მთავარი თემა
არსებობს ღმერთი? აქვს ამას ჩვენთვის რაიმე მნიშვნელობა?
კითხვა „არსებობს თუ არა ღმერთი“, ბევრისთვის ან პასუხგაუცემელია, ან უმართებულო. ერვე, რომელიც საფრანგეთში გაიზარდა, ამბობს: „მართალია, არც ათეისტი ვარ და არც აგნოსტიკოსი, მაგრამ თავს არც მორწმუნეობაზე ვდებ. წარმატებული რომ იყო, მთავარია, საღად აზროვნებდე, ღვთის რწმენა აუცილებელი არ არის“.
სხვები შესაძლოა შეერთებულ შტატებში მცხოვრები ჯონის აზრს იზიარებენ, რომელიც ამბობს: „ისეთ ოჯახში აღვიზარდე, სადაც ღმერთი არ სწამდათ. ამიტომ ახალგაზრდობაში ამ მხრივ გამოკვეთილი პოზიცია არ გამაჩნდა, თუმცა ხანდახან ვფიქრობდი ხოლმე ღმერთზე“.
თქვენ თუ გიფიქრიათ ოდესმე, ნეტა თუ არსებობსო ღმერთი? და თუ არსებობს, ხომ არ გიფიქრიათ, რომ ჩვენს სიცოცხლეს უფრო ღირებული მიზანი უნდა ჰქონოდა? შესაძლოა ისეთ ფაქტებს შეხვედრიხართ, რომელთაც შემოქმედის არსებობის გარეშე ახსნას ვერ უძებნით. მაგალითად, იმის მტკიცებულებებს, რომ სიცოცხლე არ გაჩენილა უსიცოცხლო მატერიისგან, ან მეცნიერულ ფაქტებს იმასთან დაკავშირებით, რომ დედამიწაზე სასიცოცხლოდ იდეალური პირობებია შექმნილი (იხილეთ ჩარჩო „ გამოიკვლიეთ ფაქტები“).
დაფიქრდით აქ მოხსენიებული ფაქტების მნიშვნელობაზე. ეს ფაქტები ერთგვარი მინიშნებაა განძის საპოვნელად. თუ ღვთის არსებობის შესახებ დამაჯერებელ ფაქტებს მოიპოვებთ და ღმერთზე სანდო წყაროდან სარწმუნო ინფორმაციას მიიღებთ, ჩათვალეთ, რომ ძვირფას განძს მიაგენით. აი, მაგალითად:
1. გექნებათ აზრიანი ცხოვრება
თუ ჩვენს ცხოვრებას უფრო ღირებული მიზანი აქვს, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რა მიზნით გავჩნდით და რა უნდა ვაკეთოთ. ბოლოს და ბოლოს, თუ ღმერთი არსებობს და ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით, გამოდის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება არ გვცოდნია.
ბიბლია ამბობს, რომ სიცოცხლეს ღმერთმა მისცა დასაბამი (გამოცხადება 4:11). როგორ შემატებს ამის ცოდნა ჩვენს სიცოცხლეს აზრს? პასუხის გასაგებად ბიბლიას მივმართოთ.
მიწიერი ქმნილებებიდან ადამიანი ყველაზე უნიკალური ქმნილებაა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა თავის მსგავსად შეგვქმნა, რათა აგვერეკლა მისი თვისებები (დაბადება 1:27). უფრო მეტიც, ბიბლიდან იმასაც ვიგებთ, რომ ადამიანს ღმერთთან დამეგობრება შეუძლია (იაკობი 2:23). ვერაფერი გახდის ჩვენს ცხოვრებას ისე ღირებულს, როგორც შემოქმედთან ახლო ურთიერთობა.
რას ნიშნავს ღმერთთან მეგობრობა? ღვთის მეგობრებს შეუძლიათ პირადად ესაუბრონ მას. ღმერთი თავის მეგობრებს ჰპირდება, რომ მოუსმენს და დაეხმარება (ფსალმუნი 91:15). როგორც ღვთის მეგობრებმა, ჩვენ შეგვიძლია მრავალ საკითხთან დაკავშირებით გავიგოთ მისი თვალსაზრისი და მივიღოთ პასუხები ღრმა ცხოვრებისეულ კითხვებზე.
თუ ღმერთი არსებობს და ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით, გამოდის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება არ გვცოდნია
2. პოვებთ შინაგან სიმშვიდეს
ამდენი ტანჯვისა და უბედურების შემხედვარე, დღეს ბევრს უჭირს იმის დაჯერება, რომ ღმერთი არსებობს. ისინი ასე მსჯელობენ: „თუ არსებობს ყოვლისშემძლე შემოქმედი, რაღატომ უშვებს ტანჯვასა და ბოროტებას?“.
ბიბლია ხსნის, რომ ღვთის განზრახვა არასოდეს ყოფილა ადამიანების ტანჯვა, რაც ჩვენთვის ერთობ მანუგეშებელია. ადამიანი ტანჯვისთვის არ გაჩენილა. ტანჯვა და სიმწარე კი არა, ღვთის თავდაპირველი განზრახვით, ადამიანს სიკვდილიც არ უნდა ეგემა (დაბადება 2:7—9, 15—17). რთულია ამის დაჯერება? ეს ყველაფერი ზღაპარი ხომ არ არის? ნამდვილად, არა! დაფიქრდით, თუ არსებობს ყოვლისშემძლე შემოქმედი და მისი გამორჩეული თვისება სიყვარულია, განა გასაკვირია, რომ ის სწორედ ასეთ სიცოცხლეს განიზრახავდა ჩვენთვის?
