არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ავტომობილი გუშინ და დღეს

ავტომობილი გუშინ და დღეს

ავტომობილი გუშინ და დღეს

სატრანსპორტო საშუალებებისადმი ცხოველი ინტერესი ადამიანს უხსოვარი დროიდან მოჰყვება. თავდაპირველად იგი პირუტყვს იყენებდა გადასაადგილებლად. მაგრამ მას გადაადგილების უფრო მოხერხებული და სწრაფი საშუალება ესაჭიროებოდა. ამ მხრივ, გარდამტეხი აღმოჩნდა ბორბლის გამოჩენა. მისი წყალობით შესაძლებელი გახდა ორთვალა ურმებისა და ეტლების აწყობა, რომლებშიც ცხენები იყვნენ შებმული. მაგრამ XIX საუკუნის ტექნიკურმა მიღწევებმა სატრანსპორტო საშუალებებში ძირეული ცვლილება მოახდინა — თანაც ისეთი, მანამდე რომ აზრად არავის მოუვიდოდა.

გაუმჯობესებული ძრავები

XIX საუკუნის მეორე ნახევარში, გერმანელმა კონსტრუქტორმა, ნიკოლაუს ავგუსტ ოტომ, გაზზე მომუშავე ოთხტაქტიანი ძრავა ააწყო, რომელმაც თანდათანობით ორთქლზე და ელექტრობაზე მომუშავე ძრავები შეცვალა. გერმანელი კარლ ბენცი და გოთლიბ დაიმლერი ევროპული ავტოინდუსტრიის პიონერები გახდნენ. 1885 წელს ბენცმა ორტაქტიანი და ერთცილინდრიანი ძრავის მქონე სამთვლიანი ავტომობილი შექმნა. ძრავის ლილვის ბრუნვათა რიცხვი წუთში 250-ს აღწევდა. 1872 წლიდან მოყოლებული დაიმლერი სტაციონარული, გაზზე მომუშავე ძრავების შექმნაზე მუშაობდა. ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ კი, ვილჰელმ მაიბახთან ერთად, მან შექმნა სწრაფად მბრუნავი ლილვის მქონე შიგაწვის ძრავა, რომელსაც კარბიურატორი ეყენა. სწორედ კარბიურატორის წყალობით გახდა შესაძლებელი საწვავად ბენზინის გამოყენება.

მალე დაიმლერმა და მაიბახმა ააწყვეს ძრავა, რომელშიც ლილვის ბრუნვათა რიცხვი წუთში 900-ს აღწევდა. მოგვიანებით მათ მეორე ძრავაც ააწყვეს, რომელიც ველოსიპედზე დააყენეს და პირველად 1885 წლის 10 ნოემბერს გამოსცადეს. 1926 წელს დაიმლერისა და ბენცის კომპანიები გაერთიანდნენ და დაიწყეს „მერსედეს-ბენცის“ მოდელის ავტომობილის წარმოება და გაყიდვა *. საინტერესოა, რომ ეს ორი მამაკაცი არასოდეს შეხვედრია ერთმანეთს.

1890 წელს ორმა ფრანგმა კონსტრუქტორმა, ემილ ლევასორმა და რენე პანარმა, ააწყვეს ოთხთვლიანი ავტომობილი, რომელსაც ძრავა შასის ცენტრში ჰქონდა მოთავსებული. მომდევნო წელს მათ ძრავა მოათავსეს ავტომობილის წინა ნაწილში, სადაც ის უფრო საიმედოდ იყო დაცული მოუკირწყლავი ქუჩების მტვრისა და ტალახისაგან.

ავტომობილი უფრო ხელმისაწვდომი ხდება

პირველი ავტომობილები საკმაოდ ძვირი ჯდებოდა და ხალხის უმრავლესობას მათზე ხელი არ მიუწვდებოდა. მდგომარეობა 1908 წელს შეიცვალა, როცა ჰენრი ფორდმა საამწყობო კონვეიერში ავტომობილ „ფორდ-T“-ს სერიული წარმოება დაიწყო. ამ მოდელს მოფერებით „თუნუქის ლიზიკოს“ უწოდებდნენ. მისი გამოჩენა გარდამტეხი აღმოჩნდა ავტოინდუსტრიაში. ავტომანქანა არც თუ ისე ძვირი ჯდებოდა და ადვილი მოსავლელი იყო, თანაც მრავალი დამხმარე ფუნქცია ჰქონდა. მისი ყიდვა მცირე შემოსავლის მქონე ოჯახებსაც კი შეეძლოთ *. როგორც წიგნ „XX საუკუნის დიდებულ ავტომობილებში“ ვკითხულობთ, სწორედ «„ფორდ-T“-ს დამსახურებაა, რომ ამერიკა და მერე მთელი მსოფლიო ბორბლებზე შედგა».

