გაიმარჯვეთ გონების დასაპყრობად გამართულ ბრძოლაში
თქვენ დაუძინებელი მტრის, სატანის სამიზნეს წარმოადგენთ, რომელსაც თქვენ წინააღმდეგ ძალიან საშიში იარაღი აქვს. ეს იარაღი პროპაგანდაა, რომელიც შექმნილია არა ფიზიკური ზიანის მისაყენებლად, არამედ თქვენი გონების დასაპყრობად.
ზოგიერთი ქრისტიანისგან განსხვავებით, მოციქული პავლე სათანადოდ აფასებდა სატანის პროპაგანდის საშიშროებას. როგორც ჩანს, ზოგი კორინთელი ქრისტიანი ზედმეტად თავდაჯერებული გახდა. მათი აზრით, ისინი იმდენად მტკიცედ იდგნენ ჭეშმარიტებაში, რომ არასოდეს დაეცემოდნენ (1 კორ. 10:12). სწორედ ამიტომ მისწერა მათ პავლემ: „მეშინია, რომ, როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი ცბიერებით, თქვენი გონებაც არ გაირყვნას და არ დაშორდეს ქრისტეს საკადრის გულწრფელობასა და სიწმინდეს“ (2 კორ. 11:3).
პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ ქრისტიანები არ უნდა გახდნენ თვითკმაყოფილები. თუ ამ ბრძოლაში გამარჯვება გსურთ, სათანადოდ უნდა შეაფასოთ პროპაგანდის საფრთხე და ყველაფერი გააკეთოთ მისგან თავის დასაცავად.
რამდენად საშიშია პროპაგანდა?
რა არის პროპაგანდა? ეს არის დამახინჯებული ან მცდარი ინფორმაციის მეშვეობით ადამიანების აზროვნებასა და ქცევაზე ზემოქმედება. სწორედ ამ მნიშვნელობით იქნება ეს სიტყვა გამოყენებული ამ სტატიაში. ზოგი ადამიანი „სიცრუეს, ფაქტების დამახინჯებას, ხრიკებს, მანიპულაციას, იდეოლოგიურ ზეწოლასა [და] ფსიქოლოგიურ ომს“ პროპაგანდასთან აიგივებს და მას „არაეთიკურ, საზიანო და უსამართლო მეთოდად“ მიიჩნევს (Propaganda and Persuasion).
რამდენად საშიშია პროპაგანდა? უფერო, უსუნო და მომწამლავი გაზის მსგავსად, ის შეუმჩნევლად მოქმედებს და ჩვენს ცნობიერებაზე ახდენს გავლენას. „ბევრი ვერც კი ხვდება, რამხელა გავლენის ქვეშ ვიმყოფებით და როგორ მანიპულირებენ ჩვენით“, — აღნიშნავს მწერალი ვანს პაკარდი. როგორც ერთი მეცნიერი ამბობს, ამგვარი ზეწოლის გამო კაცებიც და ქალებიც „ადვილად სჩადიან საშიშ დანაშაულს, რასაც ახსნა არ მოეძებნება“. ეს შეიძლება იყოს გენოციდი, ომი, რასიზმი, რელიგიური შეუწყნარებლობა და სხვა მრავალი ირაციონალური საქციელი (Easily Led—A History of Propaganda).
თუ ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია პროპაგანდის მეშვეობით ჩვენი შეცდომაში შეყვანა, წარმოიდგინეთ, რის გაკეთებას შეძლებს სატანა?! ის ადამიანებს მათი შექმნის დღიდან აკვირდება. ვინაიდან „მთელი ქვეყნიერება“ სატანის ხელშია, მას შეუძლია ნებისმიერი საშუალების გამოყენება თავისი სიცრუის გასავრცელებლად (1 იოან. 5:19; იოან. 8:44). სატანამ იმდენ ადამიანს დაუბრმავა გონება, რომ დღეს უკვე მთელი მსოფლიო ჰყავს შეცდომაში შეყვანილი (2 კორ. 4:4; გამოცხ. 12:9). რის გაკეთება შეგიძლიათ სატანის პროპაგანდისგან თავის დასაცავად?
იზრუნეთ თავდაცვაზე
იესომ პროპაგანდასთან ბრძოლის მარტივი მეთოდი გვასწავლა. მან თქვა: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოან. 8:31, 32). როგორც წესი, პროპაგანდისტულ ომს პირველად სიმართლე ეწირება. ამიტომ როგორც ყველა ჯარისკაცს, თქვენც გჭირდებათ სანდო და სარწმუნო ინფორმაციის წყარო, რათა მტერმა თავისი ხრიკებით შეცდომაში არ შეგიყვანოთ. ასეთი ინფორმაციის წყარო იეჰოვაა. მის სიტყვაში ჩაწერილია რჩევები, რომლებიც სატანის პროპაგანდასთან ბრძოლაში გამოგადგებათ (2 ტიმ. 3:16, 17).
