არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სტუმრად აფრიკულ ბაზარში

სტუმრად აფრიკულ ბაზარში

სტუმრად აფრიკულ ბაზარში

თუ გნებავთ, რომელიმე ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს და სამზარეულოს გაეცნოთ, ბაზარს უნდა ეწვიოთ. იქ თქვენ შეხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას, გასინჯავთ მათ საკვებს და შეიძენთ მათ საქონელს. რა ენაზეც არ უნდა ლაპარაკობდეთ, მხიარული გამყიდველები მაინც შეეცდებიან თქვენთან გამოლაპარაკებას.

ძნელია სადმე იპოვო აფრიკულ ბაზარზე უფრო შთამბეჭდავი ბაზარი. იქაურობა სავსეა ხალხით და ათასგვარი პროდუქტით. აქ შეიძლება შეიგრძნო აფრიკის მაჯისცემა. მოდით ვეწვიოთ ერთ ასეთ ტრადიციულ ბაზარს კამერუნის ქალაქ დუალაში.

ბაზრამდე მისვლა აფრიკული ტრანსპორტით

ბევრ აფრიკულ ქალაქში ბაზრამდე მისასვლელად ყველაზე იაფი და სწრაფი საშუალება მოტოციკლეტია. თითქმის ყოველი ქუჩის კუთხეში მოტოციკლეტების პატრონები მგზავრებს თავიანთ მომსახურებას სთავაზობენ. თუ გეყოფათ გამბედაობა, შეგიძლიათ ერთ-ერთი ასეთი „ტაქსით“ გადაადგილდეთ. კამერუნში ამ პოპულარულ ტრანსპორტზე სწრაფი და იაფი არაფერია.

თავგადასავლების ნაკლებად მოყვარულებს კი შეუძლიათ ჩვეულებრივი ტაქსით ისარგებლონ, რომლებიც ასევე მრავლადაა ქალაქში. ხშირად ერთ ტაქსში რამდენიმე მგზავრი ჯდება, რომ მგზავრობის საფასური გაიყონ.

ასობით დახლი

ბაზარში პირველად მისულები შეიძლება დააბნიოს ხალხისა და დახლების სიმრავლემ. ასობით ადამიანს, ბავშვების ჩათვლით, გასაყიდი საქონლით დატვირთული კალათები თავზე აქვს შემოდგმული. მათ კალათებში რას აღარ ნახავთ: ცოცხალ ქათმებს, გაფცქვნილ ფორთოხლებსა თუ სხვადასხვა სახის წამალს.

ასობით ხის დახლზე ნაირ-ნაირი ბოსტნეულია დახვავებული, მაგალითად: კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, ბადრიჯანი, ყაბაყი, მწვანე ლობიო, ბატატი, პომიდორი, ჩინური კარტოფილი და სხვადასხვა სახის სალათის ფურცლები. უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს შეიძლება ზოგიერთი პროდუქტი არც კი ჰქონდეს ნანახი, რადგან ის მხოლოდ აფრიკაში მოდის. ალბათ ყველაზე თვალისმომჭრელი მაინც ის დახლებია, სადაც წითელ-ყვითელი წიწაკებია გამოფენილი, რომლებიც ამომავალი მზის შუქზე საოცრად ბზინავს. ზოგ დახლზე ლამაზადაა დაწყობილი ავოკადო, ბანანი, გრეიპფრუტი, ნესვი, ანანასი, ფორთოხალი და ლიმონი. ისინი ისე მადის აღმძვრელად გამოიყურებიან, რომ ძნელია გაუძლო ცდუნებას, თან ფასებიც მაცდუნებელია. აქვე ნახავთ ძირითად საკვებ პროდუქტებს: ჩინურ კარტოფილს, მანიჰოტს და ბრინჯს, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ ხახვთან და ნიორთან ერთად.

