არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეორე რჯული“

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეორე რჯული“

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეორე რჯული“

ძველი წელთაღრიცხვით 1473 წელია. 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ისრაელის ძეები ეგვიპტის მონობიდან გაათავისუფლა. უდაბნოში ამდენი წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ ისრაელებს ჯერაც არა აქვთ თავიანთი ქვეყანა. და აი, ისინი აღთქმული მიწის საზღვართან დგანან. რა ელოდებათ მათ ამ ქვეყნის დამკვიდრებისას? რა პრობლემებს შეხვდებიან და როგორ უნდა გადაჭრან ისინი?

ქანაანში შესვლამდე, მდინარე იორდანეს გადაკვეთამდე, მოსე უფლის კრებულს მნიშვნელოვანი დავალების შესასრულებლად ამზადებს. როგორ? მოსე რამდენჯერმე მიმართავს ხალხს — ამხნევებს და მოუწოდებს, არიგებს და აფრთხილებს. ის ისრაელებს ახსენებს, რომ იეჰოვა ღმერთი განსაკუთრებულ ერთგულებას იმსახურებს; აგრეთვე ეუბნება, რომ მათ არ უნდა მიბაძონ ირგვლივ მცხოვრებ ხალხებს. ბიბლიის წიგნ „მეორე რჯულში“ ძირითადად მოცემულია ის, თუ რა უთხრა მოსემ ხალხს. დღეს ჩვენც სწორედ მასში მოცემული რჩევები გვჭირდება, რადგან ვცხოვრობთ წუთისოფელში, სადაც იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოვლენა ძალიან რთულია (ებრაელთა 4:12).

„მეორე რჯული“, ბოლო თავის გამოკლებით, მოსეს მიერ არის დაწერილი. ის ორ თვეზე ოდნავ მეტ პერიოდს მოიცავს * (მეორე რჯული 1:3; იესო ნავეს ძე 4:19). ვნახოთ, როგორ დაგვეხმარება ამ წიგნში მოცემული ინფორმაცია მთელი გულით იეჰოვას შეყვარებასა და მისდამი ერთგულად მსახურებაში.

„ნუ დაივიწყებ იმ საქმეებს, რომელნიც შენმა თვალებმა იხილეს“

(მეორე რჯული 1:1—4:49).

პირველი მიმართვისას მოსე ხალხს შეახსენებს უდაბნოში თავს გადამხდარი მოვლენებიდან ზოგიერთს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებს, რომლებიც ისრაელებისთვის სასარგებლოა ახლა, როდესაც აღთქმული ქვეყნის დასამკვიდრებლად ემზადებიან. მსაჯულების დანიშვნის შესახებ სიტყვების მოსმენისას მათ, ალბათ, თვალწინ წარმოუდგებათ წარსული და ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ უწევს იეჰოვა თავის ხალხს ორგანიზებას ისე, რომ თითოეული სიყვარულით აღსავსე მზრუნველობას გრძნობს. მოსე აგრეთვე ყვება, რომ აღთქმულ ქვეყანაში წინა თაობა ათი მზვერავის მიერ მოტანილი ცუდი ამბის გავლენის შედეგად ვერ შევიდა. წარმოიდგინეთ, რა დიდ გავლენას მოახდენდა ეს გამაფრთხილებელი მაგალითი მოსეს მსმენელებზე, რომელთა თვალწინაც აღთქმული ქვეყანა იყო გადაშლილი.

