არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თქვენი მომავალი თქვენს ხელშია!

თქვენი მომავალი თქვენს ხელშია!

ᲛᲐᲠᲗᲚᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲖᲔᲐ ᲓᲐᲛᲝᲙᲘᲓᲔᲑᲣᲚᲘ, ᲠᲝᲒᲝᲠᲘ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲘ ᲒᲔᲥᲜᲔᲑᲐᲗ? ზოგს სჯერა, რომ მათ მომავალს ბედისწერა განსაზღვრავს და არა პირადი არჩევანი. როცა რაღაც არ გამოსდით, ამბობენ, რომ მაინც ვერაფერს გახდებოდნენ, რადგან ასე ეწერათ.

ზოგი კი გულგატეხილობაში ვარდება, რადგან ჰგონია, რომ ამ უსამართლო ქვეყნიერებაში მდგომარეობა არასდროს გამოსწორდება. შესაძლოა მათ აქვთ რაღაცის შეცვლის მცდელობა, მაგრამ ომის, დამნაშავეობის, სტიქიური უბედურებებისა თუ ავადმყოფობის გამო მათი გეგმები წამდაუწუმ იფუშება. ამიტომ ყველაფერზე ხელი აქვთ ჩაქნეული.

მართალია, სხვადასხვა გარემოებამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ გეგმების განხორციელებაში, მაგრამ საბოლოოდ თქვენს ხელშია თქვენი მომავალი (ეკლესიასტე 9:11). ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ თქვენს მომავალს თქვენივე არჩევანი განსაზღვრავს.

ვიდრე ისრაელი აღთქმულ მიწაზე შევიდოდა, ერის წინამძღოლმა მოსემ მათ ღვთის სახელით მიმართა: „აირჩიეთ სიცოცხლე ან სიკვდილი, კურთხევა ან წყევლა. თქვენ და თქვენმა შთამომავლებმა რომ იცოცხლოთ, აირჩიეთ სიცოცხლე და გიყვარდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, დაემორჩილეთ მას და არასოდეს ჩამოშორდეთ“ (კანონი 30:15, 19, 20).

„აირჩიეთ სიცოცხლე ან სიკვდილი, კურთხევა ან წყევლა . . . რომ იცოცხლოთ, აირჩიეთ სიცოცხლე“ (კანონი 30:19)

ღმერთმა ისრაელი ეგვიპტის მონობიდან იხსნა და დაჰპირდა, რომ აღთქმულ მიწაზე ბედნიერად იცხოვრებდნენ, თანაც ისე, რომ არავის ბატონობის ქვეშ არ იქნებოდნენ. თუმცა ეს თავისთავად არ მოხდებოდა — ამისთვის მათ უნდა აერჩიათ სიცოცხლე. ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ შეიყვარებდნენ ღმერთს, მოუსმენდნენ მის ხმას და მიეკვრებოდნენ მას.

დღეს თქვენც მსგავსი არჩევანის წინაშე დგახართ; თქვენი მომავალი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ. თუ შეიყვარებთ ღმერთს, მოუსმენთ მის ხმას და მიეკვრებით მას, დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად იცხოვრებთ. რა იგულისხმება ამაში?

ᲨᲔᲘᲧᲕᲐᲠᲔᲗ ᲦᲛᲔᲠᲗᲘ

სიყვარული ღვთის უმთავრესი თვისებაა. ღვთივშთაგონებით მოციქულმა იოანემ დაწერა, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). როცა იესოს ჰკითხეს, რომელი იყო უდიდესი მცნება, მან მიუგო: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათე 22:37). ასე რომ, ღმერთთან სიყვარული დაგვაახლოებს და არა ბრმა მორჩილება და შიში. რატომ უნდა შევიყვაროთ ღმერთი?

იეჰოვას ისევე ძლიერ უყვარს ადამიანები, როგორც მშობელს საკუთარი შვილები. მოსიყვარულე მშობლები არიგებენ, ახალისებენ, მხარში უდგანან და სჯიან კიდეც თავიანთ შვილებს, რადგან სურთ, რომ ბედნიერები და წარმატებულები იყვნენ. სანაცვლოდ ისინი მოელიან, რომ შვილები მათ სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხებენ და ყურად იღებენ მათ რჩევებს. ბუნებრივია, ჩვენს ზეციერ მამასაც სურს, მის სიყვარულს სიყვარულითვე ვუპასუხოთ და მადლიერი ვიყოთ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებს.

