არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

არც ერთი წინასწარმეტყველება არ გამართლდა

როგორც გერმანული გაზეთი „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ იტყობინება, „მკითხავების, ასტროლოგებისა და ნათელმხილველების მიერ გამოთქმული წინასწარმეტყველებები არც 2001 წელს შესრულებულა“. გერმანიაში გამართულ პარანორმალური (აუხსნელი) მოვლენების შემსწავლელ მეცნიერებათა ფორუმის დამსწრე ექსპერტები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ამ წელთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები გააანალიზეს. დავიწყოთ იქიდან, რომ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო 11 სექტემბრის მოვლენებისა თუ ავღანეთის ომის განჭვრეტა. მათ ვერც გერმანიის ეკონომიკის დაღმასვლა იწინასწარმეტყველეს. პირიქით, ისინი ერთობ ოპტიმისტურად უყურებდნენ მომავალს. ერთმა ნათელმხილველმა თამამად იწინასწარმეტყველა კიდეც, რომ 2001 წელს მსოფლიოში „მშვიდობის ხანა“ დაიწყებოდა. მაშინაც კი, თუ იშვიათ შემთხვევაში ადამიანთა წინასწარმეტყველებები გამართლდება, არავის ძალუძს იმის განჭვრეტა, თუ კონკრეტულად რომელი მათგანი შესრულდება, — ნათქვამია გაზეთში და იქვე გრძელდება, — „მაგრამ ის კი ცხადია, რომ შეცდომების დაშვება ადამიანებისთვის უცხო ხილი არ არის“.

„ზუსტიცა და პოეტურიც“

ფრანგულ საბუნებისმეტყველო ჟურნალში „Terre sauvage“ ნათქვამია, რომ ბიბლია „უფრო ნაკლებად შეიცავს მოგონილ ინფორმაციას და ბევრად უფრო მეტ რეალურ ფაქტებს ასახავს, ვიდრე ადრე ფიქრობდნენ“. როგორც ისრაელში მოღვაწე ნატურალისტებმა აღნიშნეს, ბიბლია, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური ხასიათის წიგნია, „ზოოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ზუსტ მონაცემებს“ შეიცავს. ჟურნალში ნათქვამია, რომ ნატურალისტებისთვის „ფსალმუნებისა და იგავნის წიგნები ინფორმაციის ძვირფას წყაროს წარმოადგენს“, და რომ „იობის წიგნში. . . ზუსტად, მაგრამ, ამავე დროს, პოეტურად აღიწერება ნიამორის (გარეული თხის) მაკეობა, აგრეთვე გარეული ვირისა და ბეჰემოთის გავრცელების ბუნებრივი არეალი“.

„უჩვეულო წყვილი“

„მოსალოდნელია, რომ ძუ ლომსა და ორიქსის (ცხენისებრი ანტილოპების ქვეოჯახის წარმომადგენელი) ნაშიერს შორის ნებისმიერი ურთიერთობა ძალიან ხანმოკლე იქნება, ხოლო ამ უკანასკნელისთვის — სასიკვდილო“, — ნათქვამია ჟურნალ „ეკონომისტში“. მაგრამ, ჟურნალში გამოქვეყნებულ ამ სტატიას თან ახლდა ფოტოსურათი, სადაც ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდად მიწოლილი ძუ ლომი და ორიქსის ნაშიერი იყო აღბეჭდილი. სტატიაში შემდგომ ნათქვამი იყო: „ეს უჩვეულო წყვილი ორმა ფოტოგრაფმა 21 დეკემბერს კენიაში, სამბურუს ნაკრძალში აღმოაჩინა. ისინი მიჰყვებოდნენ მათ და უღებდნენ ფოტოსურათებს. . . 6 იანვრამდე, იმ დრომდე, სანამ ეს პატარა ორიქსი სხვა ლომის ლუკმად არ იქცა“. ხომ არ იყო ეს „ერთმანეთთან შეჩვევის“ ის შემთხვევა, როდესაც „ახალნამშობიარები“ დედობილი საკუთარი ნაშიერივით იღებს სხვა ცხოველს? როგორც ჩანს, არა, — ნათქვამია „ეკონომისტში“. „ამ შემთხვევის უჩვეულობაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ორიქსის დედა ცოცხალი იყო და შეეძლო ნაშიერის გამოკვება, ხოლო რაც შეეხება ძუ ლომს, ის ჯერ პატარა იყო და აშკარად ეტყობოდა, რომ ბოკვრებიც არასოდეს უშობია“. უფრო მეტიც, „ძუ ლომი მისდევდა ორიქსს უკან (როდესაც ის, მაგალითად, ძუძუს მოსაწოვად დედასთან ბრუნდებოდა), და არა პირიქით“. სტატია შემდეგი სიტყვებით მთავრდება: «ის, თუ რატომ სურდა მას ისეთი არსების „შვილება“, რაც მისთვის გემრიელი ლუკმა უნდა ყოფილიყო, ამოუცნობია».

ახალი მანქანის სინდრომი

„გამოკვლევის შედეგად. . . აღმოჩნდა, რომ ახალი ავტომობილების სალონებში გაყიდვიდან ექვსი თვის ან უფრო მეტი ხნის მანძილზე ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაცია მაღალია“, — აცხადებს ავსტრალიის სამეცნიერო და ინდუსტრიული კვლევითი ორგანიზაცია (CSIRO). ახალი მანქანების სალონები სავსეა სხვადასხვა ნივთიერებების ტოქსიკური ანაორთქლით, მათ შორის: ბენზოლის, აცეტონის, ეთილბენზოლის, -ჰექსანის, ტოლუოლისა და ქსილოლის იზომერებით — ადამიანებისთვის კი ყოველი მათგანი სახიფათოა. მძღოლები, რომლებიც ამ ქიმიურ ნივთიერებებს შეისუნთქავენ, შეიძლება თავის ტკივილმა შეაწუხოს, რული მოერიოთ და დაბნეულობა იგრძნონ; ეს ნივთიერებები, აგრეთვე, თვალების, ცხვირისა და ხორხის გაღიზიანებას იწვევს. როგორც CSIRO-ს ჰაერის შემადგენლობის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი, დ-რი სტივ ბრაუნი, ამბობს, „ახალნაყიდ მანქანაში ჯდომისას იძულებული იქნებით, იმ ჰაერით ისუნთქოთ, რომელშიც ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაცია რამდენჯერმე აღემატება ავსტრალიის ჯანდაცვისა და სამედიცინო გამოკვლევების ეროვნული საბჭოს მიერ დადგენილ ნორმებს“. ამიტომაც, შესაძლო რისკის შესამცირებლად, ბრაუნი ურჩევს ახალი ავტომობილების მფლობელებს, რომ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, „ყიდვიდან, სულ მცირე, ექვსი თვის მანძილზე მაინც, მგზავრობისას სალონი კარგად გაანიავონ ხოლმე“.