არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აფრიკისა და ამერიკის კონტინენტებზე მონებით ვაჭრობა სარფიან საქმედ ითვლებოდა

მონობა წარსულში და დღეს

მონობა წარსულში და დღეს

ბეტს * დაჰპირდნენ, რომ ევროპაში ჩასვლის შემდეგ სტილისტად იმუშავებდა. მაგრამ იქ სულ სხვა რეალობის წინაშე დადგა. მას ათი დღის განმავლობაში დაუნდობლად სცემდნენ და ემუქრებოდნენ, რომ თუ სხეულით ვაჭრობაზე არ დასთანხმდებოდა, მისი ოჯახის წევრებს სასტიკად გაუსწორდებოდნენ.

ძველ ეგვიპტეში ტყვედ წასხმულთა გამოსახულება

ქალი, რომელმაც ბეტი ევროპაში ჩაიყვანა, მას სხეულით ვაჭრობას აიძულებდა, რათა ხარჯების ასანაზღაურებლად მისთვის 40 000 ევროზე მეტი გადაეხადა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ბეტს ყოველღამე 200-დან 300 ევრომდე უნდა გამოემუშავებინა. „ხშირად ვფიქრობდი, რომ გაქცევით მეშველა თავისთვის, — ამბობს ბეტი. — მაგრამ ვშიშობდი, ჩემი ოჯახის წევრებისთვის რამე არ დაეშავებინათ. ხელფეხშეკრული ვიყავი“. მთელ მსოფლიოში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ბეტის მსგავსად სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლია.

დაახლოებით 4 000 წლის წინათ ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად იოსები, ძმებმა მონად გაყიდეს. ის გავლენიანი ეგვიპტელის, ფარაონის მცველთა უფროსის, მსახური გახდა. ბეტისგან განსხვავებით, იოსებს თავიდან ცუდად არ ეპყრობოდნენ. მაგრამ იმის გამო, რომ არ დაჰყვა თავისი ბატონის ცოლის ნებას და არ დაწვა მასთან, ამ უკანასკნელმა იოსები გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა. შედეგად, იოსები საპყრობილეში ჩააგდეს და რკინის ბორკილები დაადეს (დაბადება 39:1—20; ფსალმუნი 105:17, 18).

იოსები ათასწლეულების წინ გახდა მონა, ხოლო ბეტი — 21-ე საუკუნეში. ორივე მათგანი მონათვაჭრობის მსხვერპლი აღმოჩნდა, რაც უკვე საუკუნეებია არსებობს. მონებს ნივთივით ეპყრობიან და, ერთადერთი, რაც მათგან სურთ, სარგებლის მიღებაა.

ომები ხელს უწყობს მონათვაჭრობას

ისტორიიდან ჩანს, რომ ომი ხალხის დამონების ყველაზე იოლი გზაა. მაგალითად, ეგვიპტის ფარაონმა, თუტმოს III-მ, ქანაანიდან ერთ-ერთი სამხედრო ლაშქრობის დროს 90 000 ტყვე წაასხა. ეგვიპტელები მათ მონურად ამუშავებდნენ მაღაროებში, აიძულებდნენ, აეგოთ ტაძრები და გაეყვანათ არხები.

რომის იმპერიის მმართველობის დროს ომების შედეგად მრავალი ადამიანი იქცა მონად. ზოგჯერ მონათა რიგები რომ შეევსოთ, ომებს აჩაღებდნენ. მიიჩნევენ, რომ I საუკუნეში რომის მოსახლეობის თითქმის ნახევარს მონები შეადგენდნენ. მრავალ ეგვიპტელ და რომაელ მონას სასტიკად ექცეოდნენ და მძიმე სამუშაოს ასრულებინებდნენ. მაგალითად, რომის მაღაროებში მომუშავე მონებს იმდენად გაუსაძლისი ყოფა ჰქონდათ, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა, სულ რაღაც, 30 წელი იყო.

სამწუხაროდ, დროის სვლასთან ერთად მონების მდგომარეობა არ შემსუბუქებულა. XVI—XIX საუკუნეებში აფრიკისა და ამერიკის კონტინენტებზე მონებით ვაჭრობა ერთ-ერთ ყველაზე სარფიან საქმედ ითვლებოდა. როგორც იუნესკოს ანგარიშიდან ვიგებთ, იმ დროს, სავარაუდოდ, 25-დან 30 მილიონამდე კაცი, ქალი თუ ბავშვი გაიტაცეს და გაყიდეს. ასობით ათასი ტყვე მაშინ დაიღუპა, როცა მათ იძულებით გადააკვეთინეს ატლანტის ოკეანე. ამ ტყვეთაგან ერთ-ერთი გადარჩენილი ოლაუდა ეკვიანო იხსენებდა: „გემზე ქალების განწირული კივილი და მომაკვდავთა გმინვა ისმოდა; ეს ნამდვილი კოშმარი იყო, რაც შეუძლებელია, სიტყვებით გადმოსცე“.

სამწუხაროდ, მონობა მხოლოდ წარსულის ტრაგედია არაა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, დაახლოებით 21 მილიონი კაცი, ქალი და ბავშვი დღემდე მონურად შრომობს. მათ ძალიან ცოტას ან თითქმის არაფერს უხდიან. დღეს ადამიანებს მონებივით ამუშავებენ მაღაროებში, საროსკიპოებში, ფაბრიკებში, ქარხნებსა თუ კერძო სახლებში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოპყრობა კანონით დაუშვებელია, დღითი დღე მატულობს მათი რიცხვი, ვისაც მონურად უწევს მუშაობა.