იორდანეს გაღმა მდებარე ქვეყნების დასაპყრობად გამზადებული ისრაელებისთვის გამბედაობა უნდა შეემატა იმის შეხსენებას, თუ როგორ იმარჯვებდნენ ადრე იეჰოვას დახმარებით. ქვეყნები, რომელთა დაპყრობასაც ისინი აპირებდნენ, სავსე იყო კერპთაყვანისმცემლობით. ამიტომ მართლაც ძალიან საჭირო იყო მოსეს მიერ კერპთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით მიცემული მკაცრი გაფრთხილება.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

2:4—6, 9, 19, 24, 31—35; 3:1—6. რატომ გაანადგურეს ისრაელებმა იორდანეს აღმოსავლეთით მცხოვრები ზოგი ხალხი, მაშინ როდესაც ზოგი დატოვეს? იეჰოვამ ისრაელებს უბრძანა, არ ებრძოლათ ესავის ძეებთან? რატომ? იმიტომ რომ ისინი იაკობის ძმის შთამომავლები იყვნენ. ისრაელებს არ უნდა ეომათ მოაბელებისა და ყამონელების წინააღმდეგაც, რადგან ისინი აბრაამის ძმისშვილის, ლოტის, შთამომავლები იყვნენ. მაგრამ ამორეველთა მეფეები სიხონი და ყოგი არ იყვნენ ისრაელებთან ასეთ კავშირში და თავიანთ მფლობელობაში არსებულ მიწაზეც არ ჰქონდათ მსგავსი უფლებები. ამიტომ, როდესაც სიხონმა ისრაელებს თავის ქვეყანაზე გავლის უფლება არ მისცა, ხოლო ყოგი მახვილით დახვდა ამ ხალხს, იეჰოვამ ისრაელებს მათი ქალაქების განადგურება და ამ ქალაქების მკვიდრთა უკლებლივ დახოცვა უბრძანა.

4:15—20, 23, 24. კერპების გაკეთების შესახებ აკრძალვაში იგულისხმება თუ არა ის, რომ ხელოვნების ნიმუშებად რაიმეს გამოსახვა არასწორია? არა. აკრძალვა ეხებოდა გამოსახულებების თაყვანსაცემად გაკეთებას — კერპებისთვის ‘თაყვანისცემას’. საღვთო წერილი არ კრძალავს შემოქმედებითი მიზნით ქანდაკებების გაკეთებას ან ხატვას (3 მეფეთა 7:18, 25).

რას ვსწავლობთ:

1:2, 19. ისრაელის ძეებმა უდაბნოში დაახლოებით 38 წელი დაჰყვეს, თუმცა კადეშ-ბარნეა ‘თერთმეტი დღის სავალ გზაზე იყო ხორებიდან [სინას მთის (სადაც ისრაელებს ღმერთმა ათი მცნება მისცა) ირგვლივ მდებარე მთიანი რეგიონი], სეყირის მთაზე გავლით’. იეჰოვასადმი დაუმორჩილებლობა მართლაც რომ ძვირად დაუჯდათ მათ! (რიცხვნი 14:26—34).

1:16, 17. ღვთის სამართლის ნორმები დღესაც ისეთივეა, როგორც ძველად იყო. ძმებმა, რომლებსაც სამართლებრივ კომიტეტში მსახურება აქვთ დაკისრებული, საქმის განხილვისას მიკერძოება ან კაცთმოშიშება არ უნდა გამოავლინონ.

4:9. ისრაელები წარმატებულები რომ ყოფილიყვნენ, საჭირო იყო, ‘არ დავიწყებოდათ ის საქმეები, რომელნიც მათმა თვალებმა იხილეს’. დღეს, როდესაც ღვთის მიერ დაპირებული ახალი ქვეყნიერება გვიახლოვდება, ჩვენთვისაც აუცილებელია, ბიბლიის გულმოდგინე შესწავლის საშუალებით ყოველთვის თვალწინ გვედგას იეჰოვას ჩინებული საქმეები.

გიყვარდეთ იეჰოვა და დაიცავით მისი მცნებები

(მეორე რჯული 5:1—26:19).

ისრაელი ხალხისადმი მეორე მიმართვისას მოსე ყვება სინას მთაზე რჯულის მიცემის შესახებ და იმეორებს ათ მცნებას. ის მოიხსენიებს შვიდ ერს, რომლებიც ძირფესვიანად უნდა განადგურდნენ. ისრაელის ძეებს ეძლევათ შეხსენება უდაბნოში მიღებულ მნიშვნელოვან გაკვეთილთან დაკავშირებით: „არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“. ამ ახალ მდგომარეობაში მათ უნდა ‘დაიცვან ყველა მცნება’ (მეორე რჯული 8:3; 11:8).

