არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ლოცვები, რომლებსაც ღმერთი ისმენს

ლოცვები, რომლებსაც ღმერთი ისმენს

ბიბლიის თვალსაზრისი

ლოცვები, რომლებსაც ღმერთი ისმენს

„ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, და ვინც ეძიებს, პოულობს და, ვინც აკაკუნებს, გაეღება“ (ლუკა 11:9, 10).

იესო ქრისტეს ამ სიტყვებისადმი სრული ნდობის გამოვლენით ბევრი ქრისტიანი ლოცვით მიმართავს ღმერთს და თავის პრობლემებსა თუ საწუხარს ანდობს მას. ისინი ღრმად არიან დარწმუნებული იმაში, რომ ღმერთს უყვარს ისინი და ზრუნავს მათზე. მაგრამ ზოგი იმედგაცრუებული რჩება, როდესაც გარკვეული ხნის მანძილზე არ იღებს ლოცვებზე პასუხს. ფიქრობთ, რომ თქვენი ლოცვები უშედეგოა? ისმენს ღმერთი თქვენს ლოცვებს?

მაშინაც კი, თუ ისე ჩანს, რომ ჩვენი ლოცვები უპასუხოდ რჩება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი მათ არ ისმენს. ბიბლია გვარწმუნებს: „ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი — მათი ვედრების მიმართ“ (1 პეტრე 3:12). ასე რომ, იეჰოვა ღმერთი ისმენს მართალთა ლოცვებს, სულერთია, ხმამაღლაა ისინი წარმოთქმული თუ გულში (იერემია 17:10). იეჰოვა იმასაც ხედავს, თუ ყოველი ლოცვის უკან რა აზრები და გრძნობები იმალება, რომელთა შესახებ თვით იმ ადამიანსაც კი, რომელიც ლოცულობს, შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონდეს და სრულად არც კი ესმოდეს (რომაელთა 8:26, 27).

მაგრამ, ლოცვები რომ ღვთისთვის მისაღები იყოს, ისინი გარკვეულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. უპირველეს ყოვლისა, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ღვთისადმი უნდა იყოს მიმართული და არა იესოს, რომელიმე „წმინდანის“ ან რაიმე კერპისადმი (გამოსვლა 20:4, 5). გარდა ამისა, ლოცვები ღვთის ძის, იესო ქრისტეს, სახელით უნდა წარმოითქვას (იოანე 14:6). ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენს ლოცვებს თავიდან იესო ისმენს და შემდეგ გადასცემს მათ ღმერთს? არა. როდესაც იეჰოვას იესოს სახელით მივმართავთ ლოცვით, ამით გამოვხატავთ, რომ ქრისტეს მოწაფეები ვართ და გვესმის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ გაღებული გამოსასყიდის საფუძველზე შეგვიძლია ღმერთთან მიახლოება (ებრაელთა 4:14—16).

ლოცვები რწმენით უნდა იყოს წარმოთქმული. მოციქულმა პავლემ აღნიშნა: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6). როგორ გაიგოს ადამიანმა, აქვს თუ არა ასეთი რწმენა? ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, იაკობი, გვპასუხობს: „გიჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან“ (იაკობი 2:18). დიახ, რწმენა საქმეებით ვლინდება, ხოლო საქმეები კი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ გვიყვარს ღმერთი და ვცდილობთ, ვასიამოვნოთ მას.

გარდა ამისა, ღვთის თაყვანისმცემლები დაჟინებით უნდა ლოცულობდნენ. იესომ ეს აზრი გამოხატა ლუკას 11:9, 10 მუხლებში, რომლებიც ზემოთ იყო ციტირებული. როგორ ფიქრობთ, განა ის ადამიანი, რომელიც გარკვეულ საკითხს მხოლოდ ერთხელ მოიხსენიებს ლოცვაში, ნამდვილად სერიოზულადაა ამით დაინტერესებული?

რას გვპირდება ღმერთი

შეიძლება ძალიან ხშირად და გულითადადაც ვლოცულობდეთ, მაგრამ ჯერ კიდევ „საზარელი ჟამის“ დროს გვიწევს ცხოვრება (2 ტიმოთე 3:1). მართალია, იესომ უთხრა თავის მიმდევრებს, რომ ისინი ბედნიერები იქნებოდნენ, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ პრობლემებისგან გათავისუფლდებოდნენ (მათე 5:3—11). მან აღნიშნა, რომ მისი მოწაფეები სადარდებლის, შიმშილის, წყურვილისა და დევნის მიუხედავად იქნებოდნენ ბედნიერნი.

