არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თუ უსაფრთხოდ მგზავრობა გსურთ

თუ უსაფრთხოდ მგზავრობა გსურთ

თუ უსაფრთხოდ მგზავრობა გსურთ

ზოგს შეიძლება ძალიან აშინებდეს დედამიწის ზემოთ 11 000 კილომეტრზე ფრენა. მათი აზრით, ასეთი რამ ადამიანისთვის თითქოს არაბუნებრივია. რადგან ავიატრანსპორტით უსაფრთხოდ და საიმედოდ მგზავრობის უზრუნველსაყოფად ახალი, გაცილებით უფრო მკაცრი ზომები მიიღეს, ამ ფოლადის თხელი მილებისგან შედუღებული საფრენი აპარატის კორპუსით ჰაერში სწრაფი სიჩქარით გადაადგილების საფრთხე მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. მაგრამ მწარე სინამდვილე იმაზე მეტყველებს, რომ ავიაკატასტროფები დროდადრო მაინც შეიძლება მოხდეს.

შიშის დაძლევა

რეალური საფრთხის მიუხედავად, ადამიანებს ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ჰქონდათ ფრენის სურვილი. ქრისტემდე ათი საუკუნით ადრე მეფე დავითმა დაწერა: „ვინ მომცემს ფრთას, ვითარცა მტრედს? გავფრინდებოდი და დავბინავდებოდი“ (ფსალმუნი 54:7). როგორც დავინახეთ, თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით თვითმფრინავი გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საშუალება გახდა. მართალია, საჰაერო ტრანსპორტი სრულყოფილი არ არის, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში არაფერია სრულიად უსაფრთხო ან პროგნოზირებადი.

მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს ამის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვას ვერ ვანდობთ საკუთარ თავს. ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, თავად აკონტროლოს სიტუაცია, მით უფრო მშვიდად იგრძნობს თავს. ასეთ ადამიანებს შეიძლება ძალიან გაუჭირდეთ ისეთ სიტუაციაში ყოფნა, როდესაც მათზე ძალიან ცოტა რამ ან საერთოდ არაფერია დამოკიდებული. საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობა სწორედ რომ ასეთ შემთხვევას განეკუთვნება.

მართალია დღესდღეობით ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ მგზავრებმა უფრო უსაფრთხოდ იმგზავრონ ავიატრანსპორტით, მაგრამ ეს არ იძლევა უსაფრთხოების სრულ გარანტიას. პოტენციური საშიშროების მინიმუმამდე შემცირებას შეიძლება ხელი შეუწყოს ყველაფერმა, რაც ფრენასთან არის დაკავშირებული. მთავრობის წარმომადგენლები დღემდე იძლევიან გაფრთხილებას მოსალოდნელი საშიშროებების შესახებ. ბრძნულ ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს“ (იგავნი 22:3). გონივრულია იმის აღიარება, რომ პრაქტიკულად ნებისმიერ საქმიანობას ახლავს თან გარკვეული რისკ-ფაქტორი. კარგია, თუ ამ საკითხსაც ასეთივე სწორი თვალსაზრისით მივუდგებით და ყოველთვის გვემახსოვრება, რომ, როგორც სხვა შემთხვევებში, თვითმფრინავით ფრენის დროსაც საჭიროა წინდახედულობის გამოვლენა და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

ისინი, ვინც ხშირად მგზავრობენ თვითმფრინავით, უფრო კარგად არიან მომზადებული ასეთ კრიტიკულ დროს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს იმით აიხსნება, რომ სხვა მგზავრებთან შედარებით ისინი უფრო კარგად იცნობენ აეროპორტებსა და თვითმფრინავებს. თქვენც შეგიძლიათ ასეთივე ცოდნის მიღება და სიმშვიდის შენარჩუნება, თუ ამ სტატიის თანმხლებ ჩარჩოებში ჩამოთვლილ რჩევებს გაითვალისწინებთ.

