არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა მდგომარეობაში გაქვთ ფარისებრი ჯირკვალი?

რა მდგომარეობაში გაქვთ ფარისებრი ჯირკვალი?

რა მდგომარეობაში გაქვთ ფარისებრი ჯირკვალი?

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ბრაზილიიდან

სარამ ძალიან განიცადა, რომ პირველი ფეხმძიმობის დროს მუცელი მოეშალა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მას კიდევ მოეშალა მუცელი. მიზეზი არაერთი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგაც ვერ დადგინდა. დროთა განმავლობაში სარამ წონაში მოიმატა მიუხედავად იმისა, რომ კვებას აკონტროლებდა და რეგულარულად ვარჯიშობდა. მას აგრეთვე დაეწყო ქვედა კიდურების კანკალი და გაუმძაფრდა სიცივის შეგრძნება. საბოლოოდ, სისხლის ანალიზმა და ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითმა გამოკვლევამ გამოააშკარავა, რომ სარას ჰქონდა დაავადება, რომელსაც ჰაშიმოტოს თირეოიდიტი ეწოდება. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა მისი მუცლის მოშლის მიზეზი. *

უმრავლესობის მსგავსად, სარასაც არ უფიქრია, რომ მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი შესაძლოა ფარისებრი ჯირკვალი ყოფილიყო. მაგრამ მისმა მდგომარეობამ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურად ფუნქციონირება.

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვალი, რომელსაც პეპლის ფორმა აქვს, ყელში ხორხის ქვემოთ მდებარეობს. ის შედგება ორი წილისგან, რომლებიც ტრაქეას, ანუ სასულეს აკრავს. ფარისებრი ჯირკვალი დაახლოებით 25 გრამს იწონის. ეს ჯირკვალი არის სხეულის ენდოკრინული სისტემის ნაწილი, რომელიც შედგება ორგანოებისა და ქსოვილებისგან. ისინი გამოიმუშავებენ და ინახავენ ჰორმონებს — ქიმიურ მესენჯერებს, და სისხლის მიმოქცევის სისტემაში გამოყოფენ მათ.

ფარისებრი ჯირკვალი შედგება უამრავი პაწაწინა ფოლიკულისგან ანუ ბუშტუკისგან, რომლებიც სავსეა ბლანტი სითხით და შეიცავს ჰორმონ თირეოიდს. ამ ჰორმონებში არის დიდი რაოდენობით იოდი. ფაქტობრივად, ორგანიზმისთვის აუცილებელი იოდის დაახლოებით 80 პროცენტს გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვალი. ამ ნივთიერების ნაკლებობა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ანუ ჩიყვს. ბავშვებში იოდის ნაკლებობა აფერხებს ჰორმონების წარმოქმნას და ხელს უშლის მათ ფიზიკურ, გონებრივ და სქესობრივ განვითარებას, რასაც მედიცინაში კრეტინიზმს უწოდებენ.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ფუნქციონირება

ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს T3, RT3 (T3-ის საპირისპირო) და T4 ჰორმონებს. * T3 და RT3 წარმოიქმნება T4 ჰორმონისგან. ეს გარდაქმნა ძირითადად ხდება ფარისებრი ჯირკვლის გარეთ, ორგანიზმის ქსოვილებში. ამგვარად, როდესაც ორგანიზმს სჭირდება მეტი რაოდენობით თირეოიდის ჰორმონი, ფარისებრი ჯირკვალი სისხლში ახდენს T4 ჰორმონის სეკრეციას. ამ დროს T4 ჰორმონი და მისგან წარმოქმნილი სხვა ჰორმონები მთელი ორგანიზმის უჯრედებზე ახდენს გავლენას.

