ალექსანდრე VI პაპი, რომელსაც რომი არ ივიწყებს
ალექსანდრე VI პაპი, რომელსაც რომი არ ივიწყებს
„კათოლიკური თვალსაზრისით, შეუძლებელია გამონახო სიტყვები, რომლებიც საკმარისი სიმკაცრით განსჯიდა ალექსანდრე VI-ს“ (Geschichte der Päpste seit dem Ausgang des Mittelalters [„პაპების ისტორია შუა საუკუნეების ბოლოდან მოყოლებული“]). „მისი პირადი ცხოვრების გამართლება ყოვლად დაუშვებელია . . . უნდა ვაღიაროთ, რომ ამ პაპს პატივი არ მოაქვს ეკლესიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბორჯას ოჯახის თანამედროვეთათვის უცხო არ იყო მსგავსი შემზარავი ფაქტები, მათი ბოროტმოქმედების გამო ხალხი ენით გამოუთქმელად ძრწოდა, რის გამოძახილიც უკვე ოთხ საუკუნეზე მეტია, ბოლომდე არ მიწყნარებულა“ (L’Église et la Renaissance, 1459—1517 [„ეკლესია და რენესანსი“]).
რატომ არის გაკეთებული ასეთი მკაცრი კომენტარები პაპისა და მისი ოჯახის შესახებ რომის კათოლიკური ეკლესიის თემაზე შექმნილ ავტორიტეტულ ისტორიულ ნაშრომებში? რა ჩაიდინეს მათ, რამაც ასეთი კრიტიკა გამოიწვია? რომში ორგანიზებულმა გამოფენამ (ოქტომბერი 2002 — თებერვალი 2003) სახელწოდებით „ბორჯას ოჯახი — ძალაუფლების ხელოვნება“ საშუალება მისცა მნახველებს, დაფიქრებულიყვნენ პაპის ძალაუფლებაზე, კერძოდ კი იმაზე, თუ როგორ იყენებდა მას როდრიგო ბორჯა ანუ ალექსანდრე VI (პაპი 1492—1503 წლებში).
ძალაუფლებაში მოსვლა
როდრიგო ბორჯა დაიბადა 1431 წელს ცნობილ ოჯახში არაგონის სამეფოში (ამჟამად ესპანეთი). განათლება მას ბიძამ, ვალენსიის ეპისკოპოსმა, ალფონსო ბორჯამ, მიაღებინა. მანვე იზრუნა იმაზე, რომ ჯერ კიდევ მოზარდ როდრიგოს ბენეფიციუმები (საეკლესიო თანამდებობა და ამასთან დაკავშირებული შემოსავალი) მიეღო. 18 წლის როდრიგო, იმ დროს უკვე კარდინალად დანიშნული ალფონსოს პროტექციით, საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა, სადაც იურისპრუდენცია შეისწავლა. როდესაც ალფონსო პაპი (კალიქსტუს III) გახდა, როდრიგო და მეორე დისშვილი კარდინალებად დანიშნა. პერე ლუის ბორჯა კი რამდენიმე ქალაქის მმართველად დააყენა. მალე როდრიგო ეკლესიის ვიცე-კანცლერად დაინიშნა. ამ თანამდებობამ, რომელიც რამდენიმე პაპის მმართველობის დროს ეკავა, ბენეფიციუმების მიღების, ზღაპრული სიმდიდრის მოხვეჭის, დიდი ძალაუფლების მოპოვებისა და დიდგვაროვანისთვის საკადრისი განცხრომით ცხოვრების შესაძლებლობა მისცა.
როდრიგო ნიჭიერი, მჭევრმეტყველი და მოხერხებული კაცი იყო, რომელმაც იცოდა, როგორ მიეღწია დასახული მიზნებისთვის. მას არაერთ ქალთან ჰქონდა უკანონო კავშირი. როდრიგოს ოთხი შვილი შეეძინა ქალისგან, რომელთანაც ცხოვრობდა.