აღთქმულ ქვეყანაში დასახლების შემდეგ ისრაელებს დასჭირდებათ კანონები არა მარტო თაყვანისცემისთვის, არამედ მართლმსაჯულებასთან, მმართველობასთან, ომთან, ყოველდღიურ ყოფასა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებითაც. მოსეს მოჰყავს ეს კანონები და ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია იეჰოვას სიყვარული და მისი მცნებების დაცვა.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

8:3, 4. რანაირად არ გასცვეთიათ ტანზე სამოსელი და ფეხები არ დასივებიათ ისრაელებს უდაბნოში ყოფნის დროს? ეს ისეთივე სასწაული იყო, როგორც რეგულარულად მანანის მიცემა. ისრაელებს უდაბნოში ყოფნის განმავლობაში ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეცვათ, რაც იქ მისვლისას ჰქონდათ. როგორც ჩანს, ბავშვები რომ წამოიზრდებოდნენ, უფროსები უმცროსებს გადასცემდნენ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, ხოლო როდესაც ვინმე გარდაიცვლებოდა, სხვა იყენებდა მის შესამოსელს. მოსახლეობის ორი აღრიცხვის თანახმად, რომლებიც უდაბნოში ხეტიალის დასაწყისში და დასასრულს ჩაატარეს, ამ პერიოდის განმავლობაში ისრაელთა რაოდენობა არ გაზრდილა და თავიდან არსებული ტანსაცმელ-ფეხსაცმლის რაოდენობა მათთვის სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო (რიცხვნი 2:32; 26:51).

14:21. რატომ შეეძლოთ ისრაელებს ხიზნებისთვის მიეცათ ან უცხოელებისთვის მიეყიდათ მკვდარი ცხოველი, რომლისგანაც სისხლი არ იყო გამოშვებული და რომელსაც თავად არ ჭამდნენ? ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „ხიზანი“ შეიძლება მიუთითებდეს არაისრაელზე, რომელიც პროზელიტი ხდებოდა ან ისრაელში დასახლებულ ადამიანზე, რომელიც ქვეყნის ძირითად კანონებს იცავდა, მაგრამ იეჰოვას თაყვანისმცემელი არ ხდებოდა. უცხოელსა და იმ ხიზანს, რომელიც პროზელიტი არ ხდებოდა, არ მოეთხოვებოდა რჯულის დაცვა. მათ შეეძლოთ სხვადასხვა მიზნით გამოეყენებინათ მკვდარი ცხოველი, რომლისგანაც სისხლი არ იყო გამოშვებული. ისრაელებს ნება ეძლეოდათ, ასეთი ცხოველები მათთვის მიეცათ ან მიეყიდათ. პროზელიტებს კი ევალებოდათ რჯულის შეთანხმების დაცვა. ლევიანების 17:10-ის თანახმად, მათ ეკრძალებოდათ ცხოველის სისხლის ჭამა.

24:6. რატომ იყო დოლაბის დაგირავება სულის დაგირავებასთან გაიგივებული? დოლაბით ადამიანის „სული“, ანუ მისი საარსებო საშუალება, იყო წარმოდგენილი. დოლაბის დაგირავებით ადამიანი მთელ ოჯახს დატოვებდა ლუკმაპურის გარეშე.

