დაე, თქვენი ოჯახი უსაფრთხო თავშესაფარი იყოს!
დაე, თქვენი ოჯახი უსაფრთხო თავშესაფარი იყოს!
„თბილ გრძნობებს მოკლებულები“. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ჩვენს დროში, რომელსაც „ბოლო დღეები“ ეწოდება, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი სწორედ ასეთი იქნებოდა (2 ტიმოთე 3:1, 3, 4). ის ფაქტი, რომ ოჯახში ბავშვის სექსუალური შეურაცხყოფის შემთხვევებმა დიდ მასშტაბებს მიაღწია, ამ წინასწარმეტყველების უტყუარობას ადასტურებს. დედანში გამოყენებული ბერძნული სიტყვა „ასტორგოს“ *, რომელიც ქართულად ნათარგმნია როგორც „თბილ გრძნობებს მოკლებულები“, მიუთითებს იმ სიყვარულის ნაკლებობაზე, რომელიც უნდა ჰქონდეთ ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ; ამ სიტყვაში განსაკუთრებით ისეთი სიყვარულის ნაკლებობა იგულისხმება, რომელიც მშობლებსა და შვილებს შორის უნდა არსებობდეს. ბავშვის სექსუალური შეურაცხყოფა ყველაზე ხშირად სწორედ რომ ოჯახის ან ნათესავების მხრიდან ხდება.
როგორც ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, ოჯახში ბავშვს სექსუალურ შეურაცხყოფას უმეტესწილად აყენებს მამა, მამინაცვალი ან ის მამაკაცი, ვინც ბავშვს მეურვეობას უწევს. ხშირად ამ უმსგავსობას ნათესავებიც სჩადიან. პედოფილები ძირითადად გოგონებზე „ნადირობენ“, თუმცა მსხვერპლთა შორის ბიჭებიც არიან. პედოფილი ქალები არც ისეთ იშვიათობას წარმოადგენენ, როგორც შეიძლება გეგონოთ. ალბათ, სექსუალური შეურაცხყოფის ის ფორმა, რომელზეც ყველაზე ნაკლებად საუბრობენ, დედმამიშვილებს შორის სისხლის აღრევაა, როცა უფროსი ან უფრო ძლიერი ბავშვი ძალით ან მოტყუებით ამყარებს სქესობრივ კავშირს უმცროს ან უფრო სუსტ დასთან ან ძმასთან. უდავოდ, თქვენთვის, როგორც მშობლისთვის, ნებისმიერ ასეთ ქმედებაზე გაფიქრებაც კი ალბათ შემზარავია.
როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი ოჯახი ასეთი პრობლემებისგან? ცხადია, ოჯახის თითოეულმა წევრმა უნდა იცოდეს ის პრინციპები, რომლებიც ოჯახს ასეთი საფრთხისგან დაიცავდა, და აფასებდეს მათ. ამ მხრივ საუკეთესო ხელმძღვანელობას გაგიწევთ ღვთის სიტყვა, ბიბლია.
რას ამბობს ღვთის სიტყვა სქესობრივ ურთიერთობებზე?
ოჯახი რომ დაცული იყოს, საჭიროა ზნეობასთან დაკავშირებული ბიბლიური ნორმების დაცვა. ბიბლია არ ერიდება სქესობრივ ურთიერთობებზე საუბარს. ეს თემა მასში ღირსეულად, მაგრამ ამავე დროს ღიად და პირდაპირ არის გაშუქებული. ბიბლიაში ნაჩვენებია, რომ ღმერთმა ადამიანს სქესობრივი ურთიერთობის უნარი იმიტომ მისცა, რომ ცოლ-ქმარს სიამოვნებას ანიჭებდეს (იგავები 5:15—20). მაგრამ, რაც შეეხება ქორწინების გარეშე სქესობრივ კავშირს, ღვთის სიტყვა მას განსჯის. მაგალითად, ბიბლია აშკარად გმობს სისხლის აღრევას. ლევიანების ჩამოთვლილია ასეთი სახის ურთიერთობები. ყურადღება მიაქციეთ, თუ რა წერია ერთ-ერთ მუხლში: „არც ერთი თქვენგანი არ გაეკაროს თავის სისხლით ნათესავს სიშიშვლის გამოსაჩენად [სქესობრივი კავშირის დასამყარებლად]. მე ვარ იეჰოვა“ ( მე-18 თავშილევიანები 18:6).
