არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეალამაზეთ სახლი ახალი საღებავით

შეალამაზეთ სახლი ახალი საღებავით

შეალამაზეთ სახლი ახალი საღებავით

ახლად შეღებილი ოთახი თუ სხვა რამ ყველას ესთეთიკურ სიამოვნებას ანიჭებს. ოთახი, რომელიც მოუვლელის შთაბეჭდილებას ტოვებს ან გახუნებულია, შეღებვის შემდეგ სულ სხვა ელფერს იძენს. ხომ არ გსურთ, ერთი-ორი ოთახი თქვენც შეალამაზოთ სახლში? თუ ადრე არასოდეს გიცდიათ მსგავსი რამის გაკეთება, ახლა შეიძლება თავადვე დარწმუნდეთ, რომ შეღებვა არც იმდენად ძნელი ყოფილა, როგორც თქვენ გეგონათ!

ფერნანდომ, მისმა ცოლმა დილმამ და მათმა რვა წლის ქალიშვილმა ვანესამ სახლში რაღაც-რაღაცეების ხელახლა შეღებვა გადაწყვიტეს. მოდი ჩვენც წავიმუშაოთ მათთან ერთად. ეს უფრო დაგვაოსტატებს, რათა სხვა დროს დამოუკიდებლად შევღებოთ რამე. მაგრამ ვიდრე სამუშაო ტანსაცმელს ჩავიცვამდეთ, მოდი ჯერ ფერების შერჩევა ვისწავლოთ.

ფერების შერჩევა

საღებავის ფერის გულდასმით შერჩევა მეტად მნიშვნელოვანია. ფერი მხოლოდ სილამაზეს როდი სძენს თქვენს სახლს. მას თქვენს გუნება-განწყობილებაზეც შეუძლია გავლენის მოხდენა. ნათელი, კაშკაშა ფერები უფრო აღმგზნებად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე მაშინ, როცა რბილი და მქრქალი ფერები დამამშვიდებელია. შენობის შიდა კედლების შეღებვისას ზოგიერთი საღებავი შეიძლება მუქად გამოიყურებოდეს, მაგრამ იმავე ფერის საღებავი გარეთ შეიძლება უფრო ღია ჩანდეს. ფერნანდომ და დილმამ აკაციის ყვავილივით მოყვითალო და კრემისფერი საღებავი აირჩიეს თავიანთი სახლისთვის. ცოტა მოგვიანებით იმასაც ვნახავთ, რას შეღებავენ ამ ფერებით.

დააკვირდით ფერთა გამას, რომელიც წრის სახით არის ზემოთ მოცემული. ფერებს, რომლებიც წრეზე ზუსტად ერთმანეთის მოპირდაპირე მხარესაა, დამატებითი ფერები ეწოდება. როდესაც ეს ფერები გვერდიგვერდ იყრის თავს, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მათი სიმკვეთრე მატულობს. თუ ფერთა ისეთ შეხამებას ამჯობინებთ, რომელიც უფრო კონსერვატიული იქნება, ვიდრე ავანგარდული, მაშინ გირჩევთ, ერთი და იმავე ფერის, მაგრამ განსხვავებული ტონის, რამდენიმე ნაირსახეობა შეარჩიოთ. ფერთა ასეთ შეხამებას მონოქრომატული ეწოდება.

ვიდრე მუშაობას შეუდგებიან, ჩვენს მეგობრებს რამდენიმე კითხვა უჩნდებათ. ფერნანდოს იმის გაგება უნდა, რა სახის საღებავები დასჭირდებათ სახლისთვის, ვანესას კი აინტერესებს, საერთოდ როგორ მზადდება საღებავი. ამიტომ ურიგო არ უნდა იყოს, თუკი საღებავების დამამზადებელ ადგილობრივ ქარხანას ვეწვევით და ამ საკითხებში გარკვევას შევეცდებით.

როგორ მზადდება საღებავი

ჯერარდი, ქარხნის მესაკუთრე, თანახმაა, ექსკურსიამძღოლობა გაგვიწიოს. ერთ-ერთი პირველი, რაც ქარხანაში შესვლისას გვხვდება თვალში, უზარმაზარი სარევია, რომელიც 800 ლიტრიან კონტეინერში მოთავსებულ წებოვან მასას ატრიალებს. ხმაური რომ გადაფაროს, ჯერარდი ხმამაღლა გვეუბნება: „საღებავის დამზადება ძალიან ჰგავს ნამცხვრის გამოცხობას — ყველა საჭირო მასალა კარგად უნდა აიწონოს და მერე ერთმანეთში აირიოს“.

