არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტექნოლოგიების საუკუნე

ტექნოლოგიების საუკუნე

ტექნოლოგიების საუკუნე

ალბანეთში სახედარზე ამხედრებული მოხუცი კაცი მობილურ ტელეფონზე ესაუბრება ვიღაცას. ინდოეთში მათხოვარი ცოტა ხნით წყვეტს მოწყალების თხოვნას, რომ მობილურზე დარეკოს ან ზარზე უპასუხოს. ღარიბ ქვეყნებში მსგავს სურათს ხშირად ნახავთ. ტექნიკამ, იქნება ეს ტელევიზორი, მობილური ტელეფონი თუ კომპიუტერი, მსოფლიოს ყველა კუთხეში შეაღწია და მდიდრებსა და ღარიბებს შორის ზღვარი წაშალა. დღეს ტექნიკის გარეშე ბევრს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

ტექნიკიდან ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს მობილური ტელეფონი, რომელიც მხოლოდ იმ მიზნით აღარ გამოიყენება, რისთვისაც შეიქმნა. ბოლო მოდელის მობილურებით შესაძლებელია ინტერნეტში შესვლა, იმეილისა და SMS-ის გაგზავნა და მიღება, ტელევიზორის ყურება, მუსიკის მოსმენა, სურათების გადაღება, GPS-ით ადგილმდებარეობის განსაზღვრა და კინაღამ დაგვავიწყდა — დარეკვაც კი!

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, მრავალფუნქციურ ტელეფონს, სმართფონს, „დღეს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე 1965 წელს ჩრდილოეთ ამერიკის აეროკოსმოსური თავდაცვის გაერთიანებულ მეთაურობას შეეძლო“. გაზეთში აგრეთვე ნათქვამია, რომ „მთელ მსოფლიოში ყოველ ორ ადამიანზე ერთი მობილური ტელეფონი მოდის“ და, სულ მცირე, 30 ქვეყანაში მოსახლეობის რიცხვს მობილურების რიცხვი აღემატება. მართლაც, „დღეს, როგორც არასდროს, ტექნიკა ყველაზე სწრაფად ვრცელდება“, — დასძენს გაზეთი.

მსოფლიოში მობილური ტელეფონების მომხმარებელთა თითქმის 60 პროცენტი ღარიბ ქვეყნებში ცხოვრობს. მათგან უმრავლესობა მაღალტექნოლოგიურ საკომუნიკაციო საშუალებებს სწორედ რომ მობილური ტელეფონით ეზიარა. ავღანეთში 2008 წელს მხოლოდ ერთ თვეში აბონენტთა რიცხვმა დაახლოებით 140 000-ით მოიმატა, აფრიკაში კი ბოლო დროს ტელეფონის მომხმარებელთა რიცხვი ყოველ წელს თითქმის 50 პროცენტით იზრდება.

საკომუნიკაციო ტექნიკის განვითარებას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. მობილურებმა, პეიჯერებმა და ნოუთბუქებმა ხალხთან დაკავშირება ნებისმიერ დროსა და ადგილას გახადა შესაძლებელი. ეს ზოგს დისკომფორტს უქმნის, რადგან თავს ისე გრძნობენ, თითქოს ელექტრონულ ქსელში არიან „გაბმულნი“. არსებობს მეორე უკიდურესობაც: ადამიანი იმდენად ხდება ტექნიკაზე დამოკიდებული, რომ უჩნდება მოთხოვნილება, მუდმივად ხაზზე იყოს და იცოდეს, რა არის ახალი.

დღეს თანამედროვე მედია-საკომუნიკაციო საშუალებების ყველაზე უარყოფითი მხარეები ის არის, რომ ადამიანი მათზე ხდება დამოკიდებული, ყურადღება ეფანტება და ხელი ეშლება სხვა მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში. თუმცა მათი სათანადოდ გამოყენება მრავალმხრივ გვეხმარება. მაშ, როგორ შეიძლება ტექნიკის გაწონასწორებულად და გონივრულად გამოყენება? ამ კითხვას შემდეგ სტატიებში გაეცემა პასუხი.