არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გადამწერები ძველ დროში და ღვთის სიტყვა

გადამწერები ძველ დროში და ღვთის სიტყვა

გადამწერები ძველ დროში და ღვთის სიტყვა

ებრაული წერილების წერა ძვ. წ. V საუკუნის ბოლოს დასრულდა. შემდგომ საუკუნეებში მოღვაწე ებრაელი სწავლულები, კერძოდ, სოფერიმები, მოგვიანებით კი მასორეტები, ებრაული ტექსტის გულმოდგინე დამცველები იყვნენ. მაგრამ ბიბლიის უძველესი წიგნები სოფერიმების მოღვაწეობამდე ათასი წლით ადრე, მოსესა და იესო ნავეს ძის დროს დაიწერა. მასალა, რაზეც ეს წიგნები იწერებოდა, მალფუჭებადი იყო, რის გამოც საჭირო ხდებოდა გრაგნილების არაერთხელ გადაწერა. რა ვიცით ძველ დროში მოღვაწე გადამწერების საქმიანობის შესახებ? იყვნენ გამოცდილი გადამწერები ძველ ისრაელში?

დღეს ხელთარსებული ბიბლიის უძველესი ხელნაწერები მკვდარი ზღვის ხელნაწერებია; მათგან ზოგიერთი ძვ. წ. III-II საუკუნით არის დათარიღებული. პროფესორი ალან მილარდი, არქეოლოგი და ახლო აღმოსავლური ენების სპეციალისტი ამბობს: „ბიბლიის არცერთი წიგნის უფრო ადრეული ხელნაწერები არ მოგვეპოვება. გარშემომყოფი ერების მაგალითიდან ვიგებთ, როგორ ხდებოდა ძველად ტექსტის გადაწერა, რის საფუძველზეც შეგვიძლია ებრაული ტექსტის ანალიზის გაკეთება და მისი ისტორიის გარკვევა“.

გადამწერები ძველ დროში

ოთხი ათასი წლის წინ შუამდინარეთში უკვე იწერებოდა ისტორიული, რელიგიური, სამართლებრივი, მეცნიერული და მხატვრული ტექსტები. გადამწერთა სკოლები მრავლად იყო. ერთ-ერთ საგნად ისწავლებოდა ტექსტების გადაწერისას სიზუსტის შენარჩუნება. თანამედროვე მეცნიერებმა მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები იპოვეს ბაბილონურ ტექსტებში, რომელთა გადაწერაც ათას წელზე მეტი ხნის მანძილზე ბევრჯერ მოხდა.

შუამდინარეთის გარდა გადამწერები სხვაგანაც მოღვაწეობდნენ. ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ძვ. წ. XV საუკუნეში ბაბილონელ გადამწერს არ გაუჭირდებოდა შუამდინარეთში, სირიაში, ქანაანსა და ეგვიპტეში მოღვაწეობა, რადგან გადაწერის მეთოდები ერთნაირი იყო“ * („The Oxford Encyclopedia of Archaeology in the Near East“).

მოსეს დროს ეგვიპტეში გადამწერის პროფესია პრესტიჟული იყო. გადამწერები აკეთებდნენ ლიტერატურული ნაწარმოებების ასლებს. ეგვიპტის სამარხებზე, რომლებიც ოთხი ათას წელზე მეტს ითვლის, გამოსახულია გადამწერის საქმიანობა. ზემოხსენებული ენციკლოპედია ძველ დროში მოღვაწე გადამწერებზე ამბობს: „ძვ. წ. მეორე ათასწლეულისთვის მათ გადაწერეს და შეაგროვეს უამრავი ლიტერატურული ნაშრომი, რომლებიც მოგვითხრობს შუამდინარეთისა და ეგვიპტის ცივილიზაციების შესახებ; მათ ასევე გადამწერებისთვის შექმნეს წესები და მითითებები“.

