ვინ შექმნა?
ბუზი თავისი საბზუილე ფრთებით
როგორ ასრულებენ ოთახის პატარა ბუზები რთულ და ზუსტ აკრობატულ მოძრაობებს ჰაერში? ქარისგან ატაცებული, როგორ ახერხებს ის, უმალვე წონასწორობის შენარჩუნებას და კვლავ იმავე მიმართულებით ფრენის გაგრძელებას? ამის მიზეზი გარკვეულწილად ის არის, რომ მას ორივე ფრთის უკანა მხარეს აქვს პაწაწინა დამატება, რომელთაც საბზუილეები ეწოდება. *
დაფიქრდით: საბზუილე ჰგავს დოლის დასარტყამ პაწაწინა ჯოხს, რომელსაც ბოლოში მრგვალი თავი აქვს. ფრენის დროს საბზუილეები იმავე სიხშირით ირხევიან ზევით და ქვევით, რა სიხშირითაც ფრთები, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ საბზუილეები მარჯვე გიროსკოპის (მბრუნავი ხელსაწყო, ბზრიალა) როლს ასრულებს და ბუზს ფრენის დროს წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარებიან. *
მომრგვალებული ბოლოებით „საბზუილეები ერთი მიმართულებით ირხევიან, ისევე როგორც საათის ქანქარა“, — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში. თუ ფრენის დროს ბუზი უცბად შეტრიალდება სპეციალურად თუ მოულოდნელად ქარის დაბერვის გამო, „საბზუილე სხვა მიმართულებით იწყებს რხევას, — აღნიშნულია იმავე ენციკლოპედიაში. — მიმართულების შეცვლა ხდება საბზუილეზე არსებული ნერვული დაბოლოებებიდან მიღებული სიგნალის მეშვეობით; ეს ინფორმაცია გადაეცემა ტვინს, რის შემდეგაც ბუზი სათანადო მდგომარეობას იკავებს . . .“ ამის გამოა, რომ ბუზები ძალიან მარჯვედ დაფრინავენ და ძნელია მათი დაჭერა (Encyclopedia of Adaptations in the Natural World).
ინჟინრები ხედავენ, რომ საბზუილეების მოქმედების პრინციპი უამრავ ტექნოლოგიაშია გამოყენებული, მაგალითად რობოტებში, მიკრომექანიკურ მწერებში და კოსმოსურ ხომალდებში. „ვინ წარმოიდგენდა, რომ თურმე ამ პაწაწინა და უშნო მწერისგან ამდენი რამის სწავლა შეიძლებოდა?“, — შენიშნა ავიაციის მეცნიერ-თანამშრომელმა რაფალ ზბეკოვსკიმ.
რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა ბუზს გიროსკოპული საბზუილეები თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?
^ აბზ. 3 საბზუილეები აქვთ ასევე სხვა ორფრთიან მწერებს, მაგალითად, კოღოებსა და ქინქლებს.
^ აბზ. 4 ჩვეულებრივ, გიროსკოპი შედგება მრგვალი ჩარჩოსგან, რომელშიც ჩამაგრებულია ასევე მრგვალი დისკი. დისკი სწრაფად ტრიალებს თავისივე ღერძის გარშემო. გრავიტაციისა და მაგნიტური ველის მიუხედავად, ბზრიალის დროს დისკი უნარჩუნებს ღერძს სტაბილურ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, გიროსკოპი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის კომპასების შესაქმნელად.