მღელვარების გარეშე მგზავრობა

თუმცა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკონტროლო-გამშვები პუნქტის მომსახურება აუცილებელია, ზოგი მგზავრი — განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ჩქარობენ — კონტროლის გავლას ზედმეტ ფორმალობად მიიჩნევენ. თუ მხედველობაში მიიღებთ იმ ფაქტს, რომ აეროპორტების უმეტესობაში უსაფრთხოებისთვის უფრო მკაცრი ზომები მიიღეს, ალბათ, კონტროლის უფრო იოლად გასავლელად, შემდეგი რჩევების გათვალისწინებას მოისურვებთ:

▪ ადრე მობრძანდით აეროპორტში. თუ ზედმეტი დრო გექნებათ, არ იჩქარებთ, მოეშვებით და თავს აარიდებთ სტრესს, რომელიც შეიძლება მოულოდნელობამ ან რთულმა სიტუაციამ გამოიწვიოს.

▪ ისეთი ავიაკომპანია აირჩიეთ, რომელიც, ძირითადად, საქმიან ხალხს ემსახურება. ასეთ ადამიანებს მგზავრობის გამოცდილება, ცოტა ბარგი და სწრაფად გადაადგილების სურვილი აქვთ.

▪ სანამ ლითონის აღმომჩენი დეტექტორის კარებში გაივლიდეთ, გათავისუფლდით ისეთი ნივთებისგან, რომელთა გამოც შეიძლება საგანგაშო სიგნალი ჩაირთოს. ასეთ ნივთებში შედის გასაღებები, მონეტები, ძვირფასეულობა და მობილური ტელეფონი. მიეცით ისინი მომსახურე პერსონალიდან ვინმეს.

▪ ჩანთები და ხელბარგი ვერტიკალურად დააწყვეთ ტრანსპორტიორზე. თუ მომსახურე პერსონალი რენტგენული დანადგარის მეშვეობით მონიტორის ეკრანზე გაურკვეველ გამოსახულებებს დაინახავს, შეიძლება გთხოვონ, რომ გახსნათ ჩანთა ან ხელახლა გაატაროთ ის ამ დანადგარში.

▪ თუ თან მიგაქვთ რაიმე განსაკუთრებული ნივთი, რომელმაც შეიძლება ყურადღება მიიქციოს, მაგალითად ბებიის ნაქონი ძველებური ვერცხლის მანდოლინა, წინასწარ აცნობეთ ამის შესახებ საავიაციო უშიშროების სამსახურის მუშაკებს. ამგვარი შეტყობინების შემთხვევაში ეკრანზე გამოსახული უჩვეულო კონტურები არ გამოიწვევს ეჭვს და უფრო მეტი ალბათობაა, რომ მომსახურე პერსონალი არ დაიჟინებს მის შემოწმებას. თუ მართლა ძალიან გეჩქარებათ, წინასწარ ამოიღეთ ასეთი ნივთი ჩანთიდან, რათა ხელით შეამოწმონ.

▪ საგანგაშო სიგნალის ჩართვის შემთხვევაში გამოავლინეთ თანამშრომლობის სული და უმალვე ახსენით ამის მიზეზი. თუ საავიაციო უშიშროების სამსახურის მუშაკმა იცის, რომ სიგნალი განსაზღვრული ნივთის გამო ჩაირთო და მას ჰყავს დამხმარე პირი, რომელსაც სპეციალური ხელის დეტექტორი აქვს, მასთან გაგაგზავნით.

▪ უეჭველად დაიგვიანებთ რეისზე, თუ თვითმფრინავის გატაცებაზე ან ბომბის დადებაზე იხუმრებთ. გარდა იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში საავიაციო უშიშროების მომსახურე პერსონალი მკაცრად შეგამოწმებთ, შეიძლება ბოროტმოქმედებაშიც დაგადანაშაულონ და სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც კი გადაგცენ.

კეთილ მგზავრობას გისურვებთ!

