იზრუნეთ თქვენი ორსულობის უსაფრთხოებაზე
იზრუნეთ თქვენი ორსულობის უსაფრთხოებაზე
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მექსიკიდან
გაეროს მოსახლეობის ფონდის ცნობის თანახმად, ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ქალი კვდება ორსულობასთან დაკავშირებული გართულებების გამო. გარდა ამისა, გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდი (იუნისეფი) აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად 60 მილიონზე მეტ ქალს სერიოზულად ურთულდება ორსულობა და მათგან დაახლოებით მესამედს რაიმე დარღვევა ან ინფექცია მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება. განვითარებად ქვეყნებში მრავალი ქალი იმდენად ხშირად ორსულდება, მშობიარობს და, ამავე დროს, საკუთარ თავს არ უვლის, რომ ძალა ეცლებათ და, საბოლოო ჯამში, ჯანმრთელობა უზიანდებათ. დიახ, ორსულობა შეიძლება საზიანო და საშიშიც კი აღმოჩნდეს. შეუძლიათ თუ არა ქალებს, რაიმე იღონონ იმისათვის, რომ ორსულობამ უსაფრთხოდ ჩაიაროს?
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობამდე
დაგეგმარება. ცოლ-ქმარმა უნდა მოილაპარაკოს, რამდენი შვილის ყოლა სურთ. განვითარებად ქვეყნებში ჩვეულებრივ სურათს წარმოადგენს ისეთი ქალის ხილვა, რომელიც ერთ ბავშვს ძუძუს აწოვებს და, ამავე დროს, მეორეზე ორსულად არის. მაგრამ საჭიროა კარგი დაგეგმარება და ყველაფრის აწონ-დაწონა. მშობიარობის შემდეგ გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რათა ორგანიზმმა ძალები აღიდგინოს.
ორგანიზმში ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ნივთიერებების დაგროვება. ორსულობის წარმატებით დაგვირგვინებაზე მზრუნველი კოალიციის ცნობის თანახმად, ხელმეორედ დაორსულებამდე ქალის ორგანიზმს, სულ მცირე, ოთხი თვე მაინც სჭირდება იმ საზიანო ნივთიერებების ორგანიზმიდან განსადევნად, რომლებსაც შეიძლება ორსულობის დროს იღებდა და ორგანიზმში კარგი კვებითი ღირებულების მქონე ნივთიერებების დასაგროვებლად. მაგალითად, ხერხემლის არხის არასწორი დახურვით გამოწვეული დეფექტის, ხერხემლის ნაპრალის, განვითარების რისკი საგრძნობლად მცირდება, როდესაც მომავალი დედის ორგანიზმში საკმაო რაოდენობით არის ფოლიუმმჟავა. ემბრიონის ხერხემლის არხი იხურება ჩასახვიდან 24—28-ე დღეს, ესე იგი, იმაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე მრავალი ქალი გაიგებს, რომ ორსულად არის. ამიტომ, ვინც ბავშვის ყოლას აპირებს, ფოლიუმმჟავას წინასწარ იღებს.
ბავშვის განვითარებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვანი ელემენტი არის რკინა. მართლაც, ორსულობის დროს ქალის ორგანიზმის რკინაზე მოთხოვნილება ორმაგდება. თუ ორსულის ორგანიზმში რკინის სათანადო რაოდენობა არ არის, რაც არცთუ იშვიათია განვითარებად ქვეყნებში, ქალს შეიძლება რკინადეფიციტური ანემია განუვითარდეს. მდგომარეობა კი შეიძლება გაართულოს მცირე ინტერვალებით ერთიმეორეზე მიყოლებულმა ორსულობებმა, რადგან ორსულობებს შორის ორგანიზმი ვერ ასწრებს რკინის მარაგის შევსებას *.
ასაკი. დაახლოებით 16 წლის ასაკში დაორსულების შემთხვევაში სიკვდილიანობის რისკი 60 პროცენტით მეტია, ვიდრე ოცი წლის ზემოთ. მაგრამ 35 წელს გადაცილების შემდეგ დაორსულებულ ქალებში იმის მეტი ალბათობა არსებობს, რომ ბავშვი თანდაყოლილი ანომალიებით, მაგალითად დაუნის სინდრომით, გაჩნდება. ძალიან ახალგაზრდა ან 35 წელს გადაცილებულ დედებს უფრო მეტად ემუქრებათ პრეეკლამფსიის საშიშროება. ამ მოშლილობას ორსულობის მე–20 კვირიდან ახასიათებს მაღალი არტერიული წნევა, შეშუპება და შარდში ცილების შემცველობის მომატება, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ბავშვის, ისე დედის სიცოცხლეს.
