„უფალო, გვასწავლე ლოცვა“
„უფალო, გვასწავლე ლოცვა“
«ერთმა მოწაფეთაგანმა მიმართა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა“» (ლუკა 11:1).
1. რატომ სთხოვა ერთმა მოწაფემ იესოს, ლოცვა ესწავლებინა?
ერთხელ, ახ. წ. 32 წელს, ერთმა მოწაფემ დაინახა, თუ როგორ ლოცულობდა თავისი მოძღვარი. მოწაფეს არ შეეძლო სიტყვების მოსმენა, რადგან, როგორც ჩანს, იესო გულში ლოცულობდა. ლოცვის დამთავრებისთანავე მოწაფემ სთხოვა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა“ (ლუკა 11:1). რატომ მიმართა მოწაფემ იესოს ასეთი თხოვნით? ლოცვა ებრაელების ცხოვრებისა და თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილი იყო. ებრაულ წერილებში, ფსალმუნებსა და სხვა წიგნებში, მრავალი ლოცვაა მოცემული. ასე რომ, მოწაფე ისეთი რამის სწავლას არ ითხოვდა, რის შესახებაც არაფერი იცოდა ან რაც არასოდეს გაუკეთებია. ცხადია, ის კარგად იცნობდა იუდაიზმის რელიგიურ წინამძღოლთა ფორმალურ ლოცვებს. მაგრამ ამჯერად მან დაინახა, როგორ ლოცულობდა იესო და, ალბათ, აშკარად იგრძნო, რა დიდი განსხვავება იყო რაბინების თვალთმაქცურ ლოცვებსა და ამ ლოცვას შორის (მათე 6:5—8).
2. ა) რა მიუთითებს იმაზე, რომ არ არის საჭირო ლოცვის ნიმუშის სიტყვასიტყვით გამეორება? ბ) რატომ გვსურს, ვისწავლოთ, თუ როგორ ვილოცოთ?
2 მანამდე დაახლოებით წელიწად-ნახევრით ადრე, მთაზე ქადაგებისას, იესომ მოწაფეებს ლოცვის ნიმუში მისცა, რომლის მიხედვითაც ისინი თავიანთი ლოცვების აგებას შეძლებდნენ (მათე 6:9—13). შესაძლოა, ზემოთ მოხსენიებული მოწაფე იმ დროს იქ არ იყო. ამიტომ იესომ გულთბილად გაუმეორა ნიმუშად მიცემული ლოცვის ძირითადი აზრები. მას სიტყვასიტყვით არ გაუმეორებია ყველაფერი, რითაც ცხადყო, რომ არ წარმოთქვამდა ლიტურგიულ ლოცვას, რომლის გაზეპირებაც აუცილებელი იყო (ლუკა 11:1—4). ჩვენთვისაც სასურველია იმის სწავლა, თუ როგორ მივმართოთ იეჰოვას, რათა ლოცვის საშუალებით კიდევ უფრო დავუახლოვდეთ მას. ამიტომ მოდი შევისწავლოთ მოციქულ მათეს მიერ უფრო სრულად ჩაწერილი ლოცვის ნიმუში. ის შედგება შვიდი თხოვნისგან, რომელთაგან სამი ღვთის განზრახვებს ეხება, ოთხი კი — ჩვენს მატერიალურ და სულიერ მოთხოვნილებებს. ამ სტატიაში პირველ სამ თხოვნას განვიხილავთ.
მოსიყვარულე მამა
3, 4. რისი მაჩვენებელია ის, რომ იეჰოვას მივმართავთ სიტყვებით: „ჩვენო ზეციერო მამა“?