მილიონებს დღესაც მონებივით ამუშავებენ

მონობისგან თავის დაღწევა

სასტიკმა მოპყრობამ მრავალ მონას თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ უბიძგა. ძვ. წ. I საუკუნეში სპარტაკმა, რომელიც გლადიატორი იყო, დაახლოებით 100 000 მონასთან ერთად რომის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო. საბოლოოდ აჯანყებულები დამარცხდნენ. XVIII საუკუნეში კარიბის ზღვის კუნძულ ესპანიოლაზე (დღევანდელი ჰაიტი) შაქრის პლანტაციებში მომუშავე მონები არაადამიანური მოპყრობის გამო თავიანთ ბატონებს აუჯანყდნენ. ამას 13-წლიანი სამოქალაქო ომი მოჰყვა, რაც იმით დასრულდა, რომ 1804 წელს შეიქმნა ჰაიტის დამოუკიდებელი რესპუბლიკა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტყვეობიდან დახსნის ყველაზე შთამბეჭდავი ფაქტი, რაც ისტორიამ შემოგვინახა, ეგვიპტის მონობიდან ისრაელი ერის გათავისუფლება იყო. წარმოიდგინეთ, დაახლოებით 3-მილიონიანმა ერმა მხრებიდან ეგვიპტის მონობის უღელი გადაიგდო და ნანატრი თავისუფლება მოიპოვა! ბიბლიაში ვკითხულობთ, რა გაუსაძლისი ყოფა ჰქონდათ ეგვიპტეში ისრაელებს: „უმოწყალოდ ექცეოდნენ მათ და ნებისმიერ სამუშაოს ასრულებინებდნენ“ (გამოსვლა 1:11—14). ეს ერი რომ არ გამრავლებულიყო, ერთ-ერთმა ფარაონმა ებრაელი ახალშობილი ვაჟების დახოცვაც კი ბრძანა (გამოსვლა 1:8—22).

ეგვიპტის მონობიდან ისრაელის გათავისუფლება იმიტომ არის უნიკალური ფაქტი, რომ ამაში უშუალოდ ღვთის ხელი ერია. ღმერთმა მოსეს ასეთი სიტყვები უთხრა: „კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან. ჩავალ, რომ დავიხსნა ისინი“ (გამოსვლა 3:7, 8). მას შემდეგ ებრაელები მონობიდან გათავისუფლების დღის აღსანიშნავად ყოველწლიურად ზეიმობენ პასექს მთელ მსოფლიოში (გამოსვლა 12:14).

მალე მონობას ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი

ბიბლია გვარწმუნებს, რომ „იეჰოვასთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა“ და რომ ის არ იცვლება (2 მატიანე 19:7; მალაქია 3:6). იეჰოვა ღმერთმა იესო დედამიწაზე იმ მიზნით გამოგზავნა, რომ ტყვეებისთვის გათავისუფლების შესახებ ექადაგა და ჩაგრულები გაეთავისუფლებინა (ლუკა 4:18). ნიშნავდა ეს, რომ იესო პირდაპირი გაგებით გაათავისუფლებდა ყველა მონას? რასაკვირველია, არა. ნაცვლად ამისა, იგი ადამიანებს ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობიდან იხსნიდა. მოგვიანებით იესომ თქვა: „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32). ჭეშმარიტებას, რომელსაც იესო ასწავლიდა, დღესაც მრავალმხრივ მოაქვს ადამიანებისთვის თავისუფლება (იხილეთ ჩარჩო „ სხვა სახის ტყვეობიდან გათავისუფლება“).

იეჰოვამ იოსებიც იხსნა ტყვეობიდან და ბეტიც, თუმცა სხვადასხვა გზით. იოსების შთამბეჭდავ ისტორიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბიბლიის წიგნ „დაბადების“ 39—41-ე თავებში. გულგრილს არც ბეტის გათავისუფლების ისტორია დაგტოვებთ.

ბეტი გააძევეს ქვეყნიდან, ამიტომ იძულებული გახდა, ესპანეთში გადასულიყო. მან იქ იეჰოვას მოწმეები გაიცნო და მათთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ბეტმა გადაწყვიტა, ცხოვრებაში ცვლილებები მოეხდინა; მან სტაბილური სამუშაოც იპოვა. შემდეგ დაუკავშირდა იმ ქალს, ვისი ვალიც ემართა და სთხოვა, რომ მისთვის თვიური გადასახადი შეემცირებინა. ერთ მშვენიერ დღეს ამ ქალმა ბეტს დაურეკა და უთხრა, რომ მისი აღარაფერი ემართა, შემდეგ კი პატიება სთხოვა. რა მოხდა? თურმე მასაც ბიბლიის შესწავლა დაუწყია მოწმეებთან! „მართლაც საოცარია, თუ როგორ ათავისუფლებს ადამიანებს ჭეშმარიტება“, — ამბობს ბეტი.

იეჰოვას გულს უკლავდა იმის დანახვა, თუ რა უმოწყალოდ ექცეოდნენ ეგვიპტელები დამონებულ ისრაელებს. იგი არც დღეს ხუჭავს თვალს მსგავს უსამართლობაზე. ყოველგვარ მონობას რომ წერტილი დაესვას, საზოგადოება რადიკალურად უნდა შეიცვალოს. ღმერთი გვპირდება, რომ სწორედ ასეთ ცვლილებებს მოახდენს: „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13).

^ აბზ. 2 სახელი შეცვლილია.