25:9. რას ნიშნავდა იმ კაცის მიერ ფეხსაცმლის გახდა და მისთვის სახეში შეფურთხება, რომელიც უარს ამბობდა ლევირატის წესით დაქორწინებაზე? „ასეთი წესი ჰქონდათ უწინ ისრაელში გამოხსნაზე . . . ერთი მათგანი გაიძრობდა ფეხსაცმელს და მეორეს მისცემდა“ (რუთი 4:7). ფეხსაცმლის გახდით კაცი, რომელსაც არ სურდა ლევირატის წესით დაქორწინება, ყველას წინაშე აცხადებდა, რომ უარს ამბობდა თავის უფლებაზე, გარდაცვლილი ძმისთვის მემკვიდრე გაეჩინა. ეს სამარცხვინო იყო (მეორე რჯული 25:10). სახეში შეფურთხებით ასეთ ადამიანს ამცირებდნენ (რიცხვნი 12:14).

რას ვსწავლობთ:

6:6—9. როგორც ისრაელებს მიეცათ მითითება რჯულის ცოდნასთან დაკავშირებით, ისე ჩვენც უნდა ვიცოდეთ ღვთის მოთხოვნები, ყოველთვის გვახსოვდეს და შვილებსაც ჩავუნერგოთ ისინი. საჭიროა ‘შევიბათ ისინი ნიშნად ხელზე’, ანუ ჩვენი საქმეებით — რაც ხელებით არის აქ წარმოდგენილი — ცხადვყოთ, რომ იეჰოვას ვემორჩილებით. ამასთანავე, „შუბლსაკრავის“ მსგავსად, ჩვენი მორჩილება ყველასთვის ცხადი უნდა იყოს.

6:16. დაე ნურასდროს გამოვცდით იეჰოვას, როგორც ეს, რწმენის ნაკლებობის გამო, მასაში გააკეთეს ისრაელებმა. იქ ისინი წყლის ნაკლებობის გამო დრტვინავდნენ (გამოსვლა 17:1—7).

8:11—18. ქონების სიყვარულმა შეიძლება იეჰოვა დაგვავიწყოს.

9:4—6. სიფრთხილე გვმართებს, რათა საკუთარ თვალში მართალი ადამიანები არ ვიყოთ.

13:6. არავის უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლობას ჩამოგვაშოროს.

14:1. საკუთარი თავის დაკაწვრა ან დასერვა სხეულისადმი უპატივცემლობის მაჩვენებელია. ამგვარი ქმედება დაკავშირებულია ცრუ რელიგიასთან და ამას უნდა ვერიდოთ (3 მეფეთა 18:25—28). ჩვენ გვაქვს მკვდრეთით აღდგომის იმედი და გარდაცვლილზე მწუხარების ამგვარად გამოხატვა მიუღებელია.

20:5—7; 24:5. რა მნიშვნელოვანი საქმეც უნდა იყოს გასაკეთებელი, თუ ადამიანს განსაკუთრებული მდგომარეობა აქვს, ეს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.

22:23—27. გაუპატიურების საშიშროების წინაშე მყოფი ქალის საუკეთესო თავდასაცავი საშუალება კივილია.

„ამოირჩიე სიცოცხლე“

(მეორე რჯული 27:1—34:12).

მესამე მიმართვისას მოსე ისრაელებს ეუბნება, რომ მდინარე იორდანეს გადალახვის შემდეგ რჯული დიდ ქვებზე დაწერონ; აგრეთვე აღნიშნავს, თუ რა წყევლა ეწევათ ურჩებს და რა კურთხევებს მიიღებენ მორჩილები. მეოთხე მიმართვა კი იეჰოვასა და ისრაელს შორის არსებული შეთანხმების პირობების გამეორებით იწყება. მოსე ხალხს კვლავ აფრთხილებს, არ იყვნენ ურჩები და მოუწოდებს, რომ ‘სიცოცხლე ამოირჩიონ’ (მეორე რჯული 30:19).