3 იესომ დასაწყისშივე ცხადყო, რომ ლოცვებში უნდა გამოჩენილიყო იეჰოვასთან ჩვენი ახლო ურთიერთობა და, ამასთანავე, მისდამი მოკრძალებული დამოკიდებულება. მან უმთავრესად მთაზე მასთან ახლოს მსხდომ მოწაფეებს უთხრა, რომ იეჰოვასთვის მიემართათ: „ჩვენო ზეციერო მამა“ (მათე 6:9, აქ). ერთი მეცნიერის აზრით, „მამის“ წარმოთქმისას — იყო ეს ხალხში გავრცელებულ ებრაულ დიალექტზე თუ არამეულ ენაზე — იესომ ისეთი სიტყვა გამოიყენა, რომელსაც პატარები ეტყოდნენ მამას. იეჰოვასთვის მამის წოდება კი იმის მაჩვენებელია, რომ მასთან თბილი, ნდობით აღსავსე ურთიერთობა გვაქვს.
ესაია 64:8; საქმეები 17:24, 28). სულით ცხებული ქრისტიანები „ღვთის შვილებად“ არიან მიღებულნი და შეუძლიათ ღმერთს შეჰღაღადონ: „აბბა, მამაო!“ (რომაელთა 8:14, 15). მილიონობით ადამიანი მათი ერთგული თანამსახური გახდა და იეჰოვას მიუძღვნეს თავი, რის ნიშნადაც წყალში მოინათლნენ. ამ „სხვა ცხვრებიდანაც“ ყველას შეუძლია იეჰოვასთან იესო ქრისტეს სახელით მისვლა და მისთვის „მამის“ დაძახება (იოანე 10:16; 14:6). ასე რომ, შეგვიძლია რეგულარულად მივმართოთ ზეციერ მამას ლოცვით — განვადიდოთ, მადლობა ვუთხრათ ჩვენთვის გაკეთებული ყოველი სიკეთისთვის და გადავცეთ ჩვენი საწუხარი იმაში დარწმუნებულებმა, რომ ის ზრუნავს ჩვენზე (ფილიპელთა 4:6, 7; 1 პეტრე 5:6, 7).
4 სიტყვებით „ჩვენო ზეციერო მამა“ ვაღიარებთ, რომ დიდი ოჯახის წევრები ვართ, სადაც კაციცა და ქალიც იეჰოვას სიცოცხლის მომცემად ცნობს (იეჰოვას სახელის მიმართ სიყვარულის გამოვლენა
5. ნიმუშად მოცემულ ლოცვაში რა დგას პირველ ადგილზე და რატომ არის ეს მართებული?
5 ლოცვის ნიმუშში პირველ რიგში მოხსენიებულია უმნიშვნელოვანესი საკითხი. იქ ნათქვამია: „განიწმინდოს შენი სახელი“ (მათე 6:9, აქ). დიახ, ჩვენთვის უმთავრესი იეჰოვას სახელის განწმენდა უნდა იყოს, რადგან გვიყვარს ჩვენი ღმერთი და მისი სახელის ნებისმიერი სახით შებღალვა გულს გვტკენს. სატანა ღვთის წინააღმდეგ გამოვიდა და ადამიანთა პირველ წყვილსაც უბიძგა, იეჰოვა ღმერთს არ დამორჩილებოდნენ. ამ დროს მან საეჭვო გახადა იეჰოვას უზენაესი მმართველობის მართებულობა, რითაც ჩირქი მოსცხო ღვთის სახელს (დაბადება 3:1—6). გარდა ამისა, საუკუნეებია, რაც იეჰოვას სახელს ჩირქს სცხებს იმ ადამიანთა მოქმედებები და სწავლებები, რომლებიც საკუთარ თავს ღვთის წარმომადგენლებს უწოდებენ.
6. რის გაკეთებას მოვერიდებით, თუ იეჰოვას სახელის განწმენდაზე ვლოცულობთ?