როგორც გაზის პედალი არეგულირებს მანქანის სიჩქარეს, ისე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებს მეტაბოლიზმს — უჯრედებში მიმდინარე ქიმიურ პროცესს, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ენერგია და ახალი ქსოვილი. ამგვარად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ხელს უწყობს ქსოვილის ზომიერ ზრდასა და განახლებას, ნორმალურ გულისცემას, კუნთებში ენერგიისა და სხეულში ტემპერატურის შენარჩუნებას.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიც აკისრია. მაგალითად, მათი დახმარებით ღვიძლი სისხლს ასუფთავებს ტრიგლიცერიდებისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისგან, რომელსაც ცუდი ქოლესტერინი ეწოდება. ქოლესტერინი ნაღველთან ერთად გადმოდის ღვიძლიდან და ნაღვლის ბუშტში ილექება. მეორე მხრივ, ფარისებრი ჯირკვლის პაწაწინა ჰორმონს შეუძლია გამოიწვიოს სისხლში ცუდი ქოლესტერინის მომატება და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ანუ კარგი ქოლესტერინის შემცირება.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები აჩქარებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში კუჭის წვენის გამოყოფას და ორგანოთა კედლებში არსებული კუნთების რიტმულ შეკუმშვა-გაფართოებას (პერისტალტიკა). ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების გახშირებული მოქმედება, ხოლო ნაკლებობამ — შეკრულობა.

რა არეგულირებს ფარისებრ ჯირკვალს?

ფარისებრი ჯირკვლის რეგულირება ხდება ტვინის იმ ნაწილში, რომელსაც ჰიპოთალამუსი ეწოდება. როდესაც ჰიპოთალამუსი იგრძნობს, რომ საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ის სიგნალს გადასცემს ახლომდებარე ჰიპოფიზს, ტვინის ფუძეზე არსებულ ჯირკვალს. ჰიპოფიზი თავის მხრივ სისხლში უშვებს თიროიდ-მასტიმულირებელ ჰორმონს, რათა შეატყობინოს ფარისებრ ჯირკვალს, რომ ჰორმონები წარმოქმნას.

ამგვარად, სისხლში თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონებისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის გაზომვით, ექიმს შეუძლია დიაგნოზი დასვას, თუ როგორ ფუნქციონირებს ფარისებრი ჯირკვალი და როგორია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ ჰორმონების რაოდენობა ნორმალური უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარდება თირეოიდული პრობლემები.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლილობა

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი კვება, ორგანიზმში იოდის ნაკლებობა, ფიზიკური და გონებრივი დაძაბულობა, მემკვიდრეობით მიღებული დეფექტები, ინფექციები, დაავადებები (ჩვეულებრივ, აუტოიმუნური დაავადება) ან სხვადასხვა დაავადების დროს მიღებული წამლებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები. * ფარისებრი ჯირკვლის გადიდება ანუ ჩიყვი შეიძლება იმის მაჩვენებელი იყოს, რომ ადამიანს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აქვს. ჯირკვლის გადიდებამ შეიძლება მთელი ჯირკვალი მოიცვას ან მხოლოდ მისი ნაწილი. ჩვეულებრივ ჩიყვი, თუ ძალიან არ არის გართულებული, მკურნალობას ექვემდებარება, მაგრამ მან შეიძლება ისეთი სერიოზული დაავადებაც გამოიწვიოს, როგორიცაა სიმსივნე. *

როგორც წესი, დაზიანებული ფარისებრი ჯირკვალი გამოყოფს ძალიან ბევრ ან ძალიან ცოტა ჰორმონს. ჰორმონების ჭარბი რაოდენობით გამოყოფას ჰიპერთირეოზი ეწოდება, ხოლო ჰორმონების ნაკლებობას — ჰიპოთირეოზი. ფარისებრი ჯირკვლის დაავადება შეიძლება განვითარდეს თანდათანობით და შეუმჩნევლად. ადამიანს ეს დაავადება შეიძლება წლების განმავლობაში ჰქონდეს და არაფერი იცოდეს. ისევე როგორც სხვა დაავადებების შემთხვევაში, თუ პაციენტი ადრეულ ეტაპზე დაიწყებს მკურნალობას, ეს კარგ შედეგებს მოუტანს.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა ჰაშიმოტოს თირეოიდიტი და გრეივის დაავადება. ეს ორივე აუტოიმუნური დაავადებაა. ამ დროს იმუნური სისტემა ანადგურებს სხეულის ჯანმრთელ უჯრედებს, რადგან მათ უცხო ქსოვილებად აღიქვამს. ჰაშიმოტოს თირეოიდიტი ქალებში ექვსჯერ უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში. ამის მიზეზი ჩვეულებრივ არის ჰიპოთირეოზი. გრეივის დაავადებით ქალები რვაჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები, რადგან ძირითადად ამას ჰიპერთირეოზი იწვევს.