შესაძლებელია თვითმფრინავით უსაფრთხოდ მგზავრობა? შეიძლება ითქვას, რომ დიახ. იმის მიუხედავად, თუ რომელ ავიაკომპანიას აირჩევთ, დიდია იმის ალბათობა, რომ დანიშნულების ადგილამდე მშვიდად და უვნებლად ჩახვალთ. თუ რომელიმე ავიაკომპანიის საიმედოობაში ეჭვი გეპარებათ, შეამოწმეთ ამ კომპანიის თვითმფრინავების უსაფრთხოდ ფრენასთან დაკავშირებული მონაცემები. გახსოვდეთ, რომ ავიაკატასტროფების მიუხედავად, საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობა გადაადგილების ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საშუალებად ითვლება.

დღესდღეობით კი თითოეული ჩვენგანი ველოდებით იმ დროს, როცა ღვთის მმართველობის პერიოდში მთელ დედამიწაზე მშვიდობა და უსაფრთხოება დაისადგურებს; მაშინ ყველაფერი სანდო იქნება. ღვთისმოშიშ და მშვიდობისმოყვარე ადამიანებისგან შემდგარ ოჯახში აღარ იარსებებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან ვინმეს სიცოცხლეს. მაშინ ყველა „უსაფრთხოდ იცხოვრებს და უბედურების შიში არ ექნებათ“ (იგავნი 1:33, „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“) *.

[სქოლიო]

^ აბზ. 19 ამავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ სტატიები: „უფრო უსაფრთხოდ მგზავრობა თვითმფრინავით“ 2000 წლის 22 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში (რუს.); „უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!“ 2000 წლის 8 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში (რუს.); „როგორ დაფრინავენ ისინი ჰაერში?“ 1999 წლის 8 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში (რუს.); „რამდენად უსაფრთხოა თვითმფრინავით მგზავრობა?“ 1999 წლის 8 მარტის „გამოიღვიძეთ!“-ში (რუს.); „ხომ არ მიგაჯაჭვათ მიწას ფრენის შიშმა?“ 1990 წლის 8 ივლისის „გამოიღვიძეთ!“-ში (რუს.).

[ჩარჩო⁄სურათი 10, 11 გვერდებზე]

რამდენიმე რჩევა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

არჩიეთ პირდაპირი რეისები. ავიაკატასტროფათა უმეტესობა ხდება თვითმფრინავის აფრენის, სიმაღლის აღების, დაშვებისა და დაფრენის დროს. პირდაპირი რეისით ფრენის დროს ნაკლებად ხდება ამ ყველაზე სარისკო ფაზებში მოხვედრა.

უპირატესობა მიანიჭეთ უფრო დიდ თვითმფრინავებს. თვითმფრინავს, რომელსაც 30-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი აქვს, ჩვეულებრივ, მასზე პატარა მოცულობის თვითმფრინავთან შედარებით, უფრო მაღალი მოთხოვნების გათვალისწინებით აწყობენ და გაცილებით მკაცრ კონტროლს უქვემდებარებენ. გარდა ამისა, სერიოზული ავარიის შემთხვევაში, რაც თითქმის გამორიცხულია, უფრო დიდი თვითმფრინავი უკეთესადაა აღჭურვილი მგზავრების გადასარჩენად.

ყურადღება მიაქციეთ აფრენისწინა ინსტრუქტაჟს. შესაძლოა, ფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია გაუთავებლად მეორდება, მაგრამ ის საყურადღებოა, რადგან უახლოესი საავარიო გასასვლელების მდებარეობა სხვადასხვა თვითმფრინავში შეიძლება განსხვავებული იყოს, თანაც თქვენი დასაჯდომი ადგილიც უნდა იქონიოთ მხედველობაში.

ზედა შესანახ სათავსში არ შეაწყოთ მძიმე საგნები. ჰაერის ტურბულენტურ ნაკადში მოხვედრისას ზედა შესანახმა სათავსმა შეიძლება ვერ გაუძლოს მძიმე საგნებს, ამიტომ თუკი ისეთი ბარგი მიგაქვთ, რომლის აწევა და სათავსში შედება გაგიჭირდებათ, წინასწარ ჩააბარეთ.

სალონში ჯდომისას უსაფრთხოების ქამარი შეკრული გქონდეთ. შეკრული ქამარი უკეთ დაგიცავთ, თუკი თვითმფრინავი მოულოდნელად ჰაერის ტურბულენტურ ნაკადში აღმოჩნდება.

