არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დალმატინის თარგმანი იშვიათი, მაგრამ არა დავიწყებული ბიბლია

დალმატინის თარგმანი იშვიათი, მაგრამ არა დავიწყებული ბიბლია

დალმატინის თარგმანი იშვიათი, მაგრამ არა დავიწყებული ბიბლია

ჩვენი კორესპონდენტისგან სლოვენიაში

ბოლო კასრები, რომლებშიც ძვირფასი ტვირთი იყო ჩაწყობილი, სლოვენიაში XVI საუკუნის მიწურულს ჩაიტანეს. ეს ტვირთი ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა გზის გავლით ჩაჰქონდათ სლოვენიაში. იმის შესანიღბად, თუ რა იდო შიგ, კასრებზე გარედან მიკრული იყო წარწერები: „სათამაშო კარტი“ ან „სავაჭრო საქონელი“. მათში ჩამალული იყო სლოვენურ ენაზე გამოცემული, ტყავის ყდაში ჩასმული, პირველი სრული ბიბლიის ტომები.

ეს ძვირფასი ტვირთი ორი თავდადებული მამაკაცის — იური დალმატინისა და პრიმოჟ ტრუბარის — ხორცშესხმული ოცნება გახლდათ, მამაკაცებისა, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება თანამემამულეებისთვის გასაგებ ენაზე ბიბლიის თარგმნას მიუძღვნეს. თუმცა მათ შესახებ შესაძლოა მრავალ ისტორიულ წყაროებში არაფერია ნათქვამი, ისინი შეიძლება მივაკუთვნოთ იმ ადამიანთა რიგებს, რომლებმაც ბიბლიის პირველად თარგმნაში დიდი წვლილი შეიტანეს.

დალმატინს, რომელიც ბიბლიების ამ საიდუმლო გადმოტანაზე იყო პასუხისმგებელი, სხვა ბიბლიებს შორის ჰქონდა ერთი განსაკუთრებით საუცხოოდ გაფორმებული ეგზემპლარი, რომელიც ტრუბარისთვის, თავისი მეგობრისა და მრჩევლისთვის, იყო განკუთვნილი. მოდი განვიხილოთ სირთულეები, რომლებსაც ეს ორი მამაკაცი წააწყდა, რათა თანამემამულეთათვის გასაგებ ენაზე ხელმისაწვდომი გაეხადათ ბიბლია.

მთარგმნელის გამონახვა

მეთექვსმეტე საუკუნეში „საღვთო რომის იმპერია“, რომელსაც რომის კათოლიკურ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა, თითქმის მთელ ევროპაში ჯერ კიდევ მყარად იდგა. მაგრამ პროტესტანტული რეფორმაციებიც საკმაოდ ძლიერი გახლდათ და თანდათანობით მისი გავლენის ქვეშ ექცეოდა თანამედროვე სლოვენიის ქალაქები და სოფლები. ტრუბარი, ადგილობრივი მღვდელი, პროტესტანტიზმის მიმღებთა შორის ერთ-ერთი პირველი იყო.

რადგანაც კათოლიკური ეკლესია ლათინურ ენას იყენებდა, მხოლოდ პრივილეგირებულ უმცირესობას, — მათ, ვისაც ძველი ენები ჰქონდა ნასწავლი, — შეეძლო გაეგო ღვთისმსახურება და ბიბლია. მაგრამ რეფორმატორების თქმით, ღვთისმსახურება ყველასთვის გასაგებ ენაზე უნდა ჩატარებულიყო. ამიტომ XVI საუკუნის შუა წლებში, ღვთისმსახურების დროს ბიბლიის ზოგ ადგილს სლოვენურ ენაზე კითხულობდნენ. ეს შესაძლებელი გახდა იმ მიზეზის გამო, რომ ლოცვანნის, ანუ მესას წიგნის, ლათინურ ტექსტს შესაბამისი სლოვენური ეკვივალენტი ჰქონდა დართული.

მაგრამ ტრუბარის სურვილი იყო, სლოვენურ ენაზე მთლიანი ბიბლია ჰქონოდათ. რადგან იმ დროს სლოვენური ანბანი ჯერ კიდევ არ არსებობდა, ტრუბარმა თავად შექმნა ის და 1550 წელს დაწერა წიგნი, რომელიც სლოვენურ ენაზე დაბეჭდილი პირველი წიგნი გახლდათ. მასში ტრუბარმა „დაბადებიდან“ რამდენიმე ბიბლიური მუხლიც ჩართო. მოგვიანებით სლოვენურ ენაზე თარგმნა „დავითნი“ და ბოლოს მთელი „ახალი აღთქმა“ ანუ ქრისტიანულ-ბერძნული წერილები.

მაგრამ ტრუბარს ესმოდა, რომ ისე კარგად არ ფლობდა ენას, რათა თავისი სანუკვარი ოცნება აესრულებინა და სლოვენურ ენაზე მთელი ბიბლია ეთარგმნა. იური დალმატინში, ნიჭიერ ახალგაზრდა სტუდენტში, მან დაინახა ადამიანი, ვისაც შეეძლო მისთვის ამ მიზნის განხორციელებაში დახმარების გაწევა.

