არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

რელიგიური ძალადობა. სტატიამ „რელიგიური ძალადობა საქართველოში — როდემდე?“ (8 თებერვალი, 2002) შემახსენა, თუ რამდენად ცვალებადია ეს მსოფლიო. ხშირად ასეთი სტატიების წაკითხვის შემდეგ საკუთარ თავს ვეკითხები: „რას ვაკეთებდი იმ დროს, როცა ეს ხდებოდა? რამდენად მტკიცე იყო ჩემი ურთიერთობა იეჰოვასთან მაშინ, როცა ჩემი საყვარელი და-ძმები ასე სასტიკად იტანჯებოდნენ?“. ძალიან გთხოვთ, გადაეცით ჩვენს და-ძმებს, რომ გვიყვარს ისინი და მათი ტკივილი ჩვენი ტკივილიცაა.

კ. ს. (შეერთებული შტატები).

როდესაც საქართველოში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის შესახებ წავიკითხე, ცრემლები ღაპაღუპით წამომცვივდა. მთელი გულით ვლოცულობ, რომ იეჰოვა დაეხმაროს მათ, დაიცვას და თავისი უზომო სიყვარული მათზე გადმოაფრქვიოს. მინდა, ჩემმა უსაყვარლესმა და-ძმებმა საქართველოში იცოდნენ, რომ მათთვის ვლოცულობ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ადგილას ვცხოვრობ, მთელი გულით გამოვხატავ მადლიერებას იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ მათთან ერთად ვემსახურები იეჰოვას.

მ. ტ. (იაპონია).

ჩვენს შეხვედრებზე ყოველკვირა მესმოდა, თუ როგორ ლოცულობდნენ გამომსვლელი ძმები სცენიდან საქართველოში მცხოვრები და-ძმებისთვის, მაგრამ სრული ინფორმაცია იქაური მოვლენების შესახებ არასოდეს მქონია. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ იქ ასე მხეცურად ეპყრობოდნენ მოწმეებს, როგორც ეს სტატიაშია აღწერილი. გთხოვთ, გადაეცით მათ, რომ მთელი მსოფლიო საძმო ლოცულობს მათთვის. ისინი ძალიან გვამხნევებენ თითოეულ ჩვენგანს, რომლებიც მათთან შედარებით გაცილებით უმნიშვნელო პრობლემებს ვხვდებით.

ვ. პ. (შეერთებული შტატები).

ჩვენი ძმების რწმენამ გული ამიჩუყა და მათი ტანჯვის შესახებ გაგონებამ ამაცრემლა. ისინი გასაოცარ სიმამაცეს, სიმტკიცესა და იეჰოვასადმი დიდ ნდობას ავლენენ. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ გააგებინებთ, რომ თანავუგრძნობ მათ და მიყვარს ისინი; ყოველთვის გავიხსენებ მათ ჩემს ლოცვებში.

ფ. ფ. (იტალია).

ოკულტიზმი. მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ გამოქვეყნებული სტატიისთვის „რა არის ცუდი ოკულტიზმში?“ (8 თებერვალი, 2002). ამ სტატიამ სურვილი გამიჩინა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მომეშორებინა თავიდან საეჭვო საგანი. მან ნამდვილად აღმძრა, უფრო მეტი წამეკითხა ბიბლიაში მოხსენიებული ეფესოს მაცხოვრებლების შესახებ, რომლებმაც დაწვეს თავიანთი ოკულტური წიგნები მიუხედავად იმისა, რომ მათი ღირებულება 50 000 ვერცხლს შეადგენდა (საქმეები 19:19). იმ ფურცლის ფასი, რომელიც სანაგვეში მოვისროლე, ვერაფრით შეედრება იეჰოვას მიერ შემოთავაზებულ საუნჯეს. გმადლობთ, რომ ყოველთვის დროულად ბეჭდავთ ასეთ სტატიებს.

ა ნ. (იაპონია).

ერთი თვის წინ მოვინათლე. ბიბლიის შესწავლამდე ხშირად მქონია შეხება სპირიტიზმთან დედაჩემის მეშვეობით, რომელიც იეჰოვას მოწმე არ არის. სტატია ძალიან დროული იყო. ახლა ვიცი, რას უნდა მოვერიდო და მთლიანად იეჰოვაზე ვარ მინდობილი. მას შემდეგ, რაც სტატია არაერთხელ გადავიკითხე და მის შესახებ ერთ ქრისტიან დასთან რამდენჯერმე ვისაუბრე, შიში ნელ-ნელა მიქრება.

ა. პ. (გერმანია).

მასწავლებლის გამოხმაურება. მე, როგორც დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო „გამოიღვიძეთ!“-ის გამომცემლებს. თქვენს საგანმანათლებლო ჟურნალს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოების ყოველმხრივ გათვითცნობიერებაში. თქვენი შესანიშნავი სტატიების საფუძველზე მე და ჩემი კოლეგები ვმართავთ საკლასო მსჯელობებს ზნეობრივი ფასეულობებისა და სოციალური პრობლემების შესახებ. „გამოიღვიძეთ!“ ხელს უწყობს პიროვნების ჩამოყალიბებას და აუმჯობესებს ჩვენი მოსწავლეების ცხოვრებას იმით, რომ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

ფ. კ. (ბრაზილია).