სხვადასხვა მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ხშირად უნდა ესინჯებოდეს ადამიანი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე. თუმცა ახალშობილის გასინჯვა, ჩვეულებრივ, მიზანშეწონილად ითვლება (იხილეთ ჩარჩო „ახალშობილის გამოკვლევა“). თუ სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფარისებრი ჯირკვალი ნორმაზე ნაკლებ ჰორმონებს გამოიმუშავებს, საჭიროა ანტისხეულებზე ტესტის ჩატარება. მაგრამ, თუ გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჰორმონები ჭარბად გამომუშავდება, როგორც წესი, უნდა მოხდეს ფარისებრი ჯირკვლის გაშუქება, ოღონდ გასათვალისწინებელია, პაციენტი ფეხმძიმედ ხომ არ არის ან ბავშვს ძუძუს ხომ არ აწოვებს. კვანძების აღმოჩენის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს უჯრედების ბიოფსია, რომ პაციენტმა გართულებები აირიდოს თავიდან.

მკურნალობის მეთოდები

მედიკამენტების მიღებით შესაძლებელია იმ სიმპტომების დაძლევა, რომლებიც აღენიშნება ჰიპერთირეოიზით დაავადებულ პაციენტს, მაგალითად აჩქარებული გულისცემა, კიდურების კანკალი და უმიზეზოდ ნერვიულობა. მკურნალობის სხვა მეთოდით შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების მოსპობა, რომ ნაკლები რაოდენობის ჰორმონი გამომუშავდეს. ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა და ჯირკვლის ამოჭრა.

ჰიპოთირეოზით დაავადებულმა პაციენტებმა ან მათ, ვისაც ჯირკვალი ამოკვეთილი აქვთ, ექიმის დანიშნულებისამებრ ყოველდღიურად უნდა მიიღონ ჰორმონი T4. დოზის დასარეგულირებლად პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. ფარისებრ ჯირკვალზე სიმსივნის განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა გზით მკურნალობა, მაგალითად ძლიერი მედიკამენტებითა და რადიაქტიური იოდის გამოყენებით, ქირურგიული ჩარევით და ქიმიოთერაპიის ჩატარებით.

სარამ მკურნალობა წარმატებით ჩაიტარა — მან ჰორმონი T4 მიიღო; გარდა ამისა, ექიმმა სარას დიეტა დაუნიშნა. სარას მსგავსად მრავალი დარწმუნდა, რომ ფარისებრი ჯირკვალი მართალია ზომით პატარაა, მაგრამ მისი ნორმალურად ფუნქციონირება აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ასე რომ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს — მიირთვით სრულფასოვანი საკვები, რომელშიც საკმარისი რაოდენობითაა იოდი, შეეცადეთ, არ გქონდეთ გამუდმებული სტრესი და ყველანაირად შეუწყვეთ ხელი საკუთარ ჯანმრთელობას.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების გამო ქალს შეიძლება გაურთულდეს მშობიარობა, თუმცა უმრავლესობას, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აქვს, ჯანმრთელი ბავშვები უჩნდება. მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედამ ჩაიტაროს ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია, რადგან ჯერ არდაბადებული ბავშვი თირეოიდის ჰორმონებს მხოლოდ დედისგან იღებს.

^ აბზ. 9 T3 არის ტრიიოდთირონინი და T4 — თიროქსინი. ციფრები 3 და 4 ჰორმონებში იოდის ატომების რაოდენობაზე მიუთითებს. ფარისებრი ჯირკვალი აგრეთვე გამოიმუშავებს ჰორმონ კალციტონინს, რომელიც სისხლში კალციუმის რაოდენობას არეგულირებს.

^ აბზ. 17 „გამოიღვიძეთ!“-ი რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს. თუ ფიქრობთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გაქვთ, კონსულტაციისთვის მიმართეთ შესაბამის ექიმს, რომელიც დახმარებას აღმოგიჩენთ.

