რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი
როგორ უნდა ესაუბროთ მოზარდ შვილს სექსტინგზე
პრობლემა
თქვენ გაიგეთ, რომ სექსტინგი ახალგაზრდებში ჩვეულ რამედ იქცა. შეიძლება გაინტერესებთ: ნეტა ჩემი შვილიც ხომ არ აკეთებს ამას?
გინდათ, რომ ამის შესახებ შვილს დაელაპარაკოთ, მაგრამ როგორ? პასუხის გაგებამდე, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რატომ იტაცებს ზოგ ახალგაზრდას სექსტინგი და რატომ უნდა გაღელვებდეთ ეს პირადად თქვენ? *
რატომ ხდება?
ზოგი მოზარდი ფლირტის დაწყების მიზნით უგზავნის სექსუალური შინაარსის მესიჯებს მას, ვინც მოსწონს.
ზოგჯერ გოგო თავის შიშველ ფოტოს ბიჭს იმიტომ უგზავნის, რომ ამას ბიჭი აიძულებს.
ზოგჯერ ბიჭი ყოფილი შეყვარებულის შიშველ ფოტოს თავის მეგობრებს უგზავნის გართობის ან შურისძიების მიზნით.
როგორც უნდა იყოს, მობილურმა ტელეფონმა მოზარდს შეიძლება დიდი პრობლემები შეუქმნას. „ერთი დაწკაპუნებით თქვენი ცხოვრება შეიძლება სამუდამოდ შეიცვალოს“, — ნათქვამია წიგნში „კიბერუსაფრთხოება“.
ბევრი ვერ ათვითცნობიერებს, რომ როგორც კი ესა თუ ის ფოტო ინტერნეტ-სივრცეში მოხვდება, ვერავინ გააკონტროლებს, თუ როგორ გამოიყენებენ მას. შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (ეფ-ბი-აი) ანგარიშში მოყვანილი იყო 18 წლის გოგონას შემთხვევა, რომელმაც თავი მოიკლა. როგორც აღმოჩნდა, „მან თავისი შიშველი ფოტო შეყვარებულს გაუგზავნა. უკანასკნელმა კი ეს ფოტო სკოლაში ასობით მოსწავლეს გადაუგზავნა. ეს მოსწავლეები, თავის მხრივ, კიდევ სხვებს უგზავნიდნენ ამ ფოტოს და, როგორც ამბობენ, გოგონას აშანტაჟებდნენ“.
აღსანიშნავია ისიც, რომ სექსტინგი ადამიანს იურიდიულ პასუხისმგებლობასაც აკისრებს. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში არასრულწლოვნები, რომლებიც შიშველ ფოტოებს სხვა არასრულწლოვნებს უგზავნიან, შეიძლება ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში დაადანაშაულონ და სექს-დამნაშავეთა რეესტრშიც შეიტანონ. როგორც მშობელს, პასუხისმგებლობა შეიძლება თქვენც დაგეკისროთ, თუ ტელეფონი თქვენს სახელზეა გაფორმებული ან თუ არ მიმართავთ საჭირო ზომებს, რომ შვილი არ ჩაებას ამ საქმეში.
როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ
დაადგინეთ ნათელი წესები. მართალია, თქვენი შვილის მობილურ ტელეფონს ყოველ წუთს ვერ შეამოწმებთ, მაგრამ დარწმუნდით, რომ მან კარგად გაიგო თქვენ მიერ დადგენილი წესები და ის, თუ რა შედეგები მოჰყვება მათ დარღვევას. ისიც გახსოვდეთ, რომ, როგორც მშობელს, სრული უფლება გაქვთ, შეამოწმოთ თქვენი მოზარდი შვილის ტელეფონი (ბიბლიური პრინციპი: ეფესოელები 6:1).
დაეხმარეთ შვილს, დაინახოს პრობლემა. შეგიძლიათ ასეთი რამ უთხრათ: „სექსტინგთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. შენი აზრით, რა არის სექსტინგი? როგორ ფიქრობ, როგორი სურათები ითვლება მიუღებლად? ზოგ ქვეყანაში პასუხისგებაში მიეცემა ის არასრულწლოვანი, რომელიც შიშველ ფოტოს უგზავნის სხვა არასრულწლოვანს. შენც ფიქრობ, რომ ეს მართლა ცუდი საქციელია? რატომ შეიძლება სექსტინგი უზნეობად ჩაითვალოს?“ ყურადღებით მოუსმინეთ მოზარდის მსჯელობას და დაეხმარეთ, იფიქროს იმ შედეგებზეც, რაც ღილაკზე თითის ერთ დაჭერას მოჰყვება (ბიბლიური პრინციპი: ებრაელები 5:14).
მოუყვანეთ პირობითი სიტუაცია. შეგიძლიათ თქვენს ქალიშვილს ასეთი რამ უთხრათ: „წარმოიდგინე, რომ ბიჭი გოგოს აიძულებს, გაუგზავნოს სექსუალური შინაარსის მესიჯები და ფოტოები. როგორ უნდა მოიქცეს ის? უნდა დათანხმდეს იმის შიშით, რომ მეგობარი არ დაკარგოს? უარი უთხრას, მაგრამ მასთან ფლირტი მაინც უნდა განაგრძოს? საერთოდ უნდა გაწყვიტოს მასთან ურთიერთობა? უნდა უთხრას უფროსებს ამის შესახებ?“ დაეხმარეთ თქვენს ქალიშვილს, იმსჯელოს ამ საკითხზე. ცხადია, მსგავსად უნდა მოიქცეთ, თქვენს ვაჟთანაც (ბიბლიური პრინციპი: გალატელები 6:7).
აღძარით შვილი, იყოს კეთილშობილი. დაუსვით შემდეგი კითხვები: „რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის კარგი რეპუტაცია? რომელი თვისებებით გსურს, რომ გიცნობდნენ? როგორ იგრძნობდი თავს, თუ ვინმეს დამცირების მიზნით მის მიუღებელ სურათს სხვებს გაუგზავნიდი? რა გრძნობა დაგეუფლებოდა, თუ მტკიცედ დაიცავდი იმას, რაც სწორია?“ დაეხმარეთ თქვენს შვილს, ჰქონდეს „სუფთა სინდისი“ (1 პეტრე 3:16).
მაგალითი იყავით მისთვის. ბიბლია ამბობს, რომ ღვთიური სიბრძნე წმინდა და უთვალთმაქცოა (იაკობი 3:17). თქვენთვისაც ფასეულია სიწმინდე და უთვალთმაქცობა? „შვილებს თავად უნდა მივცეთ კარგი მაგალითი. არასოდეს უნდა დავათვალიეროთ უხამსი და აკრძალული სურათები და ვებ-გვერდები“, — ნათქვამია წიგნში „კიბერუსაფრთხოება“.
^ აბზ. 5 „სექსტინგი“ მობილური ტელეფონით სექსუალური შინაარსის მესიჯების, ფოტოების ან ვიდეომასალის გაგზავნაა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი www.ps8318.com და რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ წაიკითხეთ სტატია „რა უნდა ვიცოდე სექსტინგზე?“ (იხილეთ ბიბლიური სწავლებები > ახალგაზრდები).
იფიქრეთ იმ შედეგებზე, რაც ღილაკზე თითის ერთ დაჭერას მოჰყვება