არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შევიკავო თავი რისხვისგან?

როგორ შევიკავო თავი რისხვისგან?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ შევიკავო თავი რისხვისგან?

როდის კარგავ მოთმინებას?

□ არასოდეს

□ ყოველთვე

□ ყოველკვირა

□ ყოველდღე

ყველაზე მეტად ვინ გაღიზიანებს?

□ არავინ

□ კლასელები

□ მშობლები

□ საკუთარი და-ძმები

□ სხვა

ქვემოთ აღწერე, რომელ კონკრეტულ სიტუაციაში რისხდები ხოლმე.

□ ․․․․․

თუ პირველ ორ კითხვაში აღნიშნე (✔) პასუხები „არასოდეს“ და „არავინ“, მესამე პუნქტი კი შეუვსებელი დატოვე, საქმე მოსალოცად გქონია — შენ რისხვისგან თავის შეკავება შეგძლებია!

მაგრამ თითოეული ადამიანი რთულ სიტუაციაში სხვადასხვანაირად რეაგირებს და სხვადასხვა შეცდომას უშვებს. ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, იაკობმა თქვა: „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“ (იაკობი 3:2). განრისხებისას შეიძლება იმავეს გრძნობ, რასაც 17 წლის სერინა. * ის ამბობს: „როცა რისხვას ვეღარ ვიოკებ, ხშირად იმაზე ვანთხევ, ვინც შემდეგ მაწყენინებს, მნიშვნელობა არა აქვს, მშობლები იქნებიან ისინი, ჩემი და თუ ჩემი ძაღლი!“

განასხვავე მცდარი შეხედულება რეალობისგან

გიჭირს რისხვის დაოკება? თუ მოიწადინებ, შეძლებ გრძნობებთან გამკლავებას. მოდი ჯერ რამდენიმე მცდარი შეხედულება გავაქარწყლოთ.

მცდარი შეხედულება: „ჩემი ოჯახის წევრები ფიცხები არიან, ამიტომ არ შემიძლია ჩემი რისხვის გაკონტროლება!“

სინამდვილე: შესაძლოა ადვილად რისხდები, რადგან შენზე გავლენას ახდენს ოჯახი, გარემო ან სხვა ფაქტორები (იგავები 29:22). მაგრამ სიფიცხისგან თავის შეკავება მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. როცა ემოციები მოგეძალება, რა გირჩევნია, შენ მართო ისინი თუ მათ გმართონ შენ? ბევრმა შეძლო თავისი ემოციების გაკონტროლება და ამას შენც შეძლებ! (კოლოსელები 3:8—10).

ბიბლიური მუხლი: „მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა“ (ეფესოელები 4:31).

მცდარი შეხედულება: „სიბრაზის გულში ჩატოვებას, გადმონთხევა სჯობია“.

სინამდვილე: შენი ჯანმრთელობისთვის ორივე მავნებელია. ფაქტია, რომ ზოგჯერ შეიძლება ‘წუხილს მიეცე’ (იობი 10:1). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პატარა რამეზე უნდა აფეთქდე. შენ შეგიძლია ისწავლო, ისე გამოხატო მოზღვავებული გრძნობები, რომ მეტისმეტად არ განრისხდე.

ბიბლიური მუხლი: ‘უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი და თავშეკავებული უნდა იყოს’ (2 ტიმოთე 2:24).

მცდარი შეხედულება: „თუ ყველასთან თავაზიანი ვიქნები, არაფრად ჩამაგდებენ“.

სინამდვილე: ხალხმა იცის, რომ თავშეკავების გამოვლენას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ამიტომ ისინი უფრო მეტად დაგაფასებენ.

ბიბლიური მუხლი: „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომაელები 12:18).

დაიოკე რისხვა

თუ ტემპერამენტიანი ხარ, შეიძლება ყოველთვის სხვებს აბრალებ, რომ რისხდები. მაგალითად, გითქვამს ოდესმე: „მან გამომიწვია“ ან „მოთმინებიდან გამომიყვანა“? თუ ასეა, მაშინ სხვები აკონტროლებენ შენს ემოციებს და არა შენ. როგორ შეგიძლია რისხვის დაოკება? გაითვალისწინე ქვემოთ მოყვანილი რჩევები.

შენს საქციელზე პასუხისმგებელი შენა ხარ. უპირველესად, გახსოვდეს, რომ მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, განრისხდები თუ არა. ამიტომ ყოველთვის სხვებისკენ ნუ გაიშვერ თითს და მათ ნუ დაადანაშაულებ. ნაცვლად იმისა, რომ თქვა: „მან გამომიწვია“, აღიარე: „მე თვითონ ვერ შევიკავე თავი“. ნაცვლად იმისა, რომ თქვა: „მან მოთმინებიდან გამომიყვანა“, აღიარე: „შეგნებულად მოვიქეცი ასე“. თუ იგრძნობ პასუხისმგებლობას შენს საქციელზე, გაგიადვილდება საკუთარი თავის გაკონტროლება (გალატელები 6:5).

წინასწარ იფიქრე, როდის შეიძლება გამოხვიდე მდგომარეობიდან. ბიბლიაში ნათქვამია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3). ძალიან მნიშვნელოვანია, წინასწარ განსაზღვრო, რის გამო შეიძლება განრისხდე. შეეკითხე საკუთარ თავს: „ყველაზე ხშირად როდის ვბრაზდები!“ 19 წლის მეგანი ამბობს: „ღამის ცვლაში ვმუშაობ. სამუშაოს შემდეგ ძალიან დაღლილი ვარ და სულ ცოტაც კი მყოფნის, რომ გავღიზიანდე“.