მას სხვა ქალებისგანაც ჰყავდა შვილები. მიუხედავად იმისა, რომ პაპმა პიუს II-მ თავაშვებული გართობისა და აღვირახსნილობისთვის გაკიცხა, როდრიგოს ცხოვრების წესი არ შეუცვლია.1492 წელს პაპ ინოკენტ VIII-ს სიკვდილის შემდეგ კარდინალები პაპის ასარჩევად შეიკრიბნენ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ როდრიგო ბორჯამ სახარბიელო წინადადებებითა და დაუფარავი ცინიზმით იყიდა კარდინალების ხმები, რათა კონკლავზე ალექსანდრე VI-დ გამოცხადებულიყო. რა გადაიხადა ბორჯამ კარდინალთა ხმებში? კარდინალები საეკლესიო თანამდებობებით, სასახლეებით, ციხე-სიმაგრეებით, ქალაქებით, სააბატოებითა და საეპისკოპოსოებით მოქრთამა და დიდძალი შემოსავლით უზრუნველყო. გასაგებია, რატომ უწოდა ერთმა საეკლესიო ისტორიკოსმა ალექსანდრე VI-ის მმართველობის პერიოდს „რომის ეკლესიაში უხამსობისა და სკანდალების დრო“.
მონარქებს არაფრით ჩამოუვარდებოდა
საეკლესიო ძალაუფლების გამოყენებით, ალექსანდრე VI-მ შუამავლის როლი შეასრულა ამერიკის ახალი მიწებისთვის მებრძოლ ესპანელებსა და პორტუგალიელებს შორის. რაც შეეხება საერო ძალაუფლებას, ის ცენტრალურ იტალიაში პაპის ოლქის მმართველი გახდა. თავის სამფლობელოს პაპი ისევე მართავდა, როგორც რენესანსის ეპოქის სხვა მონარქები. ალექსანდრე VI-ის მმართველობის პერიოდი, ისევე როგორც მისი წინამორბედი და შემდგომი პაპების მმართველობის პერიოდები, მექრთამეობით, ნეპოტიზმითა და საეჭვო მკვლელობებით იყო აღსავსე.
იმ მშფოთვარე პერიოდში იტალიის მიწებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები იყო გაჩაღებული, რომლის მხოლოდ დამკვირვებელი არც პაპი ყოფილა. მისი პოლიტიკური სვლები და კავშირები, რომლებსაც სურვილისამებრ ამყარებდა და შლიდა, იმისკენ იყო მიმართული, რომ საკუთარი ძალაუფლება განემტკიცებინა, შვილები ძლევამოსილ ადამიანებად ექცია და ბორჯას ოჯახის გავლენა კიდევ უფრო გაეზარდა. მისი ვაჟი იოანი კასტილიის მეფის ბიძაშვილზე დაქორწინდა და განდიის (ესპანეთი) ჰერცოგი გახდა. მეორე ვაჟმა, ჯიფრიდმა კი ნეაპოლიტანის მეფის შვილიშვილზე იქორწინა.
