სამართლიანია თუ არა ღვთის მიერ ძალის გამოყენება?
ბიბლიის თვალსაზრისი
სამართლიანია თუ არა ღვთის მიერ ძალის გამოყენება?
ძალის გამანადგურებლად გამოყენება კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ერთ-ერთი შეფასების თანახმად, XX საუკუნეში ერთ-ერთი ქვეყნის პოლიტიკური რეჟიმის შედეგად დაახლოებით 170 მილიონი ადამიანი იქნა მოკლული. დიახ, როგორც ბიბლია აღნიშნავს, კაცი კაცზე მძლავრობდა მუდამ თავისდა საზიანოდ (ეკლესიასტე 8:9).
თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ადამიანები ბოროტად იყენებენ ძალას, ზოგმა თავისი მტრების გასანადგურებლად ღვთის მიერ ძალის გამოყენებაც შეიძლება საეჭვოდ მიიჩნიოს. განა იუდეველებმა ღვთის ხელმძღვანელობით არ შეუტიეს და დახოცეს აღთქმულ ქვეყანაში მცხოვრები ქანაანელები? (მეორე რჯული 20:16, 17). განა ღმერთი თავად არ ამბობს, რომ ის შემუსრავს და დააქცევს მოწინააღმდეგე ხელისუფლებებს? (დანიელი 2:44). ზოგ გულწრფელ ადამიანს აინტერესებს, ყოველთვის გამართლებულია თუ არა ღვთის მიერ ძალის გამოყენება.
ძალის ბოროტად გამოყენება
ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ძალის გამოყენება მთავრობის ძირითად ატრიბუტს წარმოადგენს. ხელმძღვანელობა, რომელსაც თავისი დადგენილებების გატარება არ შეუძლია, ფაქტობრივად, უძლურია. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ პოლიცია თავის უფლებებს ბოროტად იყენებს, რამდენი ადამიანი იტყოდა მის მომსახურებაზე უარს? ან რომელი საღად მოაზროვნე ადამიანი იტყოდა საზოგადოებაში სამართალდამცავი ორგანოების (მათი დამსჯელი ზომების ჩათვლით) არსებობის აუცილებლობაზე უარს?
მოჰანდას განდიმ, რომელსაც მთელი არსებით სძულდა ძალადობა, ერთხელ თქვა: „წარმოიდგინეთ გაშმაგებული ადამიანი, რომელიც გააფთრებული დადის, ხელში მახვილი უჭირავს, ხოცავს ყოველ შემხვედრს და ვერავინ ბედავს მის დაკავებას. ნებისმიერი, ვინც ამ შეშლილს მოკლავდა, საზოგადოებისგან მადლიერებას დაიმსახურებდა და ხალხში კეთილი კაცის სახელს დაიმკვიდრებდა“. დიახ,
განდიც კი ხედავდა, რომ გარკვეულ სიტუაციებში ძალის გამოყენება აუცილებელი იყო.
ცხადია, ძალის გამოყენება აუცილებელია ნებისმიერი საზოგადოების სტაბილურობისათვის. საერთო ჯამში, როდესაც ადამიანები გმობენ ძალის გამოყენებას, ისინი, ფაქტობრივად, ძალის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგნი არიან (ეკლესიასტე 4:1—3).
„სამართლიანია მისი ყოველი გზა“
ისტორიას არ ახსოვს, რომ ღმერთს ბოროტად გამოეყენებინოს ძალა. მისი მმართველობა არასოდეს ყოფილა დესპოტური. ღმერთს სურს, რომ სიყვარულით ვემსახუროთ (1 იოანე 4:18, 19). ფაქტობრივად, ღმერთი არასოდეს იყენებს ძალას იქ, სადაც მისი გამოუყენებლობა შეიძლება (იერემია 18:7, 8; 26:3, 13; ეზეკიელი 18:32; 33:11). მაშინაც კი, როდესაც ძალის გამოყენებას აპირებს, ღმერთი ყოველთვის მრავალჯერ აფრთხილებს ადამიანებს, რათა მსურველები გამოსწორდნენ (ამოსი 3:7; მათე 24:14). განა ასე მოიქცეოდა დესპოტი, სასტიკი ღმერთი?
