რატომ ვარსებობთ?
რატომ ვარსებობთ?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი, რომელსაც იეჰოვა ჰქვია, უზენაესი ინტელექტის მფლობელია. ის არის სამყაროსა და მასში მოქმედი ყოველგვარი ძალის შემოქმედი (ფსალმუნები 83:18; 92:5). ბიბლიის პირველივე თავი ასეთი სიტყვებით იწყება: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“. ამის შემდეგ ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ანარეკლად ანუ ისეთივე თვისებებით, როგორიც თავად აქვს. ღმერთმა ადამიანს დაავალა, რომ გამრავლებულიყო და აევსო დედამიწა (დაბადება 1:1, 26, 28).
მხოლოდ იმიტომ შექმნა ღმერთმა სამყარო, დედამიწა, ცხოველები და ფრინველები, რომ ადამიანები დაესახლებინა? მხოლოდ იმიტომ დავიბადეთ, რომ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაგვეხარა სიცოცხლით, გვეჭამა, გვესვა და შთამომავლობა გაგვემრავლებინა?
რატომ შეგვქმნა ღმერთმა?
იეჰოვა ღმერთმა კაცობრიობა სიყვარულით შექმნა. მას სურდა, რომ ადამიანებსაც გაეხარათ სიცოცხლით. ღმერთს დიდ სიამოვნებას მოჰგვრიდა იმ ქმნილებების სილამაზე და მრავალფეროვნება, რომლებიც ადამიანს შეუქმნა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ადამიანებს შეეძლოთ გაეცნოთ შემოქმედი და გააზრებული ურთიერთობა ჰქონოდათ მასთან. მათ მარადიულად უნდა ეცხოვრათ სრულყოფილ და მშვიდ გარემოში (დაბადება 3:8, 9; ფსალმუნი 37:11, 29).
იეჰოვამ ადამიანებს სასიამოვნო საქმეც დაავალა. „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“, — უთხრა მან ადამიანთა პირველ წყვილს (დაბადება 1:28). პირველ ცოლ-ქმარს და მათ შთამომავლობას მთელი დედამიწა სამოთხედ უნდა ექციათ.
მაგრამ ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ჩაფიქრებული. * მიუხედავად ამისა, ღვთის თავდაპირველი განზრახვა მაინც შესრულდება (ესაია 46:9—11; 55:11).
ის, რომ ადამიანი ეძებს სიცოცხლის აზრს, იმაზე მიანიშნებს, რომ მას აქვს არა მარტო სურვილი, არამედ მოთხოვნილება, იცნობდეს ღმერთს და ურთიერთობა ჰქონდეს მასთან. ღმერთმა ადამიანი შექმნა გონიერ ქმნილებად, რომელსაც აქვს კვლევისა და შემეცნების სურვილი. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მას მარადიულად ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი გაიგოს ღვთისა და მისი ქმნილებების შესახებ.
ბიბლიის ერთმა დამწერმა შემდეგი სიტყვებით გადმოსცა ადამიანის დანიშნულება: „ვნახე საქმე, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანთა მოდგმას გასაკეთებლად. მან ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე. მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში, რათა ადამიანებს თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაეგოთ, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა. დავინახე, რომ არაფერია მათთვის იმაზე უკეთესი, რომ გაიხარონ და სიკეთე აკეთონ მთელი სიცოცხლე; ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლესიასტე 3:10—13). ასე რომ, ადამიანს ყოველთვის ექნება რაღაც სასწავლი ღვთისა და მისი შემოქმედების შესახებ.
უკეთ გაიცანით ღმერთი
თქვენ უფრო მეტს გაიგებთ იეჰოვას შესახებ, თუ დააკვირდებით მის ქმნილებებს. ბიბლიის ერთი დამწერი წერდა, რომ ღვთის „უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომაელები 1:20). იეჰოვას შემოქმედებიდან ნათლად ვხედავთ მის სიყვარულს, სიბრძნესა და ძალას.
ღვთის გაცნობის კიდევ ერთი საშუალება ბიბლიაა. ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს წიგნი უფრო მეტს გვეუბნება იეჰოვას თვისებების, შეხედულებებისა და განზრახვების შესახებ, ვიდრე მისი ქმნილებები.
ღვთის განზრახვასთან დაკავშირებით ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა“ (ფსალმუნი 115:16). აქედან გამომდინარე, ადამიანის საცხოვრებლად შესაფერისი ერთადერთი ადგილი სამყაროში დედამიწაა, რომელიც ღმერთმა სწორედ ამ მიზნით შექმნა.
მაშ, რა შეიძლება ითქვას ჩვენს უკიდეგანო სამყაროზე? მხოლოდ იმიტომ არსებობს ამდენი ვარსკვლავი, რომ მზის სისტემაში იდეალური ბალანსი შენარჩუნდეს და დედამიწაზე სიცოცხლემ იარსებოს? ნუთუ მხოლოდ ღამის ცის გასალამაზებლად შექმნა ღმერთმა ციური სხეულები? უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მაგრამ ეს ერთი მხრივ ძალიან კარგია. რატომ?
მარადიულობაც კი არ იქნება საკმარისი, რომ ბოლომდე ჩავწვდეთ ღვთის ნამოქმედარსა და განზრახვებს. ღმერთს სურს, რომ მომავალში სამყაროს შემეცნების უსასრულო პროცესმა დიდი სიხარული მოგვგვაროს. ღვთის მორჩილ ადამიანებს, რომლებიც მარადიულად და ბედნიერად იცხოვრებენ დედამიწაზე, არაერთი შესაძლებლობა მიეცემათ იმისა, რომ სამყაროს შესახებ უფრო და უფრო მეტი გაიგონ.
[სქოლიო]
^ აბზ. 7 მრავალ ადამიანს დღეს არსებული ბოროტებისა და ტანჯვის გამო უჭირს დაიჯეროს, რომ არსებობს მოსიყვარულე შემოქმედი. ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 11. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩანართი 9 გვერდზე]
ღმერთმა ადამიანი შექმნა გონიერ ქმნილებად, რომელსაც აქვს კვლევისა და შემეცნების სურვილი
[სურათები 10 გვერდზე]
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ დედამიწა ადამიანისთვის შეიქმნა