რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
ბრიტანეთის რადიომაუწყებლობის კორპორაციამ 26 ქვეყანაში ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც 13 000 ადამიანი მონაწილეობდა. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ „კორუფცია არის პრობლემა, რომელზეც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ“. თუმცა თვლიან, რომ მსოფლიოში უმთავრესი პრობლემა სიღარიბეა (ბი-ბი-სი-ს ახალი ამბები, დიდი ბრიტანეთი).
«მთელ შეერთებულ შტატებში ეკლესიები „ადგილმდებარეობის დადგენის გლობალური სისტემის“ აპარატებს (GPS) ამაგრებენ ახალშობილ იესოს ქანდაკებებს. ბოლო წლებში ქანდაკებების მოპარვა საყოველთაო პრობლემად იქცა» (THE WEEK, აშშ).
შეერთებულ შტატებში არსებული „საკონსულტაციო კომიტეტი კვებისა და მედიკამენტების საკითხებში ურჩევს მათ, ვისაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომი აქვს, არ გახდნენ სისხლის დონორები. ამან შეიძლება რეტროვირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი“ (უოლ-სტრიტ ჯორნელი, აშშ).
სინათლე — მწერების მტერი
შოტლანდიაში, კერძოდ, გლაზგოში ერთ-ერთ უნივერსიტეტში (University of Strathclyde) დანერგილი უახლესი მეთოდი ითვალისწინებს სინათლის დასხივებით საავადმყოფოებში ძნელად მოსასპობი ბაქტერიების განადგურებას. დეზინფექციის ამ ახალი მეთოდით უფრო მეტად ნადგურდება დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები, ვიდრე უბრალოდ დასუფთავებისას ან სხვა სადეზინფექციო მეთოდების გამოყენების დროს. „სინათლის დასხივებით ძლიერდებიან ბაქტერიაში არსებული მოლეკულები და კლავენ თავად ამ ბაქტერიას“, — გვიხსნის ჯონ ანდერსონი, პროფესორი მიკრობიოლოგიის დარგში.
ტყის გაჩეხვა იწვევს მალარიას
ტროპიკული ტყეების გაჩეხვამ 50 პროცენტით გაზარდა მალარიით დაავადებულთა რიცხვი. ასე ამბობენ მეცნიერები, რომლებმაც ბრაზილიის 54 რეგიონში შეისწავლეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თანამგზავრიდან გადაღებული ტყის გაჩეხვის დამადასტურებელი სურათები. ამ რეგიონებში მალარიის მთავარი გადამტანი აღმოჩნდა კოღოს ერთ-ერთი სახეობა (Anopheles darlingi). „ტყის მასივის გაჩეხვის შედეგად წარმოქმნილი ტრიალი მინდვრები და ნაწილობრივ მზის გულზე მდებარე გუბურები ამ სახეობის კოღოსთვის იდეალური საარსებო გარემოა“, — ამბობს ზემოხსენებული ანგარიშის ავტორი სარა ოლსონი. მალარიით დაავადებულთა შემთხვევები იზრდება იმ ადგილებში, სადაც ტყე მასიურად ნადგურდება.
მფრინავი კალმარები
ფოტომასალებიდან ახლახან დადასტურდა, რომ რეაქტიული მოძრაობის საშუალებით კალმარის ზოგიერთი სახეობა დაფრინავს. ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენის“ თანახმად, ბიოლოგებმა, რომლებიც წყალში ბინადარ ცოცხალ ორგანიზმებს იკვლევენ, აღმოაჩინეს, რომ „20 სანტიმეტრის სიგრძის კალმარს შეუძლია წყლიდან 2 მეტრის სიმაღლეზე ამოხტეს და ისე სწრაფად ამოძრაოს ფარფლები და ისე აბზრიალოს სპირალურად საცეცები, რომ 10 მეტრის იქით ჩაეშვას წყალში“. იგი ჯერ წყალს ისრუტავს, შემდეგ ისე სწრაფად უშვებს მას, რომ შეუძლია წყლიდან ასეთი დიდი ნახტომი გააკეთოს. სურათებიდან გამოჩნდა, რომ კალმარს ფრთების მაგივრობას ფრენის დროს ფარფლები უწევს.