არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რელიგიის ისტორიის სწავლება

ამას წინათ გაზეთ „ლე მონდესა“ და ჟურნალ „ნოუთრე ისთვარის“ რედაქციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ფრანგების მხოლოდ 57-მა პროცენტმა განაცხადა თანხმობა, რომ სახელმწიფო სკოლებში რელიგიის ისტორია ესწავლებინათ. «უნდა აღინიშნოს, რომ ამ იდეის მოწინააღმდეგეთა რიცხვი იზრდება, — ნათქვამია ჟურნალ „ნოუთრე ისთვარში“. — ეს შესაძლოა იმაზე მეტყველებს, რომ ან სხვა რელიგიის მიმდევართა მიერ მოსახლეობის თავიანთ რწმენაზე მოქცევის ტენდენცია არსებობს, ან ისეთი თვალსაზრისია გაბატონებული, რომ სკოლაში არ უნდა ისწავლებოდეს რელიგია». პარადოქსი ისაა, რომ უმრავლესობის აზრით, რელიგიის ისტორიის სწავლება მოსწავლეებს შორის რელიგიურ შემწყნარებლობას უწყობს ხელს. გამოკითხვის თანახმად, ისლამი, რომელსაც ოთხი მილიონი მიმდევარი ჰყავს, ამჟამად კათოლიციზმის შემდეგ პირველი რელიგიაა საფრანგეთში, მაშინ როცა პროტესტანტები, იუდაიზმის მიმდევრები, ბუდისტები, მართლმადიდებელი ქრისტიანები და იეჰოვას მოწმეები ქვეყანაში რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ.

გადამდები ინფექცია

„ინფექციური დაავადებები ერთი ადამიანიდან მეორეზე შეიძლება უბრალო მოქმედებითაც გადავიდეს; მაგალითად, ონკანის მოშვებით ან ტელეფონის ყურმილის აღებით“. — ნათქვამია ლონდონში გამომავალ გაზეთ „გარდიანში“. არიზონას შტატში მდებარე ქალაქ ტუსონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები იუწყებოდნენ, რომ სერიოზულად გაციებული ადამიანი, რომელიც ცხვირს იხოცავს და შემდეგ ონკანს უშვებს, მასზე ხელის შეხებით „1000-ზე მეტ ვირუსს ტოვებს“. ბევრ ასეთ შემთხვევაში ინფექცია სხვა ადამიანზე გადადის, რომელიც ონკანს ეხება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამის შემდეგ ხელს პირზე, ცხვირზე ან თვალებზე მიიდებს. ბაქტერიასა და ბაქტერიულ ვირუსზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ „ის, ვინც ტელეფონით სარგებლობს, ბაქტერიის 39 პროცენტსა და ვირუსის 66 პროცენტს ავრცელებს, მაშინ როცა, ონკანის მომხმარებლები, ბაქტერიის 28 პროცენტსა და ვირუსის 34 პროცენტს ავრცელებენ“. ქვედა ტუჩთან ინფიცირებული თითის მიტანის შედეგად პათოგენური ბაქტერიების მესამედზე მეტი ტუჩზე გადადის. როტავირუსებით გამოწვეული დაავადებები და დიარეა, რომელსაც სალმონელები იწვევენ, ადვილად შეიძლება დაუბანელი ხელებით გავრცელდეს.

კალიების შემოსევის შეჩერება

ჩინეთში 700 000 სპეციალურად გაწვრთნილ იხვს და ქათამს მოუყარეს თავი, რათა 25 წელიწადში ჩინეთის უდიდესი პრობლემა, კალიების შემოსევა, გადაეჭრათ. — იუწყება ლონდონის „დეილი ტელეგრაფი“. 2000 წლის ზაფხულში კალიების გუნდმა ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში მოსავალი გააჩანაგა 1,6 მილიონ ჰექტარზე და შორეულ დასავლეთ სინძიანში — მინდორი 3,9 მილიონ ჰექტარზე. იხვები და ქათმები ისე გაწვრთნეს, რომ სტვენის ხმაზე დადევნებოდნენ ამ მწერებს და შეეჭამათ ისინი. ჯაუ სინჩუენი, კალიებთან და ვირთხებთან ბრძოლის იმ სამმართველოს მთავარი წარმომადგენელი, სადაც შინაურ ფრინველებს წვრთნიან და სხვადასხვა მიზნით იყენებენ, ხსნის: „ფერმერებმა იცოდნენ, რომ ქათმებს ძალიან უყვარდათ კალიების ჭამა, მაგრამ გამოკვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ იხვებს ქათმებზე მეტი კალიის შეჭმა შეუძლიათ [დღეში 400-მდე]; ისინი ცუდ ამინდში ქათმებთან შედარებით უფრო ამტანები არიან და მათ არწივები ან სინდიოფალები არ ემტერებიან. . .. ისინი მინდორში გავუშვით და სტვენის ხმაზე მათ კალიები შეჭამეს“. შინაური ფრინველების გამოყენება იმ პროგრამის ნაწილია, რომელშიც ვერტმფრენებიდან სპეციალური ქიმიური საშუალებებით მოსავლის მოწამვლა და მიკროორგანიზმებით კალიების განადგურება შედის.

ძილის აუცილებლობა

„სამხრეთ აფრიკის მოსახლეობის, სულ მცირე, მეოთხედ ნაწილს უძილობის ან მშფოთვარე ძილის გამო ნახევრად არ სძინავს“, — ნათქვამია სამხრეთ აფრიკის გაზეთ „ნატალი ვითნესში“. როგორც დოქტორ ჯეიმს მასმა, ერთ-ერთმა მკვლევარმა ძილის საკითხში, აღნიშნა, ძილის დროს ტვინში წარმოიქმნება სასიცოცხლო მედიატორები, ამიტომ გამოძინება აუცილებელია კარგი მეხსიერების, შემოქმედებითი უნარის, პრობლემების გადაჭრისა და სწავლის უნარის გამომუშავებისთვის. არასაკმარისი ძილის შედეგად ადამიანი დეპრესიაში ვარდება, ღიზიანდება და წუხს, კარგავს იუმორის გრძნობას, საქმეს უხარისხოდ აკეთებს, უქვეითდება ყურადღების გამახვილებისა და მახსოვრობის უნარი, უჭირს ურთიერთობა და გადაწყვეტილებების მიღება, რისკზე მიდის, უქვეითდება შრომისუნარიანობა და უსიცოცხლო ხდება. ადამიანებს, რომლებიც ხუთ საათს ან ნაკლებ დროს უთმობენ ძილს, იმუნური სისტემა უქვეითდებათ და უჭირთ ვირუსებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. „ყველაფერში სრულყოფილი შედეგის მისაღწევად, — აბობს მასი, — ჩვენი სიცოცხლის მესამედი ძილში უნდა გავატაროთ, რაც ნიშნავს, რომ ღამის განმავლობაში, საშუალოდ, რვა საათი უნდა გვეძინოს“.