ მოწოდებაში რწმუნდება (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:21, 22; 5:5).

7. რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ცხებულმა ქრისტიანმა ზეციური ჯილდოს მისაღებად?

7 ნიშნავს ეს იმას, რომ ვინც წმინდა სულს იღებს, აუცილებლად ზეცაში იცხოვრებს? არავითარ შემთხვევაში. მართალია, სულითცხებული ქრისტიანი თავის მოწოდებაში დარწმუნებულია, მაგრამ საბოლოო ჯილდოს მიღება მის ერთგულებაზეა დამოკიდებული. ნახეთ, რას ამბობს პეტრე მოციქული: „ამიტომ, ძმებო, უფრო მეტად ეცადეთ, რომ განმტკიცდეთ თქვენს მოწოდებასა და რჩეულობაში, ვინაიდან, თუ ასე მოიქცევით, არასოდეს დაეცემით, და ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს მარადიულ სამეფოში შესასვლელი ფართოდ გაგეღებათ“ (2 პეტ. 1:10, 11). ამგვარად, თითოეულმა ცხებულმა ერთგულების შესანარჩუნებლად ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს; წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ზეციერი მოწოდება ფასს დაკარგავს (ებრ. 3:1; გამოცხ. 2:10).

როგორ იგებს ქრისტიანი, რომ ზეციური მოწოდება აქვს?

8, 9. ა) რატომ უჭირს ღვთის ბევრ მსახურს იმის გაგება, თუ როგორ ხდება სულით ცხება? ბ) როგორ იგებს ქრისტიანი, რომ ზეციური მოწოდება აქვს?

8 დღეს მცხოვრებ ღვთის მსახურთა უმეტესობას უჭირს იმის გაგება, თუ როგორ ხდება სულით ცხება, რაც სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან ეს გრძნობა მათთვის უცხოა. ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, ადამიანებს ხომ დედამიწაზე უნდა ეცხოვრათ?! (დაბ. 1:28; ფსალმ. 37:29). შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ღვთის ზოგი მსახური ზეცაში მეფედ და მღვდლად იმსახურებს, გამონაკლისს წარმოადგენს. ზეციური მოწოდების მქონეთ ეცვლებათ აზროვნება, საკითხებისადმი დამოკიდებულება და მომავლის იმედი (წაიკითხეთ ეფესოელების 1:18).

9 და მაინც, როგორ ხვდება ადამიანი, რომ წმინდა სული მიიღო და ზეციური მოწოდება აქვს? ამ კითხვაზე პასუხს პავლე მოციქულის სიტყვებიდან ვიგებთ, რომელიც „წმინდებად მოწოდებულ“ რომაელ ქრისტიანებს მისწერა: «თქვენ კვლავ შიშის მომგვრელი მონობის სული კი არ მიგიღიათ, არამედ შვილების სული მიიღეთ, რომელი სულითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამა!“ ეს სული თვითონვე მოწმობს ჩვენს სულთან ერთად, რომ ღვთის შვილები ვართ» (რომ. 1:7; 8:15, 16). მარტივად რომ ვთქვათ, ღმერთი წმინდა სულის მეშვეობით იწვევს თავის მსახურებს, რომ გახდნენ მისი სამეფოს მემკვიდრენი (1 თეს. 2:12).

10. რა იგულისხმება 1 იოანეს 2:27-ში ნათქვამ სიტყვებში, რომ ცხებულებს „სწავლება არავისგან სჭირდებათ“?