ინფექციები. საშარდე გზების, საშოს ყელისა და კუჭ–ნაწლავის ინფექციური დაავადებები ორსულობის პერიოდში შეიძლება გამწვავდეს და ნაადრევი მშობიარობის ან პრეეკლამფსიის რისკის გაზრდის მიზეზი გახდეს. კარგი იქნებოდა ნებისმიერი ინფექციური დაავადებისგან დაორსულებამდე განკურნება.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობის დროს
ჯანმრთელობაზე ზრუნვა მშობიარობის წინა პერიოდში. ორსულობის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციაზე რეგულარულად სიარული დედის სიკვდილის რისკს შედარებით ამცირებს. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც საავადმყოფოები და კლინიკები იშვიათობას წარმოადგენს, კარგი ბებიაქალის პოვნა შესაძლებელია.
როდესაც ორსული ქალი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ეს მედპერსონალს საშუალებას აძლევს, წინასწარ გაითვალისწინოს, თუ რა აუცილებელი ზომების მიღება შეიძლება გახდეს საჭირო. ორსულობის დროს განსაკუთრებული ყურადღება შეიძლება დასჭირდეთ მრავალნაყოფიანობის, მაღალი წნევის, გულის, თირკმლის დაავადებებისა და დიაბეტის დროს. ზოგ ქვეყანაში ახალშობილთა ტეტანუსის თავიდან ასარიდებლად ორსულებს ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას სთავაზობენ. მომავალ დედას შეუძლია აგრეთვე ორსულობის 26—28–ე კვირის განმავლობაში B ჯგუფის სტრეპტოკოკებზეც აიღოს ანალიზი. თუ ეს სტრეპტოკოკები მსხვილ ნაწლავში იქნებიან, მშობიარობის დროს შეიძლება ბავშვის დაინფიცირება მოხდეს.
მომავალმა დედამ მაქსიმალურად უნდა მიაწოდოს მედიცინის მუშაკებს თავისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და მათ შორის იზრუნოს ანკეტის გადაცემაზეც. ქალმა აგრეთვე თავი თავისუფლად უნდა იგრძნოს და იკითხოს ყველაფერი, რაც აინტერესებს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა საჭირო, როდესაც ორსულს აღენიშნება: საშოდან სისხლიანი გამონადენი, სახის უეცარი შეშუპება, ძლიერი, გამუდმებული თავის ტკივილი ან ტკივილის შეგრძნება თითებში, მოულოდნელად სისუსტის შეგრძნება და მხედველობის დაბინდვა, მუცლის ძლიერი ტკივილი, განუწყვეტელი პირღებინება და ციებ–ცხელება, ნაყოფის მოძრაობის გახშირება ან გაძლიერება, სანაყოფე წყლების დაღვრა, შარდვის დროს ტკივილი ან შარდის გამოყოფის მკვეთრად შემცირება.
ალკოჰოლი და ნარკოტიკული მოქმედების ნივთიერებები. დედა, რომელიც ალკოჰოლურ სასმელებს ეტანება და ნარკოტიკული მოქმედების ნივთიერებებს იღებს (მათ შორისაა თამბაქოს მოწევაც) ჩანასახს გონებრივი ჩამორჩენილობის, ფიზიკური განვითარების ანომალიებისა და ქცევებში გადახრების საშიშროებასაც კი უქმნის. ბავშვებს, რომელთა დედებიც ნარკოტიკული მოქმედების ნივთიერებებს იღებდნენ, ჰქონდათ ამ ნივთიერებების მიღების შეწყვეტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ზოგ ადამიანს კი სჯერა, რომ იშვიათად ჭიქა ღვინოს დალევა საზიანო არ არის, მაგრამ სპეციალისტების რჩევით, ორსულობის დროს მთლიანად უნდა აღიკვეთოს ალკოჰოლის მიღება. მომავალმა დედებმა აგრეთვე სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა პასიური მწეველები არ აღმოჩნდნენ (სხვა მწეველების გვერდზე ყოფნისას, თამბაქოს ბოლმა მათზე არ იქონიოს გავლენა).