6 იეჰოვას სახელის განწმენდაზე ლოცვით ცხადვყოფთ ჩვენს პოზიციას მის უზენაესობასთან დაკავშირებით — აბსოლუტურად ვემხრობით, რომ იეჰოვას აქვს სამყაროს მართვის უფლება. იეჰოვას სურს, სამყაროში იყვნენ გონიერი ქმნილებები, რომლებიც ნებაყოფლობით და სიხარულით ემორჩილებიან მის სამართლიან უზენაეს მმართველობას, რადგან უყვართ ღმერთი და ყველაფერი, რაც მის სახელთანაა დაკავშირებული (1 ნეშტთა 29:10—13; ფსალმუნები 8:2; 148:13). იეჰოვას სახელის სიყვარული დაგვეხმარება, თავი შევიკავოთ ნებისმიერი ქმედებისგან, რაც მის წმინდა სახელს შებღალავდა (ეზეკიელი 36:20, 21; რომაელთა 2:21—24). სამყაროში მშვიდობის არსებობა დამოკიდებულია იეჰოვას სახელის განწმენდასა და მისი უზენაესი მმართველობისადმი სიყვარულით დამორჩილებაზე. ამიტომ თხოვნით „განიწმინდოს შენი სახელი“ გამოვხატავთ მტკიცე რწმენას, რომ იეჰოვას განზრახვა შესრულდება, რაც განადიდებს მის სახელს (ეზეკიელი 38:23).
სამეფო, რომლის მოსვლის შესახებაც ვლოცულობთ
7, 8. ა) რა არის სამეფო, რომლის მოსვლის შესახებაც იესომ გვასწავლა, რომ გველოცა? ბ) რას ვიგებთ ამ სამეფოს შესახებ „დანიელისა“ და „გამოცხადების“ წიგნებიდან?
7 ლოცვის ნიმუშში მეორე თხოვნაა: „მოვიდეს შენი სამეფო“ (მათე 6:10, აქ). ეს მჭიდრო კავშირშია წინა თხოვნასთან. იეჰოვა თავისი წმინდა სახელის განსაწმენდად მესიანურ სამეფოს, ზეციურ მთავრობას, იყენებს. მეფედ ღმერთს თავისი ძე, იესო ქრისტე, ჰყავს დანიშნული (ფსალმუნები 2:1—9). დანიელის წინასწარმეტყველებაში მესიანური სამეფო აღწერილია „ლოდად“, რომელიც „მთას“ მოსწყდა (დანიელი 2:34, 35, 44, 45). მთით იეჰოვას უზენაესი მმართველობაა წარმოდგენილი, ლოდით წარმოდგენილი სამეფო კი იეჰოვას უზენაესი მმართველობის ახლებური გამოვლენაა. ამ წინასწარმეტყველებაში ლოდი „ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა“, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დედამიწას მმართველობას გაუწევს მესიანური სამეფო, რომლითაც ღვთის უზენაესი მმართველობა იქნება წარმოდგენილი.
8 სამეფოს მთავრობაში ქრისტესთან ერთად ‘ადამიანთაგან გამოსყიდული’ 144 000 თანამმართველიც შედის, რათა იესოსთან ერთად იმეფონ და მღვდლებად იმსახურონ (გამოცხადება 5:9, 10; 14:1—4, სსგ; 20:6). დანიელი მათ „უზენაესის წმიდებად“ მოიხსენიებს. ისინი თავიანთ წინამძღოლთან, ქრისტესთან, ერთად იღებენ ‘მეფობას, ხელმწიფებასა და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდებას. მათი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მათ მოემსახურება და დაემორჩილება’ (დანიელი 7:13, 14, 18, 27). ასეთია ზეციური მთავრობა, რომლის შესახებაც ქრისტემ თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ ელოცათ.
რატომ ვლოცულობთ დღესაც სამეფოს მოსვლის შესახებ?
9. რატომ არის მართებული, ვილოცოთ ღვთის სამეფოს მოსვლის შესახებ?
