არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დიდი ვარდნა

დიდი ვარდნა

დიდი ვარდნა

„უკანასკნელი ათწლეულების ყველაზე საშინელი ეკონომიკური ჩავარდნა“, — ასე აღწერს ერთი ენციკლოპედია იმ ეკონომიკურ ვარდნას, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაასვა დაღი ბოლო პერიოდში (Encyclopædia Britannica Online). ეკონომიკური დაცემა, რომელიც 2007 წელს შეერთებულ შტატებში დაიწყო, იმდენად ძლიერი იყო და იმდენად ბევრი ქვეყანა ჩაითრია, რომ ის ისტორიაში „დიდი ვარდნის“ სახელით შევიდა.

რამ გამოიწვია ეკონომიკის ასეთი ვარდნა? ჟურნალი „ნიუსუიკი“ მარტივად სცემს ამ კითხვას პასუხს: „უამრავი უპასუხისმგებლო სესხები“. მაშ, რაღატომ იღებს ხალხი ამდენ კრედიტს ისეთი რაღაცების საყიდლად, რის საფასურსაც შემდეგ ვერ იხდის?

ალბათ, დაეთანხმებით იმ აზრს, რომ ამის მიზეზი დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური სისტემაა, რომელიც ადამიანში სიხარბის სულს აღვივებს. ყველგან გაისმის მოწოდება: „იყიდეთ! იყიდეთ! იყიდეთ!“ და არავის ადარდებს, გაქვს თუ არა ფული. „ხალხმა იწვნია ვალებით მიყენებული მწვავე შედეგები“, — ამბობს ეკონომისტი კრის ფარელი თავის წიგნში (The New Frugality).

„დიდმა ვარდნამ“ ბევრ ქვეყანას დაასვა დაღი. გასულ წელს სამხრეთ აფრიკაში გამომავალ გაზეთ „სანდი ტაიმზის“ პირველ გვერდზე ასეთი წარწერა გამოჩნდა: „მართალია, არსებობს გაუმჯობესების ნიშნები, მაგრამ მომხმარებლებს . . . ჯერ კიდევ უწევთ ბრძოლა არსებობისთვის“. იგივე გაზეთი იუწყება: „[სამხრეთ აფრიკაში] თითქმის 3 000 000 მომხმარებელი სულ მცირე სამი თვის დაგვიანებით იხდის გადასახადებს; გასული ორი წლის განმავლობაში საშუალო შემოსავლის მქონე დაახლოებით 250 000-მა ადამიანმა დაკარგა სამუშაო“.

ბოლო წლებში ათობით მილიონი ადამიანი დარჩა სამუშაოს გარეშე. იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შეერთებულ შტატებში შეინიშნება გაუმჯობესების ნიშნები, გაზეთი „ფაინენშლ ტაიმზი“ შემდეგ ირონიულ განცხადებას აკეთებს: «2009 წლის ივნისის შემდგომ წინსვლებს შეგვიძლია ვუწოდოთ „დიდი იმედგაცრუება“». გაზეთი დასძენს: „ბევრი ეკონომისტი ფიქრობს, რომ მომხმარებლების მიერ სესხების დაფარვა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას“.

თუ თქვენც გახდით „დიდი ვარდნის“ მსხვერპლი, უცილობლად დაეთანხმებით მწერალ დეივიდ ბირტის სიტყვებს, რომელმაც თავის ნაშრომში დაწერა: „ბევრს საუბრობენ მსოფლიო ფინანსურ პრობლემებზე, მაგრამ ცოტას თუ ამბობენ იმაზე, როგორ გაართვან თავი ამ პრობლემებს“.

მომდევნო სტატიები განკუთვნილია მათთვის, ვინც ვალებიდან თავის დაღწევას ცდილობს. პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს: რატომ არის კარგი ფულის შენახვა? როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, როცა ვალები გაქვთ? როგორ შეგიძლიათ ისწავლოთ ფულის ყაირათიანად ხარჯვა?