არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როცა სიცოცხლე აღარ გინდა

როცა სიცოცხლე აღარ გინდა

როცა სიცოცხლე აღარ გინდა

ყოველდღიურად მთელ მსოფლიოში 3000 თვითმკვლელობის მცდელობა ფიქსირდება. ბიბლია საფუძვლიანად ხსნის იმის მიზეზს, თუ რატომ კარგავს დღეს ადამიანი ცხოვრების ხალისს. მასში ნათქვამია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ და გარემო უდიდეს ზეწოლას ახდენს ჩვენზე (2 ტიმოთე 3:1; ეკლესიასტე 7:7). როცა ადამიანი პრობლემებშია ჩაძირული, მან შეიძლება თვითმკვლელობაზე დაიწყოს ფიქრი, რადგან ერთადერთ გამოსავალს ამაშიღა ხედავდეს. რა უნდა გააკეთო, თუ შენც მოგივიდა თავში ასეთი აზრი?

შენ არა ხარ ერთადერთი!

მაშინაც კი, თუ ძალიან რთულ და გამოუვალ სიტუაციაში ხარ, გახსოვდეს, სადარდებელი და სატანჯველი ყველა ადამიანს აქვს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“ (რომაელები 8:22). შეიძლება ფიქრობ, რომ შენს პრობლემებს არასოდეს ექნება დასასრული, თუმცა ხშირ შემთხვევაში დროის სვლასთან ერთად მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება. რა დაგეხმარება მანამ, სანამ შენი პრობლემაც მოგვარდება?

შენი გრძნობები გამოცდილ, სანდო მეგობარს გაანდე. ბიბლია ამბობს: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17). ბიბლიაში მოხსენიებული ღვთის ერთგული იობი უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნისას თავის გრძნობებს სხვებთან გამოხატავდა. ის იქამდეც მივიდა, რომ სიცოცხლე შეზიზღდა: „წუხილს მივეცემი და სულგამწარებული ვილაპარაკებ“ (იობი 10:1). თუ შენს სადარდებელს სხვებს გაანდობ, ემოციური ტკივილი შეგიმსუბუქდება და შეიძლება პრობლემას უკვე სხვა თვალით დაუწყო ყურება. *

ილოცე და ღმერთს გული გადმოუღვარე. ზოგი ფიქრობს, რომ ლოცვა მხოლოდ დადებითი ფსიქოლოგიური განწყობაა და მეტი არაფერი. არადა ბიბლია სულ სხვა რამეს ამბობს. ფსალმუნის 65:2-ში იეჰოვას „ლოცვების მომსმენი“ ღმერთი ეწოდება; 1 პეტრეს 5:7-ში კი წერია: „ის ზრუნავს თქვენზე“. ბიბლია არაერთხელ უსვამს ხაზს იმ აზრს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღმერთზე მინდობა. მაგალითად:

„მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავები 3:5, 6).

„[იეჰოვა] თავის მოშიშთა სურვილს შეასრულებს, მოისმენს მათ ღაღადს, როცა დახმარებას სთხოვენ, და იხსნის მათ“ (ფსალმუნი 145:19).

„დარწმუნებული ვართ მასში, რომ რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოანე 5:14).

„იეჰოვა შორსაა ბოროტთაგან, მართალთა ლოცვას კი ისმენს“ (იგავები 15:29).

თუ ღმერთს გაანდობ შენს სატკივარს, ის აუცილებლად დაგეხმარება. ამიტომ ბიბლია მოგიწოდებს: „მუდამ მასზე დაამყარე იმედი . . . გული გადმოუღვარე მას“ (ფსალმუნი 62:8).

როცა მეტის გაკეთებაა საჭირო

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, წლების განმავლობაში დეპრესიით იტანჯებოდნენ. * ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ექიმთან მისვლა აუცილებელია. ექიმმა შეიძლება წამლები გამოგიწეროს ან დიეტა შემოგთავაზოს. ზოგ შემთხვევაში მკურნალობასთან ერთად ეფექტურია ფიზიკური ვარჯიშიც. კვალიფიციური სამედიცინო მკურნალობა ბევრისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. *

ბიბლიაში არაერთი იმედის მომცემი და გამამხნევებელი ცნობაა ჩაწერილი. მაგალითად, გამოცხადების 21:4 ამბობს, რომ იეჰოვა ღმერთი „მოსწმენდს მათ [ადამიანებს] ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“. ამ ყოველივეს ღმერთი გვპირდება და ამაზე ფიქრს ნამდვილად შეუძლია შვების მოტანა.

იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანთან საუბრობენ ამ ბიბლიურ იმედზე. მათი ქადაგების შედეგად ამ რთულ დროში ბევრს ნამდვილი იმედი გაუჩნდა. შენც შეგიძლია დაუკავშირდე შენ მეზობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს, ეწვიო მათ თავიანთ შესაკრებელში ან მისწერო ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ შენთვის სასურველ მისამართზე. ასევე შეგიძლია ეწვიო ჩვენს ვებ-გვერდს: www.watchtower.org.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 ზოგისთვის დამხმარე აღმოჩნდა ექიმ-ფსიქოლოგებთან საუბარი.

^ აბზ. 13 გაცილებით მეტი ინფორმაცია დეპრესიის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ 2009 წლის ივლისის „გამოიღვიძეთ!“-ის ნომერში, გვერდები 3—9.

^ აბზ. 13 ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის რომელიმე მეთოდს. ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, მკურნალობის რომელ მეთოდს აირჩევს.

[ჩარჩო 16 გვერდზე]

მანუგეშებელი ბიბლიური მუხლები

● „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7).

● „ვკითხე იეჰოვას და მიპასუხა, ყველა ჩემი შიშისგან გამათავისუფლა“ (ფსალმუნი 34:4).

● „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმუნი 34:18).

● „ის კურნავს გულგატეხილებს და უხვევს მტკივნეულ ჭრილობებს“ (ფსალმუნი 147:3).

[ჩარჩო 17, 18 გვერდებზე]

თუ თვითმკვლელობაზე ფიქრობ . . .

შენი გრძნობები სანდო მეგობარს გაანდე

გული გადმოუღვარე ღმერთს

მიმართე ექიმს

[ჩარჩო⁄სურათი 18 გვერდზე]

მეგობრებისა და ოჯახის წევრების საყურადღებოდ:

პირველად ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები ხვდებიან, რომ დეპრესიაში მყოფი ადამიანი თვითმკვლელობაზე ფიქრობს. თქვენ შეგიძლიათ მას სიცოცხლის შენარჩუნებაში დაეხმაროთ. თანაგრძნობით მოუსმინეთ. სერიოზულად აღიქვით მისი პრობლემები. ბიბლია მოგვიწოდებს: „ანუგეშეთ დამწუხრებული სულები“ (1 თესალონიკელები 5:14). დაარწმუნეთ დამწუხრებული ადამიანი, რომ უარი არ თქვას დახმარებაზე და თუ საჭიროა, ყველაფერი გააკეთეთ მის დასახმარებლად.