ბედნიერება, რომლის შესახებაც იესო ლაპარაკობდა, იდეალურ პირობებში ცხოვრებაზე არ არის დამოკიდებული. ეს არის შინაგანი კმაყოფილების გრძნობა, რომელიც იმიტომ გვეუფლება, რომ ღმერთს ვემსახურებით. ამიტომ, მაშინაც კი შეგვიძლია გარკვეულწილად ბედნიერებად ვიგრძნოთ თავი, როცა სირთულეებს ვაწყდებით (2 კორინთელთა 12:7—10).

პირად პრობლემებთან გამკლავება

მაშ, ღირს თუ არა ღმერთს ისეთ პირადულ საკითხებზე მივმართოთ ლოცვით, როგორიცაა მაგალითად, შესაფერისი ცხოვრების თანამგზავრის პოვნა, ან ვთხოვოთ დახმარება ოჯახურ პრობლემებთან, გაუარესებულ ჯანმრთელობასა თუ სამსახურში წარმოქმნილ რთულ მდგომარეობასთან გასამკლავებლად? ღირს, და აი რატომ: მართალია, ღმერთი არ გვპირდება ჩვენი ვითარებების სასწაულებრივად შეცვლას, მაგრამ მოგვცემს სიბრძნეს, რომელიც მათთან გამკლავებაში დაგვეხმარება. განსაცდელებთან დაკავშირებით იაკობმა დაწერა: „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა“ (იაკობი 1:5). ამგვარად, თავისი სულიწმიდის დახმარებით იეჰოვა გვიხელმძღვანელებს, ეს კი იმაში დაგვეხმარება, რომ უფრო უკეთ ჩავწვდეთ ღვთის სიტყვას და გადაწყვეტილებების მიღებისას ბიბლიური პრინციპები გამოვიყენოთ.

რასაკვირველია, ღვთის სული ჩვენ მაგივრად არ მიიღებს გადაწყვეტილებებს. ამ მხრივ პირადი ძალისხმევაა საჭირო. მაგალითად, თუკი პრობლემას ვაწყდებით, ვცდილობთ თუ არა მასში გარკვევას და შექმნილი ვითარების ყოველმხრივ გაანალიზებას? ასეთი მოქმედებით ღმერთს დავანახვებდით, რომ რწმენა გვაქვს (იაკობი 2:18). განუწყვეტლივ ვთხოვთ თუ არა ღმერთს ხელმძღვანელობას და ვცდილობთ თუ არა მთელი ძალებით ამ პრობლემის გადაჭრას? (მათე 7:7, 8). ვიკვლევთ თუ არა გულმოდგინედ ბიბლიურ პრინციპებს, რომლებიც ამ სიტუაციას მიესადაგებოდა? ღვთის სიტყვას შეუძლია ‘სრულგვყოს, [და] ყოველი კეთილი საქმისათვის განგვამზადოს’ (2 ტიმოთე 3:16, 17).

მართალია, ღმერთს შეუძლია ჩაერიოს ადამიანთა საქმეებში და ყველა პრობლემა ერთიანად მოგვიხსნას, მაგრამ ის ნების თავისუფლების გამოხატვის საშუალებას გვაძლევს. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ნების თავისუფლებას სხვების საზიანოდ იყენებს, ამიტომაც ზოგი პრობლემა, რომლის შესახებაც ვლოცულობთ, შეიძლება ღვთის ახალი ქვეყნიერების დადგომამდე არ გადაიჭრას (საქმეები 17:30, 31). შესაძლოა იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, დამნაშავეობაა გავრცელებული ან ომი მიმდინარეობს; ან შესაძლოა, მოწინააღმდეგეები რთულ მდგომარეობაში გვაგდებენ (1 პეტრე 4:4). უნდა გვესმოდეს, რომ ამ უღვთო ქვეყნიერებაში ზოგი რამ არ შეიცვლება უკეთესობისკენ.

ამისდა მიუხედავად, ღმერთს უყვარს თავისი თაყვანისმცემლები და სურს მათი დახმარება. როდესაც მისი სამეფო დედამიწაზე მმართველობას დაიწყებს — და ამას წინ ვერაფერი აღუდგება — ის მთლიანად აღმოფხვრის ყოველგვარ პრობლემას, რომლებიც კაცობრიობას ტანჯავს (გამოცხადება 21:3, 4). მანამ კი, განუწყვეტლივ უნდა ვთხოვოთ ღმერთს ხელმძღვანელობა ჩვენს ცხოვრებისეულ პრობლემებთან გასამკლავებლად. თუკი ასე მოვიქცევით, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა შეასრულებს ბიბლიაში, ესაიას 41:10-ში ჩაწერილ თავის დანაპირებს: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი“.