წესების თანახმად, მათ ძირითადი ტექსტისთვის დანართი უნდა გაეკეთებინათ. ამ დანართში მითითებული იყო გადამწერისა და ტექსტის მფლობელის სახელები, თარიღი, ორიგინალი, ხაზების რაოდენობა და სხვა ინფორმაცია. ხშირად გადამწერები ტექსტს ამატებდნენ შემდეგ სიტყვებს: „გადაიწერა და შემოწმდა ორიგინალის მიხედვით“. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ძველ დროში მცხოვრები გადამწერებისთვის ტექსტის სიზუსტე მნიშვნელოვანი იყო.

პროფესორი მილარდი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ამბობს: „გადაწერის დროს გადამწერები ჩვეულებრივ ამოწმებდნენ და ასწორებდნენ ტექსტს. შეცდომების თავიდან ასარიდებლად მათ გარკვეული მეთოდები ჰქონდათ შემუშავებული. ზოგი მეთოდი, განსაკუთრებით ტექსტში ხაზებისა და სიტყვების დათვლა, მასორეტებმა გამოიყენეს შუა საუკუნეების დასაწყისში“. ამგვარად, ახლო აღმოსავლეთში მოსესა და იესო ნავეს ძის დროსაც კი ტექსტის გადაწერისას დიდი ყურადღება ექცეოდა სიზუსტეს.

იყვნენ ისრაელებს შორის გამოცდილი გადამწერები? რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ?

გადამწერები ძველ ისრაელში

მოსე ფარაონის სასახლეში გაიზარდა (გამოსვლა 2:10; საქმეები 7:21, 22). ეგვიპტოლოგები ფიქრობენ, რომ მოსემ ისწავლა ეგვიპტური დამწერლობა და ტექსტის გადაწერის ზოგ მეთოდსაც დაეუფლა. ჯეიმზ ჰოფმაიერი თავის წიგნში წერს: „ფაქტები ადასტურებს ბიბლიაში ჩაწერილ ინფორმაციას, რომ მოსეს შეეძლო მოვლენებისა და მგზავრობის მარშრუტის აღწერა, ასევე გადამწერის სხვა მოვალეობების შესრულება“ * („Israel in Egypt“).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ძველ ისრაელში სხვებსაც შეეძლოთ ტექსტის გადაწერა. ერთი ნაშრომის თანახმად, მოსემ დააყენა განათლებული კაცები გადაწყვეტილებების ჩასაწერად და საქმის საწარმოებლად („The Cambridge History of the Bible“). ასეთი დასკვნა კანონის 1:15-ის საფუძველზე გაკეთდა, სადაც წერია: „მეც [მოსემ] ავიყვანე თქვენი ტომების თავკაცები . . . და დაგიყენეთ ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ტომების მთავრებად“. ვინ იყვნენ ეს მთავრები?

„მთავრად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა რამდენჯერმე გვხვდება ბიბლიის ტექსტებში, რომლებიც მოსესა და იესო ნავის ძის პერიოდს ეხება. მრავალი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს სიტყვა ნიშნავს „მდივანს“, „მწერალს ან ჩანაწერების გამკეთებელს“ და „მოსამართლის მდივანს“. ამ სიტყვის ხშირად გამოყენება იმაზე მიუთითებს, რომ ისრაელში მრავლად იყვნენ ასეთი გადამწერები; მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ადრეულ ეტაპზე ერის მართვაში.

წერა-კითხვა ისრაელმა მღვდლებმაც იცოდნენ. ერთ ენციკლოპედიაში აღნიშნულია, რომ „რელიგიურ და საერო საქმეებში მათზე დაკისრებული მოვალეობები მათგან განათლებას მოითხოვდა“ („Encyclopaedia Judaica“). მაგალითად, მოსემ უბრძანა ლევიანებს: „ყოველი შვიდი წლის ბოლოს . . . წაიკითხე ეს კანონი მთელი ისრაელის გასაგონად“. კანონის ასლი, რომელიც ოფიციალურად იყო აღიარებული, მღვდლებთან ინახებოდა. ისინი იძლეოდნენ შემდგომი ასლების გაკეთების ნებართვას და მეთვალყურეობდნენ მათ გადაწერას (კანონი 17:18, 19; 31:10, 11).

