არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მთავარი თემა

ხართ ნამდვილი მეგობარი?

ხართ ნამდვილი მეგობარი?

2010 წლის 25 დეკემბერს ბრიტანეთში მცხოვრებმა 42 წლის ქალმა ერთ ცნობილ სოციალურ ვებ-გვერდზე დაწერა, რომ თავის მოკვლას აპირებდა. წერილში სასოწარკვეთილი ქალი შველას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალს სოციალურ ქსელში ათასზე მეტი „მეგობარი“ ჰყავდა, მის თხოვნას არავინ გამოხმაურებია. მეორე დღეს პოლიციამ ამ ქალბატონის ცხედარი აღმოაჩინა; მას წამლის სასიკვდილო დოზა ჰქონდა მიღებული.

თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით დღეს ძალიან ადვილია, სოციალურ ქსელში გავიჩინოთ ასობით და ათასობით „მეგობარი“, უბრალოდ მათი სახელების ჩვენს სიაში დამატებით. როცა გვსურს, გავწყვიტოთ ურთიერთობა ერთ-ერთ ასეთ „მეგობართან“, ჩვენ უბრალოდ ვშლით მის სახელს სიიდან. თუმცა ზემოთ აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა გვიჩვენებს მწარე რეალობას: ძალიან ბევრს არ ჰყავს ნამდვილი მეგობარი. ახლახან ჩატარებული კვლევის თანახმად, ნამდვილი მეგობრების რიცხვმა საგრძნობლად იკლო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრთან გვაქვს ურთიერთობა.

მრავალი ადამიანის მსგავსად, ალბათ თქვენც ეთანხმებით იმ აზრს, რომ ნამდვილი მეგობრების ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ ისიც გესმით, რომ კარგი მეგობრობისთვის უფრო მეტია საჭირო, ვიდრე კომპიუტერში ან სმარტფონში ბმულებზე დაწკაპუნება. როგორი მეგობარი გსურთ, რომ გყავდეთ? როგორ შეგიძლიათ თავად იყოთ კარგი მეგობარი? რა უნდა გააკეთოთ, რომ ნამდვილი მეგობრობა დიდხანს გაგრძელდეს?

ვნახოთ ოთხი მნიშვნელოვანი პრინციპი და ყურადღება მივაქციოთ ბიბლიაში მოცემულ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც დაგვეხმარება, ვიყოთ კარგი მეგობრები.

 1. გამოავლინეთ გულწრფელი ინტერესი

ნამდვილი მეგობრობა გარკვეულ ვალდებულებებს მოიცავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნამდვილი მეგობარი თქვენდამი პასუხისმგებლობას გრძნობს და ზრუნავს თქვენზე. რა თქმა უნდა, ეს ვალდებულება ორმხრივია და მოითხოვს დიდ შრომასა და თავგანწირვას ორივეს მხრიდან. მაგრამ ნამდვილი მეგობრების ყოლა ღირს ძალისხმევად. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ვარ მზად, უარი ვთქვა საკუთარ სიამოვნებაზე და გავიღო დრო და სახსრები ჩემი მეგობრისთვის? გახსოვდეთ, კარგი მეგობარი რომ გყავდეთ, ჯერ თავად უნდა იყოთ კარგი მეგობარი.

როგორ თვისებებს ეძებენ ადამიანები მეგობრებში?

ირენი: „ლამაზი ბაღის გაშენების მსგავსად, მეგობრობის განვითარებასაც სჭირდება დრო და ძალისხმევა. პირველ რიგში, განივითარეთ იმის სურვილი, რომ თავად იყოთ ნამდვილი მეგობარი. არ დაიშუროთ თბილი გრძნობები და გამოიჩინეთ ყურადღება. ყოველთვის მზად იყავით, გაიღოთ დრო, როცა ამის საჭიროებაა“.

ლუის ალფონსო: „თანამედროვე საზოგადოება ეგოიზმისკენ უფრო გვიბიძგებს, ვიდრე ალტრუიზმისკენ. უდავოდ, ძალიან დიდ რამეს ნიშნავს, როდესაც ადამიანი გულწრფელ ინტერესს ავლენს თქვენდამი და სანაცვლოდ არაფერს ელის“.

რას ამბობს ბიბლია?

„როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ. გაეცით და მოგეცემათ“ (ლუკა 6:31, 38). ამ სიტყვებით იესო გვირჩევს, ვიყოთ უანგაროები და გულუხვები. ეს ნამდვილი მეგობრობის საწინდარია. თუ მზად ხართ, უანგაროდ დაეხმაროთ მეგობრებს, ისინი უფრო დაგიახლოვდებიან.

2. იყავით კარგი მოსაუბრე

ნამდვილი მეგობრობა ვერ განვითარდება ხშირი ურთიერთობის გარეშე. ასე რომ, ისაუბრეთ ისეთ თემებზე, რომლებიც ორივესთვის საინტერესოა. მოუსმინეთ მეგობარს და დააფასეთ მისი აზრი; რამდენადაც შესაძლებელია, შეაქეთ და გაამხნევეთ. დროდადრო მეგობარს თქვენი რჩევა და მითითებაც დასჭირდება, რისი გაკეთებაც შესაძლოა ადვილი არ იყოს. მაგრამ ერთგულ მეგობარს უნდა ჰქონდეს გაბედულება, რომ მეგობარს მიუთითოს სერიოზულ შეცდომაზე და ტაქტიანად მისცეს რჩევა.

