არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სწორი თუ არასწორი — ბიბლია — სანდო სახელმძღვანელო

სწორი თუ არასწორი — ბიბლია — სანდო სახელმძღვანელო

თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს მხოლოდ საკუთარ ან სხვების შეხედულებებს დავეყრდნობით, იმის გარანტია არ გვაქვს, რომ ყოველთვის დადებით შედეგს მივიღებთ. ამის მიზეზს ბიბლია გვიმხელს. ეს წიგნი იმასაც გვიმჟღავნებს, რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ ჩვენი ცხოვრება ბედნიერი და აზრიანი იყოს.

ᲠᲐ ᲛᲘᲡᲪᲔᲛᲡ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐᲡ ᲡᲬᲝᲠ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲐᲡ?

ჩვენი შემოქმედი იეჰოვა a გვიმჟღავნებს, რომ მისი ხელმძღვანელობის გარეშე გაგვიჭირდება ცხოვრების სწორად წარმართვა. ადამიანი არ არის შექმნილი იმ უნარით, რომ საკუთარი თავი მართოს (იერემია 10:23). ღმერთს არ მივუტოვებივართ და თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით სახელმძღვანელო პრინციპები მოგვცა. მას ძალიან ვუყვარვართ და არ უნდა, რომ ის საზიანო შედეგები ვიწვნიოთ, რაც არასწორ გადაწყვეტილებებს მოჰყვება (კანონი 5:29; 1 იოანე 4:8). გარდა ამისა, ჩვენი შემოქმედი განუზომელ სიბრძნესა და ცოდნას ფლობს, ამიტომ მასზე უკეთეს რჩევებს ვერავინ მოგვცემს (ფსალმუნი 100:3; 104:24). მიუხედავად ამისა, ღმერთი არ გვაიძულებს, რომ მისი პრინციპებით ვიცხოვროთ.

ღმერთმა პირველ ადამიანებს, ადამსა და ევას, ყველაფერი მისცა იმისთვის, რომ ცხოვრებით დამტკბარიყვნენ (დაბადება 1:28, 29; 2:8, 15). მათ მხოლოდ ის მოეთხოვებოდათ, რომ ღვთის მარტივ მითითებას დამორჩილებოდნენ. ამავდროულად ღმერთმა მათ ნების თავისუფლებაც მისცა, რომ თავად გადაეწყვიტათ როგორ მოქცეულიყვნენ (დაბადება 2:9, 16, 17). სამწუხაროდ, ადამმა და ევამ ღვთის მორჩილებას საკუთარი ჭკუით მოქმედება არჩიეს (დაბადება 3:6). შეიცვალა რამე უკეთესობისკენ მას შემდეგ, რაც ადამიანებმა საკუთარ თავზე აიღეს იმის პასუხისმგებლობა, თავად განესაზღვრათ, რა იყო სწორი და რა არა? ისტორია ცხადყოფს, რომ ღვთის პრინციპების უგულებელყოფით კაცობრიობამ ვერც მშვიდობას მიაღწია და ვერც ბედნიერებას (ეკლესიასტე 8:9).

ბიბლიაში ჩაწერილი პრინციპები ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში (2 ტიმოთე 3:16, 17; იხილეთ ჩარჩო  „წიგნი ყველასთვის“). მოდი გავიგოთ, როგორ.

ვებგვერდზე jw.org უყურეთ ვიდეოს „ვინ არის ბიბლიის ავტორი?“ და გაიგეთ, რატომ ეწოდება მას „ღვთის სიტყვა“ (1 თესალონიკელები 2:13).

ᲑᲘᲑᲚᲘᲐᲨᲘ ᲩᲐᲬᲔᲠᲘᲚᲘ ᲦᲕᲗᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲔᲑᲘ

ბიბლიიდან ვიგებთ, დასაბამიდან როგორი ურთიერთობა ჰქონდა ღმერთს ადამიანებთან. ღვთის სიტყვა იმასაც გვეუბნება, რას მიიჩნევს ღმერთი სწორად და რას არასწორად. ის გვიმჟღავნებს, რა არის ადამიანისთვის სასიკეთო და რა საზიანო (ფსალმუნი 19:7, 11). მასში ჩაწერილი პრინციპები პრაქტიკულობას არ კარგავს და გვეხმარება, სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ.

მაგალითად, იგავების 13:20-ში ასეთ რჩევას ვხვდებით: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, უგუნურებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“. ეს სიტყვები დღესაც ისეთივე პრაქტიკულია, როგორც მაშინ, როცა დაიწერა. თუმცა ეს რჩევა მხოლოდ ზღვაში წვეთია. ბიბლიაში სხვა უამრავ პრაქტიკულ რჩევასაც ვხვდებით (იხილეთ ჩარჩო  „ბიბლიურ სიბრძნეს დრო ვერაფერს აკლებს“).

მაგრამ როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბიბლიური რჩევები დღესაც გამოსადეგია? ამაზე შემდეგ სტატიაში ვიმსჯელებთ.

a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).