წამლები. ორსულობის დროს ქალმა მხოლოდ აუცილებლად საჭირო წამლები უნდა მიიღოს. ისიც იმ შემთხვევაში, როდესაც ამ წამლებს ისეთი ექიმები უნიშნავენ, რომლებმაც იციან მათი ორსულობის შესახებ და გულმოდგინედ წონიან, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამას. მომავალი დედისთვის ზოგიერთი ვიტამინიც კი შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. მაგალითად, ვიტამინ A–ს ჭარბმა მიღებამ, შესაძლოა, ჩანასახში დეფექტების განვითარება გამოიწვიოს.
წონაში მომატება. ორსულმა ქალმა თავის წონას უნდა მიაქციოს ყურადღება და მოერიდოს უკიდურესობებს. Krause’s Food, Nutrition and Diet Therapy–ის თანახმად, თუ ახალშობილის წონა საჭიროზე ნაკლებია, ბავშვის სიკვდილის საშიშროება 40–ჯერ მეტია, ვიდრე ნორმალური წონის შემთხვევაში. მეორე მხრივ, ორისთვის ჭამამაც შეიძლება მხოლოდ მეტისმეტად გასუქება გამოიწვიოს. თუ ქალის წონაში მომატება უფრო შესამჩნევი ორსულობის მეოთხე თვიდან ხდება, ესე იგი, მომავალი დედა სწორად იკვებება და იკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნილებებს *.
ჰიგიენა და სხვა გასათვალისწინებელი ფაქტორები. საჭიროა ორსულობის განმავლობაში ქალმა ჩვეულებრივ განაგრძოს აბაზანისა და შხაპის მიღება, მაგრამ უნდა
მოერიდოს საშოს გამობანას. მომავალი დედისთვის აუცილებელია აგრეთვე მოერიდოს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ვირუსული ინფექცია აქვს, მაგალითად წითურათი დაავადებულებს. გარდა ამისა, ტოქსოპლაზმოზის თავიდან ასარიდებლად საჭიროა ხორცის სათანადოდ მომზადება; აგრეთვე კატის განავალთან ახლოს გავლაც კი არ არის სასურველი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ძირითადი ჰიგიენური ნორმების დაცვა; მაგალითად, ხელების დაბანა ან საკვების სათანადოდ მომზადება. სქესობრივი ურთიერთობების გაგრძელება, ჩვეულებრივ, საშიშროებას არ წარმოადგენს ორსულობის ბოლო კვირებამდე. მისი გაგრძელება რეკომენდებული არ არის, თუ ქალს აღენიშნება სისხლიანი გამონადენი ან კოლიკა; ან იმ შემთხვევაშიც, თუ ორსულს ადრე მუცლის მოწყვეტის შემთხვევა ჰქონია.მშობიარობამ რომ მშვიდობით ჩაიაროს
ქალს, რომელიც ორსულობის დროს ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, ნაკლები გართულებები ექნება მშობიარობის დროს. მომავალ დედას წინასწარ ეცოდინება გართულების შემთხვევაში, რომელ კლინიკასა თუ საავადმყოფოს მიმართოს. აგრეთვე საკმაოდ კარგად იქნება გათვითცნობიერებული იმასთან დაკავშირებით, რას უნდა მოელოდეს და როგორ ითანამშრომლოს დახელოვნებულ ბებიაქალთან თუ ექიმთან. მედპერსონალს კი, თავის მხრივ, ეცოდინება, რას ამჯობინებს (იქ, სადაც არჩევნის გაკეთების საშუალება არსებობს) პაციენტი მაგალითად, მშობიარობის პოზასთან დაკავშირებით, უნდა თუ არა ეპიზიოტომიის (საშოს შესავლის ცალმხრივი გაკვეთა მშობიარობის დროს შორისის დიდი ნახევების ასაცილებლად) გაკეთება და მაშების გამოყენება, რომელ ტკივილგამაყუჩებლებს ირჩევდა ან უნდა თუ არა ელექტრონული ხელსაწყოს საშუალებით ნაყოფის მდგომარეობის გაგება. პერსონალი და პაციენტი უნდა შეთანხმდნენ შემდეგ საკითხებში: რა ზომებს მიმართავენ დიდი რაოდენობის სისხლის დაკარგვის შემთხვევაში? სისხლდენა მრავალი დედის სიკვდილის მიზეზი ხდება, ამიტომ, თუ პაციენტს სისხლის გადასხმა არ უნდა, თავიდანვე უნდა ჰქონდეთ მომარაგებული სისხლის შემცვლელი პრეპარატები. აგრეთვე წინასწარ უნდა იყოს მოფიქრებული, რას გააკეთებენ იმ შემთხვევაში, როდესაც საკეისრო კვეთის აუცილებლობის წინაშე დადგებიან.
