არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აფრიკის თვალწარმტაცი ვარდები

აფრიკის თვალწარმტაცი ვარდები

აფრიკის თვალწარმტაცი ვარდები

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის კენიიდან

„ეს არის ყველაზე ლამაზი ყვავილი, რაც კი ოდესმე მინახავს!“ „ეს საუკეთესო საჩუქარია, რომელიც შეგიძლია ძვირფას მეგობარს მიართვა“. «ამ ყვავილით უსიტყვოდ ამბობ: „მე ვფიქრობ შენზე“».

ალბათ შენც შეუერთდებოდი ნაირობის (კენია) მკვიდრთა მიერ წარმოთქმულ ამ სიტყვებს. ყვავილოვან მცენარეთაგან, რომელთა შორის არის როგორც ველური, ისე კულტურული მცენარეები, ალბათ არც ერთი არ სარგებლობს მთელ მსოფლიოში ისეთი მოწონებით, როგორითაც ვარდი. საუკუნეების განმავლობაში ის ატყვევებდა ადამიანს და მისი შთაგონების წყარო იყო. პოეტები მას ლექსებს უძღვნიდნენ, მხატვრებს მისი სილამაზე ტილოზე გადაჰქონდათ, მოქანდაკეები კი მის მშვენებას ქვაში კვეთდნენ. შექსპირმა თავის ნაწარმოებში „რომეო და ჯულიეტა“ ხოტბა შეასხა ვარდს ცნობილი სიტყვებით: „ვარდს რომ ვარდი აღარ უწოდო, ტკბილსურნელება იმგვარივე ექნება მაინც“. ვარდი განამტკიცებს მეგობრობას, ხელს უწყობს დაძაბული ურთიერთობების განმუხტვას და ბევრ ავადმყოფს ხალისს მატებს.

ყველაფერ ამასთან ერთად ვარდი ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან მომგებიანია. ბევრი ქვეყნისთვის, სადაც კლიმატური პირობები ხელსაყრელია ვარდის მოსაშენებლად, ეს ყვავილი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. მაგალითად, კენიაში იმ მილიონობით ყვავილიდან, რომელთა ექსპორტირებაც გასულ წელს მოხდა, 70 პროცენტზე მეტი იყო ვარდი. ამ ქვეყანას ვარდის მოშენებაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია.

წარსულში, სანამ ვარდი ყველასთვის საყვარელი ყვავილი გახდებოდა და ადამიანი მის განუმეორებელ თვისებებს გაეცნობოდა, ის ველურად იზრდებოდა. დღეისათვის მიმართეს შეჯვარების მეთოდებს, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს, და ველური ვარდის 100-ზე მეტი სახეობიდან რამდენიმეს ერთმანეთთან შეჯვარებით გამოიყვანეს ათასობით ისეთი ჯიში, რომლებიც ამჟამად საკმაოდ ცნობილია. შედეგად, ეს ყვავილი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული; თითქმის ყველა ქვეყანაში შეიძლება მისი სილამაზის ხილვა. ყველაზე პოპულარული და ფართოდ გავრცელებულია ვარდის ის ჯიში, რომელსაც ჩაის ჰიბრიდი ეწოდება.

ლარნაკამდე განვლილი გზა

უმრავლესობა ვარდებს ბაზარში ან მაღაზიაში ყიდულობს. გასაყიდად განკუთვნილი ვარდები მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში მოჰყავთ. ასეთი ვარდები უფრო მეტ ყურადღებასა და მოვლას მოითხოვს, ვიდრე ისინი, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ეზოში ზრდიან. ჩვენ ვესტუმრეთ ნაირობის ახლოს მდებარე ერთ ასეთ სათბურს, სადაც ვნახეთ, თუ როგორ უვლიან ყვავილებს და როგორ ამზადებენ მათ ბაზარზე გასატანად.