„მაგრამ, რა რეცეპტით ამზადებენ თანამედროვე საღებავს?“ — ვეკითხებით ჩვენ.

„არსებობს ოთხი ძირითადი ინგრედიენტი, — გვპასუხობს ჯერარდი. — ესენია: პიგმენტები, შემკვრელი და აფსკწარმომქმნელი ნივთიერებები და გამხსნელები. საღებავების ამ პარტიას, რომელსაც თქვენ ხედავთ, ტიტანორჟანგზე ვამზადებთ. ამ თეთრ პიგმენტს დედამიწის წიაღიდან მოიპოვებენ და თანამედროვე საღებავწარმოებაში ტყვიის ნაცვლად იყენებენ“. ნარევი ძალიან წააგავს ფქვილს, რომელსაც კულინარიაში ხმარობენ.

ჯერარდი განაგრძობს: „ნარევს საგულდაგულოდ ფქვავენ და მცირე რაოდენობის შემკვრელ ნივთიერებას — ამ შემთხვევაში აკრილის ფისს — უმატებენ. როდესაც საღებავის დამამზადებელი შეატყობს, რომ ნაზავი დამაკმაყოფილებელია, დანარჩენ ფისსაც დაუმატებს, შემდეგ კი — ისეთ გამხსნელებს, როგორიცაა წყალი ან ნავთობის გამოხდით მიღებული ზოგიერთი პროდუქტი. ბოლოს კი, ნარევს სპეციალური აფსკწარმომქმნელი ნივთიერებებითაც შეაზავებს“.

ჩვენ გვაინტერესებს, რა სახის საღებავი გამოგვადგება სახლისთვის. ჩვენი ექსკურსიამძღოლი გვიხსნის: „არსებობს სახლის საღებავის ორი ძირითადი ტიპი. ზეთის საღებავებში შემკვრელ ნივთიერებად სელის თესლიდან ან სოიადან მიღებული მოდიფიცირებული ზეთი გამოიყენება, წყალდისპერსიულ (ეგრეთ წოდებულ ემულსიის) საღებავებში კი — ვინილი ან აკრილის ფისები. ზეთის საღებავები ძალიან ადვილად შრება, ამიტომ მათი გამოყენება მოხერხებული იქნებოდა ისეთი რამის შესაღებად, რასაც ხშირად ეხებიან ან იყენებენ. ასეთებია მაგალითად, კარები და ხის ნაკეთობები (ფანჯრის ჩარჩოები, რაფები, პლინთუსები და სხვა). მაგრამ ზეთის საღებავი დროთა განმავლობაში ხუნდება — მოყვითალო ფერს იძენს და მყიფდება. კარგი ხარისხის ვინილისა და აკრილის საღებავები კი დიდხანს ინარჩუნებენ თავდაპირველ ფერს და არც ისე მძაფრი სუნი აქვთ. გარდა ამისა, თუ ღია ცის ქვეშ აპირებთ რაიმეს შეღებვას, ამ შემთხვევაში 100%-იანი აკრილის საღებავები გამოგადგებათ, რომლებიც უკეთ უძლებენ ავსტრალიური ზაფხულის მცხუნვარებასა თუ კანადური ზამთრის ყინვას“.

ვიმედოვნებთ, რომ დავიმახსოვრებთ, რაც ჯერარდმა გვასწავლა. მაგრამ, მას კიდევ რაღაც აქვს სათქმელი: „ორივე ტიპის საღებავს ბზინვარების ოთხი ძირითადი ხარისხით განსაზღვრავენ: მბზინვარე, პრიალა, სუსტად მბზინვარე და მქრქალი. მბზინვარე საღებავის გამოყენება უმჯობესია იქ, სადაც ზედაპირი საკმაოდ გამძლე უნდა იყოს. პრიალა კი უფრო სააბაზანოსა და შემოსასვლელ ოთახს დაამშვენებდა. სუსტად მბზინვარე ან მქრქალი საღებავები კარგია საცხოვრებელი ოთახებისთვის, ხოლო ჭერის შესაღებად ყველაზე პრაქტიკული მქრქალი საღებავია“. ჩვენ მადლობას ვუხდით ჯერარდს საგანმანათლებლო ექსკურსიისათვის და სახლში ვბრუნდებით, რათა ჩვენი სამუშაოს ყველაზე შრომატევადი ნაწილის შესრულება — დასაფარი ზედაპირის შესაღებად მომზადება — დავიწყოთ.