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ბავშვები ღვთისგან ბოძებული ჯილდო, „მემკვიდრეობაა“ (ფსალმუნები 126:3). რაც უფრო მეტი იცის ქალმა ორსულობის დროს თავისი მდგომარეობის შესახებ, მით უფრო უკეთესი ორსულობა ექნება და უკეთ იმშობიარებს. დაორსულებამდე და ორსულობის განმავლობაში საკუთარი ჯანმრთელობისთვის ყურადღების მიქცევით, აგრეთვე მშობიარობის გარკვეული ასპექტების წინასწარ სათანადოდ აწონ–დაწონით, ქალი, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ორსულობა კარგად წარიმართოს და დასრულდეს.
[სქოლიოები]
^ აბზ. 7 ფოლიუმმჟავა და რკინა არის ღვიძლში, პარკოსნებში, მწვანე ბოსტნეულში, თხილსა და ვიტამინიზირებულ მარცვლოვნებში. რკინით მდიდარი საკვები ორგანიზმმა რომ უკეთესად აითვისოს, კარგი იქნებოდა ამ საკვებთან ერთად C ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება. C ვიტამინი ბევრია, მაგალითად, ხილში.
^ აბზ. 16 რეკომენდებულია, რომ ქალმა, რომელსაც დაორსულების დროს ნორმალური წონა ჰქონდა, მშობიარობის პერიოდისთვის 9—12 კილოგრამი მოიმატოს. მოზარდმა ან ისეთმა ქალებმა, რომლებიც დაორსულებამდე ცუდად იკვებებოდნენ, წესით 12—15 კილოგრამი უნდა მოიმატონ, ხოლო მსუქნებმა მხოლოდ 7—9 კილოგრამი.
[ჩარჩო 14 გვერდზე]
პრაქტიკული რჩევები ორსული ქალებისთვის
● ჩვეულებრივ, ორსული ქალის ყოველდღიური კვების რაციონში უნდა შედიოდეს: ხილი, ბოსტნეული (განსაკუთრებით მუქი მწვანე, ნარინჯისფერი და წითელი), პარკოსნები (მაგალითად მწვანე ლობიო, სოია, ოსპი, მუხუდო), მარცვლოვნები (მაგალითად ხორბალი, სიმინდი, შვრია, ქერი — უმჯობესია მარცვლების სახით ან ვიტამინიზირებული), ცხოველური წარმოშობის საკვები (თევზი, ქათამი, საქონლის ხორცი, კვერცხი, ყველი და რძე — სასურველია ნაღებმოხდილი). რაც შეეხება ცხიმებს, რაფინირებულ შაქარსა და მარილს, უმჯობესია მათი ზომიერად გამოყენება. კარგია, ორსულობის დროს ბევრი წყლის სმა. ამ დროს ქალი უნდა მოერიდოს კოფეინის შემცველ სასმელებს; აგრეთვე საკვებს, რომელსაც დამატებული აქვს საკონსერვაციო ნივთიერებები და ხელოვნური დანამატები (მაგალითად, ხელოვნური ესენციები და ხელოვნური საღებავები). სახამებელმა (რომელსაც გასახამებლად იყენებენ), მიწამ და სხვა საშუალებებმა, რომელთა საკვებად გამოყენება ჰიგიენის ნორმებით დაუშვებელია, შეიძლება რაიმე დარღვევა ან მოწამვლა გამოიწვიოს.
● მხედველობაში მიიღეთ აგრეთვე პირობები, რომლებიც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს; მაგალითად, რენტგენის სხივებით მეტისმეტი დასხივება და საზიანო ქიმიურ ნივთიერებებთან შეხება ან მათი შესუნთქვა. რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენეთ აეროზოლები და სხვა ქიმიური საშუალებები. მოერიდეთ გადახურებასაც, რაც შეიძლება მაღალ ტემპერატურაზე ყოფნით ან ორგანიზმის მეტისმეტი ფიზიკური ვარჯიშით გადატვირთვით იყოს გამოწვეეული. ნუ დადგებით დიდხანს ფეხზე და აირიდეთ დაძაბულობა. მგზავრობისას აუცილებლად გამოიყენეთ უსაფრთხოების ქამარი.