ბიოგრაფია
„ყველასთვის ყველაფერი გავხდი“
„თუ მოინათლები, სახლიდან წავალ!“ — ამ სიტყვებით დაემუქრა მამა დედას 1941 წელს. მაგრამ დედამ მაინც გადაწყვიტა, იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად მონათლულიყო. მამის მუქარა მხოლოდ სიტყვებად არ დარჩა და ის სახლიდან წავიდა. მაშინ სულ რაღაც რვა წლისა ვიყავი.
ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი სიყვარული უფრო ადრე ჩამესახა გულში. დედაჩემი ბიბლიურ ლიტერატურას იეჰოვას მოწმეებისგან იღებდა. ამ პუბლიკაციებმა მეც დამაინტერესა; განსაკუთრებით ილუსტრაციები მიზიდავდა. მამას არ უნდოდა, რომ დედას ბიბლიიდან ნასწავლი ჩემთვის გაეზიარებინა. მაგრამ მე ცოდნას მოწყურებული ვიყავი და დედას კითხვებს ვუსვამდი. ამიტომ, როცა მამა სახლში არ იყო, დედა შესწავლას მიტარებდა. შედეგად, მეც გადავწყვიტე, იეჰოვასთვის თავი მიმეძღვნა. 1943 წელს ათი წლის ასაკში ინგლისის ქალაქ ბლეკპულში მოვინათლე.
იეჰოვასადმი მსახურების პირველი წლები
იმ დროიდან მე და დედა რეგულარულად ვქადაგებდით ერთად. ხალხისთვის ბიბლიური ცნობის გადასაცემად პატეფონს ვიყენებდით, რომელიც საკმაოდ დიდი იყო და დაახლოებით 4,5 კგ-ს იწონიდა. წარმოიდგინეთ, ეს პატარა ბიჭი როგორ დავატარებდი აქეთ-იქით ამხელა პატეფონს!
14 წლისას მინდოდა პიონერად დამეწყო მსახურება. დედამ მითხრა, რომ ამის შესახებ საძმოს მსახურს დავლაპარაკებოდი (ასე ერქვათ მაშინ სარაიონო ზედამხედველებს). ძმამ მირჩია,
რომ ჯერ რამე ხელობა მესწავლა, რათა პიონერული მსახურების დროს თავის რჩენა შემძლებოდა. ასეც მოვიქეცი. მუშაობა დავიწყე და ორი წლის შემდეგ ამ საკითხზე სხვა სარაიონო ზედამხედველს დაველაპარაკე. მან მითხრა, რომ შემეძლო შევდგომოდი მსახურებას.1949 წლის აპრილში ნაქირავები ბინა დავცალეთ და მანჩესტერთან ახლოს, მიდლტონში გადავედით, სადაც პიონერობა დავიწყეთ. ოთხი თვის შემდეგ ერთ პიონერ ძმასთან ერთად გავაგრძელე მსახურება. ფილიალმა გვირჩია, გადავსულიყავით პატარა ქალაქ ირლამში ახლად ჩამოყალიბებული კრების დასახმარებლად. დედაჩემი ერთ პიონერ დასთან ერთად სხვა კრებაში მსახურობდა.
მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 17 წლისა ვიყავი, მე და ჩემს პარტნიორს ახალ კრებაში შეხვედრების ჩატარება დაგვავალეს, რადგან პასუხისმგებელი ძმები ცოტანი იყვნენ. მოგვიანებით შემომთავაზეს, დასახმარებლად ბაქსტონის კრებაში გადავსულიყავი, სადაც ძალიან ცოტა მაუწყებელი იყო. ადრეულ წლებში მიღებულმა გამოცდილებამ მომავალი პასუხისმგებლობებისთვის მომამზადა.
1951 წელს შევავსე განცხადება „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადში“ სწავლის მსურველთათვის. მაგრამ 1952 წლის დეკემბერში ჯარში გამიწვიეს. სრული დროით მსახური ვიყავი, ამიტომ სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება ვითხოვე, მაგრამ სასამართლომ რელიგიურ მსახურად არ მცნო და ექვსთვიანი
პატიმრობა მომისაჯა. ციხეში ყოფნის დროს მივიღე მოსაწვევი „გალაადის“ 22-ე კლასში სასწავლებლად. ასე რომ, 1953 წლის ივლისში გემით გავემგზავრე ნიუ-იორკში.ჩასვლისთანავე დავესწარი კონგრესს სახელწოდებით „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება“. შემდეგ მატარებლით ჩავედი საუთ-ლანსინგში (ნიუ-იორკი), სადაც სკოლა ტარდებოდა. ციხიდან ახალგამოსულს იმის ფულიც არ მქონდა, რომ მატარებლის სადგურიდან სკოლამდე ავტობუსით წავსულიყავი. ამიტომ მგზავრობის საფასურის გადასახდელად 25 ცენტი ერთ-ერთ მგზავრს ვესესხე.