9 ლოცვის ნიმუშში ქრისტემ გვასწავლა, ღვთის სამეფოს მოსვლის შესახებ გველოცა. ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულება გვიჩვენებს, რომ მესიანური სამეფო 1914 წელს დამყარდა ზეცაში *. ამიტომ, არის თუ არა დღესაც მართებული, ამ სამეფოს მოსვლის შესახებ ვილოცოთ? რა თქმა უნდა. დანიელის წინასწარმეტყველებაში ლოდით წარმოდგენილი მესიანური სამეფო ეჯახება, ანუ უშუალოდ ებრძვის, კერპით წარმოდგენილ ადამიანთა მთავრობებს. ეს ლოდი ჯერ არ დაძრულა და არ დასჯახებია კერპს, რათა გააცამტვეროს იგი. დანიელის წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „ეს სამეფო სხვა ხალხის ხელში არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44).
10. რატომ გვსურს მთელი გულით ღვთის სამეფოს მოსვლა?
10 მთელი გულით გვსურს სატანის ბოროტი წუთისოფლის წინააღმდეგ ღვთის სამეფოს გამოსვლის დანახვა, რადგან ეს იეჰოვას წმინდა სახელის განწმენდასა და მისი უზენაესი მმართველობის ყველა მოწინააღმდეგის მოსპობას ნიშნავს. ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ: „მოვიდეს შენი სამეფო“ და ვიმეორებთ მოციქულ იოანეს სიტყვებს: „ამინ. ჰე, მოდი, უფალო იესო“ (გამოცხადება 22:20). დიახ, დაე მოვიდეს იესო, რათა განწმინდოს იეჰოვას სახელი და გაამართლოს მისი უზენაესობა. დაე შესრულდეს ფსალმუნმომღერლის სიტყვები: «მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი [„იეჰოვა“, აქ], მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე» (ფსალმუნები 82:19).
„იყოს ნება შენი“
11, 12. ა) რას ვთხოვთ ღმერთს, როდესაც ვლოცულობთ: „იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“? ბ) კიდევ რას ნიშნავს იმაზე ლოცვა, რომ იეჰოვას ნება შესრულდეს?
11 იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა, ლოცვა ასე განეგრძოთ: „იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:10). სამყარო იეჰოვას ნებით არსებობს. ძლიერი ზეციერი ქმნილებები ხმამაღლა ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“ (გამოცხადება 4:11). იეჰოვას ჰქონდა და აქვს განზრახვა იმ ყოველივეს მიმართ, „რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა“ (ეფესელთა 1:8—10). როდესაც ვლოცულობთ, რომ იყოს ნება ღვთისა, ფაქტობრივად, იეჰოვას ვთხოვთ, შეასრულოს თავისი განზრახვა. გარდა ამისა, ამით ცხადვყოფთ, რომ ძალიან გვსურს, მთელ სამყაროში ღვთის ნება შესრულდეს.
12 ამგვარად ლოცვით იმასაც ცხადვყოფთ, რომ მზად ვართ, საკუთარი ცხოვრება იეჰოვას ნებას შევუსაბამოთ. იესომ თქვა: „ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე“ (იოანე 4:34). ჩვენ, ღვთისადმი მიძღვნილ ქრისტიანებს, იესოს მსგავსად, დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ღვთის ნების შესრულება. იეჰოვასა და მისი ძისადმი სიყვარული აღგვძრავს, ვიცხოვროთ „არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღვთის ნებით“ (1 პეტრე 4:1, 2; 2 კორინთელთა 5:14, 15). ვცდილობთ, მოვერიდოთ ყველაფერს, რაც ვიცით, რომ იეჰოვას ნების საწინააღმდეგოა (1 თესალონიკელთა 4:3—5). ბიბლიის წასაკითხად და შესასწავლად დროის გამოსყიდვის საშუალებით ‘შევიცნობთ, რა არის ღვთის ნება’. ეს ‘სასუფეველზე [სამეფოზე] სახარების’ აქტიურად ქადაგებასაც გულისხმობს (ეფესელთა 5:15—17; მათე 24:14).
იეჰოვას ნება ზეცაში
13. როგორ სრულდებოდა ღვთის ნება დიდი ხნის განმავლობაში მანამ, სანამ სატანა წავიდოდა იეჰოვას წინააღმდეგ?