მაშ, რატომ ვართ ასეთ დღეში? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა ადამიანებს ნების თავისუფლება უბოძა. ჩვენ მას რობოტებივით არ შევუქმნივართ; ღმერთი მორჩილებას არ გვაიძულებს. ჩვენმა წინაპრებმა, ადამმა და ევამ, დაუმორჩილებლობა არჩიეს. მათ ეგოისტური სული გამოავლინეს და გადაწყვიტეს, თავიანთ ჭკუაზე ევლოთ (დაბადება 3:1—6, 22—24). ჩვენ კი დღემდე ვიმკით იმ სავალალო შედეგებს, რაც მათ არჩევანს მოჰყვა.
იმის ცოდნამ, რომ ღვთის განზრახვის თანახმად ადამიანი არ უნდა დატანჯულიყო, შეიძლება სული დაგვიმშვიდოს. თუმცა, ბუნებრივია, გვიჭირს ამ მდგომარეობასთან შეგუება და შველა გვჭირდება. ჩვენ მომავლის იმედს ვსაჭიროებთ.
3. გაგიჩნდებათ იმედი
პირველი ადამიანების დაუმორჩილებლობიდან მყისვე ღმერთმა პირობა დადო, რომ ერთ მშვენიერ დღეს დედამიწასთან დაკავშირებულ თავის თავდაპირველ განზრახვას სისრულეში მოიყვანდა. ყოვლისშემძლე ღმერთს ამაში ხელს ვერაფერი შეუშლის (ესაია 55:11). მალე ღმერთი სამუდამოდ წაშლის დაუმორჩილებლობის საზიანო კვალს და ყველაფერს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს.
როგორ შეიძლება იმოქმედოს ამან თქვენს კეთილდღეობაზე? მოვიყვანოთ ჩვენს მომავალთან დაკავშირებული მრავალი ბიბლიური დაპირებიდან ორი.
-
ბოროტება აღარ იქნება და მთელ დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს. „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).
-
აღარ იქნება ავადმყოფობა და სიკვდილი. „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24). „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა“ (ესაია 25:8).
რატომ უნდა ვენდოთ ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის ამ დაპირებებს? იმიტომ რომ, მასში ჩაწერილი მრავალი წინასწარმეტყველება უკვე შესრულდა. და მაინც, იმედი, რომ მალე ტანჯვას ბოლო მოეღება, დღევანდელი საწუხარისგან არ გვიცავს. კიდევ რა დახმარებას გვთავაზობს ღმერთი?
4. შეძლებთ პრობლემების გადაჭრას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას
ღმერთი რჩევებს გვაძლევს, რაც გვეხმარება პრობლემების გადაჭრასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ხშირ შემთხვევაში უმნიშვნელო საკითხებს ვწყვეტთ, მაგრამ ზოგჯერ იმდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, რომ მისმა შედეგებმა შეიძლება მთელ ჩვენს ცხოვრებაზე მოახდინოს გავლენა. ღვთიურ სიბრძნეს ვერანაირი ადამიანური სიბრძნე ვერ შეედრება. იეჰოვას რჩევა-დარიგებები საუკეთესო იმიტომ არის, რომ ის გვაძლევს სიცოცხლეს და მან იცის, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი.
ბიბლიაში ღვთის აზრებს ვკითხულობთ. იეჰოვა ღმერთმა შთააგონა ბიბლიის დამწერებს, რომ მისი აზრები წერილობითი სახით გადმოეცათ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო!“ (ესაია 48:17, 18).
ღმერთი უსაზღვრო ძალას ფლობს და მას სურს, რომ ეს ძალა ჩვენ სასიკეთოდ გამოიყენოს. ბიბლია ღმერთს მოსიყვარულე მამად წარმოგვიდგენს, რომელსაც ჩვენი დახმარება სწადია. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკა 11:13). ამ ძალას, ანუ ღვთის წმინდა სულს, შეუძლია გვიხელმძღვანელოს და პრობლემების დროს გაგვაძლიეროს.
როგორ შეგიძლიათ ასეთი დახმარების მიღება? პასუხს თავად ბიბლია გვცემს: „ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6). ღვთის არსებობაში რომ დარწმუნდეთ, სარწმუნო ფაქტები უნდა გამოიკვლიოთ.
თქვენც ხომ არ გამოიკვლევთ ბიბლიას?
ღვთის შესახებ ჭეშმარიტება რომ გაიგოთ, დროა საჭირო, თუმცა ეს უეჭველად ბევრ რამეში წაგადგებათ. განვიხილოთ სიუჯინ სიაუს მაგალითი, რომელიც ჩინეთში დაიბადა და დღეს შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ის ამბობს: „მართალია, ევოლუციის თეორიის მჯეროდა, მაგრამ ბიბლიაც ძალიან მაინტერესებდა. ამიტომ იეჰოვას მოწმეებთან დავიწყე ბიბლიის შესწავლა. კოლეჯში სწავლის ბოლო წელს იმდენად ვიყავი დაკავებული, რომ ბიბლიის შესწავლისთვის დრო თითქმის აღარ მრჩებოდა. ვგრძნობდი, რომ ისეთი ბედნიერი აღარ ვიყავი, მაგრამ როცა ბიბლიის შესწავლას კვლავ მივაქციე ყურადღება, შინაგანი კმაყოფილება ვიგრძენი“.
გსურთ, უფრო მეტი გაიგოთ ჩვენი შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, შესახებ? მაშ გამოყავით დრო და ბიბლია გამოიკვლიეთ.