მსახურება საზღვარგარეთ
სკოლა „გალაადმა“ საუკეთესოდ მოგვამზადა იმისთვის, რომ მისიონერულ მსახურებაში „ყველასთვის ყველაფერი“ გავმხდარიყავით (1 კორ. 9:22). სამი თანაკურსელი — პაულ ბრუნი, რეიმონდ ლიჩი და მე ფილიპინებზე დაგვნიშნეს. ვიზის მიღებას რამდენიმე თვე ველოდით. შემდეგ გემით როტერდამში ჩავედით, იქიდან ხმელთაშუა ზღვის, სუეცის არხის და ინდოეთის ოკეანის გავლით — მალაიზიაში, მალაიზიიდან კი — ჰონკონგში. ბოლოს, როგორც იქნა, 47-დღიანი მგზავრობის შემდეგ, 1954 წლის 19 ნოემბერს ჩვენი გემი მანილას პორტს მიადგა!
ახლა უნდა შევგუებოდით უცხო ხალხსა და ქვეყანას და უცხო ენაც უნდა გვესწავლა. მაგრამ თავიდან სამივე კესონ-სიტიში დაგვნიშნეს, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ინგლისურად ლაპარაკობდა. ამიტომ ექვსი თვის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცოდით ტაგალურად. თუმცა წინ სხვა დავალება გველოდა, რომელიც ენის შესწავლაში დაგვეხმარებოდა.
1955 წლის მაისის ერთ მშვენიერ დღეს, როცა მსახურებიდან შინ დავბრუნდით, მე და რეიმონდ ლიჩს ოთახში წერილების დასტა დაგვხვდა. წერილებიდან შევიტყვეთ, რომ სარაიონო ზედამხედველებად დაგვნიშნეს. მაშინ მხოლოდ 22 წლისა ვიყავი. ამ ახალმა დავალებამ მასწავლა, კიდევ როგორ შემეძლო „ყველასთვის ყველაფერი“ გავმხდარიყავი.
მაგალითად, როგორც სარაიონო ზედამხედველმა, ჩემი პირველი მოხსენება სოფლის მაღაზიის წინ, ღია ცის ქვეშ წავიკითხე. მალევე გავიგე, რომ იმ დროს ფილიპინელი ძმები საჯარო მოხსენებებს პირდაპირი გაგებით სახალხოდ კითხულობდნენ! კრებების მონახულებისას მოხსენებებს ვკითხულობდი პავილიონებში, ბაზრებში, მუნიციპალური შენობების წინ, კალათბურთის მოედნებზე, პარკებსა თუ ქუჩის კუთხეებში. ერთხელ ქალაქ სან-პაბლოში თავსხმა წვიმის გამო ბაზარში ვერ გამოვედი მოხსენებით, ამიტომ პასუხისმგებელ ძმებს შევთავაზე, რომ მოხსენებას სამეფო დარბაზში წავიკითხავდი. შეხვედრის შემდეგ მათ მკითხეს, შეიძლებოდა თუ არა ეს შეხვედრა საჯაროდ ჩათვლილიყო, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას არ ჩატარდა!
მონახულების დროს და-ძმების სახლებში ვრჩებოდი. თუმცა მოკრძალებულად ცხოვრობდნენ, მათი სახლები ყოველთვის სუფთა იყო. ხშირად ხის იატაკზე დაფენილ ჭილოფზე მეძინა. დასაბანი ადგილი ღია ცის ქვეშ იყო მოწყობილი, ამიტომ ვისწავლე, როგორ მებანავა ისე, რომ სხვებს არ დავენახე. ვმგზავრობდი ადგილობრივი მიკროავტობუსით, ეგრეთ წოდებული ჯიპნით, და ავტობუსით, სხვა კუნძულებზე კი გემით გადავდიოდი. მთელი ამ წლების მანძილზე მანქანა არ მყოლია.
ტაგალურის შესასწავლი კურსი არასდროს გამივლია. ენის სწავლაში სამქადაგებლო მსახურება და კრებების მონახულება დამეხმარა. მსახურებაში და კრების შეხვედრებზე ძმებს ყურადღებით ვუსმენდი და ისე ვსწავლობდი ენას. მათაც ძალიან უნდოდათ ჩემი დახმარება. მადლიერი ვიყავი, რომ ისინი მოთმინებას იჩენდნენ და გულწრფელ რჩევებს მაძლევდნენ.