10 ვინც ღვთისგან ზეციურ მოწვევას იღებს, სხვა სახის დამოწმება აღარ სჭირდება. დიახ, ისინი არავისგან ელიან ამ ფაქტის დადასტურებას. იეჰოვას სულის წყალობით, მათ იოტისოდენა ეჭვიც კი არ ეპარებათ, რომ ზეციური მოწოდება აქვთ. მოციქული იოანე ცხებული ქრისტიანების მისამართით ამბობს: „თქვენი ცხება კი წმინდისგან არის, ყველას გაქვთ ცოდნა“. შემდეგ ის დასძენს: „რაც შეგეხებათ თქვენ, მისგან მიღებული ცხება თქვენში რჩება და სწავლება არავისგან გჭირდებათ. როგორც მისგან მიღებული ცხება გასწავლით ყოველივეს (ის ჭეშმარიტია და არა ცრუ) და როგორც მან გასწავლათ, მასთან ერთობაში დარჩით“ (1 იოან. 2:20, 27). სულიერი საზრდო სულითცხებულებსაც ისევე სჭირდებათ, როგორც ღვთის სხვა მსახურებს, თუმცა მათ არ სჭირდებათ ვისიმე დასტური, რომ ცხებულები არიან. ამის შესახებ მათ სამყაროში აღმატებული ძალა უმოწმებს!

ხელახლა შობა

11, 12. რა შეიძლება აეჭვებდეთ სულითცხებულ ქრისტიანებს, მაგრამ რაში არიან ბოლომდე დარწმუნებულნი?

11 როცა ქრისტიანს წმინდა სული უმოწმებს, რომ ზეციური მოწოდება აქვს, მასში ძირეული ცვლილებები ხდება. ამ პროცესს იესომ „ხელახლა დაბადება“ უწოდა [2] (იოან. 3:3, 5). შემდეგ კი განმარტა: „ნუ გიკვირს, რომ გითხარი ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი. ქარი იქით უბერავს, საითაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და საით მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი“ (იოან. 3:7, 8). აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ამ გრძნობას ბოლომდე ჩასწვდეს ის, ვისაც ეს შეგრძნება არ გამოუცდია.

12 მას, ვისაც სული უმოწმებს, შესაძლოა დაებადოს კითხვა: „რატომ ამირჩია ღმერთმა მაინცდამაინც მე და არა — სხვა?“. სულითცხებულ ქრისტიანებს შესაძლოა ისიც აეჭვებდეთ, რამდენად იმსახურებენ ამ განსაკუთრებულ პატივს; თუმცა მათ წამითაც არ ეპარებათ ეჭვი იმაში, რომ ზეციური მოწოდება აქვთ. მათი გული სიხარულითა და მადლიერებითაა სავსე. ისინი თავს მოციქულ პეტრესავით გრძნობენ, რომელმაც ღვთის შთაგონებით დაწერა: „კურთხეული იყოს ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა, რომელმაც დიდი გულმოწყალებით გვშობა ხელახლა, რათა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით ცოცხალი იმედი გვქონოდა და მიგვეღო უხრწნელი, წაუბილწველი და უჭკნობელი მემკვიდრეობა. ის ზეცაში ინახება თქვენთვის“ (1 პეტ. 1:3, 4). როდესაც სულითცხებული ქრისტიანები ბიბლიის ამ მონაკვეთს კითხულობენ, ისინი სავსებით დარწმუნებულნი არიან, რომ ზეციერი მამა ამ სიტყვებით უშუალოდ მათ მიმართავს.

13. რა ცვლილებები ხდება სულითცხებული ქრისტიანის აზროვნებაში და რა იწვევს ამას?

13 სანამ ქრისტიანს ღვთის წმინდა სული ცხებულობას დაუმოწმებდა, მისთვის მიწიერი იმედი უდავოდ ძვირფასი იყო. ის მოუთმენლად ელოდა დროს, როცა იეჰოვა დედამიწას გაასუფთავებდა და ღვთის ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრებდა. შესაძლოა ელოდა, როგორ ჩაიკრავდა გულში მკვდრეთით აღმდგარ ძვირფას ადამიანებს. ალბათ, მას ერთი სული ჰქონდა, ეცხოვრა თავისი ხელით აშენებულ სახლში და საკუთარი შრომით მოწეული ხილი ეგემა (ეს. 65:21—23). მაგრამ, რა მოხდა, რატომ შეეცვალა მას აზროვნება? ერთი რამ ნათელია: მას მიწიერ იმედზე გული არ აცრუებია; ამის მიზეზი არც სტრესი და არც ემოციური პრობლემები არ გამხდარა. მას მიწიერ იმედზე უარი არც იმის გამო უთქვამს, რომ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების პერსპექტივა მოსაწყენად მოეჩვენა ან იმის გამო, რომ რაღაც ახლის, ზეციური ცხოვრების, ხილვა მოისურვა. მან თვალთახედვა იმიტომ შეიცვალა, რომ იეჰოვას წმინდა სულმა იმოქმედა მასზე, რომელმაც არა მხოლოდ ზეციური ცხოვრების შესახებ დაუმოწმა, არამედ აზროვნება და მომავლის იმედიც შეუცვალა.