აქ, ისევე როგორც ყველგან კენიაში, რთული კონსტრუქციის მქონე, პოლიეთილენით დაფარულ სათბურებში ადვილად ამოიცნობა ის ადგილები, სადაც ვარდი კომერციული მიზნისთვის არის მოშენებული (იხილეთ სურათი 26-ე გვერდზე). სათბურები რამდენიმე მიზანს ემსახურება. ახალდამყნობილი ვარდები ძალიან ფაქიზია და სათუთ მოვლას მოითხოვს. გარდა ამისა, აუცილებელია მათი ავდრისგან დაცვა. კოკისპირულმა წვიმამ, ქარმა ან მზის პირდაპირმა სხივებმა ისინი შეიძლება ძალიან დააზიანოს. მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ გრილი ჰაერი ადვილად აღწევდეს სათბურში, ხოლო ცხელი ჰაერი — გარეთ იდევნებოდეს.

სათბურში ნორჩი ყვავილები ზრდის სტადიების მიხედვითაა ჩამწკრივებული. აქ სხვადასხვა ჯიშის ვარდი მოჰყავთ, დაწყებული პოპულარული ჩაის ჰიბრიდით, რომელსაც ჭრიან მაშინ, როცა ის სიგრძეში 70 სანტიმეტრს აღწევს, და დამთავრებული ამავე ვარდის იმ ნაირსახეობით, რომელსაც ჭრიან იმ დროს, როცა ის 35 სანტიმეტრი სიგრძისაა. სათბურში, რომელიც ერთ ჰექტარზეა გადაჭიმული, დაახლოებით 70 000 ძირი ვარდი იზრდება.

როგორ იღებენ მცენარეები საკვებ ნივთიერებებს? აქ ჩვეულებრივ ნიადაგს არ იყენებენ. ნიადაგის მოვალეობას ასრულებს პემზა (ვულკანური წარმოშობის ფოროვანი ქანი), რომელიც პოლიეთილენზეა გაშლილი. ამ მეთოდს უპირატესობას ანიჭებენ იმის გამო, რომ ფოროვანი ქანები იცავს ყვავილს იმ დაავადებებისგან, რაც მას შეიძლება ჩვეულებრივი ნიადაგიდან გადაეცეს. ყვავილის მოსარწყავად დაწვიმების მეთოდს იყენებენ. ეს მეთოდი შემდეგში მდგომარეობს — ყვავილნარისკენ მიმართულია მცირე ზომის მილები, საიდანაც ყვავილი საჭირო რაოდენობის წყალსა და საკვებ ნივთიერებებს იღებს. რადგან პემზა ფოროვანია, წყალი იწრიტება პოლიეთილენზე, სადაც ის გროვდება; შემდეგ კი მოგროვილ წყალს კვლავ იყენებენ.

განსაკუთრებული მოვლის მიუხედავად, ვარდებს შეიძლება სხვადასხვა დაავადება შეხვდეთ. ამ დაავადებათა უმეტესობას იწვევს სოკოები, რომელთა შორისაა ბოტრიტისი და ნაცროვანი სოკო, რომლებიც მცენარეს ფოთლებსა და ღეროს უზიანებს. თუ ამ დაავადებების საწინააღმდეგოდ არანაირი ზომები არ იქნება მიღებული, მათ შეიძლება მთლიანად დააზიანონ ყვავილი. ფუნგიციდების გამოყენებით შეიძლება ამ პრობლემასთან გამკლავება.

გარკვეული დროის შემდეგ ყვავილის ფერი იკვეთება, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ვარდის მოკრეფა უკვე შეიძლება. ყვავილს ფრთხილად ჭრიან მაშინ, როცა კოკორი ჯერ არა აქვს გაშლილი. ამ დროს მოჭრილი ყვავილი უფრო დიდხანს ძლებს და ფერსაც უფრო მეტხანს ინარჩუნებს. თუმცა, ყველა ყვავილი ერთდროულად არ იჭრება. სხვადასხვა ჯიშის ვარდს სხვადასხვა დროს ჭრიან. ყვავილი ან დილით უნდა მოიჭრას ან საღამო ხანს, როცა უფრო მეტი სინოტივეა და ჭკნობის პროცესი შედარებით ნელა მიმდინარეობს. მოჭრილ ყვავილს გრილ ოთახში ათავსებენ, რის წყალობითაც ვარდი უფრო დიდხანს ცოცხლობს.

შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყვავილის დახარისხებაა. ვარდებს ფერისა და ზომის მიხედვით ანაწილებენ და მყიდველის მოთხოვნის მიხედვით ფუთავენ. ახლა ვარდი უკვე მზადაა ბაზარზე გასატანად. სათბურიდან ვარდი ნაირობის მთავარ აეროპორტში გადააქვთ, საიდანაც ის შემდეგ ევროპაში, ათასობით კილომეტრის დაშორებით, იგზავნება. რამდენადაც ვარდი მალე ჭკნება, მოკრეფიდან 24 საათში ის უკვე დახლს უნდა ამშვენებდეს, იქნება ეს თავის სამშობლოში, თუ საზღვარგარეთ.

როდესაც ვარდის თაიგულს მოგართმევენ ან იყიდით, დაფიქრდით ერთ რამეზე — ვინ იცის, რამხელა გზა განვლო მან, სანამ თქვენს ხელში აღმოჩნდებოდა. ამან შესაძლოა კიდევ უფრო გაგიღრმაოთ მადლიერება ჩვენი შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის მიმართ (ფსალმუნი 115:15).

[ჩარჩო⁄სურათები 26 გვერდზე]

ვიხილავთ ოდესმე ლურჯ ვარდს?

ვარდის სხვადასხვა ჯიშის გამოყვანას დიდი ხნის ისტორია აქვს და, როგორც ჩანს, ეს ისტორია ჯერ არ დასრულებულა. ვარდის ახალი ჯიშების გამოსაყვანად მრავალ ახალ მეთოდს იყენებენ. არც თუ ისე ბევრი ყვავილი დაიკვეხნის ფერთა ისეთი მრავალფეროვნებით, როგორითაც ვარდი. ყველაზე მეტად რომელი ფერის ვარდი მოგწონთ? თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი თუ მუქი შინდისფერი? მრავალი მათგანი შეჯვარების სხვადასხვა მეთოდით არის მიღებული.

მაგალითად, იცოდით, რომ წითელი ფერის ვარდი, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს, თავდაპირველად არ არსებობდა? ვარდისებრთა ოჯახს არა აქვს ის გენი, რომელიც პასუხისმგებელია წითელი პიგმენტის გამომუშავებაზე. კაშკაშა წითელი ფერი მიღებულია დაახლოებით 1930 წელს გენეტიკური მუტაციის შედეგად. ამის წყალობით შემდეგში შეიქმნა ხასხასა წითელი ფერის ვარდები, რომლებსაც დღეს ყველგან ვხვდებით. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ვარდების ნაირფეროვნების მიუხედავად იყო ერთი ფერის ვარდი, რომელიც ბუნებაში ბოლო დრომდე არ არსებობდა და არ ამშვენებდა ვარდების მრავალფეროვან პალიტრას — ეს იყო ლურჯი ვარდი. ის გენი, დელფინიდინი, რომელიც წარმოქმნის ლურჯ ფერს, ვარდისებრთა ოჯახში ბუნებრივი სახით არ გვხვდება. მაგრამ მრავალწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგად გენური ინჟინერიის წყალობით ავსტრალიურმა და იაპონურმა კომპანიებმა 2004 წელს გამოიყვანეს ლურჯი ვარდი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მუქი ლურჯი ფერის ვარდის მისაღებად კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი.

[სურათი]

პოლიეთილენით დაფარული სათბური

[სურათი 25 გვერდზე]

ვარდი მზადაა მოსაკრეფად