მოუსმინეთ ბორტგამყოლებს. ბორტგამყოლები, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების დაცვის გამო აცილებენ თვითმფრინავს. ასე რომ, თუკი რომელიმე მათგანი რაიმეს გაკეთებას გთხოვთ, ჯერ გააკეთეთ ეს და კითხვები მერე დაუსვით.

არ წაიღოთ სახიფათო საგნები, მასალები და ნივთიერებები. არსებობს საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი იმ სახიფათო საგნებისა თუ ნივთიერებებისა, რომელთა გატანაც აკრძალულია, თანაც საღმა აზრმაც უნდა გიკარნახოთ, რომ დაუშვებელია თვითმფრინავით ბენზინის, კოროზიის გამომწვევი ნივთიერებების, მომწამლავი გაზებისა თუ სხვა მსგავსი რამის წაღება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც ავიაკომპანია ამის ნებართვას იძლევა და ეს ნივთიერებები სათანადო კონტეინერით იგზავნება.

ნუ მიეძალებით ალკოჰოლს. ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი ჰაერში უფრო მალე მოგეკიდებათ, ვიდრე ხმელეთზე. ზომიერება ყველგან და ყველაფერში გამოგადგებათ.

ფხიზლად იყავით. ნაკლებად სარწმუნოა, რომ ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ მაინც გახსოვდეთ: ავარიული სიტუაციის შექმნისას, როდესაც საჭირო ხდება მგზავრების სასწრაფო ევაკუაცია, აუცილებლად მიჰყევით ბორტგამყოლისა და ეკიპაჟის წევრების მითითებებს და რაც შეიძლება მალე დატოვეთ თვითმფრინავი.

[საავტორო უფლება]

წყარო: AirSafe.com

[ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]

დაამშვიდეთ ოჯახის წევრები

თუკი სამგზავროდ ემზადებით, აქ მოცემული რჩევები ოჯახის წევრების დამშვიდებაში დაგეხმარებათ. აღებულია წყაროდან: United Behavioral Health Web site

დაელაპარაკეთ ოჯახის წევრებს. გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე გამონახეთ დრო, რომ საყვარელ ადამიანებს თქვენი და მათი უსაფრთხოების შესახებ დაელაპარაკოთ. ესაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა უსაფრთხოების ახალი ზომებია მიღებული აეროპორტებში და აუხსენით, როგორ შეუწყობს ეს ხელს თქვენს უსაფრთხო მგზავრობას.

მიეცით მათ თავიანთი განცდების გამოხატვის საშუალება. არ შეუშალოთ ხელი ოჯახის წევრებს თავიანთი წუხილის გამოთქმაში. მათ უყვარხართ და თქვენი უსაფრთხოება აღელვებთ. ყურადღებით მოუსმინეთ და არ განსაჯოთ ისინი მათი განცდების გამო. სერიოზულად შეხედეთ იმას, რაც მათ ასე აშინებთ და აღელვებთ.

გულწრფელად დაამშვიდეთ. დაელაპარაკეთ იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს სხვადასხვა სააგენტო ტერორისტული აქტების თავიდან აცილებას. ისინი უსაფრთხოების უფრო მკაცრ ზომებს იღებენ არა მხოლოდ აეროპორტებში, არამედ თვითმფრინავშიც. ამიტომაც, იმის ალბათობა, რომ თვითმფრინავში რაღაც დაგემართებათ, ძალიან მცირეა.

არ დაკარგოთ კონტაქტი. შეჰპირდით, რომ ჩასვლისთანავე დაურეკავთ. სისტემატურად შეეხმიანეთ ხოლმე მათ, სანამ სახლიდან შორს იქნებით. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებმა იცოდნენ, როგორ დაგიკავშირდნენ საგანგებო სიტუაციის შექმნისას.

[საავტორო უფლება]

აღებულია წყაროდან: United Behavioral Health Web site

[სურათები 10 გვერდზე]

მზად იყავით, ითანამშრომლოთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ მომსახურე პერსონალთან.