როდესაც პაპს საფრანგეთთან კავშირის განმტკიცება დასჭირდა, მან გააუქმა თავისი 13 წლის ქალიშვილის, ლუკრეციასა, და არაგონიელი თავადის ნიშნობა და თავისი ასული მილანის ჰერცოგის ნათესავს მიათხოვა. როდესაც ეს ქორწინება პოლიტიკურ მიზნებს აღარ ემსახურებოდა, პაპმა საბაბი იპოვა მის გასაუქმებლად და ლუკრეცია მეტოქე დინასტიის წარმომადგენელ ალფონსო არაგონიელს მისცა ცოლად. ამასობაში, ლუკრეციას ამბიციურმა ძმამ, ჩეზარე ბორჯამ, კავშირი შეკრა საფრანგეთის მეფე ლუი XII-სთან, რის შემდეგაც ალფონსო არაგონიელზე დის ქორწინება ხელისშემშლელი აღმოჩნდა. რა უნდა ექნა? ერთ ისტორიულ წყაროში ნათქვამია, რომ ალფონსო, ლუკრეციას საბრალო მეუღლე, „ოთხმა მკვლელმა დაჭრა, როდესაც წმინდა პეტრეს ტაძრის კიბეებზე ადიოდა. სიკვდილს გადარჩენილი და უკვე მოკეთებული ალფონსო ჩეზარეს მსახურმა გაგუდა. ახალი სტრატეგიული კავშირის შესაკვრელად 21 წლის ლუკრეცია პაპმა მესამედ გაათხოვა, ამჟამად ფერარის ძლევამოსილი ჰერცოგის მემკვიდრეზე.
ჩეზარეს კარიერა „სისხლით მორწყულ სამარცხვინო ისტორიად“ არის აღწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მამამ 17 წლის ასაკში კარდინალად დანიშნა, გამჭრიახი, ამბიციური და უკიდურესად გახრწნილი ჩეზარე, ბუნებით უფრო მეომარი იყო, ვიდრე ეკლესიის მსახური. საკლესიო თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ჩეზარემ ნავარის მეფის ასული შეირთო და ვალენტის ჰერცოგის ტიტული მიიღო. ამის შემდეგ საფრანგეთის ჯარებთან ერთად ჩრდილოეთ იტალიისკენ გაემართა, რათა ალყითა და მკვლელობებით დაემორჩილებინა.
ჩეზარეს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად საფრანგეთის ჯარების თანადგომა რომ არ დაეკარგა, პაპმა საფრანგეთის მეფე ლუი XII-ს ნება დართო ხელსაყრელ, მაგრამ სკანდალურ განქორწინებაზე, რაც მეფეს ანა ბრეტანელზე დაქორწინებისა და მისი საჰერცოგოს შემოერთების საშუალებას აძლევდა. ფაქტობრივად, როგორც ერთ ისტორიულ ნაშრომშია აღნიშნული, პაპი „მზად იყო, მსხვერპლად გაეღო ეკლესიის პრესტიჟი და დაერღვია მყარი პრინციპები, თუ ეს მისი ოჯახის წევრებს ხელს აძლევდა“.
პაპის თვითნებობა კრიტიკას იწვევს
თვითნებობის გამო ბორჯამ მტრები შეიძინა. მას ბევრი აკრიტიკებდა. პაპი, ძირითადად, უგულებელყოფდა მოწინააღმდეგეთა კრიტიკას, მაგრამ ჰყავდა მოწინააღმდეგე, ვისი კრიტიკის უგულებელყოფაც არ შეეძლო. ეს იყო ჯიროლამო სავონაროლა — დომინიკელი ბერი, მგზნებარე მქადაგებელი და ფლორენციის პოლიტიკური ლიდერი. ის გმობდა პაპის კარის ბიწიერებას და ამხელდა თვითონ პაპის პიროვნებასა და პოლიტიკას. ის მის გადადგომასა და საეკლესიო რეფორმებს მოითხოვდა. სავონაროლა სახალხოდ გაიძახოდა: „ეკლესიის წინამძღოლებო . . . ღამღამობით თქვენს ხარჭებთან დადიხართ და დილაობით ზიარებაზე“. მოგვიანებით მან თქვა: „[ეს წინამძღოლები] მეძავებს ჰგვანან და ეკლესიას არცხვენენ. მერწმუნეთ, მათ საერთოდ არ გააჩნიათ ქრისტიანული რწმენა“.
გასაჩუმებლად სავონაროლას პაპმა კარდინალობა შესთავაზა, მაგრამ მისგან უარი მიიღო. პაპის წინააღმდეგ გალაშქრების გამო იყო თუ ქადაგების გამო, სავონაროლა საბოლოოდ ეკლესიიდან მოკვეთეს, დააპატიმრეს, დანაშაულის აღიარების მიზნით აწამეს, ჩამოახრჩვეს და დაწვეს.