აუცილებელია დასაფარი ზედაპირის საგულდაგულოდ მომზადება

დასაფარი ზედაპირის წინასწარ მომზადებაზე ბევრად არის დამოკიდებული, რამდენად მიმზიდველი და გამძლე იქნება საღებავის ფენა. ამიტომ ახლა დროა, ხელები დავიკაპიწოთ და საქმეს შევუდგეთ. უფრო მეტ სასარგებლო ინფორმაციას, ალბათ, გზადაგზა გავიგებთ. ფერნანდოს ორი რამის, სასადილო ოთახისა და ეზოს ღობეს, შეღებვა აქვს განზრახული. მოდი ჯერ პირველს მოვკიდოთ ხელი.

ოთახიდან ჯერ ავეჯი გაგვაქვს, მერე კი იატაკზე ძველ ზეწრებს ვაფენთ. ახლა, პირველ რიგში, ძველი და აქერცლილი საღებავის ფენა უნდა ავფხიკოთ ფანჯრის ჩარჩოებიდან, ხის ნაკეთობებიდან და ჭერიდან. ჩვენ ფერნანდოს მივეხმარებით ამ საქმის გაკეთებაში. ყურადღება მიაქციეთ, რომ იგი იატაკის მთლიანად მოსწორებულ ზედაპირზე დგამს კიბეს. გარდა ამისა, ის არ დგება კიბის ყველაზე მაღალ საფეხურზე, საიდანაც გაცილებით დიდია გადმოვარდნის ალბათობა. მობათქაშებული კედლები საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ შეღებვამდე აუცილებელია მათი წყლითა და სარეცხი საშუალებით ჩამორეცხვა.

შემდეგ საფხეკით ნაფხვენს ვაშორებთ ბზარებიდან, რომლებიც ცოტა მოგვიანებით გრუნტით უნდა ამოივსოს. ფანჯრებისა და პლინთუსების გარშემო გაჩენილ ნაპრალებს აკრილ-გრუნტით ამოვავსებთ იმიტომ, რომ ასეთი სახის გრუნტი ელასტიკურია და ბათქაშსა და ხის ნაკეთობებს შორის მომხდარი გადაადგილებისას იგი თავის ადგილზე რჩება. ცოტა ხნის მერე, როცა ვანესა უკვე ნახმარი იარაღების რეცხვას შეუდგება, ჩვენ ზუმფარის ქაღალდით ხის ნაკეთობებსა და კედლებს დავამუშავებთ. შედეგად, დასაფარ ზედაპირს მცირე ზომის ამობურცული ადგილები მოშორდება და გაუხეშდება, რის წყალობითაც საღებავის ფენა უფრო კარგად ჩაჯდება მასში.

ჰო, მართლა! ალბათ დაგაინტერესათ, ეს სასაცილო ნიღბები რაღატომ გვიკეთია. რატომ და უსაფრთხოების მიზნით — საღებავმა და ბათქაშმა რომ ყელი არ გაგვიღიზიანოს. შესაძლოა, არც ჩვენი დამცავი სათვალეები გამოიყურებოდეს მაინცდამაინც მიმზიდველად, მაგრამ მუშაობისას, როდესაც ზემოთ გვიწევს ყურება, ისინი ჩამოცვენილი მტვრისა და ნაფხვენებისგან იცავენ ჩვენს თვალებს. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, როდესაც ტყვიის შემცველ ძველი საღებავის ფენას ვფხეკთ ზედაპირიდან (იხილეთ ამავე გვერდზე მოცემული ჩარჩო „ტყვია სახიფათოა“).

ბოლოს, მთელ ოთახს გრძელტარიანი ცოცხით მტვრისგან ვასუფთავებთ. ახლა კი, შეღებვის დაწყებამდე, საჭიროა დაუფარავი ხემასალისა და მობათქაშებულ კედლებზე გაჩენილი მცირე ღრმულების გრუნტით დაფარვა. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ საღებავის ზედა ფენა გაშრობის შემდეგ გლუვ ზედაპირიანი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოხეხვისას ან წინა შეღებვისას ხეზე გაჩენილ ღრმულებში „ჩაწვება“. აი, ახლა კი მართლა გამზადებულია ჩვენი ოთახი შესაღებად.

