არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეიძლება ალკოჰოლური სასმელების დალევა?

შეიძლება ალკოჰოლური სასმელების დალევა?

ბიბლიის თვალსაზრისი

შეიძლება ალკოჰოლური სასმელების დალევა?

„ღვინო დამცინავია, მათრობელი სასმელი — ხმაურიანი; ვინც მის გამო გზას ასცდა, სიბრძნე არა აქვს“. იგავების 20:1-ში მოცემული ეს სიტყვები აჩვენებს იმას, რომ არასწორია ალკოჰოლური სასმელების დალევა? ზოგი ასე ფიქრობს. ამის დასადასტურებლად მათ მოჰყავთ ის ბიბლიური ადგილები, სადაც ნათქვამია, თუ რა ცუდი შედეგები მოჰყვა სასმელის დალევას (დაბადება 9:20—25).

ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას ცუდი შედეგები მოაქვს; მაგალითად, ღვიძლის ციროზი, ავტოსაგზაო შემთხვევები, ფინანსური კრახი, ძალადობა ოჯახში. გარდა ამისა, ორსულობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება საზიანოდ მოქმედებს ნაყოფზე. შესაძლოა, ასეთი შედეგების გამო ასწავლის „ბევრი რელიგიური მიმდინარეობა, რომ ალკოჰოლური სასმელების დალევა ზნეობრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება“, — ნათქვამია ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“. მაგრამ შეესაბამება ეს სინამდვილეს? კრძალავს ბიბლია რომელიმე ალკოჰოლური სასმელის დალევას, თუნდაც მცირე რაოდენობით?

რას ამბობს ბიბლია?

ბიბლია გვაფრთხილებს, თუ რა ცუდი შედეგები მოჰყვება ალკოჰოლური სასმელების უზომოდ დალევას. ეფესოელების 5:18-ში მოცემულია დარიგება: „ნუ დათვრებით ღვინით, რაშიც აღვირახსნილობაა“. მსგავსად ამისა, იგავების 23:20, 21 გვირჩევს: „ნუ იქნები მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს და ვინც ხორცით ვერ ძღება; რადგან ლოთი და გაუმაძღარი გაღარიბდება“. ესაიას 5:11-ში კი ნათქვამია: „ვაი მათ, ვინც დილით ადრე დგება მათრობელი სასმლის საძებნელად, ვინც გვიანობამდე, დაბინდებამდე ღვინით ხურდება!“

ბიბლიაში ისიც არის ნათქვამი, რომ სასმელის ზომიერად დალევა სიამოვნებას ჰგვრის ადამიანს და დადებითად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე. მაგალითად, ფსალმუნის 104:15-ში ნათქვამია, რომ ღვთის ერთ-ერთი საჩუქარია ‘ღვინო, რომელიც მოკვდავი ადამიანის გულს ახალისებს’. ეკლესიასტეს 9:7 ამბობს, რომ კარგი საქმის გაკეთების შემდეგ ადამიანი იმით ჯილდოვდება, რომ ‘სიხარულით ჭამს პურს და გულმხიარული სვამს ღვინოს’. პავლემ იცოდა, რომ ღვინო ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყო და ტიმოთეს ურჩია: „ცოტა ღვინო დალიე კუჭისთვის და ხშირი ავადმყოფობის გამო“ (1 ტიმოთე 5:23). ბიბლია აღნიშნავს, რომ ალკოჰოლი ადამიანს სტრესული მდგომარეობის ატანაში ეხმარება (იგავები 31:6, 7).

ნათელია, რომ ბიბლია არ კრძალავს ალკოჰოლური სასმელების დალევას. მაგრამ ის კრძალავს გადაჭარბებულ სმასა და ლოთობას. ამიტომ პავლე ქრისტიან ზედამხედველებს, მომსახურეებსა და ხანში შესულ ქალებს ურჩევდა, არ ყოფილიყვნენ „ღვინოს მიძალებულები“, ხოლო ტიმოთეს უთხრა, რომ მხოლოდ „ცოტა ღვინო“ დაელია (1 ტიმოთე 3:2, 3, 8; ტიტე 2:2, 3). ბიბლია ყველა ქრისტიანს შეახსენებს, რომ „ლოთები  . . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1 კორინთელები 6:9, 10).