გარდა ამისა, მოსე საუბრობს მეთაურობის შეცვლის თაობაზე; აგრეთვე ისრაელებს ასწავლის იეჰოვას განსადიდებელ საუცხოო სიმღერას და კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რა უბედურებას დაიტეხენ თავს ორგულობის გამოვლენის შემთხვევაში. ბოლოს მოსე აკურთხებს ხალხს, შემდეგ კი 120 წლის ასაკში კვდება და მარხავენ. გლოვა 30 დღის, ანუ იმ პერიოდის ნახევრის განმავლობაში გრძელდება, რამდენსაც წიგნი „მეორე რჯული“ მოიცავს.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

32:13, 14. როგორც ვიცით, ისრაელებს ეკრძალებოდათ ნებისმიერი ქონის ჭამა. ამიტომ რას ნიშნავს ამ მუხლებში მოხსენიებული ‘კრავების ქონის’ ჭამა? აქ გამოყენებულია ხატოვანი ენა და ამ გამოთქმას გადატანითი მნიშვნელობა აქვს; ის ფარის საუკეთესო ცხოველებზე მიუთითებს. ხატოვანი ენის გამოყენებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამავე მუხლებში ლაპარაკია „ნოყიერ ხორბალსა“ და „ყურძნის სისხლზე“.

33:1—29. რატომ არ მოიხსენია სიმონი ცალკე მოსემ, როდესაც ისრაელის ძეები აკურთხა? იმის გამო, რომ სიმონმა და ლევიმ, რისხვით ანთებულებმა, ‘სისასტიკე’ გამოავლინეს (დაბადება 34:13—31; 49:5—7). მათი სამკვიდროები სხვა ტომების სამკვიდროებისგან განსხვავდებოდა. ლევიმ 48 ქალაქი მიიღო, ხოლო სიმონის მიწები იუდას ტერიტორიაში შედიოდა (იესო ნავეს ძე 19:9; 21:41, 42). ამიტომ არ მოიხსენია მოსემ კურთხევისას ცალკე სიმონი. მაგრამ მთელი ისრაელის კურთხევა სიმონსაც ეხებოდა.

რას ვსწავლობთ:

31:12. კრების შეხვედრაზე პატარები დიდებთან ერთად უნდა სხდებოდნენ და ყურადღებით მოსმენასა და სწავლას უნდა ცდილობდნენ.

32:4. იეჰოვას ყველა საქმე სრულყოფილია. მის მოქმედებებში სამართლიანობა, სიბრძნე, სიყვარული და ძალა სრულყოფილად არის გაწონასწორებული.

„მეორე რჯული“ ძალიან დასაფასებელი წიგნია

„მეორე რჯული“ იეჰოვას წარმოგვიდგენს ‘ერთ უფლად’ (მეორე რჯული 6:4). ეს არის წიგნი, რომელშიც აღწერილია ღმერთთან ერთი ერის გამორჩეული ურთიერთობა. ამასთანავე, ის გვაფრთხილებს კერპთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით და ყურადღებას ამახვილებს ჭეშმარიტი ღვთისადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოვლენაზე.

მართლაც, „მეორე რჯული“ ძალიან დასაფასებელი წიგნია. თუმცა ჩვენ რჯულის დაცვა არ მოგვეთხოვება, ამ წიგნიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ნასწავლი კი ‘ჩვენი უფლის, ღმერთის, მთელი გულით, სულითა და ძალით შეყვარებაში’ დაგვეხმარება (მეორე რჯული 6:5).

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 ბოლო თავი, რომელშიც მოსეს სიკვდილია აღწერილი, შესაძლოა, იესო ნავეს ძემ ან მღვდელმთავარმა ელეაზარმა დაწერა.

[რუკა 24 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

სეირი

კადეშ-ბარნეა

სინას მთა (ხორები)

წითელი ზღვა

[საავტორო უფლება]

Based on maps copyrighted by Pictorial Archive (Near Eastern History) Est. and Survey of Israel

[სურათი 24 გვერდზე]

„მეორე რჯულის“ ძირითადი ნაწილი ხალხისადმი მოსეს მიმართვაა.

[სურათი 26 გვერდზე]

რის სწავლა შეიძლება იეჰოვას მიერ ისრაელებისთვის მანანის მიცემიდან?

[სურათი 26 გვერდზე]

დოლაბის დაგირავება „სულის“ დაგირავებასთან არის გაიგივებული.