ეს კარგად იცის ყველა დროის ყველაზე დიდმა პროპაგანდისტმა, სატანამ. ამიტომ ის იყენებს ქვეყნიერებას, რათა ბიბლიის კითხვისა და შესწავლის სურვილი დააკარგვინოს ადამიანებს. ნუ გახდებით მისი ხრიკების მსხვერპლი! (ეფეს. 6:11). ბოლომდე ჩასწვდით ჭეშმარიტებას (ეფეს. 3:18). ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო. ამ აზრს იზიარებს მწერალი ნოამ ჩომსკი: „არავინ ჩაგიდებთ თავში ცოდნას. მის შესაძენად თავად უნდა გაისარჯოთ“. ამიტომ „ყოველდღე გულდასმით“ უნდა გამოვიკვლიოთ წმინდა წერილები (საქ. 17:11).
იგავ. 14:15). გამოიყენეთ ღვთისგან ბოძებული განსჯის უნარი, რათა ჩასწვდეთ ჭეშმარიტებას (იგავ. 2:10—15; რომ. 12:1, 2).
სატანას არ უნდა საღად იაზროვნოთ და კარგად გააანალიზოთ მოსმენილი. პროპაგანდა „განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა ხალხში . . . კითხვის დასმის სურვილი გამქრალია“ (Media and Society in the Twentieth Century). ამიტომ არასდროს დაიჯეროთ მოსმენილი ბრმად და გადაუმოწმებლად (უფრთხილდით ტაქტიკას „დაყავი და იბატონე“
სამხედრო სტრატეგები იყენებენ პროპაგანდას, რათა მებრძოლებში საბრძოლო სულისკვეთება ჩაკლან და შიში ჩანერგონ. ისინი ცდილობენ, მტრის რიგებში დაპირისპირება გამოიწვიონ ან უბიძგონ ჯარისკაცებს, ძირითად ჯარს გამოეყონ. როგორც ერთმა გერმანელმა გენერალმა თქვა, პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ხალხი თითქოსდა მტრის პროპაგანდის ჰიპნოზის ქვეშ მოექცა. სატანაც მსგავს ხრიკებს მიმართავს, რათა დაყოს და იბატონოს. მაგალითად, ის ცდილობს, უთანხმოება ჩამოაგდოს ქრისტიანებს შორის ან უბიძგებს მათ, ჩამოშორდნენ იეჰოვას ორგანიზაციას იმ მიზეზით, რომ მათ ან მათ გარშემო ვინმეს, მათი აზრით, უსამართლოდ ექცევიან.
ნუ მოტყუვდებით! მიჰყევით ღვთის სიტყვის ხელმძღვანელობას! ბიბლია მოგვიწოდებს, რომ კრებაში ერთობის შესანარჩუნებლად სწრაფად მოვაგვაროთ უთანხმოებები და მთელი გულით ვაპატიოთ ერთმანეთს (მათ. 5:23, 24; კოლ. 3:13, 14). ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს, რომ კრებისგან ჩამოშორება ძალიან საშიშია (იგავ. 18:1). შეამოწმეთ, ხართ თუ არა მზად სატანის პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რამ იმოქმედა ჩემზე, ქვეყნიერების სულმა თუ ღვთის სულმა, როცა თანაქრისტიანთან უთანხმოება მომივიდა? (გალ. 5:16—26; ეფეს. 2:2, 3).
ნუ დაკარგავთ ღვთისა და მისი ორგანიზაციისადმი ნდობას!
ჯარისკაცები, რომლებიც მეთაურის მიმართ ნდობას კარგავენ, მთელი შემართებით აღარ იბრძვიან. ამიტომ პროპაგანდისტები ცდილობენ, მათ მეთაურის მიმართ უნდობლობა გაუჩინონ. მათ შეიძლება უთხრან ჯარისკაცებს: „თქვენი მეთაურები ნდობას არ იმსახურებენ! თავს ნუ დააღუპვინებთ მათ!“. სიტუაციის გასამწვავებლად მათ შეიძლება გამოიყენონ მეთაურების მიერ დაშვებული შეცდომები.
