არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მისწერეთ ანტონს!“

„მისწერეთ ანტონს!“

„მისწერეთ ანტონს!“

● ახალგაზრდა იეჰოვას მოწმე, სახელად ანტონი, ცხოვრობდა სტავროპოლის მხარის შორეულ სოფელ შელკანში. ის ბავშვობიდან კუნთების დისტროფიით იტანჯებოდა. ეს უკურნებელი სენი იწვევს კუნთების დასუსტებას და ადამიანი 20 წლამდე ძლივს აღწევს. 9 წლის ასაკში ანტონს უკვე აღარც სიარული შეეძლო და აღარც წამოდგომა.

ერთხელ იეჰოვას მოწმეთა იმ კრებაში, რომელსაც ანტონი ესწრებოდა ხოლმე, სტუმრად მივიდა ერთი ცოლ-ქმარი, ევგენი და დიანა. დიანა იხსენებს: „ანტონი ფიზიკურად ძალიან, ძალიან დასუსტებული იყო, მაგრამ სულიერად იყო ძლიერი. როცა უფროსი ძმა 19 წლის ასაკში დაეღუპა იმავე დაავადებით, ანტონი მიხვდა, რომ მასაც აღარ ჰქონდა დიდი ხნის სიცოცხლე დარჩენილი. ყველაფრის მიუხედავად, ის ფარ-ხმალს არ ყრიდა და ცხოვრებას ხალისით შეჰყურებდა“.

დიანამ და ევგენიმ ანტონს უთხრეს, მეზობელ სოფლებში ხალხისთვის წერილები მიეწერა და ასე გაეფართოებინა მსახურება. 2005 წელს მან დაახლოებით 500 წერილი დაწერა და დააგზავნა ახლო-მახლო სოფლებში. არავინ გამოხმაურებია ანტონის წერილებს და, ცოტა არ იყოს, გულიც კი სწყდებოდა მას ამაზე. თუმცა ის მაინც განაგრძობდა წერილების წერას; თან გულმხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, ეჩვენებინა, თავისი გასაჭირის მიუხედავად, როგორ შეეძლო უფრო ნაყოფიერად ემსახურა.

ერთხელ, როცა ადგილობრივ გაზეთს კითხულობდა, ანტონმა თვალი მოჰკრა ავადმყოფი ქალის წერილს, რომელიც ნუგეშს ეძებდა. ანტონმა მას წერილი მისწერა. ამ წერილის ნაწყვეტი იმავე გაზეთში დაიბეჭდა. ის წერდა: „მართალია, უკურნებელი დაავადება მჭირს, მაგრამ ბიბლიის კითხვა მეხმარება, მომავალს იმედის თვალით ვუყურო. მიყვარს, როცა წერილებს მწერენ და სულ იმის მოლოდინში ვარ, როდის მივიღებ ახალ წერილს“.

ეს ქალბატონი იმდენად შეძრა ანტონის მდგომარეობამ, რომ იმავე გაზეთის ერთ-ერთ ნომერში საპასუხო წერილი მისწერა. დაბეჭდილი წერილის სათაური ასეთი იყო: „მისწერეთ ანტონს!“. წერილში ქალბატონი მადლობას უხდიდა ახალგაზრდას წმინდა წერილებიდან აზრების გაზიარებისთვის, შემდეგ კი ფართო მკითხველს მოუწოდებდა: „მოდი, დავეხმაროთ ანტონს! მისწერეთ მას. ახალგაზრდა ბიჭს ძალიან სჭირდება თბილი სიტყვების მოსმენა!“. იქვე ანტონის მისამართიც მიუთითა.

სოფლის პატარა ფოსტაში ანტონის მისამართით დღეში 30-მდე წერილი მიდიოდა. მას სწერდნენ რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან. მთლიანობაში მან ასობით წერილი მიიღო გულწრფელი მკითხველისგან. „ანტონი სიხარულისგან დაფრინავდა, — გვიყვება დიანა. — მას უკვე ასობით ადამიანისთვის შეეძლო მიეწერა წერილი და მათთვის თავისი მრწამსი გაეზიარებინა“.

ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ანტონს მიმოწერა ჰქონდა ამ ხალხთან და ბიბლიურ ჭეშმარიტებას უზიარებდა. ბოლოს, როცა ხელები წაერთვა, ტექსტს სხვებს კარნახობდა. 2008 წლის სექტემბერში ანტონი 20 წლის ასაკში გარდაიცვალა. უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ძლიერმა რწმენამ და ღვთისმსახურების სიყვარულმა მას შეუძლებელი შეაძლებინა — ის ასობით ადამიანის გულს შეეხო.