შეკითხვა: რა სიტუაციებში შეიძლება გაღიზიანდე?

․․․․․

შეეცადე მშვიდად უპასუხო. როცა ატყობ, რომ ღიზიანდები, ღრმად ისუნთქე და ხმადაბლა და ნელა ილაპარაკე. ნაცვლად იმისა, რომ ბრალი დასდო („რატომ აიღე ჩემი სვიტრი დაუკითხავად, ეს ხომ ქურდობაა?!), აუხსენი, როგორ მოქმედებს ეს შენზე („არ მომეწონა, რომ სვიტრი ადგილზე არ დამხვდა, რადგან ჩემ დაუკითხავად აგიღია“).

ტესტი: გაიხსენე, ბოლოს რატომ გაბრაზდი.

1. რა იყო მიზეზი?

․․․․․

2. როგორი რეაქცია გქონდა? (რა თქვი ან რა გააკეთე?)

․․․․․

3. როგორ შეგეძლო მშვიდად გეპასუხა?

․․․․․

დაფიქრდი შედეგებზე. ამაში დაგეხმარება ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე ბიბლიური პრინციპი.

იგავები 12:18: „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის“. სიტყვით შეიძლება სხვას გული ატკინო და ცხელ გულზე შეიძლება ისეთი რამ თქვა, რასაც მოგვიანებით ინანებ.

იგავები 29:11: „სულელი თავის სულს გარეთ ღვრის, ბრძენი კი ბოლომდე სიმშვიდეს ინარჩუნებს“. თუ გაღიზიანებული ბევრს ილაპარაკებ, შეიძლება სხვებზე სულელის შთაბეჭდილება დატოვო.

იგავები 14:30: „მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“. განრისხება ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს! 20 წლის ანიტა ამბობს: „იმის გამო, რომ ჩემი ოჯახის წევრებს მაღალი არტერიული წნევა აქვთ, სტრესი მაქვს ხოლმე, ამიტომ მეტად ვცდილობ, მოთმინება არ დავკარგო“.

რისი სწავლა შეგიძლია აქედან? დაფიქრდი, რა მოჰყვება შედეგად შენს სიტყვებსა და საქციელს. ჰეთერი, რომელიც 18 წლისაა, ამბობს: «საკუთარ თავს ვეკითხები: „რა მოხდება, თუ ეს ადამიანი მოთმინებიდან გამომიყვანს? რას იფიქრებს ის ჩემზე? როგორ იმოქმედებს ეს ჩვენს ურთიერთობაზე? რას ვიგრძნობდი, სხვა რომ ასე მომქცეოდა?“». მსგავსი კითხვები დაუსვი საკუთარ თავს, სანამ გაღიზიანებული ვინმეს რამეს ეტყოდე ან მისწერდე.

შეკითხვა: რა შედეგი მოჰყვება იმას, თუ ვინმე გაწყენინებს და გაღიზიანებული გულსატკენ სიტყვებს მისწერ?

․․․․․

დახმარებას ნუ უგულებელყოფ. „რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს“ (იგავები 27:17). მშობლებს ან მოწიფულ მეგობრებს ჰკითხე, როგორ ინარჩუნებენ სიმშვიდეს.

დააკვირდი, როგორ უმჯობესდები. ჩაინიშნე, რას მიაღწიე. რამდენჯერაც მოთმინებას დაკარგავ, დაწერე 1) რა მოხდა, 2) რა რეაქცია გქონდა და 3) როგორ ჯობდა მოქცევა. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებ, დროთა განმავლობაში სწორედ ისე მოიქცევი, როგორც ჯობდა, მოქცეულიყავი.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიო]

^ აბზ. 17 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

დაფიქრდი

ზოგჯერ მოთმინება მათაც კი დაუკარგავთ მომენტალურად, ვისზეც ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდით. რისი სწავლა შეგიძლია მათი შემთხვევებიდან?

▪ მოსე (რიცხვები 20:1—12; ფსალმუნი 106:32, 33).

▪ პავლე და ბარნაბა (საქმეები 15:36—40).

[ჩარჩო⁄სურათები 18 გვერდზე]

რას ამბობენ თანატოლები?

„ჩემი გრძნობების დღიურში ჩაწერა ან დედისთვის გაზიარება სიმშვიდის შენარჩუნებაში მეხმარება“ (ელექსისი, შეერთებული შტატები).

„როცა დიდი სტრესი მაქვს, სწრაფად ვიწყებ სიარულს, რომ მოზღვავებული ენერგია დავხარჯო. სუფთა ჰაერი მეხმარება, რომ მშვიდად ვიფიქრო“ (ელისაბედი, ირლანდია).

„როცა არასასიამოვნო სიტუაციაში ვხვდები, ვცდილობ წარმოვიდგინო, თითქოს არაფერი მომხდარა. შემდეგ ვფიქრობ, რა მოხდებოდა, ყვირილი რომ დამეწყო. ყოველთვის იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ეს გამოსავალი არ იქნებოდა“ (გრემი, ავსტრალია).

[ჩარჩო 18 გვერდზე]

იცოდით თუ არა?

ზოგჯერ ღმერთიც რისხდება, მაგრამ ის ამას ყოველთვის სამართლიანად აკეთებს. ის ყოველთვის სიტუაციის შესაბამისად რისხდება და მდგომარეობიდან არასოდეს გამოდის (იხილე გამოსვლის 34:6; კანონის 32:4; ესაიას 48:9).

[სურათი 19 გვერდზე]

მხოლოდ შენ შეგიძლია გააკონტროლო საკუთარი თავი, რომ რისხვა არ გადმოანთხიო