მთავარი თემა | სად ვპოვოთ ნუგეში?
როგორ გვანუგეშებს ღმერთი
მოციქული პავლე იეჰოვა * ღმერთის შესახებ ამბობს, რომ ის არის „ყოველგვარი ნუგეშის მამა, რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორინთელები 1:3, 4). ამგვარად, ბიბლია გვარწმუნებს, რომ რაოდენ მძიმე მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ ადამიანები, ღმერთს შეუძლია ანუგეშოს ისინი და ტკივილი დაუამოს.
ღმერთმა რომ გვანუგეშოს, ჩვენი მხრიდან ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. როგორ დაგვეხმარება ექიმი, თუ მასთან კონსულტაციაზე არ მივალთ? წინასწარმეტყველმა ამოსმა დაწერა: „განა ივლის ორი ერთად, თუ შეხვედრა არ დაუთქვეს ერთმანეთს?!“ (ამოსი 3:3). წმინდა წერილები მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).
რა გვაძლევს იმის საფუძველს, გვჯეროდეს, რომ ღმერთი ნამდვილად დაგვიახლოვდება? იგი გამუდმებით გვარწმუნებს, რომ ჩვენი დახმარება სწადია (იხილეთ თანდართული ჩარჩო). გარდა ამისა, არაერთი მტკიცებულება გვაქვს, თუ როგორ ანუგეშებდა ღმერთი ადამიანებს წარსულში და როგორ ანუგეშებს დღეს.
ძველად მეფე დავითის ცხოვრებაშიც არაერთი ტრაგედია დატრიალდა და მასაც ისევე სჭირდებოდა ღვთისგან ნუგეში, როგორც დღეს ბევრ ჩვენგანს. ერთხელ მან ღმერთს შეღაღადა: „ისმინე ჩემი ვედრება, როცა შველას გთხოვ“. შეისმინა ღმერთმა მისი თხოვნა? რა თქმა უნდა. დავითი დასძენს: „შემეწია იგი და ხარობს ჩემი გული“ (ფსალმუნი 28:2, 7).
იესო ანუგეშებდა დამწუხრებულ სულებს
ღმერთი დაგვპირდა, რომ თავისი ძის, იესოს, მეშვეობით გვანუგეშებდა. მას იეჰოვასგან არაერთი დავალება ჰქონდა მიღებული; სხვა ყველაფერთან ერთად იესოს გულგატეხილთათვის ჭრილობები უნდა შეეხვია და მგლოვიარენი ენუგეშებინა (ესაია 61:1, 2). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იესო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა „მძიმედ მშრომელთა და ტვირთმძიმეთა“ მიმართ (მათე 11:28—30).
იესო ხალხს თავაზიანად ეპყრობოდა, გონივრულ რჩევებს აძლევდა და კურნავდა კიდეც, რითაც დიდ ნუგეშს ჰგვრიდა მათ. ერთხელ ერთმა კეთროვანმა შესთხოვა მას: „თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. სიბრალულით აღძრულმა იესომ მიუგო: „მსურს, მარკოზი 1:40, 41).
განიწმინდე!“, და კეთროვანიც განიკურნა (ამ კეთროვნისგან განსხვავებით, დღეს ღვთის ძე ფიზიკურად ჩვენ გვერდით არ არის, ამიტომ პირადად ვერ გვანუგეშებს. მაგრამ იეჰოვა, „ყოველგვარი ნუგეშის მამა“, კვლავაც ეხმარება გასაჭირში მყოფთ და მათ სანუგეშებლად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს (2 კორინთელები 1:3). მოდი, ვისაუბროთ ოთხ მათგანზე.
-
ბიბლია. „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელები 15:4).
-
ღვთის წმინდა სული. იესოს სიკვდილიდან მალევე ქრისტიანულ კრებას მშვიდობის დრო დაუდგა. და ეს იმიტომ, რომ მათ „იეჰოვას შიში და წმინდა სულის ნუგეში“ ჰქონდათ (საქმეები 9:31). ღმერთს წმინდა სულით — თავისი მოქმედი ძალით — ყველაფრის გაკეთება ხელეწიფება. ამიტომ მას ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ნუგეშისცემა ძალუძს.
-
ლოცვა. ბიბლიაში ნათქვამია: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ . . . აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“ (ფილიპელები 4:6, 7).
-
თანაქრისტიანები. ნამდვილ მეგობრებს შეუძლიათ, ძნელბედობის ჟამს გვანუგეშონ. პავლე მოციქულმა თავის თანამსახურებზე თქვა, რომ გასაჭირში ისინი იყვნენ მისი „დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ (კოლოსელები 4:11; 1 თესალონიკელები 3:7).
შეიძლება დაგებადოთ კითხვა: რამდენად რეალურია ეს ყველაფერი? მოდი, უფრო მეტი გავიგოთ წინა სტატიაში მოხსენიებული ადამიანების შესახებ, რომლებიც ცხოვრებაში სხვადასხვა განსაცდელს შეხვდნენ. მათ მსგავსად, თქვენც დარწმუნდებით, რომ ღმერთი კვლავაც ასრულებს თავის დანაპირებს: „როგორც კაცს ანუგეშებს დედა, მეც ისე განუგეშებთ“ (ესაია 66:13).
^ აბზ. 3 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.