ღობის ხემასალა, როგორც შევნიშნეთ, მთლად შეუღებავია. ღობეს ჯერ კარგად გავწმენდთ, მერე კი ლურსმნის თავებს სპეციალურ ლითონის გრუნტს წავუსვამთ. ამით თავიდან ავირიდებთ საღებავის ფენაში ჟანგის შეჭრას. რადგან ღობე ღია ცის ქვეშაა, მას აკრილის საღებავის ორ-სამ ფენას წავუსვამთ, ამინდის არაკეთილსასურველი ზემოქმედებისგან რომ იქნეს დაცული.

მაშ ასე, მგონი დღეისთვის უკვე საკმარისია. რადგან ყველა მოსამზადებელი სამუშაო უკვე დავასრულეთ, ხვალ უშუალოდ შეღებვაზე გადავალთ.

ფუნჯებით ხელში

გუშინდელი საკმაოდ შრომატევადი მოსამზადებელი სამუშაოები დღეს ძალიან გაგვიადვილებს საქმეს. პირველ რიგში, უნდა შევამოწმოთ, რომ შეღებვის დაწყებამდე საღებავი კარგად იყოს არეული. ჩვენ უკვე გავათხელეთ აკრილის კედლის საღებავი მცირეოდენი წყლის დამატებით, რაც საღებავის მთლიანი მოცულობის სულ 5 პროცენტს შეადგენს. ეს გააადვილებს ფუნჯიდან კედელზე საღებავის გადასვლას. მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ წყალი ბევრი არ მოგვივიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მასა ძალიან გათხელდება და ახალი ფენის ქვემოდან საღებავის ძველი ფენა გამოჩნდება. კედლისა და ჭერის ნაპირებში განიერი ფუნჯის გამოყენებას ვაპირებთ. უფრო ფართო ზედაპირის შესაღებად კი გორგოლაჭიან ფუნჯს გამოვიყენებთ. ეს უფრო დააჩქარებს საქმეს *.

უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: როცა გვინდა, რომ ფუნჯს ზედმეტი საღებავი მოვაშოროთ და ამისთვის ქილას მივაწმინდოთ, ქილის კიდის ერთი ნაწილი უნდა გამოვიყენოთ, მეორე კი სუფთად დავტოვოთ, რათა ქილაზე ფუნჯის დადებისას მისი ტარი არ დაისვაროს. ასე ტარიც სუფთა იქნება და აღარც ხელებს დავისვრით. ბოლოს კი უნდა ვიმუშავოთ პრინციპით — „ზემოდან ქვემოთ“. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე კედლების შეღებვაზე გადავიდოდეთ, ჯერ ჭერი უნდა მოვრჩეთ. მერე ხის ნაკეთობებზე დაცემული საღებავის ლაქები სველი ტილოთი უნდა მოვწმინდოთ და ისინი ჩვენ მიერ შერჩეული მბზინვარე ზეთის საღებავით უნდა შევღებოთ. ყოჩაღ, ყველამ კარგად ვიმუშავეთ! ნაზი, ყვითელი ფერის კედლები და კრემისფერი ხის ნაკეთობები ლამაზად გამოიყურება.

ახლა ეზოს მესრისკენ გავწიოთ. ღობის ფიცრებზე ემულსიის საღებავის წასმას დიდი ფუნჯით ვაპირებთ. ალბათ, საკმარისი იქნება სამი ფენა. თითოეული ფენის გაშრობას სადღაც ერთ საათამდე მაინც დასჭირდება; ასე რომ, მოსაღამოვებამდე მუშაობას უნდა მოვრჩეთ. მაშ, მოდი ნუღარ დავაყოვნებთ.

თავიდან ფუნჯის წვერებს კარგად ვალბობთ წყალში და შემდეგ ხელის დაქნევით ზედმეტ წყალს ვაშორებთ. ეს აუმჯობესებს ფუნჯის შეწოვის უნარს და აღარც საღებავი ახმება ზედ. ჩვენ კარგად ვაწობთ ფუნჯს საღებავში და იმის ნაცვლად, რომ ღობის ცალკეულ ფიცრებზე მსუბუქად მოვცხოთ, კარგა გვარიანად ვუსვამთ მთელ გაყოლებაზე, სადამდეც ხელი გაგვწვდება.

აი, ეს მესმის! მესამე ფენას ზუსტად მაშინ ვრჩებით, მზე რომ ჩასვლას იწყებს. გეგონება, ღობე მთლად ახალთახალიაო! ახლა ჩვენს ნამუშევარს ვამოწმებთ. მართლაც რომ ღირდა ორი დღის ჯაფად. რა სხვანაირია ყველაფერი! ნამდვილად დიდ სიამოვნებას მიიღებთ, თუ ახალი საღებავით შეალამაზებთ სახლს.

[სქოლიო]

^ აბზ. 24 შესასვლელების, ფანჯრის ჩარჩოების ნაპირების, აგრეთვე სხვა ნაპირებისა და კუთხეების შეღებვისას ბევრი სპეციალურ, ადვილძრობად წებოვან ლენტს აწებებს, რათა საღებავის ფენა სწორხაზოვანი გამოვიდეს და ის ადგილებიც დაცული იყოს, რომლებიც შეღებვისთვის არ არის განკუთვნილი.

[ჩარჩო⁄სურათი 26 გვერდზე]

როგორ გავართვათ თავი ზოგიერთ გავრცელებულ პრობლემას

▪ ობი: დასაფარი ზედაპირი ჩამორეცხეთ მათეთრებელი ხსნარით, რომელშიც ერთ წილ ქლორკირზე ოთხი წილი წყალი მოდის. გეკეთოთ ხელთათმანები და დამცავი სათვალე. რადგან ობი უფრო ადვილად ზეთის საღებავებზე იკიდებს ფეხს, შეღებეთ კარგი ხარისხის აკრილის საღებავით. თუ ხელი მიგიწვდებათ, გამოიყენეთ სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

წყლის მიერ დატოვებული და სხვა ლაქები: შეაკეთეთ ის ადგილები, სადაც წყალი ჟონავს ან გამოარკვიეთ, რა იწვევს სხვა ლაქების გაჩენას და მიიღეთ ზომები. ჩამორეცხეთ ზედაპირი სარეცხი საშუალებითა და წყლით. წაუსვით ლაქების საწინააღმდეგო საშუალება ან შელაკი, შემდეგ კი — გრუნტი.

ფხვიერი ზედაპირი: კარგად გაწმინდეთ მტვრისგან. წაუსვით ძნელად შრობადი გრუნტის ფენა. წყალდისპერსიულთან შედარებით, ზეთოვანი საგრუნტავი მასალა უფრო ადვილად შეიწოვება და უფრო კარგად აწებებს ადვილად შლად ნაწილაკებს.

[ჩარჩო 26 გვერდზე]

ტყვია სახიფათოა

ავსტრალიის გარემოს დაცვის სამმართველო შემდეგ რჩევებს გვაძლევს ბროშურაში „ერიდეთ ტყვიას, თუ სახლს ღებავთ“.

▪ სისხლში ტყვიის შედარებით უმნიშვნელო რაოდენობით მოხვედრამაც კი შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ბავშვის გონებრივი განვითარება და არაკეთილსასურველი გავლენა იქონიოს მის საქციელზე.

▪ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები განსაკუთრებული რისკის წინაშე დგანან იმიტომ, რომ მათი ნერვული სისტემა ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია. ბავშვების სისხლი ორგანიზმში მოხვედრილი ტყვიის 50 პროცენტს მაინც შეიწოვს, მოზარდებისა კი — დაახლოებით 10 პროცენტს.

▪ ბავშვმა ცერა თითის ფრჩხილის ოდენა ანაქერცლიც რომ შეჭამოს ტყვიის შემცველი საღებავის ფენისა, მის სისხლში ტყვიის შემცველობა მნიშვნელოვნად იქნება მომატებული რამდენიმე კვირის განმავლობაში.

[სურათი 25 გვერდზე]

ფერთა გამა

[სურათი 25 გვერდზე]

საღებავის დამამზადებლის „სამზარეულო“

[სურათი 26 გვერდზე]

მოირგეთ დამცავი საშუალებები უსაფრთხოების მიზნით.