ღვთის მიერ ძალის გამოყენებას არაფერი აქვს საერთო ძალის ბოროტად გამოყენებასთან, როგორც ამას ადამიანები აკეთებენ. „სამართლიანია მისი ყოველი გზა, — ამბობს იეჰოვას შესახებ მოსე, — ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე“ (მეორე რჯული 32:4). ადამიანთა ტირანული მთავრობებისგან განსხვავებით, ღვთის მთავრობა ძალის პრინციპით არ მოქმედებს. ის ძალას ყოველთვის სიყვარულით, სიბრძნით და სამართლიანად იყენებს (ფსალმუნი 110:2, 3, 7; მათე 23:37).
მაგალითად, ღმერთმა წარღვნით ბოროტები მხოლოდ მას შემდეგ გაანადგურა, რაც არაერთხელ აფრთხილებდა მრავალი წლის განმავლობაში. ადამიანებს ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ კიდობანი გამოეყენებინათ გადასარჩენად. მაგრამ ამ შესაძლებლობით მხოლოდ რვა ადამიანმა ისარგებლა (1 პეტრე 3:19, 20; 2 პეტრე 2:5). იესო ნავეს ძის დროს ისრაელმა აღასრულა გახრწნილ ქანაანელებზე ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენი; ეს განაჩენი კი ღმერთმა 400 წელზე მეტი ხნით ადრე გამოაცხადა! (დაბადება 15:13—21). მთელი იმ ხნის განმავლობაში ქანაანელებს შეეძლოთ, დაენახათ იმის საფუძვლიანი მტკიცება, რომ ისრაელი ღვთის რჩეული ხალხი იყო (იესო ნავეს ძე 2:9—21; 9:24—27). მაგრამ არც ქანაანელებს და არც სხვებს, გაბაონელების გარდა, არც მოწყალება უძებნიათ, არც მშვიდობის ძიების შესაძლებლობით უსარგებლიათ. პირიქით, ქანაანელებმა ის ამჯობინეს, რომ გული გაესასტიკებინათ ღვთის წინააღმდეგ (იესო ნავეს ძე 11:19, 20).
ღმერთი უფლებამოსილია
როდესაც ღვთის მიერ ძალის გამოყენების არსში წვდომას ვცდილობთ, ყველაფერი იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ ღვთის წინაშე ჩვენი მდგომარეობის შესახებ ძირითადი ჭეშმარიტება გავიგოთ. „ჩვენ თიხა ვართ და შენ ჩვენი გამომსახველი“, — თავმდაბლად აღიარებდა წინასწარმეტყველი ესაია (ესაია 64:7). ცხადია, როგორც სამყაროს შემოქმედს, ღმერთს შეუძლია საკუთარი ნება-სურვილისამებრ გამოიყენოს თავისი ძალა. სოლომონის მსგავსად, რომელიც აღიარებდა ღვთის უფლებამოსილებას, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ: „სიტყვა მეფისა კანონია; ვინ ჰკადრებს მას, რას აკეთებო?“ (ეკლესიასტე 8:4; რომაელთა 9:20, 21).
ღმერთი ყოვლადძლიერი შემოქმედია; ამიტომაც მხოლოდ მას აქვს სიცოცხლის წართმევისა თუ მიცემის უფლება. ადამიანებს არც იმის კანონიერი უფლება აქვთ და არც იმდენი ცოდნა, რომ ღვთის მიერ ძალის გამოყენება საეჭვოდ მიიჩნიონ. ადამიანებმა უნდა ისწავლონ ის, რომ თავიანთი აზროვნება ღვთის აზროვნებას დაუქვემდებარონ. „თქვენი გზებია სწორი რომ არ არის!“ — თქვა იეჰოვამ (ეზეკიელი 18:29; ესაია 45:9).
იეჰოვა სამართლიანობისა და სიყვარულის გრძნობამ აღძრა, მოსპოს დედამიწაზე ისინი, ვინც ძალას ბოროტად იყენებს და სხვების უფლებებს ლახავს. ძალის ამგვარად გამოყენების შედეგად დედამიწაზე დაისადგურებს იდეალური პირობები, და მაშინ ყველა მშვიდობისმოყვარე ადამიანი იცხოვრებს (ფსალმუნი 36:10, 11; ნაუმი 1:9). ამგვარად, ღვთის მთავრობა სამუდამოდ გამართლდება (გამოცხადება 22:12—15).