როგორ თვისებებს ეძებენ ადამიანები მეგობრებში?

ხუანი: „ნამდვილ მეგობარს უნდა შეეძლოს აზრების თავისუფლად გამოხატვა; არ უნდა გაბრაზდეს, თუ რაღაცაში არ ეთანხმებით“.

იუნესი: „ყველაზე მეტად იმას ვაფასებ, რომ ჩემი მეგობრები მზად არიან, დრო დამითმონ და მომისმინონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა პრობლემები მაქვს“.

სილვინა: „ნამდვილი მეგობარი სიმართლეს გეტყვის მაშინაც კი, როცა ამან შეიძლება გული გატკინოს, რადგან მას შენთვის კარგი უნდა“.

რას ამბობს ბიბლია?

„ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19). კარგი მეგობრები აფასებენ, როდესაც მათ ყურადღებით უსმენენ. მაგრამ, თუ მხოლოდ ჩვენ ვლაპარაკობთ, ამან შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დატოვოს, რომ ჩვენს აზრს უფრო მნიშვნელოვნად ვთვლით, ვიდრე მათსას. ასე რომ, ყურადღებით მოუსმინეთ მეგობარს, რომელსაც სურს, გაგიზიაროთ თავისი ფიქრები და გრძნობები. ნურასოდეს განაწყენდებით, თუ მეგობარი პირდაპირ და გულწრფელად გეტყვით სათქმელს, რადგან იგავების 27:6-ში წერია: „მოყვარულისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია“.

 3. გქონდეთ რეალური მოლოდინი

რაც მეტად ვუახლოვდებით მეგობარს, მით მეტად ვხედავთ მის ნაკლოვანებებს. არც ჩვენ და არც ჩვენი მეგობრები სრულყოფილები არა ვართ. აქედან გამომდინარე, მეგობრებისგან არც უნდა ველოდეთ და, მით უმეტეს, არც მოვითხოვდეთ სრულყოფილებას. უკეთესი იქნება, თუ მათ კარგ თვისებებს დავაფასებთ და შეცდომებს არ დავუთვლით.

როგორ თვისებებს ეძებენ ადამიანები მეგობრებში?

სამუელი: „ხშირად სხვებისგან უფრო მეტს მოველით, ვიდრე საკუთარი თავისგან. თუ ვაღიარებთ საკუთარ შეცდომებს და იმას, რომ ჩვენც გვჭირდება პატიება, ეს დაგვეხმარება უფრო ადვილად ვაპატიოთ სხვებს“.

დანიელი: „გაითავისეთ ის ფაქტი, რომ შეცდომებს თქვენი მეგობრებიც დაუშვებენ. როდესაც პრობლემები იჩენს თავს, კარგი იქნება თუ სწრაფად მოაგვარებთ და დაივიწყებთ მათ“.

რას ამბობს ბიბლია?

მზად ხართ აპატიოთ? (კოლოსელები 3:13, 14).

„ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია და მთელი სხეულის ალაგმვა შეუძლია“ (იაკობი 3:2). ამ მარტივი ჭეშმარიტების გათავისება გვეხმარება უფრო მეტად გავუგოთ ჩვენს მეგობრებს. თავის მხრივ, ეს დაგვეხმარება, ყურადღება არ მივაქციოთ იმ უმნიშვნელო შეცდომებს, რომლებიც შესაძლოა გვაღიზიანებს. ბიბლიაში წერია: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ . . . გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:13, 14).

 4. გაზარდეთ სამეგობრო წრე

ფაქტია, რომ მეგობრები ყურადღებით უნდა ავირჩიოთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი არჩევისას ყურადღება მხოლოდ კონკრეტულ ასაკზე ან აღზრდაზე გავამახვილოთ. სხვადასხვა ასაკის, წარმოშობისა თუ ეროვნების ადამიანებთან მეგობრობა გაამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას.

როგორ თვისებებს ეძებენ ადამიანები მეგობრებში?

უნი: „შენი ასაკისა და გემოვნების ადამიანთან მეგობრობა იმის მსგავსია, რომ ყოველთვის შენი საყვარელი ფერის ტანსაცმელი გეცვას. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად გიყვარს ეს ფერი, ერთ დღესაც მოგბეზრდება“.

ფუნკე: „ახალი მეგობრების შეძენა მეხმარება, მოწიფული გავხდე. ყველა ასაკისა და წარმოშობის ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, შედეგად უფრო კომუნიკაბელური და შემგუებელი ვარ. ეს ჩემს მეგობრებს ძალიან მოსწონთ“.

შეგიძლიათ იმეგობროთ ყველასთან? (2 კორინთელები 6:13).

რას ამბობს ბიბლია?

„ამიტომ გეუბნებით, როგორც ბავშვებს, თქვენც გაფართოვდით“ (2 კორინთელები 6:13). ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ვიმეგობროთ ყველანაირ ადამიანთან. მეგობრობაზე ასეთ მიუკერძოებელ შეხედულებას შეუძლია თქვენი ცხოვრება მრავალფეროვანი გახადოს და გარშემომყოფებს თქვენი თავი შეაყვაროს.