14. რას ფიქრობენ ცხებულები თავიანთ მიწიერ სიცოცხლეზე?

14 აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: უნდა დავასკვნათ, რომ ცხებულ ქრისტიანებს ერთი სული აქვთ, როდის დაასრულებენ მიწიერ ცხოვრებას? ამ კითხვაზე პასუხს ღვთის შთაგონებით დაწერილი პავლე მოციქულის სიტყვები გვცემს: „ამ კარავში დამძიმებულნი ვართ და ვოხრავთ, არა იმიტომ, რომ მისი მოშორება გვინდა, არამედ გვინდა სხვით შევიმოსოთ, რათა მოკვდავი სიცოცხლემ შთანთქოს“ (2 კორ. 5:4). ცხებულ ქრისტიანებს ცხოვრების ინტერესი ნამდვილად არ დაუკარგავთ და არ სურთ, რომ, რაც შეიძლება, მალე დაასრულონ მიწიერი სიცოცხლე. პირიქით, მათი სურვილია, რომ ყოველი დღე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად იეჰოვას მსახურებაში გალიონ. თუმცა, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, მათ ყოველთვის გონებაში აქვთ დიდებული მომავლის იმედი (1 კორ. 15:53; 2 პეტ. 1:4; 1 იოან. 3:2, 3; გამოცხ. 20:6).

გაქვთ ზეციური მოწოდება?

15. რის საფუძველზე არ უნდა დაასკვნას ქრისტიანმა, რომ ცხებულია?

15 შესაძლოა თქვენც გაფიქრებთ, გაქვთ თუ არა ზეციური მოწოდება. თუ დიახ, ჩაუღრმავდით შემდეგ კითხვებს: თვლით, რომ განსაკუთრებულ მოშურნეობას იჩენთ მსახურებაში? გულმოდგინედ იკვლევთ ბიბლიას და გსიამოვნებთ „ღვთის სიღრმეებზე“ ფიქრი? (1 კორ. 2:10). გრძნობთ, რომ იეჰოვა განსაკუთრებულად აკურთხებს თქვენს მსახურებას? გაქვთ იეჰოვას ნების შესრულების დაუცხრომელი სურვილი? გრძნობთ მოზღვავებულ პასუხისმგებლობას, რომ სხვებს სულიერად დაეხმაროთ? ფიქრობთ, რომ ღმერთი განსაკუთრებული სახით ერევა თქვენს ცხოვრებაში? თუ ზემოთ მოყვანილ კითხვებზე თქვენი პასუხი დადებითია, ნიშნავს ეს იმას, რომ ზეციური მოწოდება გაქვთ? რა თქმა უნდა, არა! ვინაიდან ეს ის გრძნობებია, რაც მხოლოდ ცხებულ ქრისტიანებს როდი ეუფლებათ. იეჰოვას სული თანაბრად მოქმედებს როგორც ცხებულებზე, ისე მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებზე. თუ ბოლომდე დარწმუნებულნი არ ხართ, რომ გაქვთ ზეციური მოწოდება, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ხართ სულითცხებული. მათ, ვინც იეჰოვამ თავისი სულით სცხო, ეჭვი არ ეპარებათ, რომ ზეციური მოწოდება აქვთ!

16. საიდან ვიგებთ, რომ ყველას, ვინც ღვთის სულით მოქმედებდა, ზეციური მოწოდება არ ჰქონია?

