არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | როგორ ვიკითხოთ ბიბლია მეტი ინტერესით?

როგორ დავიწყო ბიბლიის კითხვა?

როგორ დავიწყო ბიბლიის კითხვა?

რა დაგეხმარებათ, რომ ბიბლიის კითხვა თქვენთვის სასიამოვნოც იყო და, ამავდროულად, სასარგებლოც? განვიხილოთ ხუთი რჩევა, რომელიც ბევრს დაეხმარა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევაში.

შეიქმენით შესაბამისი გარემო. შეარჩიეთ მშვიდი და წყნარი ადგილი, რათა კითხვის დროს ყურადღება არ გაგეფანტოთ. სინათლე და სუფთა ჰაერი კითხვის პროცესს კიდევ უფრო გაგიადვილებთ.

გქონდეთ სწორი განწყობა. ბიბლიის ავტორი ჩვენი ზეციერი მამაა. ამიტომ ამ წიგნის კითხვა გაცილებით საინტერესო და სასარგებლო იქნება, თუ ისეთივე დამოკიდებულება გვექნება, როგორიც ბავშვს, რომელიც მზადაა, მოსიყვარულე მშობლისგან ბევრი რამე ისწავლოს. იმისათვის, რომ ღმერთი დაგეხმაროთ ბიბლიის გაგებაში, ეცადეთ, მოიშოროთ ამ წიგნის მიმართ წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრები (ფსალმუნი 25:4).

კითხვის დაწყებამდე ილოცეთ. ბიბლიაში ღვთის აზრებია ჩაწერილი, ამიტომ მისი დახმარება გვჭირდება, რომ ჩავწვდეთ მის არსს. ლუკას 11:13-ში ნათქვამია, რომ ღმერთი მისცემს „წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“. სწორედ წმინდა სული დაგეხმარებათ, გაიგოთ ღვთის აზრები და დროთა განმავლობაში „ღვთის სიღრმეებსაც კი“ ჩასწვდეთ (1 კორინთელები 2:10).

იფიქრეთ წაკითხულზე. ბიბლიას მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით კი ნუ წაიკითხავთ, არამედ ხშირად შეჩერდით და დაფიქრდით წაკითხულზე. მაგალითად, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რომელი თვისებებით გამოირჩევა ბიბლიის ეს პერსონაჟი? როგორ შემიძლია მივბაძო მას?“.

იკითხეთ მიზანმიმართულად. ბიბლიის კითხვა იმ შემთხვევაში გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებას, თუ მას მიზანმიმართულად იკითხავთ. მაგალითად, თუ მიზნად დაისახავთ, უკეთ გაიცნოთ ღმერთი, შეიძინოთ კარგი თვისებები ან გახდეთ უკეთესი მეუღლე, შეარჩიეთ ბიბლიის ის მონაკვეთები, რომლებიც კონკრეტული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. *

ზემოთ განხილული ხუთი რჩევა დაგეხმარებათ, დაიწყოთ ბიბლიის კითხვა. მაგრამ როგორ შეგიძლიათ ბიბლიის კითხვა უფრო საინტერესო გახადოთ? ამ კითხვაზე შემდეგი სტატია გაგცემთ პასუხს.

^ აბზ. 8 თუ გიჭირთ იმის განსაზღვრა, ბიბლიის რომელი მონაკვეთი იქნება თქვენი სიტუაციისთვის შესაფერისი, იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან.