რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
ნუ დაითვლით ცხვრებს!
როგორც ჟურნალი „ნიუ საიენტისტი“ იუწყება, ქრონიკული უძილობა მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ყოველ მეათე ადამიანს აწუხებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უძილობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეები და უძილობითვე გამოწვეული უბედური შემთხვევები მხოლოდ შეერთებული შტატების ეკონომიკას ყოველწლიურად 35 მილიარდი ამერიკული დოლარით აზარალებს. რა უნდა გააკეთონ უძილობით გატანჯულმა ადამიანებმა, დაძინება რომ გაუადვილდეთ? ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სამ ჯგუფად დაყვეს ადამიანები, რომლებსაც უძილობა სჭირდათ. პირველ ჯგუფს სთხოვეს, ლამაზი პეიზაჟები წარმოედგინათ — მაგალითად ჩანჩქერი ან სხვა ადგილი, სადაც სიამოვნებით გაატარებდნენ შვებულებას. მეორე ჯგუფს გონებაში ცხვრების დათვლა დაავალეს, ხოლო მესამე ჯგუფის წევრებს ნება დართეს, თავისი ნებისამებრ მოქცეულიყვნენ. მეორე და მესამე ჯგუფებს ჩვეულებრივზე ცოტა მეტი დრო დასჭირდათ, რომ ჩასძინებოდათ, ხოლო პირველ ჯგუფს ჩვეულებრივზე 20 წუთით ადრე ჩაეძინა. როგორც მკვლევართა ჯგუფის წევრმა, ელისონ ჰარვიმ, თქვა, ცხვრების დათვლა ეფექტური არ არის იმიტომ, რომ „ეს პროცესი ნამეტანი მომაბეზრებელია და კაცს ყოველდღიურ სადარდებელს ვერ ავიწყებს“.
უთანასწორობა მომხმარებელთა შორის
როგორც პუბლიკაცია „მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობა 2001 წელს“ გვატყობინებს, დედამიწის მოსახლეობის 20 პროცენტი, ამჯერად, მთელი მსოფლიო პროდუქციისა თუ მომსახურების სხვადასხვა სფეროს 86 პროცენტს იყენებს. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ წარმოდგენილი ანგარიში გვაფრთხილებს, რომ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას შორის „უდიდესი უფსკრული არსებობს მოხმარებაში“. მაგალითად, „განვითარებულ ქვეყანაში დღეს დაბადებული ერთი ბავშვი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე უფრო მეტ პროდუქციას მოიხმარს და უფრო მეტად დააბინძურებს გარემოს, ვიდრე განვითარებად ქვეყანაში დაბადებული 30—50 ბავშვი ერთად. დედამიწის მოსახლეობის მეხუთედი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობს, ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირორჟანგის ნახევარზე მეტს წარმოქმნის მაშინ, როცა მოსახლეობის სხვა უღარიბესი მეხუთედი — მხოლოდ სამ პროცენტს“, — ნათქვამია ანგარიშში. გარდა ამისა, მდიდარ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს თავისი ცხოვრების წესის გამო ნაყოფიერი მიწების თუ ზღვის თითქმის ოთხჯერ მეტი ფართობი ესაჭიროება, ვიდრე განვითარებულ ქვეყანაში მცხოვრებს.
ივარჯიშეთ ზომიერად
„კვირაში სამჯერ 30 წუთით ან ერთი საათით გავარჯიშება (ნელი სირბილი, ველოსიპედით სეირნობა ან ცურვა) სასარგებლოა ორგანიზმისთვის“, — ნათქვამია ფრანგულ ყოველკვირეულ ჟურნალ „ექსპრესში“. მაგრამ თუ გინდათ, რომ თქვენს ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ დაემუქროს, უკიდურესობაში ნუ გადავარდებით. გადამეტებულმა ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს სახსრების დასუსტება, ხრტილების დაშლა, მალთაშუა დისკოს ამოვარდნა, ძვლებზე პატარა ბზარების გაჩენა, წნევის აწევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლილობა, ძვლის ნაადრევი გამეჩხერება და თვით გულის შეტევაც კი. „ფიზიკური გადატვირთვის გამო საფრანგეთში ყოველწლიურად საუკეთესო ფორმაში მყოფი 1 500 სპორტსმენი იღუპება მოულოდნელად“, — იუწყება „ექსპრესი“. პარიზის პიტიე-სალპეტრიერის საავადმყოფოს თანამშრომელი, სპორტული მედიცინის სპეციალისტი, დოქტორი სტეფანი კასკუა ასეთ რჩევას აძლევს იმ მოვარჯიშეებს, რომლებიც მხოლოდ შაბათ-კვირა ახერხებენ ვარჯიშს და ხშირად საავადმყოფოში უწევთ მოსვლა ძალების აღსადგენად: „ივარჯიშეთ რეგულარულად, მაგრამ გულ-სისხლძარღვთა სისტემას ნუ დატვირთავთ მისი მაქსიმალური შესაძლებლობის დაახლოებით 75 პროცენტზე მეტად“.
ზღვის ბინადართ ხმაური აწუხებთ
„სულ უფრო და უფრო მატულობს შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ვეშაპებისთვის, დელფინებისთვის და ზღვის სხვა ძუძუმწოვრებისთვის ოკეანე მოგუგუნე, მოზუზუნე და თავგზაამბნევ ადგილად იქცა“, — იუწყება ლონდონში გამომავალი გაზეთი „ინდეპენდენტი“. მკვლევარებმა, რომლებიც ბაჰამის კუნძულებზე გამორიყული ექვსი ვეშაპისა და ერთი დელფინის სიკვდილის მიზეზს იკვლევდნენ, დაადგინეს, რომ ეს ცხოველები ტვინში სისხლის ძლიერ ჩაქცევას ემსხვერპლნენ. მკვლევარები ეჭვობენ, რომ სისხლჩაქცევა ახლომახლო მყოფი სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემებიდან ჰიდროლოკატორით გაგზავნილმა ბგერითმა სიგნალებმა გამოიწვია. სატვირთო და სამგზავრო გემები, ღია ზღვაში აგებული კონსტრუქციები, ძრავიანი ნავები და რეაქტიული კატერები კიდევ უფრო ზრდიან ზღვის ძუძუმწოვრებისადმი მიყენებულ ზიანს, რომლებზეც ადამიანებთან შედარებით ბგერათა გაცილებით უფრო ფართო დიაპაზონი ახდენს გავლენას. „როდესაც ვეშაპები და დელფინები ყვინთავენ, ფილტვებში დაგროვილი ჰაერი ზეწოლას განიცდის და სხეულში არსებულ ღრუებში ინაცვლებს, — განმარტავს გაზეთი. — ღრუებში გამომწყვდეული ჰაერის ბუშტულები დაახლოებით 25-ჯერ ზრდის ბგერითი ტალღების ძალას, რაც . . . ქსოვილის დიდი უბნების დაზიანებას იწვევს, და ეს ხდება გაცილებით დაბალი ბგერითი ტალღების გაძლიერების შედეგად და ზღვის გაცილებით დიდ უბანზე, ვიდრე ამას წარმოიდგენდნენ“. ზღვის ხმაური «კომუნიკაციასაც უშლის ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვეშაპებსა და დელფინებს უფრო ხმამაღლა მოუწევთ „ლაპარაკი“, — ამბობს მკვლევარი დაგ ნოუაჩეკი. — ეს მათ შეხვედრასა და დაწყვილებაში შეუშლის ხელს და თუ ისინი სმენას დაკარგავენ, გადაადგილებასაც ვეღარ შეძლებენ».