16 წმინდა წერილები გვაცნობს უამრავ ერთგულ ადამიანს, რომლებიც ღვთის სულით მოქმედებდნენ; თუმცა ღვთის ამ მოშურნე მსახურთ ზეციური მოწოდება არ ჰქონიათ. ღვთის ერთ-ერთი ასეთი მსახური იოანე ნათლისმცემელი იყო. მართალია, იესო მას დიდად აფასებდა, მაგრამ იგი ღვთის სამეფოს მემკვიდრე არ გამხდარა (მათ. 11:10, 11). მეფე დავითიც წმინდა სულით მოქმედებდა (1 სამ. 16:13). იგი სულიერად მოაზროვნე მამაკაცი იყო და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ იეჰოვამ მას თავისი სულის შთაგონებით ბიბლიის გარკვეული მონაკვეთებიც დააწერინა (მარ. 12:36). ამის მიუხედავად, პეტრემ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მის შესახებ თქვა: „დავითი არ ასულა ზეცაში“ (საქ. 2:34). მართალია, წმინდა სული ზემოთ მოხსენიებულ ერთგულ მამაკაცებზე მოქმედებდა, მაგრამ მას მათთვის არ დაუმოწმებია, რომ ზეციური ცხოვრებისთვის იყვნენ არჩეულნი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ზეციურ ცხოვრებას არ იმსახურებდნენ ან გარკვეულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ. ერთი რამის თქმა დაბეჯითებით შეგვიძლია: იეჰოვა ამ ადამიანებს სამოთხეში საცხოვრებლად აღადგენს (იოან. 5:28, 29; საქ. 24:15).

17, 18. ა) რა ჯილდოს ელის ღვთის მსახურთა უმრავლესობა მოუთმენლად? ბ) რა კითხვებს გაეცემა პასუხი მომდევნო სტატიაში?

17 დღეს მცხოვრებ ღვთის მსახურთა უმრავლესობას ზეციური მოწოდება არა აქვს. დავითის, იოანე ნათლისმცემლისა და ძველი დროის სხვა ერთგულ მსახურთა მსგავსად, ისინიც მიწიერი იმედით ხარობენ. როგორც აბრაამი, ისინიც მოუთმენლად ელიან დროს, როცა ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები გახდებიან (ებრ. 11:10). ამ ბოლო დღეების მიწურულს დედამიწაზე ცხებულ ქრისტიანთა მხოლოდ მცირე ნაწილია დარჩენილი (გამოცხ. 12:17). ეს იმაზე მეტყველებს, რომ 144 000-ის დიდმა ნაწილმა ერთგულად დაასრულა მიწიერი სიცოცხლე.

18 ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანს თანაქრისტიანის მიმართ, ვინც აცხადებს, რომ ზეციური მოწოდება აქვს? პირადად თქვენ, რა რეაქცია გექნებათ, თუ თანაკრებელი უფლის გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღებას დაიწყებს? ანდა, უნდა გაღელვებდეთ იმ ქრისტიანთა რიცხვის ზრდა, რომლებიც აცხადებენ, რომ ზეციური მოწოდება აქვთ? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატიიდან შევიტყობთ.

^ [1] (მე-4 აბზაცი) როგორც ჩანს, ორმოცდამეათე დღის დღესასწაული წლის იმ დღეს აღინიშნებოდა, როცა მოსემ სინას მთაზე ღვთისგან კანონი მიიღო (გამ. 19:1). და, თუ ეს ასეა, გამოდის, რომ რა დღესაც მოსე გამოიყენა იეჰოვამ თავის ხალხთან კანონის შეთანხმების დასადებად, იესო ქრისტემაც იმავე დღეს დაუდო ახალი შეთანხმება ახალ ერს, სულიერ ისრაელს, საუკუნეების გასვლის შემდეგ.

^ [2] (მე-11 აბზაცი) იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება ხელახლა შობა, იხილეთ 2009 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 3—11.