სერიოზული კითხვები
ეს ისტორიული მოვლენები მნიშვნელოვან კითხვებს წამოჭრის. რით შეიძლება აიხსნას პაპის ასეთი ინტრიგები და ქცევა? რა ახსნას პოულობენ ისტორიკოსები? ამის თაობაზე აზრთა სხვაობა არსებობს.
ბევრის აზრით, ალექსანდრე VI-ზე ლაპარაკისას გათვალისწინებული უნდა იყოს ისტორიული ფონი. მის პოლიტიკასა და საეკლესიო მოღვაწეობას თითქოსდა საფუძვლად ედო მშვიდობის დაცვის სურვილი. თითქოსდა მას სურდა, მტრულად განწყობილ სამეფოებს შორის ურთიერთობა მოეგვარებინა, აგრეთვე პაპობის მომხრე მოკავშირეებთან მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა და გაეერთიანებინა ქრისტიანული სამყაროს მონარქები, თურქების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ.
როგორღა აიხსნება მისი ქცევა? „ეკლესიის ისტორიის ნებისმიერ ეპოქაში იყვნენ შეუფერებელი ქრისტიანები და უღირსი მღვდლები, — აღნიშნავს ერთი მკვლევარი. — თვითონ ქრისტემ იწინასწარმეტყველა ამის თაობაზე, რათა საგონებელში არავინ ჩავარდნილიყო; მან თავისი ეკლესია შეადარა მინდორს, სადაც ერთად იზრდება ხორბალი და ღვარძლი; აგრეთვე ბადეს, რომლითაც როგორც კარგ, ისე ცუდ თევზს იჭერენ. მან ისიც კი დაუშვა, რომ მოციქულთა შორის იუდა ყოფილიყო“ *.
იგივე მკვლევარი განაგრძობს: „როგორც ლითონი არ ამცირებს მასში ჩასმული ძვირფასი ქვის ღირებულებას, ისევე არ უნდა განგვაწყოს უარყოფითად მღვდლის ცოდვამ . . . მოძღვრებისადმი, რომელსაც ის ასწავლის . . . ოქრო ოქროდ რჩება, არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვისი ხელიდან ვიღებთ“. ერთი კათოლიკე ისტორიკოსი ამბობს, რომ ჭეშმარიტ კათოლიკეებს ალექსანდრე VI -სთან მიმართებაში უნდა გამოეყენებინათ იესოს რჩევა, რომელიც მათე 23:2, 3). მაგრამ, გულახდილად რომ ვთქვათ, დამაჯერებლად გეჩვენებათ ასეთი მსჯელობა?
მან თავის მოწაფეებს მწიგნობრებთან და ფარისევლებთან დაკავშირებით მისცა: „რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ“ (ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა?
იესომ მარტივი რჩევა მოგვცა ცრუ ქრისტიანთა ამოსაცნობად: „მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან ბირკავადან ლეღვს? ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება; და არც ცუდ ხეს კარგი ნაყოფის გამოღება . . . ასე რომ, მათი ნაყოფით იცნობთ მათ“ (მათე 7:16—18, 20).
საუკუნეების განმავლობაში რამდენად შეესაბამებოდნენ რელიგიური წინამძღოლები ან ამჟამად რამდენად შეესაბამებიან იესოს მიერ მოცემულ ჭეშმარიტი ქრისტიანობის ნიმუშს, რომელსაც მისი ჭეშმარიტი მიმდევრები მიჰყვებოდნენ? მოდი შევეხოთ მხოლოდ ორ მხარეს — პოლიტიკურ მოღვაწეობასა და ცხოვრების წესს.