სისხლის აღრევა იეჰოვამ იმ „სისაძაგლეთა“ შორის მოიხსენია, რომელთა ჩადენის შემთხვევაში ადამიანი სიკვდილით უნდა დასჯილიყო (ლევიანები 18:26, 29). აქედან აშკარად ჩანს, რომ შემოქმედს ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მაღალი ნორმები აქვს დადგენილი. დღეს მრავალი ქვეყნის მთავრობაც იზიარებს მსგავს შეხედულებას და ოჯახში ბავშვების სექსუალურ შეურაცხყოფას დიდ დანაშაულად მიიჩნევს. კანონის თანახმად, ხშირად სრულწლოვანი ადამიანის მიერ ბავშვის სექსუალური შეურაცხყოფა გაუპატიურებად ითვლება. რატომ უთვლიან ასეთ ადამიანს ჩადენილ ქმედებას გაუპატიურებად, თუკი მას ბავშვზე ძალა არ უხმარია?
მრავალი უფლებამოსილი პირი თანდათანობით მიდის იმ დასკვნამდე, რასაც ბიბლია ბავშვების შესახებ ამბობს — ბავშვებს არა აქვთ ისეთი განსჯის უნარი, როგორიც უფროსებს. მაგალითად, იგავების 22:15-ში ნათქვამია: „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს“. პავლე მოციქულმა კი ღვთის შთაგონებით დაწერა: „როცა ბავშვი ვიყავი . . . ბავშვივით ვაზროვნებდი და ბავშვივით ვმსჯელობდი, მაგრამ ახლა, როცა კაცი ვარ, ყოველივე ბავშვური მოვიშორე“ (1 კორინთელები 13:11).
ბავშვს ბოლომდე არ ესმის, რა არის სქესობრივი კავშირი, და არც იმ შედეგების წარმოდგენა შეუძლია, რაც ამას
წლების შემდეგ მოყვება. ამიტომ, ბევრი ეთანხმება იმ აზრს, რომ ბავშვს არ შეუძლია გააზრებულად დათანხმდეს ვინმეს სქესობრივ ურთიერთობაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სრულწლოვან ადამიანს (ან ბავშვზე შედარებით უფროსს) სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვთან, ის თავს ვერ გაიმართლებს იმის თქმით, რომ ბავშვმა მას წინააღმდეგობა არ გაუწია ან თვითონ სთხოვა ამის გაკეთება. სწორედ ამიტომ სრულწლოვან ადამიანს ასეთი ქმედება გაუპატიურებად ეთვლება. ეს არის დანაშაული, რაც ხშირად თავისუფლების აღკვეთით ისჯება. გაუპატიურებისთვის პასუხი მოეთხოვება პედოფილს და არა მის მსხვერპლს.სამწუხაროდ, დღეს ასეთ დამნაშავეთა უმრავლესობა დაუსჯელი რჩება. მაგალითად, ვარაუდობენ, რომ ავსტრალიაში პედოფილთა მხოლოდ 10 პროცენტის წინააღმდეგ არის საქმე აღძრული და აქედან მხოლოდ რამდენიმეა პასუხისგებაში მიცემული. სხვა ქვეყნებშიც მსგავსი მონაცემებია. თუ მთავრობები ნაწილობრივ მაინც იცავენ ქრისტიანულ ოჯახებს, ბიბლიური პრინციპების გამოყენებას მით უფრო მეტად შეუძლია ოჯახების დაცვა.
ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იციან, რომ ღმერთი, რომლის პრინციპებიც მის სიტყვაშია ჩაწერილი, არ იცვლება. ის ჩვენ მიერ ჩადენილ ისეთ საქმეებსაც კი ხედავს, რაც სხვებისთვის დაფარულია. ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“ (ებრაელები 4:13).