ბიბლია ლოთობასა და უზომოდ ჭამას ერთად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ღვთის მსახურმა თავი უნდა შეიკავოს ამისგან (მეორე კანონი 21:20). ამ რჩევიდან გამომდინარე, თუ ვიფიქრებთ, რომ საერთოდ გვეკრძალება დალევა, მაშინ გამოდის, რომ საჭმლის ჭამაც გვეკრძალება. ბიბლია დათრობამდე დალევასა და უზომოდ ჭამას განსჯის და არა ზომიერ ჭამა-სმას.

რა გააკეთა იესომ?

„[ქრისტემ] მაგალითი დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს. მას არც ცოდვა ჩაუდენია“, — თქვა მოციქულმა პეტრემ (1 პეტრე 2:21, 22). როგორი თვალსაზრისი ჰქონდა იესოს ალკოჰოლურ სასმელებზე? მისი პირველი სასწაული ის იყო, რომ წყალი ღვინოდ აქცია. როგორი იყო ეს ღვინო? თამადამ შეაქო ნეფე ღვინისთვის, როდესაც იესომ წყალი ღვინოდ აქცია. მან თქვა: „ჯერ კარგი ღვინო გამოაქვთ, ხოლო როცა ხალხი დათვრება — მდარე, შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს“ (იოანე 2:9, 10).

ღვინოს პასექის დღესასწაულზეც სვამდნენ. იესომ ღვინო გამოიყენა, როცა უფლის გახსენების საღამო დააფუძნა. მან ღვინით სავსე სასმისი მიაწოდა მოწაფეებს და უთხრა: „ყველამ შესვით“. იესომ იცოდა, რომ მოახლოებული იყო მისი სიკვდილი და დასძინა: „აღარ დავლევ ვაზის ამ ნაყოფისგან იმ დღემდე, სანამ თქვენთან ერთად არ დავლევ ახალს მამაჩემის სამეფოში“ (მათე 26:27, 29). როგორც ვხედავთ, იესო სვამდა ღვინოს (ლუკა 7:34).

როგორ მოვიქცეთ?

რადგან ბიბლია არ განსჯის დალევას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა მივიღოთ ალკოჰოლური სასმელები. არსებობს ბევრი მიზეზი, რის გამოც თავი უნდა შევიკავოთ სმისგან. მაგალითად, ყოფილმა ალკოჰოლიკმა იცის, რომ მისთვის ერთი ჭიქის დალევაც კი ძალიან საშიშია. ნაყოფს რომ არ ავნოს, ფეხმძიმე ქალმა იცის, რომ თავი უნდა შეიკავოს სასმელისგან. მძღოლმა იცის, რომ ნასვამი ადამიანი კარგავს საღ აზრს და სწრაფად ვერ რეაგირებს; ამიტომ, ის უფრთხილდება როგორც თავის, ისე სხვების სიცოცხლეს და თავს იკავებს სმისგან.

ქრისტიანს არ სურს, დააბრკოლოს ის, ვისაც სინდისი სმის ნებას არ რთავს (რომაელები 14:21). გონივრულია, ქრისტიანმა არ დალიოს მაშინ, როცა ღვთის მსახურებითაა დაკავებული. აღსანიშნავია, რომ ძველ ისრაელში ღვთის კანონით მღვდლებს ეკრძალებოდათ, დაელიათ „ღვინო ან სხვა მათრობელი სასმელი“, როცა ღვთის მსახურებას ასრულებდნენ (ლევიანები 10:9). იმ ქვეყნებში, სადაც ალკოჰოლური სასმელების მიღება აკრძალული ან შეზღუდულია, ქრისტიანები კანონს ემორჩილებიან (რომაელები 13:1).

ადამიანმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, დალევს თუ არა ალკოჰოლურ სასმელებს, ან თუ დალევს, რა რაოდენობით. ბიბლია ზომიერებისკენ მოგვიწოდებს. მასში ნათქვამია: „ამიტომ ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორინთელები 10:31).

გიფიქრიათ?

რა გაფრთხილებას გვაძლევს ბიბლია ალკოჰოლის გამოყენებასთან დაკავშირებით? (1 კორინთელები 6:9, 10).

▪ სვამდა იესო ალკოჰოლურ სასმელებს? (ლუკა 7:34).

▪ რა პრინციპით უნდა იხელმძღვანელონ ქრისტიანებმა ჭამა-სმის დროს? (1 კორინთელები 10:31).