ახლა, თითქმის საუკუნის შემდეგ, ავტომანქანას ბევრი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ატრიბუტად თვლის და არა — ფუფუნების საგნად. როგორც ლონდონში გამომავალ ყოველდღიურ გაზეთ „ინდეპენდენტში“ იყო ნათქვამი, თურმე ხალხი, ზოგჯერ ერთი კილომეტრის მანძილზეც კი, ფეხით სიარულს ავტომანქანით გამგზავრებას ამჯობინებს.

ტექნიკის წინსვლამ არა მარტო დააჩქარა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება, არამედ უფრო უსაფრთხოც გახადა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ზოგ ქვეყანაში საგრძნობლად შემცირდა ავტოკატასტროფაში დაღუპულთა რიცხვი. ავტომობილის ყიდვისას ზოგი მის უსაფრთხოებას უფრო დიდ ყურადღებას აქცევს, ვიდრე — სილამაზეს. მაგალითად, საგრძნობლად გაუმჯობესდა ავტომობილის ძარის სხვადასხვა ნაწილში განლაგებული აბსორბციის ზონები. შეჯახებისას ეს ზონები დეფორმაციას განიცდის და დარტყმის ძალას ამცირებს; უშუალოდ მძღოლისა და მგზავრების სათავსის გარშემო არსებული უფრო მყარი კარკასი კი, ამ დროს, ეგრეთ წოდებულ დამცველ ზღუდეს ქმნის. სამუხრუჭე სისტემის ანტიბლოკირება აადვილებს მოლიპულ გზაზე ავტომობილის მართვას. უსაფრთხოების სამმაგი ქამარი, რომელიც სამგან აქვს მგზავრს გადაჭერილი, შეჯახებისას გულმკერდის არესა და ბარძაყებს იცავს დაზიანებისგან, პნევმატიკური ჰაერის ბალიშის დანიშნულება კი ის არის, რომ თავი საჭეზე ან ხელსაწყოთა დაფაზე მირტყმისგან დაიცვას *.

რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისთვის უმთავრესი მაინც საგზაო მოძრაობის წესების დაცვაა და მას სხვა ვერაფერი შეცვლის. „უფრო უსაფრთხოც რომ გავხადოთ მანქანები, ეს ბევრს ვერაფერს გვარგებს, თუ საგზაო მოძრაობის წესებს არ დავიცავთ; რაც უნდა თანამედროვე და გაუმჯობესებული იყოს უსაფრთხოების სისტემა, ის ვერ შეგვინარჩუნებს სიცოცხლეს, თუ ჩვენ უგულებელვყოფთ ფიზიკურ კანონებს“, — ნათქვამია მეხიკოში გამომავალ გაზეთ „ეკონომისტაში“.

ზოგი თანამედროვე ავტომობილი მოარულ სახლს წააგავს. მათში დამონტაჟებულია კომპაქტ-დისკის პლეიერი, ტელევიზორი, ტელეფონი, აგრეთვე ხმის სიმაღლისა და ტემპერატურის მარეგულირებელი ღილაკები სალონის წინა და უკანა ნაწილში. ზოგიერთი ავტომანქანა აღჭურვილია ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური სისტემით. დედამიწის თანამგზავრთან დაკავშირებული ეს სისტემა მძღოლებს საშუალებას აძლევს, დანიშნულების ადგილამდე მიმყვანი ყველაზე მოხერხებული მარშრუტი აირჩიონ. არსებობს ისეთი მოწყობილობებიც, რომლებიც მძღოლებს ახალ-ახალ ინფორმაციას აწვდიან გზებზე შექმნილი დაბრკოლებების შესახებ. ბევრს, რაღა თქმა უნდა, პრესტიჟად მიაჩნია ყველაზე თანამედროვე მოწყობილობებისა და ავტომობილის ბოლო მოდელის შეძენა. ავტომწარმოებლები და სარეკლამო სააგენტოები კი ამ ტენდენციას მოხერხებულად იყენებენ სათავისოდ.

როგორც ვნახეთ, საუკუნეზე მეტი ხნის წინათ მისი პირველი გამოჩენიდან დღემდე, ავტომობილმა გაუმჯობესებისა და სრულყოფის გრძელი გზა განვლო. ვინც გონივრულად გამოიყენებს და უსაფრთხოების წესებსაც დაიცავს, მისთვის ავტომობილი ფასდაუდებელი „ამხანაგი“ იქნება როგორც კომერციულ საქმიანობაში, ისე მოგზაურობისას.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 დაიმლერის მთავარმა ინვესტორმა, ემილ იელინეკმა, წინადადება წამოაყენა, რომ ავტომობილების ამ ახალი სერიისთვის მისი ქალიშვილის სახელი, მერსედესი, ეწოდებინათ. იგი შიშობდა, რომ გერმანული გვარი, დაიმლერი, საფრანგეთში არ მიიზიდავდა მყიდველებს.