ღმერთი პასუხს მოგვთხოვს, თუ მის კანონებს დავარღვევთ და სხვებს ზიანს მივაყენებთ. მაგრამ თუ დავიცავთ ჩვენს სასარგებლოდ მოცემულ მის მცნებებს, რომლებიც ოჯახურ ცხოვრებას ეხება, ის კურთხევებს არ მოგვაკლებს. რომელია ზოგიერთი ასეთი მცნება?
სიყვარულით გაერთიანებული ოჯახი
‘სიყვარული, — როგორც ბიბლია ამბობს, — გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია’ (კოლოსელები 3:14). ბიბლიის თანახმად სიყვარული მხოლოდ გრძნობა არ არის. ის ვლინდება იმ საქმეებში, რისი გაკეთებისკენაც აღძრავს ადამიანს — მოქმედებებში, რომელთა გაკეთებასაც ან უბიძგებს ადამიანს, ან პირიქით, უკრძალავს (1 კორინთელები 13:4—8). ოჯახში სიყვარული ვლინდება ერთმანეთისადმი ღირსეული მოპყრობით, პატივისცემითა და სიკეთის გამოვლენით. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახის თითოეულ წევრს ისე მოვექცეთ, როგორც ამას ღმერთი მოითხოვს. ღმერთი ოჯახში თითოეულს საპატიო და მნიშვნელოვან როლს აკისრებს.
მამა ოჯახის თავია, ამიტომ სიყვარულის გამოვლენაში ოჯახის წევრებს ის მაგალითს უნდა აძლევდეს. მას ესმის, რომ ქრისტიან მამებს არა აქვთ უფლება, ბოროტად გამოიყენონ თავიანთი ძალა და სასტიკად მოეპყრონ ცოლ-შვილს. პირიქით, ის ქრისტესგან იღებს მაგალითს და ისე განაგებს ოჯახს (ეფესოელები 5:23, 25). ოჯახისთავი ნაზად, სიყვარულით ეპყრობა ცოლს და მომთმენი და რბილია შვილების მიმართ. ის ერთგულად იცავს ცოლ-შვილს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არაფერი დაემუქროს მათ სიმშვიდეს, ზნეობრივ სიწმინდესა და უსაფრთხოებას, და რომ მათ უნდობლობა არ განუვითარდეთ გარშემო მყოფთა მიმართ.
ისევე როგორც ქმარს, ცოლს და დედას მნიშვნელოვანი და ღირსეული როლი აკისრია ოჯახში. იმის დასანახვებლად, თუ როგორ იცავენ იეჰოვა და იესო თავის ხალხს, ბიბლიაში მოხსენიებულია ცხოველებისა თუ ფრინველების დედობრივი ინსტინქტი, რაც მათ შვილების დაცვისკენ უბიძგებს (მათე 23:37). დედაც თავის შვილებს თავგამოდებით უნდა იცავდეს. მოსიყვარულე დედისთვის შვილების უსაფრთხოება და კეთილდღეობა საკუთარზე ბევრად მნიშვნელოვანია. მშობლები არ დაუშვებენ, რომ თავიანთი ძალა ბოროტად გამოიყენონ ოჯახის წევრების მიმართ, უხეშად მოექცნენ მათ და დააშინონ ისინი. მშობლები არც იმას დაუშვებენ, რომ შვილები მსგავსად მოექცნენ ერთმანეთს.
როდესაც ოჯახის თითოეული წევრი ერთმანეთს ღირსეულად და პატივისცემით ექცევა, ისინი ხელს უწყობენ ოჯახში სასიამოვნო ურთიერთობას. ერთი წიგნის ავტორი, უილიამ პრენდერგასტი წერს: „ყველა მშობელს ყოველდღიურად უნდა ჰქონდეს ახლო ურთიერთობა შვილებთან, პატარები არიან ისინი თუ მოზრდილები“. შემდეგ კი დასძენს: „როგორც ჩანს, ეს არის სექსუალური შეურაცხყოფისგან შვილების დაცვის საუკეთესო საშუალება“. ბიბლიაც სწორედ იმისკენ მოუწოდებს მშობლებს, რომ შვილებთან მუდმივად ჰქონდეთ თბილი ურთიერთობა (კანონი 6:6, 7). როდესაც ოჯახში ამ რჩევებს ითვალისწინებენ, სახლი იქცევა იმ ადგილად, სადაც ოჯახის წევრები თავისუფლად და შიშის გარეშე უშლიან გულს ერთმანეთს.