დროთა განმავლობაში ახალმა პასუხისმგებლობებმა აღმძრა, მეტი ცვლილება მომეხდინა. 1956 წელს ნეითან ნორის მონახულების დროს ჩატარებულ კონგრესზე, რომელზეც ქვეყნის
ყველა კრება იყო მიწვეული, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაზე ზრუნვა დამავალეს. გამოუცდელი ვიყავი, მაგრამ ძმები სიხარულით დამეხმარნენ. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ჩატარდა მსგავსი კონგრესი, რომელზეც მთავარი სამმართველოდან ძმა ფრედერიკ ფრენცი ჩამოვიდა. მე კონგრესის ზედამხედველი ვიყავი. ძმა ფრენცმა საკუთარი მაგალითით მაჩვენა, რომ მზად უნდა ვყოფილიყავი, სხვების ინტერესები გამეთვალისწინებინა. ადგილობრივმა ძმებმა ძალიან გაიხარეს, როცა ძმა ფრენცს საჯარო მოხსენების კითხვის დროს ტრადიციული ფილიპინური პერანგი ეცვა.საოლქო ზედამხედველად დანიშვნის შემდეგ ახალ სიტუაციებს უნდა შევწყობოდი. იმ პერიოდში ძირითადად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვაჩვენებდით ფილმს „ახალი ქვეყნიერების ბედნიერი საზოგადოება“. ზოგჯერ პროექტორის შუქზე მოსული მწერები ხელს გვიშლიდნენ, რადგან პროექტორში ძვრებოდნენ. ჩვენების შემდეგ პროექტორის გაწმენდა საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. არც ჩვენების ორგანიზება იყო იოლი, თუმცა გვახარებდა იმის დანახვა, რომ ხალხს მოსწონდა იეჰოვას საერთაშორისო ორგანიზაციის გაცნობა.
ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელზე კათოლიკე მღვდლებმა ზეწოლა მოახდინეს, რათა მათ კონგრესის ჩატარების უფლება არ მოეცათ ჩვენთვის. თუ შეხვედრებს ეკლესიებთან ახლოს ვატარებდით, ისინი ცდილობდნენ, მომხსენებლების ხმა
ზარების რეკვით გადაეფარათ. მიუხედავად ამისა, საქმე წინ მიიწევდა და დღეს ამ ადგილებში ბევრი ემსახურება იეჰოვას.ახალი დავალებები
1959 წელს მივიღე წერილი, საიდანაც შევიტყვე, რომ მსახურებას ფილიალში გავაგრძელებდი. ფილიალში მსახურებამ ბევრი რამ მასწავლა. მოგვიანებით მთხოვეს, სხვადასხვა ქვეყანაში ძმები მომენახულებინა როგორც სამხარეო ზედამხედველს. ერთ-ერთი ასეთი მონახულების დროს გავიცანი ჯანეტ დიუმონდი, რომელიც ტაილანდში მისიონერად მსახურობდა. რაღაც დროის მანძილზე ერთმანეთთან მიმოწერა გვქონდა, მოგვიანებით კი დავქორწინდით. უკვე 51 წელია, სიხარულით ვემსახურებით იეჰოვას ერთად.
პატივი მქონდა, მთლიანობაში 33 ქვეყანაში მომენახულებინა იეჰოვას ხალხი. ძალიან მადლიერი ვარ, რომ წარსულში მიღებულმა დავალებებმა შემამზადა იმ სირთულეებთან შესახვედრად, რომლებიც სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან ურთიერთობას ახლავს. ასეთი მონახულებების წყალობით მეტად გამიფართოვდა თვალსაწიერი და უკეთ დავინახე, რომ იეჰოვას ყველანაირი ადამიანი უყვარს (საქ. 10:34, 35).
დღესაც მზად ვართ ცვლილებებისთვის
ფილიპინელ ძმებთან ერთად მსახურებას უდიდესი სიხარული მოაქვს! დღეს მაუწყებელთა რიცხვი თითქმის ათჯერ მეტია, ვიდრე მაშინ, როცა აქ მსახურება დავიწყე. მე და ჯანეტი ვაგრძელებთ მსახურებას ფილიპინების ფილიალში, რომელიც კესონ-სიტიში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 60 წელზე მეტია, რაც უცხო ქვეყანაში ვმსახურობ, დღესაც მზად უნდა ვიყო იმის გასაკეთებლად, რასაც იეჰოვა მოითხოვს ჩემგან. ბოლოდროინდელმა ორგანიზაციულმა ცვლილებებმა დაგვანახვა, რომ უნდა შეგვეძლოს ღვთისადმი მსახურებაში ცვლილებებთან შეგუება.
ყოველთვის ვცდილობდით, იეჰოვას ნების თანახმად გვემოქმედა. ასე ცხოვრებას დღემდე უდიდესი ბედნიერება მოაქვს ჩვენთვის. ამასთან, ვცდილობდით, ყოველთვის გაგვეთვალისწინებინა და-ძმების ინტერესები და კარგად მოვმსახურებოდით მათ. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ „ყველასთვის ყველაფერი“ გავხდეთ, ვიდრე ამას იეჰოვა მოითხოვს ჩვენგან.