დალმატინის წარმოშობა

დალმატინი ღარიბი ოჯახის შვილი გახლდათ. ის 1547 წელს დაიბადა ერთ-ერთ სოფელში, რომელიც დღეს სამხერთ სლოვენიაში მდებარეობს. ბავშვობისას იური ადგილობრივ სკოლაში დადიოდა, სადაც პროტესტანტიზმზე მოქცეული მასწავლებელი ასწავლიდა. მასწავლებელმა დიდი გავლენა იქონია მის რელიგიურ შეხედულებებზე. ტრუბარის, სკოლის მასწავლებლისა და ადგილობრივი მრევლის დახმარებით დალმატინი ჯერ რელიგიურ სკოლაში, ხოლო მოგვიანებით გერმანიის უნივერსიტეტში შევიდა. ამგვარად დახვეწა მან ლათინური და გერმანული ენების ცოდნა და ისწავლა ებრაული და ბერძნული; აგრეთვე დაასრულა ფილოსოფიისა და თეოლოგიის სწავლაც.

თუმცა დალმატინი უცხოეთში სწავლობდა, ტრუბარი ყოველთვის მოუწოდებდა, დაეფასებინა და განევითარებინა მშობლიური, სლოვენური, ენა. 20 წელს გადაცილებული დალმატინი ჯერ კიდევ უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდათ, როდესაც გრანდიოზული დავალების, ბიბლიის მშობლიურ ენაზე თარგმნის, შესრულებას შეუდგა. ტრუბარის მგზნებარე სურვილი, სლოვენურ ენაზე ჰქონოდათ მთლიანი ბიბლია, ახლა უკვე დალმატინის ცხოვრების მთავარი მიზანიც გახდა.

თარგმნა იწყება

დალმატინი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა ამ დიდებული გეგმის განხორციელებას და თარგმნა ებრაული წერილებიდან დაიწყო. როგორც ჩანს, ის დედნიდან თარგმნიდა, მაგრამ ლათინური „ვულგატადან“ მარტინ ლუთერის გერმანულ თარგმანსაც ხშირად იშველიებდა. როგორც ზემოთ იყო მოხსენიებული 1577 წლისთვის ტრუბარს სლოვენურ ენაზე უკვე ნათარგმნი ჰქონდა მთლიანი ქრისტიანულ-ბერძნული წერილები. დალმატინმა მხოლოდ შეასწორა და გააუმჯობესა ტრუბარის ნაშრომი; მასზე მუშაობის დროს კვლავაც საკმაოდ ხშირად მიმართავდა ბიბლიის ლუთერისეულ გერმანულ თარგმანს. მან თარგმანი ტრუბარისთვის ჩვეული გერმანიზმისგან გაათავისუფლა და უფრო თანმიმდევრული გახადა. შესაძლოა, მთარგმნელობით საქმიანობაში დალმატინმა ბერძნულის ცოდნაც გამოიყენა, მაგრამ სწავლულები ჯერ კიდევ დაობენ იმ საკითხზე, გამოიყენა თუ არა მან ადრინდელი ბერძნული ტექსტები.

დაბრკოლებები

რადგან სლოვენური ანბანის შექმნიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული წელი იყო გასული, დალმატინი რთული ამოცანის პირისპირ აღმოჩნდა. გარდა ამისა, სიტყვათა მარაგიც შეზღუდული იყო და არ არსებობდა სლოვენური სახელმძღვანელოები, რომლებზე დაყრდნობაც შესაძლებელი იქნებოდა. ამიტომ დიდი მოსაზრებულობა იყო საჭირო, რათა სლოვენურ ენაზე თარგმნილი ტექსტი გასაგები ყოფილიყო.

მდგომარეობას რეფორმაციული მოძრაობის მიმართ წინააღმდეგობის არსებობაც ართულებდა. ვინაიდან მბეჭდავი სლოვენიიდან გაძევებული იყო, ბიბლია საზღვარგარეთ უნდა დაბეჭდილიყო. ამიტომაც შემოჰქონდათ გემით მალულად სლოვენიაში ბიბლიები. მაგრამ, მიუხედავად დაბრკოლებებისა, დალმატინმა მიზანს ათიოდე წელიწადში მიაღწია. როგორც ჩანს, ის მაშინ მხოლოდ ოცდაათს გადაცილებული მამაკაცი იყო.

დალმატინის ზედამხედველობით ბიბლიის პირველი 1 500 ეგზემპლარი შვიდ თვეში დაიბეჭდა. მრავალი ამ ბიბლიას ლიტერატურულ შედევრსა და ხელოვნების ნიმუშს უწოდებდა, რადგან მას ხის 222 საუცხოო გრავიურა ამშვენებდა. იმ ბიბლიებიდან მრავალი დღემდე შემორჩა და თანამედროვე სლოვენურ ენაზე ბიბლიის თარგმანები მათზეა დაფუძნებული. ამ ორმა მამაკაცმა შეუწყო ხელი იმას, რომ დღეს სლოვენიაში ღვთის სიტყვის კითხვა მშობლიურ ენაზე არის შესაძლებელი.

[ჩარჩო⁄სურათი 15 გვერდზე]

ღვთის სახელი

წმინდა ბიბლიის თარგმანის წინასიტყვაობაში დალმატინმა ასეთი განმარტება ჩართო: „სადაც სიტყვა უფალი დიდი ასოებით არის დაბეჭდილი, ეს ნიშნავს მხოლოდ უფალ ღმერთს, ვისი სახელიც ებრაულად არის יהזה, იეჰოვა. აღნიშნული სახელი ეკუთვნის მხოლოდ უფალ ღმერთს და სხვა არავის“.

[სურათები 14, 15 გვერდებზე]

პრიმოჟ ტრუბარი.

სლოვენური ბიბლიის თავფურცელი.

[საავტორო უფლება]

All pictures except Tetragrammaton: Narodna in univeržitetna knjiznica—Slovenija—Ljubljana