13 იეჰოვას ნება ზეცაში დიდი ხნის მანძილზე სრულდებოდა მანამ, სანამ ერთ-ერთი სულიერი ძე წავიდოდა მის წინააღმდეგ და სატანა გახდებოდა. წიგნში „იგავები“ ღვთის პირმშო აღწერილია, როგორც სიბრძნის განსახიერება. აგრეთვე ნათქვამია, რომ ღვთის მხოლოდშობილი ძე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო „მოხარული მის [იეჰოვას] წინაშე ყოველ ჟამს“ და ბედნიერი — მამამისის ნების შესრულებით. შემდეგ ის იეჰოვას „ოსტატი“ გახდა და ღმერთმა მისი მონაწილეობით შექმნა ყველაფერი, „რაც ცაში და დედამიწაზეა, ხილული და უხილავი“ (იგავები 8:22—31; კოლასელთა 1:15—17). იეჰოვას იესო თავის სიტყვად ანუ წარმომადგენლად ჰყავდა (იოანე 1:1—3).
14. რისი სწავლა შეგვიძლია 102-ე ფსალმუნიდან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებენ ანგელოზები იეჰოვას ნებას ზეცაში?
14 ფსალმუნმომღერალი ცხადყოფს, რომ იეჰოვას უზენაესი მმართველობა ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას და ანგელოზთა ურიცხვი რაოდენობა ისმენს მის დარიგებებსა თუ მითითებებს. ფსალმუნებში ნათქვამია: „უფალმა ცაში დაიდგა ტახტი თვისი, და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს. ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის შემსრულებელნი ემორჩილებიან მის ნათქვამს. ადიდეთ უფალი ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო! ადიდეთ უფალი, ყოველნი საქმენი მისნი, მისი მეუფების [ანუ უზენაესი მმართველობის] ყველა ადგილას“ (ფსალმუნები 102:19—22).
15. რა გავლენა იქონია იესოს მიერ სამეფო ძალაუფლების მიღებამ ზეცაში ღვთის ნების შესრულებაზე?
15 წიგნ „იობიდან“ ვხედავთ, რომ სატანას ღვთის წინააღმდეგ წასვლის შემდეგაც შეეძლო ზეციერ ეზოებში შესვლა (იობი 1:6—12; 2:1—7). მაგრამ „გამოცხადებაში“ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ დადგებოდა დრო, როდესაც სატანა და დემონები ზეციდან განიდევნებოდნენ. ეს დრო კი, როგორც ჩანს, 1914 წელს იესო ქრისტეს მიერ სამეფო ძალაუფლების მიღებიდან ცოტა ხნის შემდეგ დადგა. მას შემდეგ ზეცაში აღარ არიან ღვთის მოწინააღმდეგენი. მათი მოქმედების სფერო მხოლოდ დედამიწით შემოიფარგლა (გამოცხადება 12:7—12). ზეცაში აღარ ისმის მოწინააღმდეგეთა ხმა, არამედ მხოლოდ მათი, რომლებიც „კრავთან“, იესო ქრისტესთან, ერთად მორჩილად და ერთხმად განადიდებენ იეჰოვას (გამოცხადება 4:9—11). იეჰოვას ნება ჭეშმარიტად სრულდება ზეცაში.
იეჰოვას ნება დედამიწაზე
16. როგორ ამტკიცებს ნიმუშად მოცემული ლოცვა, რომ კაცობრიობის მომავალთან დაკავშირებით ქრისტიანული სამყაროს სწავლება უსაფუძვლოა?