მართალია, ბოროტ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ და ყველა საშიშროებას ვერ ავერიდებით, მაგრამ, თუ ჩვენი ოჯახი უსაფრთხო თავშესაფარი იქნება, თავს დაცულად ვიგრძნობთ. თუ ვინმეს ოჯახის გარეთ ტკივილს მიაყენებენ, მას ეცოდინება, სად უნდა ეძებოს ნუგეში და თანაგრძნობა. მისთვის ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ ეს ადგილი მისი ოჯახია და რომ ის მართლაც უსაფრთხო თავშესაფარია ამ ბოროტ ქვეყნიერებაში. დაე, ღმერთმა აკურთხოს თქვენი ძალისხმევა, რომ თქვენი ოჯახიც ასეთი თავშესაფარი იყოს!
[სქოლიო]
^ აბზ. 2 ეს ძველი ბერძნული სიტყვა ასე განიმარტება: „ნათესავების მიმართ გულცივი“. ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში ეს მუხლი შემდეგნაირადაა გადმოცემული: „მათ არ ეყვარებათ ოჯახის წევრები“.
[ჩარჩო⁄სურათი 10 გვერდზე]
როგორ დავიცვათ ოჯახში უსაფრთხოების ზომები?
ინტერნეტი: თუ თქვენს შვილებს შეუძლიათ ინტერნეტის გამოყენება, ასწავლეთ მათ, როგორ გამოიყენონ ის, რომ ხიფათს არ გადაეყარონ. არსებობს უამრავი პორნოგრაფიული საიტი, აგრეთვე „ჩეთ რუმები“ და ურთიერთობისთვის განკუთვნილი სხვადასხვა საიტები, რომელთა საშუალებითაც პედოფილები ეძებენ თავიანთ მსხვერპლს და შეცდომაში შეჰყავთ ბავშვები. ამიტომ გონივრულია, კომპიუტერი ისეთ ადგილზე დაიდგას, რომ მშობლებმა ადვილად შეძლონ იმის გაკონტროლება, თუ როგორ იყენებენ ბავშვები მას. ინტერნეტით სარგებლობისას ბავშვებმა მშობლების ნებართვის გარეშე არავის არ უნდა მისცენ ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ და არც არავის არ უნდა დათანხმდნენ შეხვედრაზე (ფსალმუნი 26:4).
ალკოჰოლური სასმელები: ხშირ შემთხვევაში ბავშვს სექსუალურ შეურაცხყოფას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები აყენებენ. როგორც ფაქტები ცხადყოფს, ის ადამიანები, რომლებსაც ზედმეტი ალკოჰოლი აქვთ მიღებული, ნაკლებად თავშეკავებულები არიან. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ზოგი ადამიანი ისეთი სურვილების დაკმაყოფილებისკენ ილტვის, რასაც ფხიზელი ალბათ უფრო დაიოკებდა. როგორც უნდა იყოს, ეს საფრთხე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლიის იმ რჩევის მიყოლა, რომელიც ეხება სიმთვრალესა და უზომოდ სმას (იგავები 20:1; 23:20, 31—33; 1 პეტრე 4:3).
განმარტოების უფლება: ერთი ქალი იხსენებს: „დედის სიკვდილის შემდეგ სახლში მხოლოდ მამას ჰქონდა თავის ოთახში ფარდები და მხოლოდ მის საძინებელს ჰქონდა კარი. ის სააბაზანოშიც კი არ გვაძლევდა განმარტოების საშუალებას“. ამ კაცმა ყველა თავის ქალიშვილს სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა. ოჯახში ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თითოეულს აქვს განმარტოების უფლება. როგორც მშობლებს სჭირდებათ ზოგჯერ შვილებისგან განმარტოება, ასევე შვილებსაც სჭირდებათ განმარტოება, როცა ისინი წამოიზრდებიან. გონიერი მშობლები ისე ექცევიან თავიანთ შვილებს, როგორც თავად სურთ, რომ მოექცნენ მათ (მათე 7:12).