იესო მიწიერი მმართველი არ ყოფილა. ის უბრალოდ ცხოვრობდა და, როგორც თვითონვე ამბობდა, თავის დასადები ადგილიც არ გააჩნდა. მისი სამეფო ‘არ იყო ამ წუთისოფლისა’ და მისი მოწაფეებიც ‘არ იყვნენ ამ წუთისოფლის ნაწილი, ისევე როგორც არც თვითონ იყო’. ასე რომ, იესო არ ერეოდა პოლიტიკურ საქმეებში (მათე 8:20; იოანე 6:15; 17:16; 18:36).
ამის საპირისპიროდ, განა რელიგიები საუკუნეების განმავლობაში სულ იმას არ ცდილობდნენ, რომ პოლიტიკურ მმართველებთან კავშირი დაემყარებინათ ძალაუფლების მოპოვებისა და სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით, თუნდაც ამას უბრალო ხალხის ტანჯვა მოჰყოლოდა? განა ბევრი სასულიერო პირი განცხრომით არ ცხოვრობს, მაშინ როდესაც ხალხი, რომელსაც თვითონ უნდა მოემსახურონ, სიღატაკეშია?
იესოს ნახევარძმამ, იაკობმა, დაწერა: „მრუშნო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა, ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იაკობი 4:4). რატომ ხდება „ღვთის მტერი“? 1 იოანეს 5:19-ში ნათქვამია: «მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს [„ბოროტის ძალაუფლებაშია“, აქ]».
ალექსანდრე VI-ის ზნეობის შესახებ მისმა თანამედროვე ერთმა ისტორიკოსმა დაწერა: „ის თავაშვებულად ცხოვრობდა. მან არც სირცხვილის მნიშვნელობა იცოდა და არც გულწრფელობისა, არც რწმენისა და არც რელიგიისა. ის იყო წარმოუდგენლად ხარბი, უსაზღვროდ ამბიციური, ბარბაროსულად სასტიკი კაცი, რომელიც დაუცხრომლად იღვწოდა თავისი შვილების წინსვლისთვის“. ცხადია, ბორჯა საეკლესიო იერარქიის ერთადერთი წევრი არ ყოფილა, რომელიც ამგვარად იქცეოდა.
რა არის ბიბლიაში ნათქვამი ასეთი ქცევის შესახებ? „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? — დაწერა პავლე მოციქულმა. — თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც . . . მრუშნი, ვერც . . . ხარბნი . . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (1 კორინთელთა 6:9, 10).
ბორჯას ოჯახისადმი მიძღვნილი რომში ორგანიზებული გამოფენის ერთ-ერთი მიზანი იყო „ამ უდიდესი მნიშვნელობის პიროვნებების მოქმედებაში გარკვევა იმდროინდელი ისტორიული მდგომარეობის ფონზე . . . მათი უკეთ გაგება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არც გამართლება და არც მსჯავრის დადება“. ერთი სიტყვით, დამთვალიერებლებს შეეძლოთ, საკუთარი დასკვნები გამოეტანათ. თქვენ რა დასკვნამდე მიხვედით?
[სქოლიოები]
^ აბზ. 20 ამ იგავების სწორი ახსნისთვის იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ 1995 წლის 1 აგვისტოს ნომერი (გვერდები 4, 5) და 1992 წლის 15 ივნისის ნომერი (გვერდები 17—22 [რუს.]).
[სურათი 26 გვერდზე]
როდრიგო ბორჯა, პაპი ალექსანდრე V I.
[სურათი 27 გვერდზე]
ლუკრეცია ბორჯას მამამისი ძალაუფლების განსამტკიცებლად იყენებდა.
[სურათი 28 გვერდზე]
ჩეზარე ბორჯა ამბიციური და უწესო კაცი იყო.
[სურათი 29 გვერდზე]
ჯიროლამო სავონაროლა არ გაჩუმდებოდა, ამიტომაც ჩამოახრჩვეს და დაწვეს.