სატანაც სწორედ ასე იქცევა. ის გამუდმებით ცდილობს, იეჰოვას დანიშნული ხელმძღვანელების მიმართ ნდობა დაგიკარგოთ.რა უნდა გააკეთოთ, რომ ამ მახეში არ გაებათ? მტკიცედ უნდა გქონდეთ გადაწყვეტილი, რომ არასდროს ჩამოშორდებით იეჰოვას ორგანიზაციას და მხარში დაუდგებით იეჰოვას მიერ დანიშნულ ხელმძღვანელებს, რომლებმაც არასრულყოფილების გამო შეიძლება შეცდომები დაუშვან (1 თეს. 5:12, 13). ნუ დაუშვებთ, რომ „ნაჩქარევად . . . შეიძრას თქვენი გონება“, თუ განდგომილები ან სხვები ერთი შეხედვით დამაჯერებელი არგუმენტებით თქვენს შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან (2 თეს. 2:2; ტიტ. 1:10). გაითვალისწინეთ პავლეს მიერ ტიმოთესთვის მიცემული რჩევა: „კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ, რადგან იცი, რა ხალხისგან ისწავლე“ (2 ტიმ. 3:14, 15). უამრავი მიზეზი გაქვთ, ენდოთ ერთგულ და გონიერ მონას, ვისი მეშვეობითაც იეჰოვა თითქმის 100 წელია, თავის ხალხს ჭეშმარიტების გზაზე მიუძღვის (მათ. 24:45—47; ებრ. 13:7, 17).
ნუ შეგეშინდებათ!
უნდა გახსოვდეთ, რომ სატანა მხოლოდ შემპარავ მეთოდებს არ იყენებს. ზოგჯერ ის დაშინების პოლიტიკასაც მიმართავს, რაც „პროპაგანდის უძველესი ფორმაა“ (Easily Led—A History of Propaganda). მაგალითად, ისტორიკოს ფილიპ ტეილორის სიტყვების თანახმად, ასურელები მტრების სამართავად „დაშინების პოლიტიკასა და პროპაგანდას“ იყენებდნენ. სატანაც შეეცდება, კაცთმოშიშება, დევნისა და სიკვდილის შიში გამოიყენოს, რომ იეჰოვას მსახურება შეგაწყვეტინოთ (ეს. 8:12; იერ. 42:11; ებრ. 2:15).
ნუ მისცემთ სატანას საშუალებას, რომ დაგაშინოთ, მორალურად გაგტეხოთ და ერთგულება შეგირყიოთ. იესომ თქვა: „ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს და მეტი აღარაფრის გაკეთება არ შეუძლია“ (ლუკ. 12:4). ბოლომდე ენდეთ იეჰოვას დაპირებას, რომ დაგიცავთ, მოგცემთ „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ და დაგეხმარებათ, რომ შიშმა არ დაგძლიოთ (2 კორ. 4:7—9; 1 პეტ. 3:14).
დროდადრო შეიძლება საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომელმაც შეიძლება სულიერად გაგტეხოთ. გახსოვდეთ სიტყვები, რომლებითაც იეჰოვამ იესო ნავეს ძე გაამხნევა: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი! ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები, რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“ (იეს. 1:9). თუ შიში დაგეუფლებათ, დაუყოვნებლივ ილოცეთ და თქვენი საწუხარი იეჰოვას მიანდეთ. დარწმუნებული იყავით, რომ „ღვთის მშვიდობა . . . დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“ და მოგცემთ საკმარის ძალას, რომ წინ აღუდგეთ ნებისმიერი სახის პროპაგანდას (ფილ. 4:6, 7, 13).
გახსოვთ, რა ხერხს მიმართა ასურეთის მეფის მაცნემ, რაბშაკემ? ის ამბობდა, რომ ღვთის ხალხს ვერაფერი იხსნიდა ასურელთა ხელიდან. მათ იეჰოვაც კი ვერ უშველიდა. ის უტიფრად ამტკიცებდა, რომ იეჰოვას ნებართვით გაილაშქრა მათ წინააღმდეგ. პასუხად იეჰოვამ თავისი ხალხის წინამძღოლს შეუთვალა: „ნუ გეშინია მოსმენილი სიტყვებისა, რომლითაც ასურეთის მეფის მსახურები შეურაცხმყოფდნენ“ (2 მეფ. 18:22—25; 19:6). ამის შემდეგ იეჰოვამ გაგზავნა თავისი ანგელოზი, რომელმაც ერთ ღამეში 185 000 ასურელი გაანადგურა (2 მეფ. 19:35).
ყოველთვის მოუსმინეთ იეჰოვას
გინახავთ ისეთი ფილმი, რომელშიც ვიღაცას ატყუებენ ან მისით მანიპულირებენ? შეიძლება ამ დროს გიფიქრიათ: „არ დაუჯერო, გატყუებენ!“. წარმოიდგინეთ, რომ სწორედ ასე იქცევიან ანგელოზები და გაფრთხილებენ: „ნუ დაიჯერებთ სატანის სიცრუეს!“.
ასე რომ, ყურს ნუ დაუგდებთ სატანის პროპაგანდას! (იგავ. 26:24, 25). მოუსმინეთ იეჰოვას და ყოველთვის მიენდეთ მას (იგავ. 3:5—7). ის გთხოვთ: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე“ (იგავ. 27:11). თუ ასე მოიქცევით, გაიმარჯვებთ თქვენი გონების დასაპყრობად გამართულ ბრძოლაში!