განვიხილოთ, როგორ გაკეთდა კანონის პირველი ასლი. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოსემ ისრაელებს უთხრა: „რა დღესაც გადაკვეთთ იორდანეს და შეხვალთ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ, აღმართეთ ლოდები და კირით შეათეთრეთ. დააწერეთ ზედ კანონის ყველა სიტყვა“ (კანონი 27:1—4). იერიხონისა და აის განადგურების შემდეგ ისრაელები ებალის მთაზე შეიკრიბნენ, რომელიც აღთქმული მიწის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა. იესო ნავეს ძემ იქ სამსხვერპლოს ქვებზე გადაწერა მოსეს კანონი (იესო ნავეს ძე 8:30—32). აქედან ჩანს, რომ ხალხმა წერა-კითხვა იცოდა. ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ისრაელები ენას კარგად ფლობდნენ და წმინდა ტექსტების გადაწერისას მათ სიზუსტის შენარჩუნება შეეძლოთ.

წმინდა წერილების სიზუსტე

მოსესა და იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ სხვა გრაგნილებიც შეიქმნა ებრაულ ენაზე და მათი ასლებიც გაკეთდა. ნესტისა და ობის გამო ხელნაწერები ნადგურდებოდა, ამიტომ საჭირო იყო ახალი ასლების გაკეთება. ხელნაწერების გადაწერა საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა.

გადამწერების გულმოდგინე მცდელობის მიუხედავად, ზოგი შეცდომა მაინც გაიპარა. მაგრამ შეიცვალა არსებითად ამის გამო ბიბლიის ტექსტი? არა. მთლიანობაში ეს უმნიშვნელო შეცდომები იყო და ამან არანაირად არ იმოქმედა ბიბლიის სიზუსტეზე, რასაც უძველესი ხელნაწერები ცხადყოფს.

ებრაულ წერილებზე იესო ქრისტეს თვალსაზრისი ქრისტიანებს წმინდა წერილების უტყუარობაში არწმუნებს. იესო ამბობდა: „ნუთუ არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში?“, „განა არ მოგცათ მოსემ კანონი?“ ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ იესოს ეჭვი არ ეპარებოდა კანონის ასლების სანდოობაში (მარკოზი 12:26; იოანე 7:19). ამასთანავე იესოს მთელი ებრაული წერილები მიაჩნდა სანდოდ. მან თქვა: „ყველაფერი, რაც მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა და ფსალმუნებში ჩემ შესახებ არის დაწერილი, უნდა შესრულდეს“ (ლუკა 24:44).

ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ წმინდა წერილებმა ჩვენამდე ზუსტად მოაღწია. წინასწარმეტყველმა ესაიამ თქვა: „მწვანე ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება, ჩვენი ღვთის სიტყვა კი მარადიულად დარჩება“ (ესაია 40:8).

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 იესო ნავეს ძე, რომელიც ძვ. წ. XV საუკუნეში ცხოვრობდა, მოიხსენიებს ქანაანელთა ქალაქ კირიათ-სეფერს, რაც წიგნის ქალაქს ან გადამწერის ქალაქს ნიშნავს (იესო ნავეს ძე 15:15, 16).

^ აბზ. 12 გამოსვლის 24:4, 7-სა და 34:27, 28-ში, აგრეთვე კანონის 31:24—26-ში მოცემულია მოსეს მიერ გაკეთებული ჩანაწერები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. კანონის 31:22-დან და რიცხვების 33:2-დან კი ვიგებთ, რომ მოსემ სიმღერა დაწერა და აღწერა ისრაელის უდაბნოში მოგზაურობის მარშრუტი.

[სურათი 18 გვერდზე]

ეგვიპტელი გადამწერი.

[სურათი 19 გვერდზე]

ბიბლიის უძველესი წიგნები მოსეს დროს დაიწერა.