დუალას ბაზარში ძირითადი მოვაჭრეები ჰაუსა და ფულა ხალხის წარმომადგენლები არიან. ლურჯი, თეთრი ან ყვითელი ფერის ტრადიციული გრძელი ხალათებით გამყიდველებს ადვილად იცნობთ. ისინი ამ ჩასაცმელს „განდურას“ ან „ბუბუს“ ეძახიან. ისინი მყიდველებს თბილად ესალმებიან ფულა ენაზე. ბაზარში ძალიან თავისუფალი გარემოა. ერთი გამყიდველი იბრაჰიმი სამ დიდ ხახვს არჩევს, საჩუქრად მაძლევს და მეუბნება: „შენს ცოლს უთხარი, ხახვი ბრინჯითა და სუნელებით ამოავსოს და დაბალ ცეცხლზე მოხარშოს“.

იქვე ახლოს ახალდაკლული საქონლისა და თხის ხორცი იყიდება. ჯანიან კაცებს მხრებზე მოგდებული დაკლული საქონელი მიაქვთ და მაგიდებზე დებენ. ყასბები მარჯვედ იქნევენ გრძელ დანებს და მყიდველებს ხორცის ნაჭრებს სთავაზობენ. ბაზარში ცოცხალი თხები, ქათმები და ღორებიც იყიდება.

წახემსება პატარა რესტორანში

აფრიკული ბაზარი წარმოუდგენელია სასადილოს გარეშე. კამერუნში ამ სასადილოებს პატარა რესტორნებს ეძახიან. ზოგან ხმამაღლა უკრავენ მუსიკას კლიენტების მისაზიდად, მაგრამ არის ისეთი ადგილებიც, სადაც სიმშვიდეში შეგიძლიათ მიირთვათ ტრადიციული აფრიკული კერძები. მენიუ ხშირ შემთხვევაში დაფაზეა დაწერილი. თუ იქაური არა ხართ, შეიძლება სხვების დახმარება დაგჭირდეთ კერძის არჩევაში.

ასეთ რესტორნებში ორ ძირითად კერძს შემოგთავაზებენ — ბრინჯსა და ეგრეთ წოდებულ „ფუფუს“, დანაყილი მანიჰოტისა და მრავალძარღვასგან ან ჩინური კარტოფილისგან დამზადებულ ფაფას. აგრეთვე შეიძლება შემოგთავაზონ შემწვარი თევზი, საქონლის ან ქათმის ხორცი საწებლებთან ერთად, რომლებიც პომიდორისგან, ბამისგან ან არაქისის კარაქისგან მზადდება. ასეთ რესტორნებში ჩვეულებრივ არავინ ჩქარობს, რაც საუკეთესო გარემოს ქმნის სასაუბროდ.

ჩვენს მაგიდას ორი ოფიციანტი ქალი მოუახლოვდა. ერთმა დიდ სინზე დაწყობილი რკინის ჭურჭლით ცხელი ბრინჯი, ლობიო და „ფუფუ“ მოგვიტანა. ყველაფერი ბამის საწებლით არის შეზავებული და ხორცისა და თევზის ნაჭრები აქვს შემოწყობილი. მაგიდაზე პატარა დოქით მწარე წიწაკის სოუსი დევს მათთვის, ვისაც ცხარე საჭმელები უყვარს. მეორე ოფიციანტს პირსახოცი და წყლით სავსე ტაშტი მოაქვს ჩვენთვის ხელის დასაბანად. ეს აუცილებელია, რადგან აქაურ კერძებს დანა-ჩანგლის გარეშე შეექცევიან. თუ ჭამის წინ ლოცულობთ, შეიძლება ლოცვის ბოლოს მეზობელი მაგიდებიდან „ამინი“ შემოგაშველონ.

სასიხარულო ცნობის ქადაგება ბაზარში

ბაზრები ოდითგანვე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ადამიანთა ცხოვრებაში. აქ ხალხი მხოლოდ სავაჭროდ კი არ მოდიოდა, არამედ ახალი ამბების გასაგებად, მეგობრებთან შესახვედრად და სამუშაოს მოსაძებნად. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესო ხშირად მიდიოდა ბაზრის მოედნებზე, რომ ხალხთან ღმერთზე ელაპარაკა და ავადმყოფები განეკურნა. მოციქული პავლეც ესაუბრებოდა მათ, „ვისაც მოედანზე ხვდებოდა“ (საქმეები 17:16, 17; მარკოზი 6:56). კამერუნში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებიც ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობას, რომ ბაზრებში ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უქადაგონ (გამოგზავნილია).

[სურათი 24 გვერდზე]

წითელ-ყვითელი წიწაკები