არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

1 | ლოცვა — „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ“

1 | ლოცვა — „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ“

ᲑᲘᲑᲚᲘᲐᲨᲘ ᲜᲐᲗᲥᲕᲐᲛᲘᲐ: „ყველა თქვენი საწუხარი მას [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 ᲞᲔᲢᲠᲔ 5:7).

არსი

იეჰოვა ღმერთი მოგვიწოდებს, ნებისმიერი საწუხარი გავუზიაროთ, რაც გულს გვიმძიმებს (ფსალმუნი 55:22). არ უნდა ვიფიქროთ, რომ პრობლემა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ამაზე ლოცვა არ ღირს; ან იმდენად სერიოზულია, რომ ლოცვა ვერაფერში დაგვეხმარება. იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე, ამიტომ ჩვენი საწუხარი მისი საწუხარიცაა. ლოცვა აუცილებელია, რომ შინაგანი სიმშვიდე ვიგრძნოთ (ფილიპელები 4:6, 7).

როგორ გვეხმარება ლოცვა

მენტალური პრობლემების დროს შეიძლება თავი მარტოსულად ვიგრძნოთ. ზოგჯერ სხვებს ბოლომდე არ ესმით, სინამდვილეში რისი ატანა გვიწევს (იგავები 14:10). მაგრამ ღმერთი ყოველთვის მზადაა, ყურადღებით მოგვისმინოს, გაგვიგოს და თანაგვიგრძნოს. იეჰოვა კარგად გვიცნობს; იცის, რა გვაწუხებს და სურს, რომ ლოცვაში გავანდოთ ჩვენი ტკივილი (2 მატიანე 6:29, 30).

როცა ლოცვაში ღმერთს გულს ვუღვრით, გვიმტკიცდება რწმენა, რომ ის ზრუნავს ჩვენზე. ამ დროს იმავეს ვგრძნობთ, რასაც ფსალმუნმომღერალი, რომელმაც თქვა: „დაინახე ჩემი გაჭირვება; შენ უწყი, რა მიფორიაქებს სულს“ (ფსალმუნი 31:7). მხოლოდ იმის ცოდნაც კი, რომ იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი გასაჭირი, გვეხმარება, ხელი არ ჩავიქნიოთ და განვაგრძოთ ბრძოლა. გარდა იმისა, რომ ის ამჩნევს ჩვენს შინაგან მდგომარეობას, საუკეთესოდ ესმის ჩვენი და ბიბლიის მეშვეობით გვანუგეშებს.