16 ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები ასწავლიან, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის, და ასეთი სახით დედამიწას ღვთის განზრახვებიდან გამორიცხავენ. იესომ კი გვასწავლა, გველოცა: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10, აქ). როგორი მდიდარი ფანტაზიაც უნდა გვქონდეს, განა შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში დღეს იეჰოვას ნება სრულდება დედამიწაზე, რომელიც ძალადობითა თუ უსამართლობითაა სავსე და რომელზეც ავადმყოფობა თუ სიკვდილი მეფობს? არა! ამიტომ მხურვალედ უნდა ვილოცოთ, რომ ღვთის ნება დედამიწაზეც შესრულდეს. ეს შეესაბამება მოციქულ პეტრეს მიერ ჩაწერილ დანაპირებს: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა [მესიანურ სამეფოს ქრისტეს მეთაურობით] და ახალ მიწას [მართალ ადამიანთა საზოგადოებას], სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13).
17. რა მიზნით შექმნა იეჰოვამ დედამიწა?
17 იეჰოვამ დედამიწა კონკრეტული მიზნით შექმნა. ღმერთმა წინასწარმეტყველ ესაიას თავისი სულიწმიდის მეშვეობით დააწერინა: „ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა“ (ესაია 45:18, სსგ). ღმერთმა ადამიანთა პირველი წყვილი სამოთხის ბაღში დაასახლა და მითითება მისცა: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას“ (დაბადება 1:27, 28; 2:15). ასე რომ, სავსებით ნათელია იეჰოვას განზრახვა — დედამიწა დაასახლოს სრულყოფილი, მართალი ადამიანებით, რომლებიც სიხარულით დაემორჩილებიან მის უზენაეს მმართველობას და მარადიულად იცხოვრებენ ქრისტეს მიერ დაპირებულ სამოთხეში (ფსალმუნები 36:11, 29; ლუკა 23:43, აქ).
18, 19. ა) რა უნდა მოხდეს მანამ, სანამ დედამიწაზე ღვთის ნება ბოლომდე არ შესრულდება? ბ) იესოს მიერ მოცემული ლოცვის ნიმუშის რომელი შემდგომი დარიგებები იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?
18 დედამიწაზე იეჰოვას ნება ბოლომდე არ შესრულდება, სანამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იეჰოვა ღმერთის უზენაესობას არ აღიარებენ. ძლევამოსილი სულიერი ქმნილებების მეშვეობით, რომელთაც ქრისტე ჩაუდგება სათავეში, ღმერთი ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’. სამუდამოდ განადგურდება სატანის მთელი ბოროტი სისტემა, რომელშიც ცრუ რელიგია, ბინძური პოლიტიკა, გაუმაძღარი და უპატიოსნო კომერციული წრეები და გამანადგურებელი სამხედრო ძალებიც შედის (გამოცხადება 11:18; 18:21; 19:1, 2, 11—18). იეჰოვას უზენაესი მმართველობის სამართლიანობა დამტკიცდება და მისი სახელი განიწმინდება. სწორედ ამისთვის ვლოცულობთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10, აქ).
19 ლოცვის ნიმუშით იესომ გვიჩვენა, რომ ღმერთს პირად საკითხებზეც შეგვიძლია მივმართოთ. ლოცვასთან დაკავშირებით მისი შემდგომი დარიგებები მომდევნო სტატიაში განიხილება.
[სქოლიოები]
^ აბზ. 9 იხილეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, თავი მე-6; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
გასამეორებლად
• რატომ არის მართებული იეჰოვას მივმართოთ — „ჩვენო ზეციერო მამა“?
• რატომ არის უმნიშვნელოვანესი, ვილოცოთ იეჰოვას სახელის განწმენდის შესახებ?
• რატომ ვლოცულობთ, რომ ღვთის სამეფო მოვიდეს?
• რას ვგულისხმობთ, როდესაც ლოცვაში ვამბობთ, რომ ღვთის ნება ისევე შესრულდეს დედამიწაზეც, როგორც ზეცაში?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 9 გვერდზე]
იესოს ლოცვები აშკარად განსხვავდებოდა ფარისეველთა თვალთმაქცური ლოცვებისგან.
[სურათი 10 გვერდზე]
ქრისტიანები ლოცულობენ, რომ მოვიდეს ღვთის სამეფო, განიწმინდოს იეჰოვას სახელი და შესრულდეს მისი ნება.