^ აბზ. 17 სიმსივნის გაჩენის რისკი მაღალია მათში, ვისაც სამედიცინო მიზნით ჩატარებული აქვს თავის ან ყელის რადიოთერაპია. აგრეთვე რისკის წინაშე დგანან ისინი, ვისაც ადრე ჰქონდა სიმსივნური წარმონაქმნები, ან ვის ნათესავებსაც ფარისებრი ჯირკვლის დარღვევის გამო სიმსივნე განუვითარდათ.

[ჩანართი 27 გვერდზე]

როგორც გაზის პედალი არეგულირებს მანქანის სიჩქარეს, ისე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებს მეტაბოლიზმს

[ჩანართი 29 გვერდზე]

ფარისებრი ჯირკვლის დაავადება შეიძლება განვითარდეს თანდათანობით და შეუმჩნევლად. ადამიანს ეს დაავადება შეიძლება წლების განმავლობაში ჰქონდეს და არაფერი იცოდეს

[ჩარჩო⁄სურათი 28 გვერდზე]

ძირითადი სიმპტომები

ჰიპერთირეოზი: მომატებული აგზნებადობა, წონაში სწრაფად დაკლება, აჩქარებული გულის ცემა, ნაწლავების გახშირებული მოქმედება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, კიდურების კანკალი, უმიზეზოდ ნერვიულობა, ხასიათის ცვალებადობა, თვალების გადმოკარკვლა, კუნთების სისუსტე, უძილობა, მტვრევადი და თხელი თმა. *

ჰიპოთირეოზი: ფიზიკური და გონებრივი აქტივობის დაქვეითება, წონაში სწრაფად მომატება, თმის ცვენა, შეკრულობა, მცივანობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, დეპრესია, ხმის შეცვლა (ჩახლეჩა ან დაბალი ხმა), მეხსიერების დაქვეითება და დაღლილობა.

[სქოლიო]

^ აბზ. 36 ზოგი სიმპტომი შეიძლება სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული, ამიტომ კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

[ჩარჩო 28 გვერდზე]

ახალშობილის გამოკვლევა

ახალშობილის რამდენიმე წვეთი სისხლით შესაძლებელია დადგინდეს, აქვს თუ არა ბავშვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. თუ ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ჯირკვლის ფუნქცია დარღვეულია, ექიმები სათანადო ზომებს მიიღებენ. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობამ შეიძლება შეაფერხოს ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარება. ასეთ მდგომარეობას კრეტინიზმი ეწოდება. ამგვარად, ბავშვის შემოწმება, ჩვეულებრივ, დაბადებიდან რამდენიმე დღეში ხდება.

[ჩარჩო⁄სურათი 29 გვერდზე]

იკვებებით სწორად?

სწორი კვება დაგეხმარებათ, რომ თავიდან აირიდოთ ფარისებრი ჯირკვლით გამოწვეული გართულებები. მაგალითად, არის თქვენი კვების რაციონში ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც საკმარისი რაოდენობით შეიცავს იოდს, რაც აუცილებელია ჰორმონების წარმოსაქმნელად? იოდით მდიდარია ზღვის თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები. ბოსტნეულსა და ხორცში იოდის ოდენობა განპირობებულია ნიადაგის ქიმიური შემადგენლობით. იოდის ნაკლებობა თავიდან რომ აირიდონ, ზოგი ქვეყნის მთავრობა ითხოვს, რომ სუფრის მარილში მწარმოებლებმა იოდი გაურიონ.

ფარისებრი ჯირკვლის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის ასევე მნიშვნელოვანია სელენი. ეს ქიმიური ელემენტი ფერმენტის ნაწილია, რომელიც ჰორმონ T4-ს გარდაქმნის T3 ჰორმონად. ბოსტნეულში, ხორცსა და რძეში სელენის კონცენტრაცია დამოკიდებულია ნიადაგზე. ზღვის პროდუქტები, კომბოსტო და კვერცხი მდიდარია სელენით. თუ ფიქრობთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება გაქვთ, ექიმს მიაკითხეთ და ნუ შეეცდებით დამოუკიდებლად მკურნალობის ჩატარებას.

[დიაგრამა 28 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ტრაქეა

ხორხი

ფარისებრი ჯირკვალი

ტრაქეა