ᲛᲝᲣᲡᲛᲘᲜᲔᲗ ᲛᲘᲡ ᲮᲛᲐᲡ

ბიბლიის დედნისეულ ენებზე სიტყვა „მოსმენა“ ხშირად მორჩილების აზრსაც ატარებს. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა ბავშვს ვეუბნებით, რომ მოუსმინოს მშობლებს. ამგვარად, ღვთის ხმის მოსმენა იმას ნიშნავს, რომ გავიგოთ, რის თქმა სურს ჩვენთვის და შემდეგ გავითვალისწინოთ. ვინაიდან ღვთის ხმა პირდაპირი გაგებით არ გვესმის, ჩვენ მას მაშინ ვუსმენთ, როცა ვკითხულობთ მის სიტყვას, ბიბლიას და ვითვალისწინებთ მასში ჩაწერილ რჩევებს (1 იოანე 5:3).

ერთხელ იესომ იმის ხაზგასასმელად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ღვთის მოსმენა, თქვა: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). ფაქტია, საკვების გარეშე ვერ ვიცოცხლებთ, თუმცა ჩვენი სიცოცხლისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ღვთის სიტყვიდან ვიკვებოთ, ანუ ღვთის შესახებ ცოდნა მივიღოთ. ამის მიზეზს ბრძენი მეფე სოლომონი გვიმხელს: „სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც, მაგრამ ცოდნა და სიბრძნე იმით უპირატესობს, რომ სიცოცხლეს უნარჩუნებს მის პატრონს“ (ეკლესიასტე 7:12). ღვთის სიტყვიდან მიღებული ცოდნა და სიბრძნე დღესვე გვიცავს და გვეხმარება, გონივრული არჩევანი გავაკეთოთ, რის შედეგადაც მარადიულ სიცოცხლეს დავიმკვიდრებთ.

ᲛᲘᲔᲙᲐᲠᲘᲗ ᲛᲐᲡ

კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იესოს სიტყვებზე, რომლებიც წინა სტატიაში იყო მოყვანილი: „ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს კაცი, და ცოტანი პოვებენ მას“ (მათე 7:13, 14). დანიშნულების ადგილამდე რომ მივაღწიოთ, ანუ მარადიული სიცოცხლე რომ დავიმკვიდროთ, გამოცდილი გიდი უნდა გვყავდეს და ფეხდაფეხ მივყვეთ მას. ამ გზაზე ღმერთი გიდივით მიგვიძღვის. ამიტომ უნდა მივეკრათ მას და არასდროს დავშორდეთ (ფსალმუნი 16:8). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

ყოველდღიურად, შინ თუ გარეთ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და კიდევ ბევრის გაკეთებას ვისურვებდით. შეიძლება ასეთმა ყოფითმა საქმეებმა იმდენად მოგვიცვას, რომ თითქმის აღარ დაგვრჩეს დრო იმაზე ფიქრისთვის, რის გაკეთებასაც ღმერთი მოელის ჩვენგან. ამიტომაც გვირჩევს ბიბლია: „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იცხოვროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა; გონივრულად გამოიყენეთ დრო, რადგან მძიმე დროში ვცხოვრობთ“ (ეფესოელები 5:15, 16). ღმერთს იმ შემთხვევაში მივეკრობით, თუ ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი ღმერთთან ურთიერთობა იქნება (მათე 6:33).

ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲘ ᲗᲥᲕᲔᲜᲖᲔᲐ!

მართალია, წარსულს ვერ შეცვლით, მაგრამ დღეს შეგიძლიათ ისეთი არჩევანი გააკეთოთ, რის შედეგადაც თქვენ და თქვენს ახლობლებს შესანიშნავი მომავალი გექნებათ გარანტირებული. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვა ღმერთს, ძალიან ვუყვარვართ. თავისი სიტყვის მეშვეობით ის იმასაც გვიმჟღავნებს, რას მოელის ჩვენგან. ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა ღმერთმა წინასწარმეტყველ მიქას პირით:

„მან გითხრა, ადამიანო, რა არის კარგი. რას ითხოვს იეჰოვა შენგან? მხოლოდ სამართლის ქმნას, სიკეთის სიყვარულსა და მოკრძალებულად სიარულს შენი ღვთის წინაშე!“ (მიქა 6:8).

ყურად იღებთ იეჰოვას სიტყვებს და ივლით მასთან ერთად, რათა მიიღოთ თქვენთვის შემონახული კურთხევები? არჩევანი თქვენზეა!