^ აბზ. 8 „ფორდ-T“ თავდაპირველად 850 ამერიკული დოლარი ღირდა, მაგრამ 1924 წლისთვის ფორდის ახალი მოდელის ყიდვა სულ რაღაც 260 დოლარად შეიძლებოდა. „ფორდ-T“-ს მოდელის ავტომობილის წარმოება 19 წელი გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში 15 მილიონზე მეტი ავტომანქანა იქნა გამოშვებული.

^ აბზ. 10 პნევმატიკური ჰაერის ბალიში შეიძლება სახიფათო იყოს — განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ჩია ტანის ადამიანებისთვის — თუკი იგი ერთადერთ დამცავ საშუალებად გამოიყენება.

[ცხრილი⁄სურათები 24-27 გვერდებზე]

ქვემოთ მითითებული წლები მოიცავს გამოშვების პერიოდს.

1885 ბენცის ავტომობილი.

პირველი პრაქტიკული ავტომობილი მსოფლიოში.

1907—1925 „როლს-როისის“ მოდელი სახელწოდებით „ვერცხლისფერი ლანდი“.

სწრაფი, მძლავრი, უხმაურო, კომფორტული და საიმედო.

1908—1927 „ფორდ-T“.

ამ მოდელით საფუძველი ჩაეყარა ავტომობილების სერიულ წარმოებას; გაიყიდა 15 000 000-ზე მეტი მანქანა.

უკანა პლანზე: ფორდის ქარხნის საამწყობო კონვეიერი.

1930—1937 „კადილაკი V16 7.4–L“.

მსოფლიოში პირველი და ყველაზე წარმატებული ავტომობილი 16-ცილინდრიანი ძრავით.

1939 წლიდან დღემდე „ფოლკსვაგენ-ხოჭო“.

გამოშვებულია 20 000 000-ზე მეტი. „ხოჭოს“ ახალი მოდელი (დაბლა მარცხნივ) გამოუშვეს 1998 წელს.

1941 წლიდან დღემდე „ჯიპი“.

ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ავტომოდელი.

1948—1965 „პორშე 356“.

შეიქმნა „ფოლკსვაგენ-ხოჭოს“ ბაზაზე. ეს იყო ავტომწარმოებელ პორშეს პირველი წარმატებული მოდელი.

1952—1957 „მერსედეს-ბენცი 300SL“.

მას „თოლიის ფრთა“ უწოდეს. იგი პირველი ავტომანქანა იყო ალუმინის შენადნობიანი მტკიცე კარკასითა და საწვავის „შეფრქვევის“ სისტემიანი (უკარბიურატორო) ძრავით.

1955—1968 „სიტროენი DS 19“.

მისი საჭე, სამუხრუჭე სისტემა, 4-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი და ამორტიზატორი ჰიდრავლიკაზე მუშაობდა.

1959 წლიდან დღემდე „მინი“.

ეს ნოვატორული და პოპულარული ავტომობილი წარმატებით მონაწილეობდა ავტორბოლებში.

1962—1964 „ფერარი 250 GTO V–12“.

300-ცხენისძალიანი, ძალიან „მოქნილი“ სარბოლი მანქანა.

1970—1973 „დაცუნი 240 Z“.

საიმედო და არც თუ ისე ძვირი სპორტული მანქანა.

1970 წლიდან დღემდე „რეინჯ როვერი“.

იგი მიჩნეულია ოთხი წამყვანი თვლის მქონე ყველაზე საუკეთესო და პრაქტიკულ ავტომობილად, რომლითაც მიუვალ ადგილებშიც შეიძლება „გზის გაკაფვა“.

1984 წლიდან დღემდე „კრაისლერ-მინივენი“.

„მინივენებმა“ მისი წყალობით გაითქვეს სახელი.

„ტრასტ SSC“.

1997 წლის 15 ოქტომბერს, ნევადაში (აშშ), ბლეკ-როკის უდაბნოში მოწყობილი ავტორბოლის დროს მან სიჩქარის რეკორდი — 1 228 კმ/სთ — დაამყარა.

[საავტორო უფლებები]

Benz-Motorcar: DaimlerChrysler Classic; background: Brown Brothers; Model T: Courtesy of VIP Classics; Rolls-Royce: Photo courtesy of Rolls-Royce & Bentley Motor Cars

Jeep: Courtesy of DaimlerChrysler Corporation; black Beetle: Courtesy Vintage Motors of Sarasota; yellow Beetle: VW Volkswagen AG

Citroën: © CITROËN COMMUNICATION; Mercedes Benz: PRNewsFoto

Chrysler Minivan: Courtesy of DaimlerChrysler Corporation; Datsun: Nissan North America; Thrust SSC: AP Photo/Dusan Vranic